საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr24 ივლისი გვ. 1-11
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2024)
  • ქვესათაურები
  • 1—7 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ
  • 8—14 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ
  • 15—21 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ
  • 22—28 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ
  • 29 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ — 4 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ
  • 5—11 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ
  • 12—18 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ
  • 19—25 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ
  • 26 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ — 1 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ
წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2024)
mwbr24 ივლისი გვ. 1-11

წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

© 2024 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania

1—7 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 57—59

იეჰოვა გეგმებს უშლის თავისი ხალხის მტრებს

bt 220, 221 ¶14, 15

„დედამიწის კიდით კიდემდე“

14 სასიკვდილოდ განწირულმა სტეფანემ გაბედულად იქადაგა (საქ. 6:5; 7:54—60). ამ პერიოდში დაწყებული „სასტიკი დევნის“ დროს მოციქულების გარდა ყველა მოწაფე იუდეასა და სამარიაში გაიფანტა, მაგრამ ქადაგება არ შეუწყვეტიათ. მაგალითად, სამარიაში ჩასული ფილიპე „ქრისტეს შესახებ“ ქადაგებდა; ბევრმა ირწმუნა მისი სიტყვა (საქ. 8:1—8, 14, 15, 25). გარდა ამისა, „ისინი, ვინც სტეფანეს მკვლელობის შემდეგ დაწყებული დევნის გამო მიმოიფანტნენ, ფინიკიაში, კვიპროსსა და ანტიოქიაში ჩავიდნენ, მაგრამ მხოლოდ იუდეველებს ამცნობდნენ ღვთის სიტყვას. თუმცა ზოგიერთი მათგანი კვიპროსიდან და კირენედან ანტიოქიაში ჩავიდა და ბერძნულენოვან მოსახლეობასთან უფალ იესოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დაიწყო“ (საქ. 11:19, 20). იმ დროს დევნამ მხოლოდ ხელი შეუწყო სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას.

15 მსგავსი რამ მოხდა საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით 1950-იან წლებში, როცა ათასობით იეჰოვას მოწმე ციმბირში გადაასახლეს. ისინი გაიფანტნენ, ამიტომ სასიხარულო ცნობა სულ უფრო და უფრო მეტად ვრცელდებოდა ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე. ბევრ მოწმეს არ ექნებოდა საიმისო სახსრები, რომ 10 000 კილომეტრის იქით წასულიყო სასიხარულო ცნობის საქადაგებლად; იმ პერიოდში თვითონ მთავრობამ „იზრუნა“ მათ გამგზავრებაზე! ერთმა ძმამ თქვა: „როგორც გამოჩნდა, ხელისუფლებამ თავად შეუწყო ხელი იმას, რომ ციმბირში ათასობით გულწრფელი ადამიანი ჭეშმარიტების გზაზე დამდგარიყო“.

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w23.07 18, 19 ¶16, 17

„იყავით მტკიცენი, ურყევნი“

16 ნუ იქნებით მერყევი. მეფე დავითმა ღვთისადმი თავისი ურყევი სიყვარულის აღსაწერად ასეთი რამ თქვა: „ღმერთო, მტკიცეა ჩემი გული!“ (ფსალმ. 57:7). თუ ეჭვი არ შეგვეპარება იეჰოვასა და მისი მითითებების სანდოობაში, ჩვენი გულიც მტკიცე იქნება (წაიკითხეთ ფსალმუნის 112:7). სწორედ ამაში იყო დარწმუნებული ზემოთ მოხსენიებული ბობიც. ამიტომ, როცა უთხრეს, რომ ოპერაციის დროს ყოველი შემთხვევისთვის სისხლი მზად ექნებოდათ, მან მტკიცედ განუცხადა, რომ, თუ მის აზრს არ გაითვალისწინებდნენ, საავადმყოფოს მაშინვე დატოვებდა. მოგვიანებით ბობმა ასეთი რამ თქვა: „ოდნავადაც არ ავღელვებულვარ, რადგან ეჭვი არ მეპარებოდა ჩემს გადაწყვეტილებაში“.

17 კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგა ბობმა, რომ „მტკიცე გული“ ჰქონოდა? მან გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როცა საოპერაციო არაფერი სჭირდა. ამაში მას სამი ფაქტორი დაეხმარა: 1) მას სურდა, იეჰოვასთვის გული გაეხარებინა, 2) ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების დახმარებით გულდასმით იკვლევდა სისხლის სიწმინდის საკითხს და 3) დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა დაუფასებდა მორჩილებას. ბობის მსგავსად, ჩვენც შევძლებთ ნებისმიერ ვითარებაში მტკიცე პოზიციის დაცვას.

8—14 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 60—62

იეჰოვა გვიცავს და გვმფარველობს, მისი სიტყვა ურყევია

it „კოშკი“

სიმბოლური მნიშვნელობა. ისინი, ვინც იეჰოვასადმი რწმენას ავლენენ და ემორჩილებიან მას, თავს დაცულად გრძნობენ, რაც კარგად ჩანს დავითის სიტყვებიდან: „[იეჰოვა] შენა ხარ ჩემი თავშესაფარი, მტკიცე კოშკი, მტრისგან რომ მიცავს“ (ფს. 61:3). ვისაც კარგად ესმის ღვთის სახელის მნიშვნელობა და ვინ დგას ამ სახელის მიღმა, ვინც ენდობა და ღირსეულად წარადგენს ამ სახელს, შიშის მიზეზი არ აქვს, რადგან „იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია; მართალი მას აფარებს თავს და დაცულია“ (იგ. 18:10; შდრ. 1სმ. 17:45—47).

it კარავი (I) ¶10

ფიგურალურ გამონათქვამებში „კარავი“ სხვა მნიშვნელობითაც გამოიყენება. კარავში შეიძლებოდა დასვენება და ავდრის დროს თავის შეფარება (დბ. 18:1). ვინაიდან ბიბლიურ დროში სტუმართმოყვარეობის გამოჩენა ჩვეულებრივი რამ იყო, მგზავრებს მართებულად ჰქონდათ იმედი, რომ ვინმეს კარავში შეპატიჟებულებს პატივისცემით მოექცეოდნენ და მათ საჭიროებებზე იზრუნებდნენ. ამგვარად, გამოცხადების 7:15-ში უამრავი ხალხის შესახებ ჩაწერილი სიტყვები, რომ ღმერთი „თავის კარავს გაშლის მათზე“, ზრუნვასა და მფარველობაზე მიუთითებს (ფს. 61:3, 4). ესაია აღწერს სამზადისს, რომელსაც ღვთის სიმბოლური ცოლი, სიონი უნდა შეუდგეს თავისი მომავალი ვაჟებისთვის. მას უთხრეს: „გააფართოვე შენი კარვის ადგილი!“ (ეს. 54:2). ამგვარად, მას უნდა გაეფართოებინა ადგილი, სადაც მისი შვილები თავს შეაფარებდნენ.

w02 4/15 16 ¶14

ღვთის კანონებს კეთილდღეობა მოაქვს ჩვენთვის

14 ღვთის კანონები მარადუცვლელია. ჩვენს მშფოთვარე ეპოქაში იეჰოვა მტკიცე და ურყევი სიმაგრე — მარადარსებული ღმერთია (ფსალმუნი 90:2). აი, რა თქვა საკუთარ თავზე იეჰოვამ: „მე, უფალი, არ ვიცვლები“ (მალაქია 3:6). ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის პრინციპები სრულიად სანდოა — არ ჰგავს ადამიანების ქამელეონივით მუდამ ცვალებად იდეებს (იაკობი 1:17). მაგალითად, წლების განმავლობაში ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევდნენ, რომ ბავშვები ცოტათი ნებაზე მიეშვათ, მაგრამ მოგვიანებით ზოგიერთმა მათგანმა აზრი შეიცვალა და აღიარა, რომ მათ მიერ მიცემული რჩევები შეცდომა იყო. აღზრდასთან დაკავშირებული წუთისოფლისეული ნორმები და სახელმძღვანელო პრინციპები, თითქოსდა ქარი იტაცებსო აქეთ-იქით, წამდაუწუმ იცვლება. იეჰოვას სიტყვა კი უცვლელია. უკვე საუკუნეებია, რაც ბიბლია ურჩევს მშობლებს, თუ როგორ აღზარდონ შვილები სიყვარულით. პავლე მოციქულმა დაწერა: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესოელები 6:4). რა მანუგეშებელია — შეგვიძლია თავისუფლად დავენდოთ იეჰოვას პრინციპებს, ისინი ხომ არასოდეს იცვლება!

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w06 6/1 11 ¶6

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 2)

62:11. ღმერთი არაა დამოკიდებული გარეშე ძალაზე. ის თვითონ არის ძალის წყარო. „ღმერთისაა ძალა“.

15—21 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 63—65

„შენი სიკეთე სიცოცხლეს მირჩევნია“

w01 10/15 15, 16 ¶17, 18

ვინ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულისაგან?

17 რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის სიყვარული თქვენთვის? თქვენც ხომ არ ფიქრობთ დავითის მსგავსად, რომელმაც დაწერა: „რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ. ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს“ (ფსალმუნი 63:3, 4). მართლაც, განა შეუძლია წუთისოფელს, ღვთის სიყვარულსა და მასთან ერთგულ მეგობრობაზე უკეთესი რამ შემოგვთავაზოს? მაგალითად, განა შეედრება მომგებიანი ქვეყნიური კარიერა იმ ბედნიერებასა და სულის სიმშვიდეს, რომლებიც ღმერთთან ახლო ურთიერთობას მოაქვს ჩვენთვის? (ლუკა 12:15). ზოგი ქრისტიანი არჩევნის წინაშე დააყენეს — იეჰოვასთვის მსახურებაზე უნდა ეთქვათ უარი, თუ არადა დაიხოცებოდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ასეთი არჩევნის წინაშე იეჰოვას მრავალი მოწმე დადგა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში. ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, ჩვენმა ქრისტიანმა ძმებმა ღვთის სიყვარულში დარჩენა არჩიეს და მზად იყვნენ, თვით სიკვდილისთვისაც კი შეეხედათ თვალებში, თუ ეს გარდაუვალი იქნებოდა. მათ, ვინც ერთგული დარჩნენ ღვთის სიყვარულში, ღმერთი უსათუოდ აკურთხებს მარადიული სიცოცხლით — იმით, რასაც წუთისოფელი ვერ მოგვცემს (მარკოზი 8:34—36). მაგრამ ღვთის კურთხევა მხოლოდ მარადიული სიცოცხლით არ ამოიწურება.

18 მართალია, იეჰოვას გარეშე შეუძლებელია მარადიულად ცხოვრება, მაგრამ შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რანაირი იქნებოდა უშემოქმედოდ ძალიან, ძალიან დიდხანს ცხოვრება. სიცოცხლე უშინაარსო, ჭეშმარიტ აზრს მოკლებული იქნებოდა. იეჰოვამ თავის ხალხს სასიამოვნო სამუშაო მისცა ამ უკანასკნელ დღეებში. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ ერთ რამეში: როდესაც იეჰოვა — დიდებული განზრახვების ღმერთი — მარადიულ სიცოცხლეს გვიბოძებს, უთვალავი წარმტაცი და საინტერესო რამ გვექნება შესასწავლი და გასაკეთებელი (ეკლესიასტე 3:11). რამდენიც უნდა ვისწავლოთ და ვიკვლიოთ მომდევნო ათასწლეულების განმავლობაში, სრულიად ვერასოდეს ჩავწვდებით „ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმეს“ (რომაელები 11:33).

w19.12 28 ¶4

იყავით მადლიერნი

მადლიერების გამოვლენა განსაკუთრებით ღვთის მიმართ გვმართებს. ალბათ, დროდადრო ფიქრობთ იმ ყველაფერზე, რასაც იეჰოვა დღემდე აკეთებს თქვენთვის (კან. 8:17, 18; საქ. 14:17). თუმცა მნიშვნელოვანია, დრო გამოყოთ და კარგად დაფიქრდეთ, რამდენ რამეს აკეთებს იეჰოვა თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. თუ იფიქრებთ, როგორი გულუხვი შემოქმედი გყავთ, გაგიღრმავდებათ მადლიერების გრძნობა და დარწმუნდებით, რომ მას ძალიან უყვარხართ და გაფასებთ (1 იოან. 4:9).

w15 10/15 24 ¶7

იფიქრეთ სულიერზე!

7 კითხვას ნაკლები ძალისხმევა სჭირდება, რასაც ფიქრზე ვერ ვიტყვით. სწორედ ამიტომ ჩვენი არასრულყოფილი ტვინი ადვილად გადაერთვება ხოლმე ისეთ რამეზე, რაც გონების ნაკლებ კონცენტრირებას საჭიროებს. ასე რომ, ფიქრისთვის ის დრო გამოიყენეთ, როცა თქვენი გონება დასვენებულია, მშვიდ გარემოში ხართ და შესაბამისად, გონების გამფანტავი საშუალებებიც ნაკლებია. მაგალითად, ფიქრისთვის საუკეთესო დრო ფსალმუნმომღერლისთვის ღამე იყო, როცა იგი საწოლში იწვა და არ ეძინა (ფსალმ. 63:6). იესომაც, რომელსაც სრულყოფილი გონება ჰქონდა, კარგად უწყოდა, რომ ფიქრისა და ლოცვისთვის მშვიდი გარემო იყო საჭირო (ლუკ. 6:12).

w09 7/15 16 ¶6

მიჰბაძეთ იესოს და ასწავლეთ სიყვარულით!

6 ყველას გვსიამოვნებს იმაზე ლაპარაკი, რაც გვიყვარს. ამ დროს ჩვენს საუბარში სითბო, სიხარული და ენთუზიაზმი ჩანს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენთვის ძვირფას ადამიანზე ვლაპარაკობთ. ჩვეულებრივ, მასზე საუბარი გვსიამოვნებს; ვაქებთ მას, ვლაპარაკობთ მის ღირსებებზე და ყოველთვის მის გამართლებას ვცდილობთ. ამას კი იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა, ამ ადამიანის მიმართ სხვებიც იმავეს გრძნობდნენ, რასაც ჩვენ ვგრძნობთ.

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w07 11/15 15 ¶6

ხართ სხვებისთვის გამომაცოცხლებელი?

გაცილებით ადვილია შენობის დანგრევა, ვიდრე აშენება. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენს საუბრებზეც. ჩვენ, არასრულყოფილი ადამიანები, ვუშვებთ შეცდომებს. მეფე სოლომონმა თქვა: „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7:20). რთული არ არის სხვისი შეცდომის დანახვა, სხვისი გაკრიტიკება და ამგვარად ადამიანის განადგურება (ფსალმუნი 64:2—4). მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი საუბრები გამამხნევებელი იყოს, დაფიქრება და ძალისხმევაა საჭირო.

22—28 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 66—68

იეჰოვა ყოველდღიურად ატარებს ჩვენს ტვირთს

w23.05 12 ¶15

როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე

15 ხშირ შემთხვევაში ლოცვებზე პასუხი თვალშისაცემი არაა. და მაინც, ჩვენი ზეციერი მამა ყოველთვის გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება, რომ მას ერთგულად ვემსახუროთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, როგორ პასუხობს იეჰოვა ჩვენს ლოცვებს. ერთ დას, იოკოს, ისეთი განცდა ჰქონდა, რომ იეჰოვა არ პასუხობდა ლოცვებზე. ამიტომ გადაწყვიტა, ჩაენიშნა, რაზეც ლოცულობდა. რაღაც დროის შემდეგ მან გადახედა ჩანაწერებს და მიხვდა, რომ იეჰოვამ თითქმის ყველა ლოცვაზე უპასუხა, ისეთებზეც კი, რომლებიც არც კი ახსოვდა. იოკოს მსგავსად, ჩვენც დროდადრო უნდა დავფიქრდეთ, როგორ გვპასუხობს იეჰოვა (ფსალმ. 66:19, 20).

w10 12/1 23 ¶6

იყავით ყურადღებიანი მარტოხელა მშობლების მიმართ

წმინდა სიმღერები, ანუ ფსალმუნები, რომლებიც ისრაელებს თაყვანისმცემლობის დროს უნდა ემღერათ, იეჰოვას შთაგონებით დაიწერა. წარმოიდგინეთ, როგორ გაამხნევებდა და შვებას მოჰგვრიდა ისრაელ ქვრივებსა და უმამო ბავშვებს ამ სიმღერების შესრულება. ღვთივშთაგონებული სიტყვები შეახსენებდა მათ, რომ იეჰოვა იყო მათი მამა და მოსამართლე (ფსალმუნი 68:5; 146:9). ჩვენც შეგვიძლია მარტოხელა მშობლების სიტყვიერად გამხნევება, რაც შეიძლება მათ წლების განმავლობაში არ დაავიწყდეთ. რუთს, რომელიც მარტოხელა დედაა, დღემდე კარგად ახსოვს 20 წლის წინ ნათქვამი ერთი მშობლის სიტყვები: „შენ მართლა არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებ — ორ ვაჟს ზრდი“. რუთი იხსენებს: „ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე“. მართლაც, „კეთილი სიტყვა გულს ახალისებს“ და თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ შეუძლია მას ადამიანის გამხნევება (იგავები 12:25). შეარჩიეთ სიტყვები მარტოხელა მშობლის შესაქებად და გასამხნევებლად.

w09 4/1 31 ¶1

უმამო ბავშვების მამა

„უმამო ბავშვების მამა“ არის „ღმერთი თავის წმინდა სამყოფელში“ (ფსალმუნი 68:5). ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს გულში ჩამწვდომი სიტყვები გვასწავლის, რომ ღმერთს მხედველობიდან არ რჩება დაჩაგრულთა მდგომარეობა. ისრაელისადმი მიცემულ კანონში ნათლად ჩანს, რომ ღმერთი ზრუნავს დაობლებულ ბავშვებზე. განვიხილოთ გამოსვლის 22:22—24, სადაც პირველად მოიხსენიება „უმამო ბავშვები“.

w23.01 19 ¶17

იეჰოვა მოგიმართავთ ხელს

17 წაიკითხეთ ფსალმუნის 40:5. მთამსვლელის მიზანი ისაა, რომ მიაღწიოს მწვერვალს. თუმცა სანამ მწვერვალამდე მივა, შეუძლია შიგადაშიგ გაჩერდეს და დატკბეს ხედებით. დროდადრო ჩვენც, ასე ვთქვათ, უნდა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, როგორ გვიმართავს იეჰოვა ხელს სირთულეების დროსაც კი. ყოველი დღის ბოლოს დაფიქრდით: დღეს რაში დავინახე იეჰოვას მზრუნველობა? შეიძლება პრობლემა პრობლემად რჩება, მაგრამ როგორ მეხმარება იეჰოვა მის ატანაში? შეეცადეთ, სულ მცირე, ერთი რამ მაინც გაიხსენოთ, რაც იეჰოვას მხარდაჭერაზე მოწმობს.

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w06 6/1 10 ¶5

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 2)

68:18. ვინ იგულისხმებოდა „ძღვენში ადამიანთა სახით“? ამაში იგულისხმებოდნენ მამაკაცები, რომლებიც დატყვევებულ იქნენ აღთქმული მიწის დაპყრობის დროს. მოგვიანებით ასეთი მამაკაცები ლევიანთა მსახურებად დაინიშნენ (ეზრა 8:20).

29 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ — 4 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 69

რა იყო იესოზე ნაწინასწარმეტყველები 69-ე ფსალმუნში?

w11 8/15 11 ¶17

ისინი ელოდნენ მესიას

17 მესიას უმიზეზოდ შეიძულებდნენ (ფსალმ. 69:4). მოციქულმა იოანემ იესოს სიტყვები მოიყვანა: «მათ შორის რომ არ გამეკეთებინა საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვა არ ექნებოდათ, ახლა კი მიხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც, მაგრამ ეს იმისთვის მოხდა, რომ შესრულდეს მათ კანონში ჩაწერილი სიტყვა: „უმიზეზოდ შემიძულეს“» (იოან. 15:24, 25). „კანონში“ ხშირად მთელი ბიბლია იგულისხმება (იოან. 10:34; 12:34). სახარებები გვამცნობს, რომ იესო ნამდვილად სძულდათ, განსაკუთრებით იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს. გარდა ამისა, ქრისტემ თქვა: „ქვეყნიერებას მიზეზი არა აქვს, რომ თქვენ სძულდეთ, მე კი ვძულვარ, რადგან ვმოწმობ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია“ (იოან. 7:7).

w10 12/15 8 ¶7, 8

იყავით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნე!

7 ერთი შემთხვევიდან, რომელიც იესოს გადახდა თავს, ჩანს, თუ რამდენად მოშურნე იყო იგი. ეს მოხდა მისი მსახურების დასაწყისში, ახ. წ. 30 წელს, პასექის დღესასწაულზე. იესო მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში ავიდა და ტაძარში „საქონლის, ცხვრებისა და მტრედების გამყიდველები . . . და ფულის გადამხურდავებლები“ ნახა. როგორ მოიქცა ამის დანახვაზე იესო, და როგორ იმოქმედა ამან მოწაფეებზე? (წაიკითხეთ იოანეს 2:13—17).

8 იესოს სიტყვებმა და საქციელმა მოწაფეებს გაახსენა ფსალმუნმომღერალი დავითის წინასწარმეტყველური სიტყვები: „შენი სახლის მოშურნეობამ შემჭამა“ (ფსალმ. 69:9). ის, რაც იესომ გააკეთა, მისთვისვე იყო სახიფათო. ამ სამარცხვინო მომგებიანი სავაჭრო საქმის მოთავეები ხომ თავად ტაძრის წინამძღოლები — მღვდლები, მწიგნობრები და სხვა გავლენიანი პირები — იყვნენ. იესომ მტრად იქცია რელიგიური წინამძღოლები, რადგან სააშკარაოზე გამოიტანა მათი ბნელი საქმეები და ხელი შეუშალა ბოროტი ჩანაფიქრის განხორციელებაში. ამ შემთხვევაში მოწაფეებმა ზუსტად მიუსადაგეს იესოს ფსალმუნმომღერლის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ ის ღვთის სახლის ანუ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნე იყო. რა არის მოშურნეობა? არის სხვაობა მოშურნეობასა და გადაუდებლობის გრძნობას შორის?

g95 10/22 31 ¶4

შესაძლებელია სიკვდილის მიზეზი „გატეხილი გული“ გახდეს?

მესიაზე ნაწინასწარმეტყველებ სიტყვებში „შეურაცხყოფამ გული გამიტეხა, მოუშუშებელია ჩემი იარა“, ზოგის აზრით ის იგულისხმება, რომ მისი სიკვდილი პირდაპირი გაგებით გულის დაზიანებამ გამოიწვია (ფსალმუნი 69:20). ეს აზრიც დასაშვებია, რადგან სიკვდილამდე იესო საათობით იტანჯებოდა როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად (მათე 27:46; ლუკა 22:44; ებრაელები 5:7). შესაძლოა სწორედ ამიტომ წამოუვიდა იესოს „სისხლი და წყალი“, როცა სიკვდილის შემდეგ ფერდში შუბი აძგერეს. გულის ან მთავარი არტერიის გახეთქვის შედეგად სისხლი გულმკერდის ღრუში ან გულის პერანგში (სითხის შემცველი პარკისებრი წარმონაქმნი გულის გარშემო) ჩაიღვრებოდა. შესაბამისად შუბის ძგერების შედეგად გადმოიღვრებოდა სითხე, რომელიც სახარებაში მოხსენიებულია, როგორც „სისხლი და წყალი“ (იოანე 19:34).

it „შხამიანი მცენარე“

მესიის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ საჭმელად საწამლავს მისცემდნენ, რაშიც შესაძლოა შხამიანი მცენარე იგულისხმებოდეს (ფს. 69:21). ეს მაშინ შესრულდა, როცა იესო ქრისტეს ბოძზე გაკვრამდე ნაღველნარევი ღვინო შესთავაზეს. მაგრამ როგორც კი გემო გაუსინჯა, უარი თქვა დალევაზე. როგორც ჩანს, ეს გამაბრუებელი სასმელი ტკივილის გასაყუჩებლად შესთავაზეს. ამ მოვლენის აღწერისას მათე თავის სახარებაში (27:34) იყენებს ბერძნულ სიტყვას ხოლე (ნაღველი); იგივე ბერძნული სიტყვაა გამოყენებული სეპტუაგინტაში ფსალმუნის 69:21-ში. თუმცა საინტერესოა, რომ მარკოზი თავის სახარებაში (მრ. 15:23) მოიხსენიებს ზმირინს; აქედან გამომდინარე, არსებობს მოსაზრება, რომ შხამიანი მცენარე ანუ ნაღველად წოდებული მწარე ინგრედიენტი სინამდვილეში ზმირინი იყო. დასაშვებია ის აზრიც, რომ ეს სასმელი ზმირინსაც შეიცავდა და ნაღველად წოდებულ მწარე ინგრედიენტსაც.

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w99 1/15 18 ¶11

ერთგულებო, ლოცვით აღაპყარით ხელები

11 მრავალი მხოლოდ იმისთვის ლოცულობს, რომ ღმერთს რაღაცა სთხოვოს, მაგრამ იეჰოვასადმი სიყვარულმა უნდა აღგვძრას, პირად თუ საჯარო ლოცვებში მისადმი მადლიერება გამოვხატოთ და ხოტბა შევასხათ. „არაფერზე იზრუნოთ, — წერდა მოციქული პავლე, — მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელები 4:6, 7). დიახ, თხოვნა-ვედრების გარდა იეჰოვასადმი მადლიერებაც უნდა გამოვხატოთ სულიერი თუ მატერიალური კურთხევებისთვის (იგავები 10:22). ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი“ (ფსალმუნი 50:14). დავითის მიერ სიმღერით წარმოთქმულ ლოცვაში შემდეგი გულში ჩამწვდომი სიტყვებიც შედის: „ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით“ (ფსალმუნი 69:30). განა იგივე არ უნდა გავაკეთოთ საჯარო თუ პირად ლოცვებში?

5—11 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 70—72

უამბეთ ღვთის „ძალის შესახებ მომავალ თაობას“

w99 9/1 18 ¶17

ახალგაზრდებო, გაიწაფეთ გრძნობები!

17 სატანის მახეებს რომ გაექცეთ, ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოთ, ზოგჯერ კი დიდი სიმამაცე უნდა გამოავლინოთ. დროდადრო შეიძლება იგრძნოთ, რომ განსხვავდებით არა მხოლოდ თანატოლებისგან, არამედ მთელი წუთისოფლისგან. ფსალმუნმომღერალი დავითი ლოცულობდა: „შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე. ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც ვუბნობ შენს საოცრებაზე“ (ფსალმუნი 71:5, 17). დავითი თავისი სიმამაცით არის ცნობილი. მაგრამ როდის განავითარა მან ის? ყრმობისას! დავითმა ჯერ კიდევ გოლიათთან ყველასთვის კარგად ცნობილ შებრძოლებამდე გამოავლინა უჩვეულო სიმამაცე; ეს მოხდა მამამისის ცხვრის დაცვისას — მან ლომი და დათვი დახოცა (1 სამუელი 17:34—37). მაგრამ, როგორი სიმამაცეც უნდა გამოევლინა, დავითი მთელ ქებას იეჰოვას უძღვნიდა და ‘ყრმობიდანვე თავის სასოს’ უწოდებდა მას. იეჰოვაზე მინდობამ დავითს საშუალება მისცა, ნებისმიერ გამოცდას ჩვეულებრივ შეხვედროდა. თუ მიენდობით იეჰოვას, თქვენც მოგცემთ სიმამაცესა და ძალას, რომ ‘სძლიოთ წუთისოფელს’ (1 იოანე 5:4).

g04 10/8 23 ¶3

როგორ უნდა მოვექცეთ ხანში შესულებს?

ფსალმუნმომღერალი ლოცულობდა: „ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ“ (ფსალმუნები 71:9). ღმერთი არ ‘უკუაგდებს’ თავის ერთგულ მსახურებს მაშინაც კი, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ აღარაფერში გამოდგებიან. ფსალმუნმომღერალი არ გრძნობდა თავს იეჰოვასგან მიტოვებულად; პირიქით, მას შეგნებული ჰქონდა, რომ უნდა მინდობოდა შემოქმედს, განსაკუთრებით კი სიბერეში. ასეთ ერთგულ მსახურებს იეჰოვა მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში უჭერს მხარს (ფსალმუნები 18:25). ხშირად ასეთი მხარდაჭერა თანაქრისტიანების საშუალებით ვლინდება.

w14 1/15 23 ¶4, 5

ემსახურეთ იეჰოვას, ვიდრე დაგიდგებათ დამამწუხრებელი დღეები

4 გამოცდილმა ქრისტიანებმა შეიძლება თავიანთ თავს ასეთი კითხვა დაუსვან: რის გაკეთება შემიძლია ცხოვრებაში, სანამ ჯერ კიდევ მერჩის ძალა? თქვენ, როგორც გამოცდილ ქრისტიანებს, ბევრი რამ გაქვთ ისეთი, რაც არა აქვთ სხვებს. თქვენ გაქვთ დიდი ცოდნა, ცოდნა რომელიც იეჰოვასგან მიიღეთ და შეგიძლიათ გადასცეთ ეს ახალგაზრდებს. როგორც ღვთის მსახურს, ძალიან ბევრი სასიამოვნო შემთხვევა გექნებათ მოსაყოლი ცხოვრებაში; იცოდეთ, ეს შემთხვევები გააძლიერებს და გაამხნევებს მათ. მეფე დავითი ლოცულობდა და სთხოვდა ღმერთს: „ღმერთო, სიჭაბუკიდანვე მასწავლი . . . ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო, სანამ არ ვუამბობ შენი მკლავის შესახებ მომავალ თაობას და შენი ძლიერების შესახებ ყველას, ვინც მოვა“ (ფსალმ. 71:17, 18).

5 ხანდაზმულო ქრისტიანებო, როგორ შეგიძლიათ წლების მანძილზე დაგროვილი სიბრძნე სხვებსაც გაუზიაროთ? ახალგაზრდებს სთხოვეთ, მოვიდნენ თქვენთან სახლში და ისაუბრეთ გამამხნევებელ თემებზე. წაიყვანეთ მსახურებაში და აჩვენეთ, რა დიდი სიხარულია იეჰოვას მსახურება. საუკუნეების წინათ ელიჰუმ ასეთი რამ თქვა: „დღეებმა თვითონ ილაპარაკონ და წელთა სიმრავლემ გააცხადოს-მეთქი სიბრძნე“ (იობ. 32:7). მოციქულმა პავლემაც სთხოვა გამოცდილ ქრისტიან ქალებს, სიტყვით და საქმით გაემხნევებინათ სხვები. მან დაწერა: „ხანში შესული ქალებიც . . . [იყვნენ] კარგის მასწავლებლები“ (ტიტ. 2:3).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „ევფრატი“

ისრაელის აღთქმული მიწის საზღვარი. როცა ღმერთმა აბრაამს შეთანხმება დაუდო, დაჰპირდა, რომ მის შთამომავალს მისცემდა მიწას „ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე, ევფრატამდე“ (დბ. 15:18). ეს დაპირება ღმერთმა ისრაელ ერს არაერთხელ გაუმეორა (გმ. 23:31; კნ. 1:7, 8; 11:24; იეს. 1:4). როგორც 1 მატიანის 5:9-დან ვიგებთ, რეუბენის შთამომავლები ჯერ კიდევ დავითის ეპოქამდე „დასახლდნენ უდაბნომდე, მდინარე ევფრატთან რომ არის“. ვინაიდან ევფრატი გალაადის აღმოსავლეთით (1მტ. 5:10) 800 კმ-ში მდებარეობდა, შეიძლება ამაში ის იგულისხმებოდეს, რომ რეუბენელებმა გალაადიდან აღმოსავლეთით ტერიტორია სირიის უდაბნოს საზღვრამდე გააფართოვეს, რომელიც თავის მხრივ ევფრატამდე იყო გადაჭიმული. როგორც ჩანს, ღვთის დანაპირები სრულად დავითისა და სოლომონის მეფობის პერიოდში შესრულდა, როცა ისრაელის საზღვარმა არამელთა სამეფომდე, ცობამდე მიაღწია. ეს სამეფო მდინარე ევფრატის იმ მონაკვეთში მდებარეობდა, რომელიც ჩრდილოეთ სირიას ეკუთვნოდა (2სმ. 8:3; 1მფ. 4:21; 1მტ. 18:3—8; 2მტ. 9:26). მდინარე ევფრატი იმდენად ცნობილი იყო, რომ მას სახელის გარეშე, უბრალოდ მდინარედ მოიხსენიებდნენ (იეს. 24:2, 15; ფს. 72:8).

12—18 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 73, 74

როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვშურდება მათი, ვინც არ ემსახურება ღმერთს?

w20.12 19 ¶14

„იეჰოვა . . . იხსნის სულდამწუხრებულებს“

14 73-ე ფსალმუნი ერთმა ლევიანმა დაწერა. სხვა ლევიანების მსგავსად, მასაც ჰქონდა ღვთის სახლში მსახურების პატივი. მიუხედავად ამისა, რაღაც დროის მანძილზე მასაც დაეუფლა გულგატეხილობა. ამ ლევიანს შეშურდა ბოროტი და ქედმაღალი ხალხის, რომელიც უზრუნველად ცხოვრობდა (ფსალმ. 73:2—9, 11—14). ერთი შეხედვით, მათ არაფერი აწუხებდათ — ჰქონდათ სიმდიდრე და დალხენილი ცხოვრება. მათ შემხედვარე ლევიანს იმდენად აუცრუვდა გული, რომ თქვა: „ამაოდ ვუფრთხილდებოდი გულს და ამაოდ დავიბანე უდანაშაულობის ნიშნად ხელი“. ფაქტია, იგი სახიფათო გზას ადგა.

w20.12 19, 20 ¶15, 16

„იეჰოვა . . . იხსნის სულდამწუხრებულებს“

15 წაიკითხეთ ფსალმუნის 73:16—19, 22—25. გულგატეხილი ლევიანი „ღვთის დიდებულ წმინდა ადგილას“ მივიდა, სადაც იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემელთა გარემოში მყოფს შეეძლო, დაფიქრებულიყო, საღად შეეფასებინა თავისი მდგომარეობა და ელოცა. შედეგად, მან გააცნობიერა, რომ არასწორად ფიქრობდა და სახიფათო გზას ადგა, რომელიც იეჰოვას ჩამოაშორებდა. ლევიანი მიხვდა, რომ ბოროტები „მოლიპულ გზაზე“ იდგნენ და „საზარელი აღსასრული“ ელოდათ. გულიდან შურის ამოსაძირკვად და გულგატეხილობის დასაძლევად მას იეჰოვას თვალით უნდა შეეხედა მოვლენებისთვის. შედეგად, ლევიანმა უწინდელი სიხარული დაიბრუნა და მის გულში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა. მან თქვა: „[იეჰოვას] მეტი არავინ მინდა დედამიწაზე“.

16 რას ვსწავლობთ. დაე არასდროს შეგვშურდეს ბოროტების, რომელთაც, ერთი შეხედვით, არაფერი აკლიათ. მათი სიხარული მოჩვენებითი და წარმავალია; ასეთ ადამიანებს დიდი დღე არ უწერიათ (ეკლ. 8:12, 13). თუ შეგვშურდება მათი, შეიძლება გული გაგვიტყდეს და ჩვენს სულიერობას საფრთხე შევუქმნათ. ასე რომ, თუკი ბოროტთა „წარმატებას“ შენატრით, მიჰბაძეთ ამ ლევიანს — ყურად იღეთ მოსიყვარულე ღვთის რჩევები და იეჰოვას ნების შემსრულებლებთან გქონდეთ ურთიერთობა. თუ თქვენი სიხარულის მთავარი მიზეზი იეჰოვაა, ნამდვილად ბედნიერი იქნებით და დარჩებით „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ გზაზე (1 ტიმ. 6:19).

w14 4/15 4 ¶5

გამოავლინეთ ისეთივე რწმენა, როგორიც მოსეს ჰქონდა

5 თქვენ რა დაგეხმარებათ, რომ არ აჰყვეთ „დროებით ცოდვიან განცხრომას“? არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ხორციელი სიამოვნება წუთიერია. რწმენის თვალით დაინახეთ, რომ „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც“ (1 იოან. 2:15—17). დაფიქრდით იმაზე, რა დღე დაადგებათ მოუნანიებელ შემცოდველებს. ისინი „მოლიპულ მიწაზე“ დგანან და „განადგურდებიან უეცარი შიშით“ (ფსალმ. 73:18, 19). თუ ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორი მომავალი მსურს?

w13 2/15 25, 26 ¶3—5

დაე, არაფერმა შეგიშალოთ ხელი დიდების მოხვეჭაში

3 ფსალმუნმომღერალი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ეჭირა მისი მარჯვენა ხელი და ნამდვილი დიდებისკენ მიუძღოდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 73:23, 24). როგორ აკეთებს იეჰოვა ამას? ღმერთი მიუძღვება დიდებისკენ თავმდაბალ მსახურებს იმით, რომ აფასებს მათ და უმჟღავნებს თავის ნებას (1 კორ. 2:7). ყველას, ვინც ისმენს მის სიტყვას და ემორჩილება მას, იეჰოვა აკურთხებს მასთან ახლო ურთიერთობით (იაკ. 4:8).

4 იეჰოვა აგრეთვე ანდობს თავის თაყვანისმცემლებს ქრისტიანული მსახურების დიდებულ განძს (2 კორ. 4:1, 7). ამ მსახურებას კი ნამდვილი დიდებისკენ მივყავართ. ყველას, ვინც ასეთი სახით მიაგებს პატივს იეჰოვას და ეხმარება სხვებს, ღმერთი ჰპირდება: „ვინც პატივს მომაგებს, მეც იმას მივაგებ პატივს“ (1 სამ. 2:30). ასეთ ადამიანებს კარგი სახელი აქვთ იეჰოვას წინაშე და ღვთის მსახურებიც დადებითად საუბრობენ მათზე (იგავ. 11:16; 22:1).

5 როგორი მომავალი ელით მათ, ვისაც იეჰოვას იმედი აქვს და მის გზას იცავს? ბიბლიაში წერია: „[იეჰოვა] განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე; დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“ (ფსალმ. 37:34). ისინი მოუთმენლად ელიან მარადიული სიცოცხლის მიღებას, რაც შეუდარებელი პატივია (ფსალმ. 37:29).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w06 7/15 11 ¶3

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 3, 4)

74:13, 14. როდის ‘მიუმტვრია იეჰოვამ წყალზე თავები ურჩხულებს და გაუჭეჭყა თავი ლევიათანს’? ეგვიპტის ფარაონზე ნათქვამია, რომ ის არის „ნილოსის არხში გაწოლილი ზღვის დიდი ურჩხული“ (ეზეკიელი 29:3). შესაძლოა, ლევიათანით წარმოდგენილია ფარაონის ძლიერი ჯარი. როგორც ჩანს, ღმერთმა იმ გაგებით გაუჭეჭყა ფარაონსა და მის ჯარს თავები, რომ მათ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ისრაელების ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებისას.

19—25 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 75—77

ნუ იტრაბახებთ!

w18.01 28 ¶4, 5

დაინახეთ განსხვავება იეჰოვას მსახურებსა და სხვებს შორის

4 მას შემდეგ, რაც პავლემ თქვა, რომ ბევრი იქნებოდა საკუთარი თავისა და ფულის მოყვარული, ისიც აღნიშნა, რომ ადამიანები იქნებოდნენ თავდაჯერებულები, ამპარტავნები და გაყოყოჩებულები. ასეთი თვისებების მქონე ადამიანები სხვებზე უკეთესებად მიიჩნევენ თავს, რადგან ფიქრობენ, რომ უფრო უნარიანები, წარმოსადეგები, მატერიალურად შეძლებულები ან მაღალი წრის წარმომადგენლები არიან. მათ იმის დაუცხრომელი სურვილი ამოძრავებთ, რომ სხვები მათით მოხიბლულები და აღტაცებულები იყვნენ. ერთი სწავლული ამპარტავან ადამიანებზე ამბობს: „ისინი საკუთარ გულში სამსხვერპლოს უგებენ თავიანთ თავს და ეთაყვანებიან“. ზოგის აზრით, ამპარტავნობა იმდენად საშინელი თვისებაა, რომ ის სხვებში ამაყ ადამიანებსაც კი არ მოსწონთ.

5 იეჰოვას სძულს სიამაყე და „ამაყად მომზირალი თვალები“ (იგავ. 6:16, 17). სიამაყე ადამიანს ღმერთთან დაახლოებაში უშლის ხელს (ფსალმ. 10:4). ეს არის ეშმაკისთვის დამახასიათებელი თვისება (1 ტიმ. 3:6). სამწუხაროდ, ღვთის ზოგ ერთგულ მსახურსაც სძლია სიამაყემ. მაგალითად, იუდას მეფე უზია წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. მაგრამ, „როგორც კი გაძლიერდა, გადიდგულდა თავისდა დასაღუპავად; უორგულა იეჰოვას, თავის ღმერთს, და შევიდა იეჰოვას ტაძარში, რათა საკმევლის სამსხვერპლოზე საკმეველი ეკმია“. მოგვიანებით მეფე ხიზკიაც გადიდგულდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს (2 მატ. 26:16; 32:25, 26).

w06 7/15 11 ¶2

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 3, 4)

75:4, 5, 10. რას ნიშნავს „რქა“? ცხოველის რქა ძლიერ საბრძოლო იარაღს ასიმბოლოებს. აქედან გამომდინარე, „რქა“ მიანიშნებს ძალაუფლებასა და ძალაზე. იეჰოვა „აუმაღლებს რქას“ თავის ხალხს, ანუ განადიდებს მათ, ხოლო ბოროტთა „რქებს შემუსრავს“. ჩვენ გაფრთხილება გვეძლევა: „ნუ მოიმაღლებთ თქვენს რქას“. ეს იმას გულისხმობს, რომ არ უნდა ვიყოთ ამაყები და არ უნდა გვქონდეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. იეჰოვა კრებაში პასუხისმგებლობების დაკისრებით „აგვამაღლებს“. ამიტომ ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც მისგან მომდინარე (ფსალმუნები 75:7).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w06 7/15 11 ¶3

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 3, 4)

76:10. როგორ შეუძლია „ადამიანის რისხვას“ განადიდოს იეჰოვა? ღმერთი უშვებს, რომ ადამიანები რისხვას ავლენდნენ ჩვენზე, როგორც ღვთის მსახურებზე, რასაც შეიძლება კარგი შედეგი მოჰყვეს. ნებისმიერი სირთულე რაღაცას გვასწავლის. სწორედ ამიტომ უშვებს იეჰოვა ჩვენს ტანჯვას (1 პეტრე 5:10). ღმერთი ადამიანის „რისხვის ნატამალს მოთოკავს“. რა შეიძლება ითქვას, თუ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება? ასეთ მდგომარეობაშიც კი შეგვიძლია იეჰოვას განდიდება; როცა სხვები ჩვენს სიმტკიცესა და ერთგულებას დაინახავენ, შეიძლება განადიდონ ღმერთი.

26 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ — 1 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 78

ისრაელი ერის გამაფრთხილებელი მაგალითი

w96 12/1 29, 30

რატომ უნდა გვახსოვდეს „წინანდელი დრო“?

სამწუხაროდ, ისრაელები ხშირად სცოდავდნენ იმით, რომ ივიწყებდნენ იეჰოვას საქმეებს. „კვლავ და კვლავ სცდიდნენ ღმერთს, ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას. არ ახსოვდათ მისი ძალა, დღე, როცა მტრის ხელიდან იხსნა ისინი“ (ფსალმუნი 78:41, 42). ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ იეჰოვამ ისრაელი ერი ერთხელ და სამუდამოდ უარყო (მათე 21:42, 43).

ამ მხრივ კარგი მაგალითი დაგვიტოვა ფსალმუნმომღერალმა, რომელიც წერდა: „ყოველთვის მემახსოვრება იაჰის საქმეები, არასდროს დავივიწყებ გასაოცარ საქმეებს, უწინ რომ მოიმოქმედე. ვიფიქრებ ყველა შენს საქმეზე და ჩავუკვირდები შენს ნამოქმედარს“ (ფსალმუნი 77:11, 12). თუ ჩვენც ვიფიქრებთ იეჰოვას მრავალ სიკეთეზე, რაც ჩვენთვის გაუკეთებია, და იმ სიხარულზე, რაც მისადმი ერთგულ მსახურებას მოუნიჭებია ჩვენთვის, ეს ძალებს შეგვმატებს და გაგვიძლიერებს მადლიერების გრძნობას. თუ ყოველთვის გვემახსოვრება „წინანდელი დრო“, დაღლილობის ან სირთულეების მიუხედავად ერთგულად და მოთმინებით გავაგრძელებთ ღვთის მსახურებას.

w06 7/15 17 ¶16

ნუ იდრტვინებთ!

16 დრტვინვის დროს ადამიანს მთელი ყურადღება საკუთარ თავზე და პრობლემებზე გადააქვს და ავიწყდება კურთხევები, რომლებიც აქვს მას, როგორც იეჰოვას მსახურს. დრტვინვისკენ მიდრეკილების დასაძლევად საჭიროა შევახსენოთ საკუთარ თავს ეს კურთხევები. მაგალითად, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ღვთის სახელის ტარების უდიდესი პატივი (ესაია 43:10). შეგვიძლია ახლო ურთიერთობა განვავითაროთ ღმერთთან და ნებისმიერ დროს ვესაუბროთ ‘ლოცვების მომსმენს’ (ფსალმუნები 65:2; იაკობი 4:8). ჩვენს ცხოვრებას აქვს აზრი, რადგან ვიცით ღვთის უზენაესობასთან დაკავშირებული საკამათო საკითხი და ის, რომ ერთგულების გამოვლენით შეგვიძლია მისი მხარე დავიკავოთ (იგავები 27:11). ასევე გვაქვს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების შესაძლებლობა (მათე 24:14). იესო ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენის გამოვლენის საფუძველზე ვინარჩუნებთ სუფთა სინდისს (იოანე 3:16). ეს არის კურთხევები, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ვიღებთ იმისდა მიუხედავად, თუ რის ატანა გვიწევს.

w11 7/1 10 ¶3, 4

აქვს იეჰოვას გრძნობები?

ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „რამდენჯერ ეურჩნენ უდაბნოში“ (მუხლი 40). შემდეგი მუხლი კი დასძენს, რომ ისინი „კვლავ და კვლავ სცდიდნენ ღმერთს“ (მუხლი 41). როგორც ფსალმუნმომღერალმა აღნიშნა, ისრაელი არაერთხელ ეურჩა ღმერთს. ასეთი არაჯანსაღი და მოჯანყე სული ისრაელებს შორის ჯერ კიდევ მაშინ შეინიშნებოდა, როცა ეგვიპტის ტყვეობიდან ახალი გათავისუფლებული ისრაელები უდაბნოში იყვნენ. ხალხმა ღვთის წინააღმდეგ დაიწყო დრტვინვა; მათ ეჭვი შეეპარათ იმაში, შეეძლო თუ არა ღმერთს მათზე ზრუნვა და ჰქონდა თუ არა მას ამის სურვილი (რიცხვები 14:1—4). ბიბლიის მთარგმნელთათვის განკუთვნილ ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ სიტყვა „ეურჩნენ“ შეიძლება «ასეც ითარგმნოს: „მათ ღვთის წინაშე გული გაიქვავეს“ ანუ „ღმერთს ზურგი აქციეს“». გულმოწყალე ღმერთი იეჰოვა ყოველთვის პატიობდა თავის ხალხს, როცა ისინი ინანიებდნენ. მაგრამ ისრაელები კვლავ უბრუნდებოდნენ თავიანთ არასწორ გზას და არ იშლიდნენ ურჩობას (ფსალმუნი 78:10—19, 38).

რას გრძნობდა იეჰოვა მაშინ, როცა თავისი მერყევი თაყვანისმცემლების ურჩობას ხედავდა? „გაანაწყენეს იგი“, — ვკითხულობთ მე-40 მუხლში. ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში კი ნათქვამია, რომ ისინი იეჰოვას „ტკივილს აყენებდნენ“. ერთ ბიბლიურ ნაშრომში ახსნილია: „ებრაელები ისე ამწარებდნენ ღმერთს, როგორც ურჩი შვილი — მშობელს“. როგორც თავნება შვილი სტკენს გულს მშობელს, ისე ურჩი ებრაელები „ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას“ (მუხლი 41).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w06 7/15 11 ¶4

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 3, 4)

78:24, 25. რატომ ეწოდება მანანას „ციური პური“ და „ანგელოზთა პური“? ეს არ გულისხმობს იმას, რომ მანანა ანგელოზების საკვები იყო. ეს იყო „ზეციური პური“ (ფსალმუნები 105:40). ვინაიდან ანგელოზთა სამყოფელი ზეცაშია, გამოთქმა „ანგელოზთა პური“ გულისხმობს იმას, რომ მანანა ღვთისგან იყო, რომელიც ზეცაში მკვიდრობს (ფსალმუნები 11:4). შესაძლოა იეჰოვამ ანგელოზებიც გამოიყენა იმისათვის, რომ ისრაელები მანანით გამოეკვება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება