წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან
ძვირფასო ძმებო და დებო,
დიდი სიამოვნებით გწერთ ამ წერილს! გვსურს შეგაქოთ თქვენი სიყვარულისა და თავგანწირვის სულისთვის. 2003 წლის „წელიწდეულიდან“ ვხედავთ, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა გასული სამსახურებრივი წლის განმავლობაში. კიდევ ერთხელ მილიარდ საათზე მეტი დრო დავუთმეთ ქადაგებისა და სწავლების საქმეს, რითაც ხალხს იეჰოვასთან დაახლოებისკენ მოვუწოდებდით. განა დიდი პატივი არ არის, ვთანამშრომლობდეთ ჩვენს დიდებულ ღმერთთან და ზეციერ მამასთან? (1 კორ. 3:9).
წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველის და დარწმუნებული ვართ, რომ ბიბლიაში აღწერილი ღვთის მსახურების მსგავსად, კვლავაც გულმოდგინედ იმსახურებთ. მაგალითად, მოციქული პავლე ყველაფერს აკეთებდა სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად. მან კორინთელ ქრისტიანებს პირველი წერილი, როგორც ჩანს, ეფესოში ყოფნის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისწერა. ამ წერილში თავის უახლოეს გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება: „ეფესოში დავრჩები ორმოცდამეათე დღემდე, ვინაიდან ჩემთვის ღიაა ღვაწლის ფართე კარი და მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან“ (1 კორ. 16:8, 9).
პავლეს მაკედონიასა და კორინთში გამგზავრება ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მან დაინახა, რომ ეფესოში გარკვეული დროით დარჩენით სასარგებლო საქმეების გაკეთებას შეძლებდა. პავლე ითვალისწინებდა მდგომარეობას. ის ხედავდა, რომ შეეძლო სამეფოს ინტერესებისთვის ხელის შეწყობა იქ, სადაც იყო და ამიტომ თავისი გეგმა შესაბამისად შეცვალა. მისთვის ღია იყო „ღვაწლის ფართე კარი“ და ის მზად იყო ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად.
ამის გაკეთება მოითხოვდა დიდ შრომას, რაშიც შედიოდა ეფესოში სასიხარულო ცნობის ქადაგება და კრების გამხნევება. ამ კრების უხუცესებს პავლემ მოგვიანებით უთხრა: „არაფერი დამიშურებია სასარგებლო, თქვენთვის რომ არ მექადაგნა და არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლებში. ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას“ (საქ. 20:20, 21).
მსგავსადვე, ძვირფასო ძმებო და დებო, ბევრმა თქვენგანმა საუკეთესოდ გამოიყენა თავისი მდგომარეობა. გასულ სამსახურებრივ წელს მთელ მსოფლიოში საშუალოდ 798 938-მა მაუწყებელმა ისე დაგეგმა თავისი საქმეები, რომ მონაწილეობა მიიღო პიონერულ მსახურებაში. ზოგიერთები, როგორც მისიონერები, „დედამიწის კიდემდე“ გაემგზავრნენ. თქვენ ენთუზიაზმით ავრცელებდით სასიხარულო ცნობას და ამხნევებდით კრებებს. ზოგი კი სწავლობდით უცხო ენას, რათა დახმარებოდით ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს, რომლებიც თქვენს რაიონში ცხოვრობენ. სხვებმა ბევრი რამ შეცვალეს ცხოვრებაში იმისათვის, რომ ემსახურათ გაუნაწილებელ ტერიტორიებზე ან იქ, სადაც მეტი საჭიროებაა. ბევრსაც მოღვაწეობის „ფართო კარი“ გაეღო სკოლაში, სამსახურში ან ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც ეფექტურად დაამოწმეს, მაგალითად ტელეფონით. შემთხვევები მთელი მსოფლიოდან უჩვენებს, რომ ღვთის ხალხი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, დაუღალავად ეძებს სხვებისთვის ჭეშმარიტების გაზიარების შესაძლებლობას.
დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ხედავს და ძალიან აფასებს თქვენს მცდელობებს. ბიბლია აბობს: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“ (ებრ. 6:10). ყოველთვის მზად იყავით, გამოიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს წმინდა თაყვანისმცემლობას. ბევრმა მსახურება გააფართოვა. ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ეფექტური იყოს ჩვენი მსახურება.
სამქადაგებლო მსახურების დროს წინააღმდეგობასაც ვხვდებით. გაიხსენეთ, რა თქვა პავლემ მას შემდეგ, რაც მოღვაწეობის „ფართო კარი“ ახსენა: „მოწინააღმდეგეებიც მრავლად არიან“ (1 კორ. 16:8, 9). პავლეს ეწინააღმდეგებოდნენ იუდევლები და უცხოტომელები, რომელთაგანაც ზოგი დაუფარავად ესხმოდა თავს, ზოგს კი მის წინააღმდეგ ბოროტი ზრახვები ჰქონდა (საქ. 19:24—28; 20:18, 19).
დღეს ჩვენც მსგავს მდგომარეობაში ვართ. რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ბოროტი სისტემის განადგურებას, მით უფრო მოსალოდნელია წინააღმდეგობის გაზრდა. სატანა სავსეა „დიდი მძვინვარებით“ და ამ მძვინვარებას განსაკუთრებით მათზე ანთხევს, ვინც ღმერთს ემსახურება (გამოცხ. 12:12). არასოდეს დაივიწყოთ, რომ სატანა „წუთისოფლის მთავარია“. იესომ მოწაფეებს უთხრა: „თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს“ (იოან. 14:30; 15:19).
გადაწყვეტილებით უნდა ვიყოთ აღსავსე, რომ არავის მივცეთ საშუალება, შეგვისუსტოს ღვთისადმი რწმენა ან შეგვანელებინოს სამქადაგებლო მსახურება. ჩვენ გვესმის, რომ თავდასხმები და წინააღმდეგობები კვლავაც გაგრძელდება. მიუხედავად ამისა, შეუპოვრად გავაგრძელებთ სასიხარულო ცნობის ქადაგებას, რადგანაც დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს იესო გაანადგურებს სატანასა და მის ურდოებს. მოწინააღმდეგეებმა ვერ გააჩუმეს მოციქული პავლე. ისინი ვერც იეჰოვას დღევანდელ მსახურებს გააჩუმებენ. მიუხედავად იმისა, რომ სატანა გამძვინვარებულია და წუთისოფელს ვძულვართ, იეჰოვას სული მძლავრად მოქმედებს ღვთის ხალხს შორის. რა სასიამოვნოა, რომ სასიხარულო ცნობის მქადაგებელთა უმაღლესმა რიცხვმა 6 304 645-ს მიაღწია!
ვლოცულობთ, რომ იეჰოვას დიდებული სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ მომავალში. დარწმუნებული იყავით ჩვენს სიყვარულში და ყველა კვლავაც „მხარდამხარ“ ვემსახუროთ უზენაეს ღმერთ იეჰოვას (სოფ. 3:9, აქ).
თქვენი ძმები,
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო