წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
© 2024 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
6—12 ᲛᲐᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 36, 37
„გული ნუ მოგივა ბოროტ ხალხზე“
რას მოუღებს ბოლოს ღვთის სამეფო?
4 რა გავლენას ახდენენ ჩვენზე ბოროტი ადამიანები? მას შემდეგ, რაც მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ მოგვიწევდა ცხოვრება, ღვთივშთაგონებით დაწერა: „ბოროტები და თვითმარქვიები უფრო უარესად მოიქცევიან“ (2 ტიმ. 3:1—5, 13). ხედავთ, როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება? ბევრი ჩვენგანი გამხდარა ბოროტი ადამიანების — მოძალადეების, სიძულვილით სავსე ფანატიკოსებისა და დაუნდობელი ბოროტმოქმედების მსხვერპლი. ზოგი მათგანი ურცხვად სჩადის ბოროტებას, ზოგი კი თვალთმაქცია და სამართლიანობის ნიღაბს ამოფარებული აკეთებს ამას. შეიძლება უშუალოდ არ გავმხდარვართ მათი მსხვერპლი, მაგრამ ისინი მაინც უარყოფითად მოქმედებენ ჩვენზე. ჩვენ მოსვენებას გვიკარგავს მათ მიერ ჩადენილი შემაძრწუნებელი საქმეები და შიში გვიპყრობს, როცა ვიგებთ ბავშვების, მოხუცებისა და სხვა დაუცველი ადამიანების მიმართ სასტიკად მოპყრობის ფაქტებს. ბოროტი ადამიანები ავლენენ სულს, რომელიც არაადამიანური, მხეცური და ზოგ შემთხვევაში დემონურია (იაკ. 3:15). საბედნიეროდ, ღვთის სიტყვა სასიხარულო ცნობის მეშვეობით ანუგეშებს ამ საზარელი ამბებით გულდამძიმებულ ადამიანებს.
იეჰოვა აკურთხებს მათ, ვინც სხვებს პატიობს
10 წყენის გულში ჩატოვება ისევ ჩვენ გვაყენებს ზიანს. იეჰოვას არ უნდა, რომ გული ბოღმით დავიმძიმოთ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:31, 32). ამიტომაც მოგვიწოდებს: „მოეშვი რისხვას და ნუღარ ბრაზობ“ (ფსალმ. 37:8). ეს რჩევა ნამდვილად გონივრულია, რადგან გულისწყრომა უარყოფითად აისახება ჩვენს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე (იგავ. 14:30). გულში წყენის ჩატოვება შხამის დალევას ჰგავს. ფაქტია, თუ შხამს ვსვამთ, ჩვენ მოვიწამლებით და არა ვინმე სხვა. ასე რომ, როცა ვპატიობთ და წყენას ვივიწყებთ, საკუთარ თავს ვრგებთ, რადგან შინაგანი სიმშვიდე გვეუფლება და იეჰოვასაც მეტი ხალისით ვემსახურებით (იგავ. 11:17).
სიხარული ჰპოვეთ იეჰოვაში
20 მაშინ „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“ (ფსალმუნები 37:11ა). ვინ არიან ეს „თავმდაბალნი“? „თავმდაბლად“ თარგმნილი სიტყვის ფუძე ნიშნავს „შეწუხებას, დამდაბლებას, დამცირებას“. დიახ, „თავმდაბლები“ ისინი არიან, რომლებიც მორჩილად ელოდებიან დროს, როცა იეჰოვა ბოლოს მოუღებს მათ მიმართ არსებულ ყოველგვარ უსამართლობას. ისინი „დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 37:11ბ). ჩვენ ახლაც ვხარობთ უდიდესი მშვიდობით სულიერ სამოთხეში, ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებაში.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „მთა“
სიმტკიცე, ურყეობა ან სიდიადე. ბიბლია ხშირად ამახვილებს ყურადღებას მთების სიმტკიცესა და ურყეობაზე (ეს. 54:10; აბკ. 3:6; შდრ. ფს. 46:2). აქედან გამომდინარე, როცა ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას სიმართლე დიად მთებს შეადარა (ფს. 36:6), ის შესაძლოა იმას გულისხმობდა, რომ იეჰოვას სიმართლე ურყევია. ამას შეიძლება სხვა ახსნაც მოვუძებნოთ: ვინაიდან მთები სიმაღლითა და სიდიადით გამოირჩევიან, ამ შედარებით შესაძლოა ფსალმუნმომღერალმა იმაზე გააკეთა აქცენტი, რომ იეჰოვას სიმართლე ადამიანურ სიმართლეზე ბევრად აღმატებულია (შდრ. ეს. 55:8, 9). გამოცხადების 16:20 აღწერს, რა შედეგი მოჰყვა ღვთის რისხვის მეშვიდე თასის გადმოღვრას: „მთებიც სადღაც გაქრა“. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვერავინ და ვერაფერი დააღწევს თავს ღვთის რისხვას, თუნდაც ერთი შეხედვით მთასავით ურყევნი და მტკიცენი ჩანდნენ (შდრ. იერ. 4:23—26).
13—19 ᲛᲐᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 38, 39
მოიშორეთ დანაშაულის გრძნობა
„შენი თვალები წინ იყურებოდეს“
12 წაიკითხეთ 1 იოანეს 3:19, 20. დროდადრო ყველას გვეუფლება დანაშაულის გრძნობა. ზოგი თავს უღირსად იმ ცოდვების გამო გრძნობს, ჭეშმარიტების გაგებამდე რომ ჩადიოდა, ზოგსაც ნათლობის შემდეგ დაშვებული შეცდომები აღელვებს. ასეთ გრძნობებს ბევრი ქრისტიანი ებრძვის (რომ. 3:23). მართალია, ყველას გვსურს, სწორად მოვიქცეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით“ (იაკ. 3:2; რომ. 7:21—23). თუმცა ერთიცაა: დანაშაულის გრძნობა ცალსახად ცუდი არაა. თავის დადანაშაულება იმას ნიშნავს, რომ გვინდა, გამოვსწორდეთ და აღარ გავიმეოროთ შეცდომები (ებრ. 12:12, 13).
13 თუმცა ზოგი ქრისტიანი იმდენად შთანთქა დანაშაულის გრძნობამ, რომ წარსულში ჩადენილ შეცდომებს მაშინაც კი ვერ პატიობს საკუთარ თავს, თუკი უკვე მოინანია და იეჰოვამაც აპატია ისინი. ერთი რამ ცხადია: წარსულის შეცდომებზე გადამეტებული წუხილი კარგს არაფერს გვიქადის (ფსალმ. 31:10; 38:3, 4). ეს კარგად გამოჩნდა ერთი დის შემთხვევიდან, რომელიც წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო თავს გამუდმებით იდანაშაულებდა. ის ამბობს: „ვფიქრობდი, რომ იეჰოვას მსახურებაში მეტის კეთებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ეს ვეღარაფერს შეცვლიდა“. ამ დის მსგავსად, შესაძლოა ჩვენც გვიგრძნია თავი. მაგრამ არ გვინდა, რომ ჩადენილი შეცდომების გამო გადამეტებულმა წუხილმა გვშთანთქას. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: სატანის წისქვილზე დავასხამთ წყალს, თუ საკუთარ თავზე ხელს ჩავიქნევთ მაშინ, როცა იეჰოვას ხელი არ ჩაუქნევია ჩვენზე (შეადარეთ 2 კორინთელების 2:5—7, 11).
როგორ შეგვიძლია ჩვენი დღეების დათვლა იეჰოვას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად?
ისე მიფრინავენ წლები, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ. ცხოვრების ხანმოკლეობაზე დაფიქრებული დავითი შემდეგნაირად ლოცულობდა: „მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა ჩემი დღეების, შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა. აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენს წინაშე“. დავითი ლამობდა, ღვთისმოსაწონად ეცხოვრა; ცდილობდა, ისე ელაპარაკა და ემოქმედა, როგორც იეჰოვას მოსწონდა. ღვთისადმი ნდობა მან შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „შენზეა ჩემი იმედი“ (ფსალმუნი 39:4, 5, 7). იეჰოვამ მოისმინა მისი სიტყვები. რა თქმა უნდა, იეჰოვამ გადახედა დავითის ცხოვრებას და შესაბამისად აკურთხა.
შეიძლება მთელი დღე დაკავებული იყო და გაწამაწიაში მყოფმა ცხოვრების სწრაფ ტემპს მისდიო. ამან შეიძლება დაგანაღვლიანოს, რადგან იმ ყველაფრის მოსასწრებად, რაც გსურს, დრო ძალიან მცირეა. დავითის მსგავსად, ჩვენც ვზრუნავთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ღვთის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ? რა თქმა უნდა, იეჰოვა თითოეულ ჩვენგანს გვაკვირდება და გულმოდგინედ გვიკვლევს. დაახლოებით 3 600 წლის წინათ მცხოვრებმა ღვთისმოშიშმა იობმა იცოდა, რომ იეჰოვა მის მოქმედებებსა და ნაბიჯებს აკვირდებოდა. მან რიტორიკულად იკითხა: „როცა დამკითხავს [ღმერთი], რა ვუპასუხო?“ (იობი 31:4—6, 14). დღესაც შესაძლებელია ღვთის კეთილგანწყობის დამსახურება სულიერისთვის უპირატესობის მინიჭებით, ღვთის მოთხოვნების შესრულებითა და დროის გონივრულად გამოყენებით. მოდი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხები.
აღადგინეთ იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობა
ხშირად ესაუბრეთ იეჰოვას. თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ დანაშაულის გრძნობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ მასთან საუბარში (რომ. 8:26). მიუხედავად ამისა, გამუდმებით ილოცეთ და უთხარით იეჰოვას, რომ ძალიან გინდათ მასთან ურთიერთობის აღდგენა (რომ. 12:12). ანდრეი იხსენებს: „საშინელი დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა მქონდა, მაგრამ ყოველი ლოცვის შემდეგ შვებას ვგრძნობდი და შინაგანი სიმშვიდე მეუფლებოდა“. თუ გიჭირთ სიტყვების პოვნა, თვალი გადაავლეთ მომნანიებელი მეფე დავითის ლოცვებს, რომლებიც ჩაწერილია 51-ე და 65-ე ფსალმუნებში.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
შეიძინეთ სანდო ადამიანის სახელი
16 თავშეკავება უაღრესად მნიშვნელოვანია სხვების ნდობის მოსაპოვებლად. ეს თვისება გვეხმარება, რომ არ ავყვეთ ცდუნებას და არ გავამჟღავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია (წაიკითხეთ იგავების 10:19). მაგალითად, თავშეკავება შეიძლება სოციალური მედიით სარგებლობის დროს დაგვჭირდეს. სიფრთხილე გვმართებს, რომ ჩვენდა უნებურად კონფიდენციალური ინფორმაცია არ გავახმაუროთ. ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, ვინ როგორ გამოიყენებს ელექტრონული სახით ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ვის რა ზიანს მოუტანს. თავშეკავება მაშინაც დაგვეხმარება, თუ მტრები შეეცდებიან, და-ძმების საზიანოდ ინფორმაცია გამოგვტყუონ. მაგალითად, ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდული ან აკრძალულია, შეიძლება პოლიციაში დაგვიბარონ და დაგვკითხონ. ამ თუ მსგავს სიტუაციებში შემდეგი პრინციპი გამოგვადგება: „პირს დარაჯად ალიკაპს დავუყენებ“ (ფსალმ. 39:1). მნიშვნელობა არა აქვს, ოჯახში იქნება ეს, სამეგობრო წრეში, კრებაში თუ სხვაგან, ყველგან სანდო ადამიანის სახელი უნდა გვქონდეს. ამაში ხელშემწყობი ერთ-ერთი თვისება სწორედ თავშეკავებაა.
20—26 ᲛᲐᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 40, 41
რატომ უნდა დავეხმაროთ სხვებს?
ბედნიერნი არიან გულუხვად გამცემნი
16 გულუხვი ადამიანი არასდროს გასცემს რაიმეს იმ იმედით, რომ სანაცვლოს მიიღებს. იესოს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა მოწაფეებს უთხრა: „როცა ნადიმს გამართავ, დაპატიჟე ღარიბები, ხეიბრები, კოჭლები და უსინათლოები და ბედნიერი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ გადაგიხადონ“ (ლუკ. 14:13, 14). ბიბლიის ერთმა დამწერმა ღვთივშთაგონებით თქვა, რომ გულუხვი ადამიანი კურთხეული იქნება. სხვამ კი დაწერა: „ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს“ (იგავ. 22:9; ფსალმ. 41:1). დიახ, ჩვენ უნდა გავცეთ, რადგან სხვების დახმარება სიამოვნებას გვანიჭებს.
17 როცა პავლე ციტირებდა იესოს სიტყვებს, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“, ის მხოლოდ მატერიალური ქონების გაზიარებას კი არ გულისხმობდა, არამედ სხვების გამხნევებას, ხელმძღვანელობის გაწევასა და დახმარებას (საქ. 20:31—35). მოციქულმა სიტყვითა და საქმით გვასწავლა, რომ უნდა გავცეთ ჩვენი დრო, ენერგია, ყურადღება და სიყვარული.
18 სოციოლოგებმა შენიშნეს, რომ გაცემას ადამიანებისთვის ბედნიერება მოაქვს. ერთ სტატიაში ნათქვამია: „ხალხი ამბობს, რომ თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობენ, როცა სხვებს სიკეთეს უკეთებენ“. სოციოლოგების აზრით, სხვების დახმარება მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა სიცოცხლის აზრი და მიზანი იპოვოს, რადგან ამ დროს იკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნილებებს. ამიტომ სპეციალისტები ხალხს ხშირად ურჩევენ, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებში მიიღონ მონაწილეობა, რათა უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. თუმცა ეს აზრი ჩვენთვის ახალი არ არის, რადგან მოსიყვარულე შემოქმედი იეჰოვა ბიბლიის მეშვეობით გვასწავლის, რომ გაცემას ბედნიერება მოაქვს (2 ტიმ. 3:16, 17).
იეჰოვა ამოგიდგებათ მხარში!
7 თუმცა ავადმყოფობის დროს ჩვენც შეგვიძლია წარსულში მცხოვრები ერთგული მსახურების მსგავსად, გვქონდეს ღვთის იმედი, რომ იგი გვანუგეშებს, მოგვცემს საჭირო სიბრძნეს და მხარში ამოგვიდგება. მეფე დავითმა დაწერა: „ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს; უბედურების დროს იეჰოვა გადაარჩენს მას. იეჰოვა დაიცავს მას და სიცოცხლეს შეუნარჩუნებს“ (ფსალმ. 41:1, 2). ცხადია, მეფე დავითის თანამედროვეებმა, რომლებიც „ყურადღებას აქცევდნენ საწყალს“, ადრე თუ გვიან დაასრულეს სიცოცხლე. თავის სიტყვებში მეფე დავითს ის არ უგულისხმია, რომ ასეთი ადამიანები სასწაულებრივად გადაურჩებოდნენ სიკვდილს და მარადიულად იცოცხლებდნენ. ღვთივშთაგონებით დაწერილ ამ სიტყვებში ერთი მნიშვნელოვანი აზრი იკვეთება: ღმერთი დახმარების გარეშე ერთგულ და სხვებზე მზრუნველ ადამიანებს არასდროს მიატოვებს. და, თუ როგორ დაეხმარება ღმერთი ასეთ ადამიანებს, ამაზე პასუხს ისევ დავითის სიტყვებიდან ვიგებთ: „იეჰოვა მხარში ამოუდგება ავადმყოფს სარეცელზე. შენ [იეჰოვა] შეცვლი მისი სნეულების სარეცელს“ (ფსალმ. 41:3). დიახ, იმ ადამიანს, ვინც ზრუნავს საწყალზე, შეუძლია ჰქონდეს ღვთის იმედი, რომ იგი მის შრომასა და ერთგულებას არ დაივიწყებს. გარდა ამისა, ღვთის მიერ შექმნილ სხეულს თვითაღდგენის უნარი გააჩნია, რის წყალობითაც შესაძლებელია, რომ ადამიანი გამოჯანმრთელდეს.
მიჰბაძეთ იეჰოვას თანაგრძნობის გამოვლენაში
17 თანაგრძნობას მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ვავლენდეთ, რომ ეს ჩვენზე სასიკეთოდ მოქმედებს, არამედ იმიტომ, რომ გვსურს, მივბაძოთ ჩვენს მოსიყვარულე და თანამგრძნობ ღმერთს, იეჰოვას, და ამგვარად განვადიდოთ იგი (იგავ. 14:31). ის ამ მხრივ უბადლო მაგალითს გვაძლევს. მოდი ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მივბაძოთ ღმერთს თანაგრძნობის გამოვლენაში, რითაც ხელს შევუწყობთ როგორც და-ძმებთან, ისე სხვებთან თბილ და კარგ ურთიერთობას! (გალ. 6:10; 1 იოან. 4:16).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება წითელი ზოლივით გასდევს მთელ ბიბლიას, საიდანაც ნათლად ჩანს იეჰოვა ღმერთის უმთავრესი მიზანი, კერძოდ, თავისი სახელის განწმენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის სახელი ყოველგვარი შეურაცხყოფისგან უნდა განიწმინდოს. უფრო მეტიც, ყველა მოაზროვნე ქმნილებამ, ზეცაში თუ დედამიწაზე, მისი სახელი უნდა წმინდაჰყოს, რაც გულისხმობს, სიყვარულიდან გამომდინარე, მისი უზენაესობის ნებაყოფლობით აღიარებას, მისადმი მსახურების სურვილსა და მისი ნების სიხარულით შესრულებას. ფსალმუნის 40:5—10-ში ჩაწერილი დავითის ლოცვა კარგად გადმოსცემს ამგვარ განწყობას და იმას, თუ სინამდვილეში როგორ განიწმინდება იეჰოვას სახელი (ყურადღება მიაქციეთ, როგორ უკავშირებს პავლე მოციქული ამ ფსალმუნში მოცემულ აზრებს იესო ქრისტეს ებრაელების 10:5—10-ში).
27 ᲛᲐᲘᲡᲘ — 2 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 42—44
ისარგებლეთ ყველა საშუალებით, რომლითაც იეჰოვა გასწავლით
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“
42:4, 5, 11; 43:3—5. თუ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დროებით მოწყვეტილნი ვართ კრებას, ძალებს შეგვმატებს იმ სიხარულზე ფიქრი, რომელსაც მანამდე განვიცდიდით კრებასთან ურთიერთობით. მოგონებებმა თავიდან შეიძლება უფრო მეტად დაგვამწუხროს, მაგრამ ეს შეგვახსენებს, რომ იეჰოვაა ჩვენი მფარველი და მოთმინებით უნდა ველოდოთ მისგან შვებას.
სასიამოვნო და ნაყოფიერი პირადი შესწავლა
1 ლოცვა. პირველი ნაბიჯი არის ლოცვა (ფსალმ. 42:8). რატომ არის ლოცვა მნიშვნელოვანი? ღვთის სიტყვის შესწავლას ჩვენი თაყვანისცემის ნაწილად უნდა მივიჩნევდეთ. ამიტომ საჭიროა იეჰოვას ვთხოვოთ, დაგვეხმაროს გულისა და გონების მომზადებაში და ასევე ვთხოვოთ წმინდა სული (ლუკ. 11:13). დიდი ხნის მისიონერი ბარბარა ამბობს: „ბიბლიის წაკითხვის ან შესწავლის წინ ყოველთვის ვლოცულობ. ლოცვის შემდეგ ვგრძნობ, რომ იეჰოვა ჩემთან არის და მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ“. შესწავლამდე ლოცვა გვეხმარება გონებისა და გულის მომზადებაში, რომ მივიღოთ უხვი სულიერი საზრდო.
„ნუ ჩამოუშვებ ხელებს!“
11 ჩვენ აგრეთვე გვაძლიერებს კრების შეხვედრებზე, კონგრესებზე და თეოკრატიულ სკოლებში მიღებული ღვთიური განათლება. ასეთი მომზადება გვეხმარება, გვქონდეს სათანადო აღძვრები, დავისახოთ სულიერი მიზნები და შევასრულოთ ქრისტიანული პასუხისმგებლობები (ფსალმ. 119:32). აკეთებთ ყველაფერს, რომ ღვთიურმა განათლებამ ძალა შეგმატოთ?
12 იეჰოვა დაეხმარა ისრაელებს, დაემარცხებინათ ამალეკელები და ეთიოპები. მან ძალა მისცა ნეემიასა და მის თანამემამულეებს, რომ აღდგენითი სამუშაოები დაესრულებინათ. ღმერთი ჩვენც მოგვცემს ძალას, რომ წინააღმდეგობის, გულგრილობისა და საწუხარის მიუხედავად მტკიცენი ვიყოთ და სამქადაგებლო საქმე შევასრულოთ (1 პეტ. 5:10). ჩვენ არ ველით, რომ იეჰოვა სასწაულებს მოახდენს ჩვენთვის. გვესმის, რომ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ: ყოველდღე ვიკითხოთ ღვთის სიტყვა, ყოველთვის მოვემზადოთ შეხვედრებისთვის და დავესწროთ მათ, ვკვებოთ ჩვენი გული და გონება პირადი შესწავლისა თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის მეშვეობით და ყოველთვის მივენდოთ იეჰოვას ლოცვით. ჩვენ არ უნდა მივცეთ სხვა მიზნებსა თუ საქმეებს ამ ყოველივეში ხელის შეშლის საშუალება, რადგან იეჰოვა სწორედ მათი მეშვეობით გვაძლიერებს და გვამხნევებს. თუ გრძნობთ, რომ ამ საკითხებიდან რომელიმეში გაუმჯობესება გჭირდებათ, ღმერთს მიმართეთ დახმარებისთვის. მაშინ დაინახავთ, როგორ იმოქმედებს ღვთის სული თქვენზე, რათა „სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც“ (ფილ. 2:13). რის გაკეთება შეგიძლიათ სხვებისთვის ხელების გასამაგრებლად?
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „ტურა“
ბიბლიაში ტურა ხშირად გადატანითი მნიშვნელობით მოიხსენიება. მაგალითად, სავალალო მდგომარეობაში მყოფმა იობმა საკუთარ თავს „ტურების ძმა“ უწოდა (იობ. 30:29). სიტყვებით „იქ შეგვმუსრე, სადაც ტურებს დაუდვიათ ბინა“, ფსალმუნმომღერალი ღვთის ხალხის დამამცირებელ დამარცხებას აღწერდა და, როგორც ჩანს, ბრძოლის ველზე დახოცილთა გვამების საჯიჯგნად თავმოყრილ ტურებს გულისხმობდა (ფს. 44:19; შდრ. ფს. 68:23). ძვ. წ. 607 წელს, როცა ბაბილონმა იერუსალიმი ალყაში მოაქცია, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, რის გამოც დედები საკუთარ შვილებსაც კი ჭამდნენ. ამიტომაც დააპირისპირა იერემიამ მათი სისასტიკე მზრუნველობას, რომელსაც ტურებიც კი იჩენენ თავიანთი ნაშიერების მიმართ (გდ. 4:3, 10).
3—9 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 45—47
სიმღერა, რომელიც მეფის ქორწილს ეძღვნება
იხარეთ კრავის ქორწილით!
8 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:13, 14ა. პატარძალი სამეფო ქორწილისთვის „დიდებით არის მოსილი“. გამოცხადების 21:2-ში მოხსენიებული პატარძალი ქმრისთვის არის მორთული და ქალაქთან, ახალ იერუსალიმთანაა შედარებული. ამ ზეციურ ქალაქს „ღვთის დიდება“ აქვს და ბზინავს „უძვირფასესი ქვასავით . . . როგორც გამჭვირვალე ბროლივით მბზინავი იასპი“ (გამოცხ. 21:10, 11). წიგნი „გამოცხადება“ ლამაზად აღგვიწერს ახალი იერუსალიმის დიდმშვენიერებას (გამოცხ. 21:18—21). მართლაც, რა კარგად გვიხატავს ფსალმუნების დამწერი პატარძალს, როცა ამბობს, რომ ის „დიდებით არის მოსილი“. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან სამეფო ქორწილი ხომ ზეცაში იმართება?!
9 ის, ვისთანაც პატარძალი მიჰყავთ, მესიის სამეფოს მეფეა. ის პატარძალს ამზადებს „სიტყვის საშუალებით წყალში განბანით“ ასუფთავებს და შედეგად პატარძალი „წმინდა და უმანკო“ ხდება (ეფეს. 5:26, 27). ამ მოვლენისთვის პატარძალი ღირსეულადაც უნდა გამოიყურებოდეს; და ის გამოიყურება კიდეც, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „მისი ტანსაცმელი ოქროთია გაწყობილი“ და რომ მას „ნაქსოვ სამოსელში გამოწყობილს მიიყვანენ მეფესთან“. კრავის ქორწილისთვის „მას ნება მიეცა, ჩაეცვა მბრწყინავი და სუფთა, ძვირფასი სელის სამოსელი, რადგან ძვირფასი სელის სამოსელი წმინდების სიმართლის საქმეებს ნიშნავს“ (გამოცხ. 19:8).
რას მოასწავებს „გამოცხადება“ ჩვენთვის?
10 რა რეაქცია ექნება იეჰოვას ამ თავდასხმაზე? ის თავადვე გვცემს პასუხს: „რისხვით ავენთები“ (ეზეკ. 38:18, 21—23). როგორც გამოცხადების მე-19 თავიდან ვიგებთ, იეჰოვა თავის ძეს გამოგზავნის თავისი ხალხის დასაცავად და მტრების გასანადგურებლად. იესოს ამ გალაშქრებაში შეუერთდება ზეციერი ლაშქარი — ერთგული ანგელოზები და 144 000 თანამმართველი (გამოცხ. 17:14; 19:11—15). რით დასრულდება ეს ბრძოლა? იეჰოვას ყველა მოწინააღმდეგის — ადამიანისა თუ ორგანიზაციის — სრული განადგურებით (წაიკითხეთ გამოცხადების 19:19—21).
11 წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულსა და შვებას იგრძნობენ ღვთის მსახურები მას შემდეგ, რაც ღვთის მტრები განადგურდებიან! მართალია, „დიდი ბაბილონის“ განადგურება ზეცაში დიდ სიხარულს გამოიწვევს, მაგრამ უნდა მოხდეს კიდევ ერთი მოვლენა, რომელსაც უფრო დიდი სიხარული მოჰყვება (გამოცხ. 19:1—3). „გამოცხადება“ ამ დამაგვირგვინებელ მოვლენას აღგვიწერს, როგორც „კრავის ქორწილს“ (გამოცხ. 19:6—9).
12 როდის გაიმართება ეს ქორწილი? მართალია, არმაგედონამდე 144 000 რჩეული ზეცაში იქნება, მაგრამ კრავის ქორწილი ამ დროს არ გაიმართება (წაიკითხეთ გამოცხადების 21:1, 2). ეს ქორწილი არმაგედონის შემდეგ გაიმართება, როცა ღვთის ყველა მტერს ბოლო მოეღება (ფსალმ. 45:3, 4, 13—17).
it „ომი“
ამ ომის დასრულების შემდეგ დედამიწაზე ათასწლიანი მშვიდობა დამყარდება. ფსალმუნებში ვკითხულობთ: „[იეჰოვა] წყვეტს ომებს მთელ დედამიწაზე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს საომარ ეტლებს“. თავდაპირველად ეს სიტყვები მაშინ შესრულდა, როცა იეჰოვამ თავისი ხალხის მტრებს საომარი იარაღი გაუნადგურა და ისრაელის მიწაზე მშვიდობა დაამყარა. როცა ქრისტე არმაგედონში ბოლოს მოუღებს ყველას, ვისაც ბრალი მიუძღვის ომებში, მთელ დედამიწაზე დიდი მშვიდობა დაისადგურებს (ფს. 46:8—10). მარადიული სიცოცხლის უფლება მათ მიეცემათ, ვინც „თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს . . . და აღარ ისწავლიან ომს“. ამ სიტყვებში დაეჭვება შეუძლებელია, „რადგან ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ თავისი ბაგით წარმოთქვა ეს“ (ეს. 2:4; მქ. 4:3, 4).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
რას მოუღებს ბოლოს ღვთის სამეფო?
9 რა შეცვლის კორუმპირებულ ორგანიზაციებს? დარჩება არმაგედონის შემდეგ დედამიწაზე რომელიმე ორგანიზაცია? ბიბლია გვპასუხობს: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტ. 3:13). ძველი ცა და დედამიწა, ანუ კორუმპირებული მთავრობები და მათ მიერ მართული ხალხი, მეტად აღარ იარსებებს. ბიბლიური გამოთქმა „ახალი ცა და ახალი დედამიწა“ იმაზე მიუთითებს, რომ იქნება ახალი მთავრობა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანთა ახალი საზოგადოება. ზეციერი ხელისუფლება, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას, იეჰოვასთვის, წესრიგის ღმერთისთვის, დამახასიათებელ თვისებებს სრულყოფილად გამოავლენს (1 კორ. 14:33). ასე რომ, „ახალ დედამიწაზეც“ წესრიგი იქნება. ახალ ქვეყნიერებაში ხელმძღვანელობის გასაწევად ზოგიერთი მამაკაცი დაინიშნება (ფსალმ. 45:16). თავის მხრივ, ისინი დაემორჩილებიან ქრისტესა და მისი 144 000 თანამმართველის ხელმძღვანელობას. წარმოიდგინეთ, როგორი დრო დადგება, როცა კორუმპირებულ ორგანიზაციებს შეცვლის ერთი ორგანიზაცია, რომელშიც სრული ერთობა იქნება და რომელსაც ვერავინ მოისყიდის!
10—16 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 48—50
მშობლებო, განუმტკიცეთ შვილებს იეჰოვას ორგანიზაციისადმი ნდობა
იეჰოვას თაყვანისცემა გვაბედნიერებს
11 ღვთის სიტყვის შესწავლა და შვილებისთვის იეჰოვას გაცნობა. შაბათის დაცვა ისრაელებს შესაძლებლობას აძლევდა, გვერდზე გადაედოთ ყოველდღიური საქმეები და მთელი ყურადღება იეჰოვასთან ურთიერთობის გაღრმავებაზე გადაეტანათ (გამ. 31:16, 17). ამ დღეს ღვთისმოშიში მშობლები შვილებს იეჰოვასა და მის სიკეთეზე უყვებოდნენ. ჩვენც უნდა გამოვყოთ დრო ღვთის სიტყვის კითხვისა და შესწავლისთვის. ეს ჩვენი თაყვანისმცემლობის ერთ-ერთი მხარეა, რომელიც იეჰოვასთან გვაახლოებს (ფსალმ. 73:28). ბიბლიის ოჯახური შესწავლის დროს მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მომავალ თაობას, თავიანთ შვილებს, დაეხმარონ ზეციერ მამასთან თბილი და ახლო ურთიერთობის განვითარებაში (წაიკითხეთ ფსალმუნის 48:13).
თქვენ ნამდვილად გაქვთ სიხარულის მიზეზი!
„გარს შემოუარეთ სიონს და მოიარეთ იგი, დათვალეთ მისი კოშკები. დააკვირდით მის მიწაყრილებს, დაათვალიერეთ მისი საცხოვრებელი კოშკები, რათა მოუყვეთ მომავალ თაობას“ (ფსალმ. 48:12, 13). ფსალმუნმომღერალი მოუწოდებდა ისრაელებს, რომ კარგად გაცნობოდნენ იერუსალიმს. წარმოიდგინეთ, რა აღფრთოვანებით გაუზიარებდნენ ისრაელთა ოჯახები სხვებს თავიანთ შთაბეჭდილებებს, როცა ყოველწლიურ დღესასწაულების აღსანიშნავად ადიოდნენ წმინდა ქალაქში და სტუმრობდნენ დიდებულ ტაძარს! ისინი, ალბათ, დიდი სიამოვნებით მოუყვებოდნენ მომავალ თაობებს, რაც იხილეს.
გაიხსენეთ საბას დედოფალი, რომელსაც თავიდან დაუჯერებელი ეჩვენებოდა, რასაც სოლომონის მმართველობასა და უსაზღვრო სიბრძნეზე ეუბნებოდნენ. როგორ დარწმუნდა საბას დედოფალი, რომ რაც სხვებისგან გაიგო, სიმართლე იყო? „არ მჯეროდა ამ სიტყვების, — თქვა მან. — სანამ თავად არ მოვედი და საკუთარი თვალით არ ვიხილე“ (2 მატ. 9:6). დიახ, ის, რასაც საკუთარი თვალით ვხედავთ, ღრმა კვალს ტოვებს ჩვენზე.
როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, „საკუთარი თვალით“ ნახონ იეჰოვას ორგანიზაციის მრავალი საოცარი საქმე? თუ თქვენთან ახლოს არის იეჰოვას მოწმეების ფილიალი, ეწვიეთ მას. მენდი და ბეთანი ბეთელიდან დაახლოებით 1 500 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდნენ. მაგრამ მშობლებს ბავშვობაში ისინი ხშირად დაჰყავდათ ფილიალში. მენდი და ბეთანი იხსენებენ: „სანამ პირველად მივიდოდით ბეთელში სტუმრად, გვეგონა, რომ იქ ოფიციალური გარემო იყო და მხოლოდ ასაკოვანი ხალხი მსახურობდა. მაგრამ იქ ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებსაც, რომლებიც ბევრს აკეთებდნენ იეჰოვასთვის და დიდ სიამოვნებას იღებდნენ ბეთელში მსახურებით. დავინახეთ, რომ იეჰოვას ორგანიზაცია მხოლოდ ჩვენი კრებით არ შემოიფარგლება. ყოველთვის, როცა ბეთელს ვსტუმრობდით, უფრო ვუახლოვდებოდით იეჰოვას და სულიერად ვმტკიცდებოდით“. ღვთის ორგანიზაციის კარგად გაცნობა დაეხმარა მენდისა და ბეთანის, რომ დაეწყოთ პიონერად მსახურება. ისინი დროებით ბეთელშიც მსახურობდნენ მოხალისეებად.
მოიქეცით, როგორც ღვთის სამეფოს მოქალაქე
5 ისტორიის შესწავლა. ვისაც სურს, რომელიმე ქვეყნის მოქალაქე გახდეს, მეტ-ნაკლებად უნდა იცოდეს მისი ისტორია. მსგავსადვე, მათ, ვისაც სამეფოს მოქალაქეობა სურთ, შეძლებისდაგვარად უნდა ისწავლონ ღვთის სამეფოს შესახებ. განვიხილოთ კორახის ვაჟების მაგალითი, რომლებიც ძველ ისრაელში მსახურობდნენ. მათ უყვარდათ იერუსალიმი და თაყვანისცემის ადგილი და სიამოვნებდათ ქალაქის ისტორიის შესახებ საუბარი. მათზე მარტო ქვები და ფილები კი არ ახდენდა შთაბეჭდილებას, არამედ ის, თუ რას განასახიერებდა ეს ქალაქი და თაყვანისცემის ადგილი. იერუსალიმი იყო იეჰოვას, „დიდი მეფის ქალაქი“, რადგან ის ითვლებოდა წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრად. სწორედ იქ ასწავლიდნენ მღვდლები იეჰოვას კანონებს და სწორედ ამ ქალაქიდან, იერუსალიმიდან, მართავდა მეფე ხალხს, რომელთა მიმართაც იეჰოვა ავლენდა თავის სიკეთეს (წაიკითხეთ ფსალმუნის 48:1, 2, 9, 12, 13). მათ მსგავსად, გსურთ, თქვენც შეისწავლოთ და მოუყვეთ სხვებს იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის ისტორიის შესახებ? რაც უფრო მეტს გაიგებთ ღვთის ორგანიზაციისა და იმის შესახებ, თუ როგორ უჭერს მხარს იეჰოვა თავის ხალხს, მით უფრო რეალური გახდება თქვენთვის ღვთის სამეფო. ამასთანავე, უფრო მეტად გექნებათ სურვილი, იქადაგოთ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ (იერ. 9:24; ლუკ. 4:43).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „სიმდიდრე“
ისრაელი ერი მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო და საჭმელ-სასმელი არ აკლდა (1მფ. 4:20; ეკ. 5:18, 19); შესაბამისად, სიდუხჭირე და მასთან დაკავშირებული სირთულეები არ აწუხებდათ (იგ. 10:15; ეკ. 7:12). მართალია, იეჰოვას სურდა, რომ ისრაელებს გაეხარათ თავიანთი შრომის ნაყოფით (შდრ. იგ. 6:6—11; 20:13; 24:33, 34), მაგრამ იმის შესახებაც აფრთხილებდა, რომ სიმდიდრეზე არ გამხდარიყვნენ დაიმედებული და არ დავიწყებოდათ, ვინ იყო მათი კეთილდღეობის წყარო (კნ. 8:7—17; ფს. 49:6—9; იგ. 11:4; 18:10, 11; იერ. 9:23, 24). ღმერთი მათ შეახსენებდა, რომ სიმდიდრე წარმავალია (იგ. 23:4, 5), რომ ღმერთს ვერავინ მისცემს ქონებას თავისი მოძმის სიკვდილისგან დასახსნელად (ფს. 49:6, 7) და რომ სიმდიდრე მკვდარს არაფერში არგია (ფს. 49:16, 17; ეკ. 5:15). თუ ისრაელებისთვის სიმდიდრე მეტისმეტად მნიშვნელოვანი გახდებოდა, ისინი თაღლითურ საქმეებში გაებმებოდნენ და იეჰოვას გულს ატკენდნენ (იგ. 28:20; შდრ. იერ. 5:26—28; 17:9—11). მათ უნდა გაეთვალისწინებინათ შემდეგი მითითება: „პატივი მიაგე იეჰოვას იმით, რაც გაგაჩნია“ (იგ. 3:9).
17—23 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 51—53
როგორ უნდა აირიდოთ თავიდან სერიოზული შეცდომები
როგორ გავუფრთხილდეთ გულს?
4 იგავების 4:23-ში მოხსენიებული სიტყვა „გული“ ადამიანის შინაგან პიროვნებას გულისხმობს, რაც სხვებისთვის უხილავია (წაიკითხეთ ფსალმუნის 51:6). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „გული“ მიუთითებს ჩვენს ფიქრებზე, გრძნობებზე, მოტივებსა და სურვილებზე, ანუ იმაზე, როგორიც შინაგანად ვართ და არა მხოლოდ იმაზე, როგორიც გარეგნულად ვჩანვართ.
5 იმის დასანახად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი შინაგანი პიროვნება, განვიხილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაგალითი. პირველი, ჯანმრთელები რომ ვიყოთ, აუცილებელია ჯანსაღად ვიკვებოთ და რეგულარულად ვივარჯიშოთ. მსგავსად, სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სულიერი საზრდოს მიღება და იეჰოვასადმი რწმენის გამოვლენაა საჭირო. რწმენის გამოვლენაში იგულისხმება ნასწავლის გამოყენება და საკუთარი მრწამსის შესახებ სხვებთან საუბარი (რომ. 10:8—10; იაკ. 2:26). მეორე, თუ მხოლოდ გარეგნულად შევაფასებთ საკუთარ თავს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჯანმრთელები ვართ, სინამდვილეში კი დაავადებულები ვიყოთ. მსგავსად, თუ მხოლოდ ჩვენი თეოკრატიული განრიგით ვიმსჯელებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ძლიერი რწმენა გვაქვს, სინამდვილეში კი ჩვენში არასწორი სურვილები ღვივდებოდეს (1 კორ. 10:12; იაკ. 1:14, 15). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სატანას სურს, თავისი აზროვნებით მოგვწამლოს. როგორ ცდილობს, ის ამის მიღწევას? და როგორ შეგვიძლია მისგან თავის დაცვა?
თქვენ შეძლებთ სიწმინდის შენარჩუნებას
5 იეჰოვასადმი ნდობას იმით გამოვხატავთ, თუ მას ლოცვაში ყოველთვის ვთხოვთ, მოგვცეს ძალა, რათა წინ აღვუდგეთ არასწორ სურვილებს. როდესაც ლოცვით ვუახლოვდებით იეჰოვას, ისიც გვიახლოვდება. იგი უშურველად გვაძლევს თავის წმინდა სულს, რაც უზნეო ფიქრების მოცილებასა და სიწმინდის შენარჩუნებაში გვეხმარება. ამიტომ, მოდი, იეჰოვას ლოცვაში ვაუწყოთ, რომ გულწრფელად გვსურს, ჩვენი გულის ზრახვები სასიამოვნო იყოს მისთვის (ფსალმ. 19:14). ყოველთვის ვთხოვოთ ღმერთს, შეამოწმოს ჩვენი გული იმის გამოსარკვევად, არის თუ არა ჩვენში რაიმე ისეთი — არასწორი მიდრეკილება თუ სურვილი — რაც „სატკივარს გამოიწვევდა“ ანუ ცოდვას ჩაგვადენინებდა (ფსალმ. 139:23, 24). ამასთანავე, გამუდმებით ვევედროთ ღმერთს, რომ ცდუნების პირისპირ ერთგულების შენარჩუნებაში დაგვეხმაროს (მათ. 6:13).
6 ჩვენი წარსულისა თუ აღზრდის გამო შეიძლება დღესაც ვებრძვით ისეთ სურვილებს, რასაც იეჰოვა განსჯის. თუმცა ღმერთს შესწევს ძალა, დაგვეხმაროს, რომ შევიცვალოთ და კვლავ ერთგულად ვემსახუროთ მას. მეფე დავითმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ბათ-შებასთან მრუშობის შემდეგ, მან იეჰოვას სთხოვა: „სუფთა გული შექმენი ჩემში . . . და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი“ (ფსალმ. 51:10, 12). მართალია, ჩვენი ცოდვილი სხეული ცოდვისკენ ისწრაფვის, მაგრამ იეჰოვას შეუძლია „გაგვამაგროს მზადყოფნის სულით“ — გაგვიჩინოს მისი მორჩილების სურვილი. მაშინაც კი, თუ ჩვენს გულში არასწორ სურვილებს ღრმად აქვს ფესვი გადგმული და ადგილი არ რჩება იმისათვის, რაც წმინდაა, იეჰოვას შეუძლია ისე წარმართოს ჩვენი ნაბიჯები, რომ დავემორჩილოთ მის კანონებს და ვიცხოვროთ მათ შესაბამისად. ნამდვილად, ღმერთს შეუძლია დაგვიცვას, რომ საზიანო ფიქრებმა არ იბატონოს ჩვენზე (ფსალმ. 119:133).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
ედომელი, რომელსაც საპასუხისმგებლო საქმე ეკისრა — ის მეფე საულის მწყემსთა უფროსი იყო (1სმ. 21:7; 22:9). დოეგი, როგორც ჩანს, პროზელიტი იყო. ვინაიდან ნობში, იეჰოვას წინაშე იდგა (შესაძლოა აღთქმის ან გაუწმინდურების გამო, ან სავარაუდოდ, კეთრის გამო), მან ნახა, თუ როგორ მისცა მღვდელმთავარმა ახიმელექმა დავითს წარსადგენი პური და გოლიათის მახვილი. მოგვიანებით, როცა საულმა თავისი მსახურები მის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა, დოეგმა გაუმხილა ნობში ნანახი. საულმა მოაყვანინა მღვდელმთავარი და სხვა ნობელი მღვდლები და ახიმელექი დაჰკითხა, შემდეგ კი მალემსრბოლებს მღვდლების დახოცვა უბრძანა. მათ არ უნდოდათ ამის გაკეთება, თუმცა დოგმა საულის ბრძანება უყოყმანოდ შეასრულა და 85 მღვდელი მოკლა. ამ უკეთური საქციელის შემდეგ მან ქალაქი ნობიც გაანადგურა — დახოცა მისი მოსახლეობა, ახალგაზრდა თუ მოხუცი, და მათი ცხვარ-ძროხა (1სმ. 22:6—20).
52-ე ფსალმუნის ეპიგრაფიდან ჩანს, რომ დავითის სიტყვები დოეგს ეხება: „უბედურებას იზრახავ ენით, სამართებელივით გაქვს გალესილი და ცბიერულად ხმარობ. სიკეთეზე მეტად ბოროტება გიყვარს და სიმართლის ლაპარაკზე მეტად — სიცრუე. შენ გიყვარს გამანადგურებელი სიტყვები, ცბიერო ენავ“ (ფს. 52:2—4).
24—30 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 54—56
იეჰოვა შენ გვერდითაა!
w06 8/1 22 ¶10, 11
იყავით ბრძენნი და ღვთისა გეშინოდეთ!
10 ერთხელ დავითმა თავი შეაფარა ფილისტიმის ქალაქ გათს, რომელიც გოლიათის სამშობლო იყო და სადაც აქიში მეფობდა (1 მეფეთა 21:11—15). მეფის მსახურებმა დავითი ერის მტრად გამოაცხადეს. როგორ მოიქცა დავითი? მან მხურვალე ლოცვით მიმართა იეჰოვას (ფსალმუნები 56:1—4, 11—13). თუმცა დავითმა თავი მოიგიჟიანა, მან იცოდა, რომ, სინამდვილეში, იეჰოვამ იხსნა იგი და აკურთხა მისი მცდელობა. დავითი მთელი გულით იყო იეჰოვაზე მინდობილი და სჯეროდა მისი, რითაც ცხადყო, რომ ნამდვილად ღვთისმოშიში იყო (ფსალმუნები 34:4—6, 9—11).
11 პრობლემებთან გამკლავებისას დავითის მსგავსად ჩვენც შეგვიძლია ღვთისადმი შიშის გამოვლენა, თუ ვენდობით იეჰოვას და გვჯერა მისი დანაპირების. „მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს“, — თქვა დავითმა (ფსალმუნები 37:5). ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვას, უბრალოდ, ვეტყვით ჩვენი პრობლემის შესახებ, თავად კი არაფერს გავაკეთებთ მის მოსაგვარებლად და დაველოდებით, რას გააკეთებს ჩვენს სასარგებლოდ. დავითი მხოლოდ იმით არ დაკმაყოფილებულა, რომ ლოცვაში ღმერთს დახმარება სთხოვა. მან იეჰოვასგან ბოძებული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები პრობლემებთან გასამკლავებლად გამოიყენა. და მაინც, დავითმა იცოდა, რომ წარმატებისთვის მხოლოდ ადამიანის ძალისხმევა არ კმარა. ასეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენც. მას შემდეგ, რაც ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ, დანარჩენი იეჰოვას უნდა მივანდოთ. ხშირად არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, იეჰოვას მივენდოთ. სწორედ ასეთ დროს ჩანს, თუ რამდენად ღვთისმოშიშები ვართ. ჩვენთვის მანუგეშებელია დავითის სიტყვები: „იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მის მოშიშებს აქვთ“ (ფსალმუნები 25:14, აქ [24:14]).
ვერაფერი „ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს“
9 იეჰოვა ჩვენს მოთმინებასაც აფასებს (მათე 24:13). გახსოვდეს, სატანას უნდა, რომ ზურგი შეაქციო იეჰოვას. ყოველდღიურად ერთგულების შენარჩუნებით ეხმარები ღმერთს, პასუხი გასცეს დამცინავს (იგავები 27:11). მოთმინების შენარჩუნება ყოველთვის იოლი არ არის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, გაჭირვებამ, ემოციურმა ტკივილმა თუ სხვა წინააღმდეგობებმა შეიძლება ყოველი დღე განსაცდელად გვიქციოს. გული შეიძლება ხანგრძლივმა მოლოდინმაც გაგვიტეხოს (იგავები 13:12). ასეთი განსაცდელების დროს გამოვლენილ მოთმინებას იეჰოვა კიდევ უფრო მეტად აფასებს. ამიტომაც მეფე დავითმა იეჰოვას სთხოვა, მისი ცრემლები „ტიკში“ შეენახა, და დასძინა: „განა შენს წიგნში არ გაქვს შემონახული ჩემი ცრემლები?!“ (ფსალმუნი 56:8). დიახ, იეჰოვა აფასებს და იმახსოვრებს ჩვენს ცრემლებსა და ტანჯვას, რომელსაც მისადმი ერთგულების შენარჩუნების მიზნით ვიტანთ. ასე რომ, ჩვენი ცრემლებიც ძვირფასია მისთვის.
იეჰოვას სიყვარული შიშის დაძლევაში დაგვეხმარება
16 სატანამ იცის, რომ ჩვენთვის სიცოცხლე ძვირფასია. ის ირწმუნება, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერს დავთმობთ, იეჰოვასთან მეგობრობასაც კი (იობ. 2:4, 5). მაგრამ ის მწარედ ცდება! ბიბლიაში მასზე ნათქვამია, რომ „სიკვდილს იწვევს“. ამიტომაც ცდილობს, სიკვდილის შიშით იეჰოვასთვის ზურგი შეგვაქცევინოს (ებრ. 2:14, 15). ზოგჯერ სატანის წაქეზებით ადამიანები იეჰოვას თაყვანისმცემლებს სიკვდილით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ რწმენას არ უარყოფენ. თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგვჭირდება, სატანამ შეიძლება ამითაც ისარგებლოს, რათა ჩვენი პოზიცია დაგვათმობინოს. ექიმები ან ოჯახის წევრები შეიძლება ეცადონ, სისხლის გადასხმაზე დაგვიყოლიონ, რაც ღვთის კანონის დარღვევა იქნება. ან შეიძლება მკურნალობის ისეთი მეთოდი შემოგვთავაზონ, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს.
17 მართალია, სიკვდილი არავის გვსურს, მაგრამ კარგად გვესმის, რომ რომც დავიღუპოთ, იეჰოვას მაინც ვეყვარებით (წაიკითხეთ რომაელების 8:37—39). იეჰოვა თავის მეგობრებს სიკვდილის შემდეგაც არ ივიწყებს; ისინი თითქოს ცოცხლები არიან მისთვის (ლუკ. 20:37, 38). მას ერთი სული აქვს, რომ სიცოცხლე დაუბრუნოს მათ (იობ. 14:15). იეჰოვამ უდიდესი საფასური გაიღო ჩვენი მარადიული სიცოცხლისთვის (იოან. 3:16). ეჭვი არ გვეპარება იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობაში. ამიტომ, როცა ავად ვართ ან ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ზურგს კი არ ვაქცევთ იეჰოვას, პირიქით, შევთხოვთ, რომ გვანუგეშოს, სიბრძნე მოგვცეს და ძალა შეგვმატოს. სწორედ ასე მოიქცნენ ვალერია და მისი ქმარი (ფსალმ. 41:3).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „წინასწარგანჭვრეტა, წინასწარგანწესება“ ¶42, 43
იუდა ისკარიოტელის ღალატით ღვთიური წინასწარმეტყველება შესრულდა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ღმერთსა და მის ძეს აქვთ წინასწარგანჭვრეტის უნარი (ფს. 41:9; 55:12, 13; 109:8; სქ. 1:16—20). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთმა წინასწარ განაწესა ან წინასწარ განსაზღვრა, რომ მოღალატე სწორედ იუდა იქნებოდა. წინასწარმეტყველებების თანახმად, იესოს ახლობელი გასცემდა, თუმცა კონკრეტულად არ იყო ნაწინასწარმეტყველები მისი ვინაობა. ბიბლიური პრინციპებიდან გამომდინარე შეუძლებელია, ღმერთს წინასწარ განესაზღვრა იუდას ქმედებები. მოციქულმა პავლემ ღვთიური პრინციპი ასე ჩამოაყალიბა: „არავის დაადო ხელი ნაჩქარევად და ნურც სხვათა ცოდვების თანამონაწილე იქნები. სუფთად დაიცავი თავი“ (1ტმ. 5:22; შდრ. 3:6). იესოს სურდა, გონივრულად და სწორად შეერჩია 12 მოციქული, რაც იქიდანაც ჩანს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მთელი ღამე ლოცვაში გაატარა (ლკ. 6:12—16). თუ ღმერთს წინასწარვე ჰქონდა განსაზღვრული, რომ გამცემი იუდა უნდა ყოფილიყო, ის თავისივე მითითებების წინააღმდეგ წასულა და, ზემოაღნიშნული პრინციპის თანახმად, ცოდვის თანამონაწილე გამხდარა.
აქედან გამომდინარე, მოციქულად არჩევის დროს იუდას გულში ვერაგობა არ ჰქონია. მან გულში შხამიან ფესვს გაუკვალა გზა, ამიტომ ღვთის ხელმძღვანელობის ნაცვლად, ეშმაკის ნებას დაჰყვა, რის შედეგადაც ქურდი და მოღალატე გახდა (ებ. 12:14, 15; ინ. 13:2; სქ. 1:24, 25; იაკ. 1:14, 15; იხ. იუდა №13). იუდას გულში განდგომილების პროცესის დაწყებიდან რაღაც ეტაპზე იესოს შეეძლო დაენახა, რა ხდებოდა მის გულში და განესაზღვრა, რომ მოღალატე ის გახდებოდა (ინ. 13:10, 11).