წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
7—13 იანვარი
ღვთის სიტყვის საუნჯე | საქმეები 21, 22
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
საქ. 22:16 — nwtsty დამატებითი მასალა
„ჩამოირეცხე ცოდვები და მოუხმე მის სახელს“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს: „მოუხმე მის სახელს და ასე ჩამოირეცხე ცოდვები“. ადამიანს ცოდვებისგან წყალი კი არ წმენდს, რომლითაც ინათლება, არამედ იესოს სახელის მოხმობა, რაშიც იგულისხმება იესოსადმი რწმენის გამოვლენა და ამ რწმენის თანახმად ცხოვრება (საქ. 10:43; იაკ. 2:14, 18).
14—20 იანვარი
ღვთის სიტყვის საუნჯე | საქმეები 23, 24
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
საქ. 23:6 — nwtsty დამატებითი მასალა
„მე ფარისეველი ვარ“: მსმენელთა შორის ზოგიერთი იცნობდა პავლეს (საქ. 22:5). სინედრიონის ის წევრები, რომლებიც ფარისევლები იყვნენ, მიხვდებოდნენ, რის თქმა სურდა პავლეს, როცა საკუთარ თავზე თქვა, რომ ფარისევლების შვილი იყო. მათ ესმოდათ, რომ პავლეს საერთო ჰქონდა მათთან მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე თავგამოდებული ქრისტიანი იყო და, რომ პავლე არ ცდილობდა, ისინი შეცდომაში შეეყვანა. ამ შემთხვევაში პავლეს, როგორც ჩანს, პირდაპირი გაგებით არ უგულისხმია, რომ ფარისეველი იყო. ამ სიტყვებით მას იმის თქმა სურდა, რომ ფარისევლებთან უფრო ჰქონდა საერთო, ვიდრე სადუკეველებთან, რადგან წარსულში თავადაც ფარისეველი იყო და სწამდა მკვდრეთით აღდგომის. ამგვარად მან ფარისევლებთან საერთო ენა გამონახა. როცა პავლემ ეს საკამათო საკითხი წამოწია, იმედოვნებდა, რომ სინედრიონის წევრებს შორის მხარდამჭერებს იპოვიდა, და მისმა ასეთმა მიდგომამ გაამართლა კიდეც (საქ. 23:7—9). საქმეების 23:6-ში პავლეს ნათქვამი ეთანხმება იმას, რაც მან მოგვიანებით საკუთარი თავის შესახებ აღნიშნა, როცა მეფე აგრიპას წინაშე წარდგა თავის დასაცავად (საქ. 26:5). როდესაც პავლე რომიდან სწერდა თანაქრისტიანებს ფილიპეში, ისევ ახსენა, რომ ერთ დროს ფარისეველი იყო (ფილ. 3:5). საგულისხმოა ისიც, თუ როგორ არიან მოხსენიებული საქმეების 15:5-ში ის ქრისტიანები, რომლებიც ერთ დროს ფარისევლები იყვნენ.
საქ. 24:24 — nwtsty დამატებითი მასალა
დრუზილა: საქმეების 12:1-ში მოხსენიებული ჰეროდეს, იგივე ჰეროდე აგრიპა I-ის მესამე, უმცროსი ქალიშვილი. დაიბადა დაახლოებით ახ. წ. 38 წელს. აგრიპა II მისი ძმა იყო, ბერნიკე და მარიამნა III კი მისი დები იყვნენ (იხ. საქ. 25:13 — nwtsty დამატებითი მასალა და nwt ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი, „ჰეროდე“). მისი მეორე ქმარი იყო გამგებელი ფელიქსი. დრუზილას პირველი ქმარი სირიის მეფე აზიზუს ემესა იყო, მაგრამ ის გაეყარა მას და დაახლოებით ახ. წ. 54 წელს ფელიქსს გაჰყვა ცოლად. მაშინ დრუზილა 16 წლისა იქნებოდა. შესაძლოა დრუზილაც ისმენდა პავლეს სიტყვებს, რომელიც „სიმართლეზე, თავშეკავებასა და მომავალ სასამართლოზე“ ესაუბრებოდა ფელიქსს (საქ. 24:25). როდესაც ფესტუსმა ფელიქსი შეცვალა, პავლე შებორკილი დატოვა, რადგან „იუდეველებს შორის კეთილგანწყობის მოხვეჭა უნდოდა“. ზოგის აზრით, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ სურდა, თავისი ახალგაზრდა ცოლისთვის ეამებინა, რომელიც იუდეველი იყო (საქ. 24:27).
საქ. 25:13 — nwtsty დამატებითი მასალა
„აგრიპა“: ანუ ჰეროდე აგრიპა II. ის იყო ჰეროდე დიდის შვილთაშვილი და ჰეროდე აგრიპა I-ის შვილი, რომელიც მას კიფარისასთან შეეძინა (საქ. 12:1; იხ. nwt ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი, „ჰეროდე“).
„ბერნიკე“: ჰეროდე აგრიპა II-ს და. და-ძმას ერთმანეთთან სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით ბერნიკეს ტიტუსთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, ვიდრე ის რომის იმპერატორი გახდებოდა.
nwt ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი
ჰეროდე. ასე იწოდებოდა დინასტია, რომელიც იუდეველებზე მმართველობდა; მმართველებად მათ რომი ნიშნავდა. ჰეროდე დიდი ცნობილი იყო იმით, რომ აღადგინა იერუსალიმის ტაძარი. გარდა ამისა, იესო რომ მოეკლა, სწორედ მან გასცა ბავშვების დახოცვის ბრძანება (მათ. 2:16; ლუკ. 1:5). ჰეროდე დიდის სამფლობელოს ზოგიერთ ნაწილს მისი ვაჟები, ჰეროდე არქელაე და ჰეროდე ანტიპა განაგებდნენ (მათ. 2:22). ჰეროდე ანტიპა ტეტრარქი იყო; მას მეფესაც უწოდებდნენ. მისი მმართველობის დროს მსახურობდა იესო დედამიწაზე სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში; საქმეების მე-12 თავის ჩათვლით აღწერილი მოვლენებიც მისი მმართველობის დროს მოხდა (მარ. 6:14—17; ლუკ. 3:1, 19, 20; 13:31, 32; 23:6—15; საქ. 4:27; 13:1). მას შემდეგ იყო ჰეროდე დიდის შვილიშვილი ჰეროდე აგრიპა I, რომელიც მმართველობის დაწყებიდან მალევე, იეჰოვას ანგელოზმა დასცა (საქ. 12:1—6, 18—23). მის შემდეგ მისი ვაჟი ჰეროდე აგრიპა II გახდა მმართველი, რომელიც რომის წინააღმდეგ იუდეველთა ამბოხებამდე მმართველობდა (საქ. 23:35; 25:13, 22—27; 26:1, 2, 19—32).
21—27 იანვარი
ღვთის სიტყვის საუნჯე | საქმეები 25, 26
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
საქ. 26:14 — nwtsty დამატებითი მასალა
„სახრესთან გაძალიანება“: სახრე იყო ჯოხი წაწვეტებული ბოლოთი, რომელსაც საქონლის გასარეკად იყენებდნენ (მსაჯ. 3:31). გამოთქმა „სახრესთან გაძალიანება“ ხშირად გვხვდება ბერძნულ ლიტერატურაში. მაგალითად, როცა გაჯიუტებული ხარი სახრეს უძალიანდებოდა, თავადვე ზიანდებოდა. სწორედ აქედან წარმოდგება გამოთქმა „სახრესთან გაძალიანება“. სავლეც, სანამ ქრისტიანი გახდებოდა, მსგავსად იქცეოდა. ის სერიოზულ საფრთხეში იგდებდა თავს, როდესაც ქრისტეს მიმდევრებს დევნიდა, რომელთაც იეჰოვა ღმერთი მფარველობდა (შდრ. საქ. 5:38, 39; 1 ტიმ. 1:13, 14). ეკლესიასტეს 12:11-ში ნახსენები „სახრე“ გადატანითი მნიშვნელობითაა გამოყენებული და მიუთითებს ბრძენის სიტყვებზე, რომლებიც აღძრავს მსმენელს, გაითვალისწინოს მისი რჩევა.
nwt ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი
სახრე. ეს იყო გრძელი ჯოხი, რომელიც წვეტიანი ლითონით ბოლოვდებოდა. მას გლეხი საქონლის გასარეკად იყენებდა. „სახრე“ გადატანითი მნიშვნელობით შედარებულია ბრძენის სიტყვებთან, რომლებიც აღძრავს მსმენელს, ყურად იღოს მისი ბრძნული რჩევა. როცა გაჯიუტებული ხარი სახრეს უძალიანდებოდა, თავადვე ზიანდებოდა. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა „სახრესთან გაძალიანება“ (საქ. 26:14; მსაჯ. 3:31).
28 იანვარი — 3 თებერვალი
ღვთის სიტყვის საუნჯე | საქმეები 27, 28
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
საქ. 27:9 — nwtsty დამატებითი მასალა
„გამოსყიდვის დღის მარხვა“: ან „შემოდგომის მარხვა“. მარხვად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა მიუთითებს იმ ერთადერთ მარხვაზე, რომლის დაცვაც მოსეს კანონით მოითხოვებოდა. ეს მარხვა უკავშირდებოდა ყოველწლიურ გამოსყიდვის დღეს, რომელსაც აგრეთვე „იომ კიპური“ ეწოდება (ებრაულად ჲომ ჰაქქიფფურიმ, „გადაფარვის დღე“). (ლევ. 16:29—31; 23:26—32; რიცხ. 29:7; იხ. nwt ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი, „გამოსყიდვის დღე“). გამოთქმა „დაიმდაბლეთ თავი“, რომელიც გამოსყიდვის დღესთან მიმართებით მოიხსენიებოდა, გულისხმობდა საკუთარ სურვილებსა თუ ინტერესებზე უარის თქმას, რასაც სხვადასხვა სახით გამოხატავდნენ, მათ შორის მარხვით (ლევ. 16:29). საქმეების 27:9 გვაძლევს საფუძველს, დავასკვნათ, რომ გამოსყიდვის დღეს თავის დამდაბლება, ძირითადად, მარხვით გამოიხატებოდა. გამოსყიდვის დღის მარხვა სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში იყო.
nwt ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი
გამოსყიდვის დღე. ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდა დღე ისრაელებისთვის. მას „იომ კიპურსაც“ უწოდებდნენ (ებრაულად ჲომ ჰაქქიფფურიმ, „გადაფარვის დღე“) და ეთანის თვის მე-10 დღეს აღნიშნავდნენ. ეს იყო ერთადერთი დღე წელიწადში, როცა მღვდელმთავარი ტაძრის წმინდათაწმინდაში შედიოდა და შეწირული ცხოველების სისხლს წარადგენდა თავისი ცოდვების, ლევიანების და ხალხის ცოდვების გამოსასყიდად. ეს იყო წმინდა შეკრებისა და მარხვის დღე. ეს დღე შაბათად ითვლებოდა, რადგან ამ დღეს საქმის კეთება იკრძალებოდა (ლევ. 23:27, 28).
საქ. 28:11 — nwtsty დამატებითი მასალა
„ზევსის ვაჟები“: ბერძნული და რომაული მითოლოგიის მიხედვით, კასტორი და პოლუქსი სპარტის დედოფალ ლედასა და ზევსის (იუპიტერი) ტყუპი ვაჟები (ბერძნ. დიოსკური) იყვნენ. სხვა ყველაფერთან ერთად ისინი საფრთხეში ჩაცვენილ მეზღვაურთა მფარველებადაც ითვლებოდნენ. ამ მუხლში ნახსენები დეტალი, რომ ხომალდის ქიმზე ზევსის ვაჟების გამოსახულება იყო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმეების 28-ე თავში მოყვანილი შემთხვევა თვითმხილველის მიერ არის დაწერილი.