საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 3/03 გვ. 3-5
  • იყავი კეთილის მოშურნე!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იყავი კეთილის მოშურნე!
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
  • მსგავსი მასალა
  • „სრულად იქადაგე ღვთის სიტყვა“
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
  • ‘საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა’
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • ვუამბოთ სხვებს იეჰოვას საოცარ საქმეებზე!
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2004
  • შეგვიძლია თუ არა 2000 წლის აპრილი საუკეთესოდ გამოვიყენოთ?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
km 3/03 გვ. 3-5

იყავი კეთილის მოშურნე!

1 გახსენების საღამო ახლოვდება, მაშასადამე, მრავალი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ „კეთილის მოშურნეები“ ვიყოთ (1 პეტ. 3:13). უმთავრესი მიზეზი, სწორედ რომ, იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლია (მათ. 20:28; იოან. 3:16). ამის შესახებ მოციქულმა პეტრემ დაწერა: „არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი . .  არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა“ (1 პეტ. 1:18, 19). მადლიერება ამ არაჩვეულებრივი სიყვარულის გამოვლენისთვის აღგვძრავს, გულმოდგინედ ვეცადოთ, ვაკეთოთ სიკეთე და ვაღიაროთ იესო, რომელმაც „თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისაგან და განეწმიდა თავისთვის რჩეული ხალხი, კეთილი საქმეების მოშურნე“ (ტიტ. 2:14; 2 კორ. 5:14, 15).

2 როდესაც ვაკეთებთ იმას, რაც ღვთის თვალში სწორია, მასთან კარგ ურთიერთობას ვავითარებთ და ის, როგორც მოსიყვარულე მამა, ჩვენი მფარველი ხდება. პეტრემ აღნიშნა: „ვისაც სიცოცხლე უყვარს და კეთილი დღეების ხილვა . .  ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ ისწრაფვოდეს, რადგან ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი — მათი ვედრების მიმართ“ (1 პეტ. 3:10—12). ამ სახიფათო დროში უდიდესი კურთხევაა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე, ‘თავს გვევლება და გვიფრთხილდება თვალისჩინივით’ (რჯლ. 32:10; 2 ნეშტ. 16:9).

3 პირველი ქრისტიანები, რომლებსაც პეტრე სწერდა, გულმოდგინებით იყვნენ ანთებული და, განსაცდელების მიუხედავად, ყველგან აცხადებდნენ სასიხარულო ცნობას (1 პეტ. 1:6; 4:12). იგივე შეიძლება ითქვას ღვთის დღევანდელ მსახურებზეც. მიუხედავად იმისა, რომ „უკანასკნელ დღეებში“, „საზარელ ჟამში“ ვცხოვრობთ, მაინც ვავლენთ მადლიერებას იეჰოვას სიკეთისთვის და მის ნებას ენთუზიაზმით ვასრულებთ (2 ტიმ. 3:1; ფსალმ. 144:7). მოდი ყურადღება შევაჩეროთ იმ ზოგიერთ კარგ საქმეზე, რომელთა გაკეთებაც შეგვეძლო გახსენების საღამოს მოახლოებისას.

4 სხვებიც მოიწვიე გახსენების საღამოზე. გამოსასყიდისთვის, ამ საუცხოო ძღვენისთვის, მადლიერების გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე ყოველწლიურად დასწრებაა. წელს ეს საღამო 16 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ აღინიშნება (ლუკ. 22:19, 20). გასულ წელს, მსოფლიოს 94 600 კრებაში გახსენების საღამოზე დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი იყო 15 597 746! ეს კი 220 000-ით მეტია, წინა წელთან შედარებით.

5 რამდენი დაესწრება წელს? ეს ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გულმოდგინედ ვეცდებით სხვების მოწვევას. უპირველესად, ჩამოწერე მათი სია, ვის მოწვევასაც აპირებ. ამ ჩამონათვალში პირველები შენი ოჯახის წევრები უნდა იყვნენ. თუ ურწმუნო მეუღლე გყავს, უთხარი მას, რომ გულწრფელად გსურს, ამ ღირსშესანიშნავ საღამოს შენთან ერთად დაესწროს. ერთი ურწმუნო ქმარი გასულ წელს, მისივე თქმით, იმიტომ დაესწრო გახსენების საღამოს, რომ დაინახა, თუ რამდენს ნიშნავდა ეს თავისი ცოლისთვის. შემდეგ სიაში ჩამოწერე ნათესავები, მეზობლები, თანამშრომლები ან თანაკლასელები. აუცილებლად მოიწვიე ბიბლიის შემსწავლელებიც.

6 სიის შედგენის შემდეგ გამოყავი დრო, რომ თითოეული პირადად დაპატიჟო. გამოიყენე მოსაწვევი ბარათები. მოსაწვევის ბოლოში გარკვევით დაწერე ან დაბეჭდე გახსენების საღამოს ჩატარების დრო და ადგილი. ეს დაეხმარება მათ, ახსოვდეთ, სად და როდის მოეწყობა შეხვედრა. 16 აპრილის მოახლოებისას მოინახულე ან ტელეფონით დაუკავშირდი და შეახსენე თითოეულს ამ დღის შესახებ. მოდი ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი დაესწროს ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას.

7 დაეხმარე მათ, ვინც დაესწრება გახსენების საღამოს. ეს საღამო ყოველთვის ამაღელვებელი მოვლენაა. ამ დღესასწაულზე ისინიც მოდიან, ვინც, ჩვეულებრივ, არ ესწრება შეხვედრებს. დაგეგმე, რომ ადრე მიხვიდე და დამთავრების შემდეგაც შედარებით მეტი ხნით დარჩე, რამდენადაც გრთავს მდგომარეობა ამის ნებას. გამოავლინე ინიციატივა: გაიცანი ახლები, იყავი გულთბილი და სტუმართმოყვარე (რომ. 12:13).

8 შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვინც დაესწრო გახსენების საღამოს, ბიბლიის საშინაო შესწავლის მეშვეობით სულიერი წინსვლის მიღწევაში? ეცადე გაიგო ისეთი სტუმრის სახელი და მისამართი, რომლებსაც არ აკითხავენ იეჰოვას მოწმეები, რათა დაეხმარო მას. ასეთი დროული დახმარების შედეგად, მომდევნო გახსენების საღამოსთვის ზოგი შეიძლება უკვე მოუნათლავი მაუწყებელი იყოს. როდესაც განმეორებით მოინახულებ მათ, მოიწვიე სპეციალურ საჯარო მოხსენებაზეც, რომელიც წარმოითქმება 27 აპრილს.

9 შეგიძლია იმსახურო დამხმარე პიონერად გაზაფხულზე? იეჰოვასადმი გულმოდგინება აღგვძრავს, ამ თვეების განმავლობაში მთელი ძალ-ღონით შევუერთდეთ აქტიურ თეოკრატიულ საქმიანობას. მაგალითად, გასული წლის მარტისა და აპრილის განმავლობაში საქართველოში დამხმარე პიონერად საშუალოდ 1 542 მაუწყებელი მსახურობდა. ასეთი კარგი შედეგები მოაქვს, როცა გახსენების საღამოს პერიოდში მთელი კრება ერთობლივად ცდილობს სასიხარულო ცნობის ენთუზიაზმით ქადაგებას.

10 ერთი კრებიდან, რომელშიც 107 მაუწყებელია, იტყობინებოდნენ, რომ გასული წლის აპრილი მათთვის „ფენომენალური თვე“ იყო, რადგან 9 მაუწყებელი პიონერად მსახურობდა, 53 კი — მათ შორის ყველა უხუცესი და თანაშემწე — დამხმარე პიონერად. როგორ ახალისებდნენ უხუცესები მაუწყებლებს დამხმარე პიონერობისკენ? მოწოდება მათ ამ თვის დადგომამდე გაცილებით ადრე დაიწყეს, რომ რაც შეიძლება მეტი გამხდარიყო დამხმარე პიონერი. შეხვედრები სამქადაგებლო მსახურებისთვის დღის განმავლობაში სხვადასხვა დროს ტარდებოდა, რათა კრებაში ყველასათვის მოსახერხებელი ყოფილიყო. დიდი ყურადღება გაამახვილეს ტელეფონით ქადაგებაზე, განსაკუთრებით კი ცუდი ჯანმრთელობის მქონე მაუწყებლებისთვის.

11 ერთმა 86 წლის დამ, რომელსაც სუსტი ჯანმრთელობის გამო არ შეეძლო სიარული, გადაწყვიტა, დამხმარე პიონერად ემსახურა. ის მსახურებას დილიდან იწყებდა: მიუჯდებოდა სამზარეულოს მაგიდას და ტელეფონით დაახლოებით ორ საათს ქადაგებდა; ცოტა ხნით შესვენების შემდეგ კი კვლავ აგრძელებდა ტელეფონით მსახურებას. ერთ პიროვნებას, რომელსაც ის დაუკავშირდა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ქმარი და ორი მოზარდი ბავშვი დაეღუპა. მას ვერ გაეგო, რატომ დაუშვა ღმერთმა ეს უბედურება. კარგი დამოწმების შედეგად დამ მასთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. საღამოობით ან სხვა დროს ტელეფონით დამოწმება ეფექტურია, რადგან შეგვიძლია დავუკავშირდეთ ისეთ სახლებში ან უბნებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებშიც რთულია თავისუფლად შესვლა. ასეთი ქადაგება კიდევ იმიტომ არის კარგი, რომ შესაძლებელია მათთან დაკავშირება, ვინც დღის განმავლობაში სახლში არ არის.

12 უხუცესები შეტყობინების ბოლოში აღნიშნავენ: „ეს შესანიშნავი დრო იყო. გვიხარია, რომ შეგვეძლო გვემსახურა ასეთი განსაკუთრებული სახით და რომ იეჰოვამ თითოეული გვაკურთხა“. სათანადო დაგეგმვით, თქვენი კრებაც მიიღებს მსგავს კურთხევებს.

13 ეცადეთ, კრებამ ასპროცენტიანი მონაწილეობა მიიღოს სამქადაგებლო მსახურებაში. ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, ყოველთვიურად გამოვისყიდოთ დრო იმისათვის, რომ მონაწილეობა მივიღოთ სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარებაში (მათ. 22:37—39). წიგნის შესწავლის ზედამხედველებმა და მათმა დამხმარეებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ თავიანთ ჯგუფში ყველას დასახმარებლად, რომ ყოველთვიურად მიიღონ მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში. ამის გაკეთების შესანიშნავი საშუალებაა თითოეულ წევრთან მსახურების წინასწარ დაგეგმვა. ნუ დაელოდები ამისათვის თვის ბოლოს. რაც შეიძლება მალე დაიწყე. ეს მეტ საშუალებას მოგცემს სხვების სიყვარულით დასახმარებლად.

14 არიან შენს წიგნის შესწავლაში ფიზიკურად დაუძლურებული მაუწყებლები, რომლებსაც ძალიან უჭირთ მსახურებაში მონაწილეობა? თუ ვინმე მოხუცებულთა სახლშია ან სახლიდან ვერ გამოდის, გასაგებია, რომ მისთვის რთული იქნება ქადაგება, მაგრამ თუ ისინი ყოველმხრივ ცდილობენ, რომ ანათოს მათმა სინათლემ, სხვებმა შეიძლება დაინახონ მათი კეთილი საქმეები და დაინტერესდნენ ჭეშმარიტებით (მათ. 5:16). წიგნის შესწავლის ზედამხედველები უნდა დარწმუნდნენ, რომ ასეთმა პირებმა იციან სამქადაგებლო მსახურების ანგარიშის ჩაბარებასთან დაკავშირებული სიახლე — მათ შეუძლიათ 15 წუთის სიზუსტით ჩააბარონ ანგარიში. ამ ერთგულ მაუწყებლებს სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს ის, რომ შეძლებენ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშის ჩაბარებას. ეს, აგრეთვე, ღვთის ხალხის საქმიანობის ანგარიშის სიზუსტეს შეუწყობს ხელს.

15 კეთილი საქმეების მოშურნე ახალგაზრდები! როგორი გამომაცოცხლებელია იმის დანახვა, რომ ახალგაზრდა ქრისტიანი თავის ძალასა და ენერგიას იეჰოვას მსახურებაში ხარჯავს! (იგავ. 20:29). თუ შენც ახალგაზრდა ხარ, როგორ შეგიძლია აჩვენო იეჰოვასადმი მოშურნეობა ანუ გულმოდგინება ამ განსაკუთრებული თვეების განმავლობაში?

16 თუ ჯერ კიდევ არა ხარ მოუნათლავი მაუწყებელი, ხომ არ გეფიქრა რომ გამხდარიყავი? დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: მაქვს ცოდნა ბიბლიური ჭეშმარიტების ძირითადი სწავლებების შესახებ? მაქვს სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის სურვილი? სამაგალითო ვარ ყოფაქცევაში? შემიძლია გამოვხატო ჩემი რწმენა სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარებით? გულით ვაკეთებ ამას? თუ ამ კითხვებს დადებითად პასუხობ, უთხარი მშობლებს, რომ გსურს გახდე მოუნათლავი მაუწყებელი. შენი მშობლები მიმართავენ ერთ-ერთ უხუცესს კრების სამსახურებრივი კომიტეტიდან.

17 თუ უკვე ხარ სასიხარულო ცნობის მაუწყებელი, ხომ არ შეგეძლო არდადეგების გამოყენება, უფრო მეტად რომ გემსახურა? კარგი დაგეგმვით, ასევე მშობლებისა და სხვების დახმარებით ბევრი მონათლული ახალგაზრდა გახდა დამხმარე პიონერი. თუ ეს არ შეგიძლია, დაისახე სხვა მიზნები. ერთ-ერთი მიზანია მსახურებისთვის მეტი დროის დათმობა. გარდა ამისა, შეგეძლო მსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზეც გეფიქრა. კონკრეტულად რა შედის ამაში? მიზნად დაისახე, თითოეულ კართან გამოიყენო ბიბლია, უკეთესად გააკეთო განმეორებითი მონახულებები ან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ასევე კარგი იქნებოდა მსახურების გაფართოება, მაგალითად ტელეფონით დამოწმება ან მსახურების რომელიმე სხვა სფეროში მონაწილეობა. გაქვს მიზნად, რომ წელს გახსენების საღამოზე მეზობელი, თანაკლასელი ან ნათესავი მოიწვიო? თეოკრატიულ საქმიანობაში სრული მონაწილეობა კურთხევებს მოგიტანს და ამით სხვებსაც გაამხნევებ კრებაში (1 თეს. 5:11).

18 დაეხმარე ახლებს წინსვლაში. გასული სამსახურებრივი წლის განმავლობაში საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 6 048 ბიბლიის საშინაო შესწავლა ტარდებოდა. დროთა განმავლობაში ბევრი შემსწავლელი სულიერად გაიზრდება, თავს მიუძღვნის ღმერთს და მოინათლება. მაგრამ, სანამ ამ მიზანს მიაღწევენ, ჯერ სასიხარულო ცნობის მაუწყებლებად გახდომაში უნდა დავეხმაროთ. ახლებისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ემზადებიან, გახდნენ იესოს მიმდევრები (მათ. 9:9; ლუკ. 6:40). რომელიმე მათგანი, ვისაც ბიბლიას ასწავლი, არის მზად ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად?

19 თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ შემსწავლელი მზად არის ამისთვის, დახმარებისთვის წიგნის შესწავლის ზედამხედველს ან სამსახურებრივ ზედამხედველს მიმართე. შეგიძლია რომელიმე მათგანი მიიწვიო შესწავლაზე. ამ ძმებს აქვთ გამოცდილება და დაგეხმარებიან შემსწავლელის სულიერი წინსვლის შეფასებაში. შეიძლება მათ სასარგებლო რჩევები მისცენ შემსწავლელს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წაიწიოს წინ სულიერად.

20 როდესაც შემსწავლელს სურს გახდეს მოუნათლავი მაუწყებელი, და შენც ფიქრობ, რომ ის მზად არის, ესაუბრე თავმჯდომარე ზედამხედველს. ის ორგანიზებას გაუწევს, რომ ორი უხუცესი შენი თანდასწრებით გაესაუბროს მას იმის გამოსარკვევად, არის თუ არა მზად მაუწყებლობისთვის. გასაუბრებისას ისინი იხელმძღვანელებენ წიგნით „ჩვენი მსახურება“, გვერდები 98, 99 (იხილე 1989 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 13 [რუს.]). თუ შემსწავლელი გახდება მაუწყებელი, დაუყოვნებლივ დაიწყე მისთვის ქადაგების სწავლება. მას შემდეგ, რაც სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშს ჩააბარებს, კრებაში გამოცხადდება, რომ ის მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. ვიმედოვნებთ, რომ ამ განსაკუთრებული თვეების განმავლობაში ათასობით ადამიანი — ახალგაზრდა თუ მოხუცი — მიაღწევს სულიერი ზრდის ამ ეტაპს და გახდება მოუნათლავი მაუწყებელი.

21 დაგეგმვას საუკეთესო შედეგები მოჰყვება. წინასწარ დაგეგმვა მნიშვნელოვანია თეოკრატიულ საქმიანობაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ახლოვდება გახსენების საღამო (იგავ. 21:5). უხუცესებს მრავალ საკითხზე მართებთ ყურადღების გამახვილება.

22 სამქადაგებლო მსახურებაში კრებამ საუკეთესო შედეგებს რომ მიაღწიოს, ამისათვის საჭიროა უხუცესებმა პრაქტიკული ზომები მიიღონ და როგორც სამუშაო, ისე დასვენების დღეებში მოაწყონ შეხვედრები სამქადაგებლო მსახურებისთვის. ამას სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა გაუწიოს ხელმძღვანელობა. შესაძლებელია დამატებითი შეხვედრების დაგეგმვა დილით, დღის მეორე ნახევარში ან საღამოს? კრება ინფორმირებული უნდა იყოს შეხვედრების შესახებ. კარგი იქნება, თუ განრიგს საინფორმაციო დაფაზე გამოაკრავთ.

23 უხუცესები იმაზეც იზრუნებენ, რომ გახსენების საღამოსთვის სამზადისი დროულად დაიწყოს, 16 აპრილამდე გაცილებით ადრე. ამაში შედის სხვა კრებებთან შეთანხმება სამეფო დარბაზთან დაკავშირებით, მისი დალაგება, მომსახურეების არჩევა და სიმბოლოების მომზადება. კრებაში უნდა გამოცხადდეს, რა დროს და რა ადგილას ჩატარდება გახსენების საღამო. აგრეთვე, მაუწყებლებისთვის ცნობილი უნდა იყოს, თუ შეიცვლება აღნიშნული კვირის განმავლობაში შეხვედრების განრიგი. ყოველივე ამაზე სათანადოდ ზრუნვის წყალობით გახსენების საღამო „შესაფერისად და წესიერად“ იქნება აღნიშნული (1 კორ. 14:40).

24 ოჯახისთავს ოჯახური შესწავლის დროს დანარჩენ წევრებთან ერთად შეუძლია იმსჯელოს, როგორ შეუძლიათ მათ ამ განსაკუთრებულ თვეებში მსახურებაში მეტად მონაწილეობა. ხომ ვერ შეძლებდით ოჯახიდან ყველას გემსახურათ დამხმარე პიონერად? ან ერთ ან მეტ ოჯახის წევრს ხომ არ შეუწყობდით ხელს ამაში? თუ ეს არ არის შესაძლებელი, მაშინ დაისახეთ კონკრეტული მიზნები, რომ ოჯახმა მეტი დრო დაუთმოს მსახურებას. გყავთ ოჯახში ახალგაზრდა, რომელიც პატარა დახმარებისა და წახალისების შემდეგ შეძლებდა, მოუნათლავი მაუწყებელი გამხდარიყო? რამდენი ადამიანის მოწვევა შეუძლია შენს ოჯახს გახსენების საღამოზე? კარგი დაგეგმვა დიდ კურთხევებსა და სიხარულს მოუტანს თქვენს ოჯახს.

25 სრულად გამოიყენე დარჩენილი დრო. თავის წერილში მოციქული პავლე პირველი საუკუნის ქრისტიანებს შეახსენებდა, რომ არ იყო დაყოვნების დრო, რადგან იუდეველთა სისტემის განადგურება ახლოვდებოდა (1 პეტ. 4:7). დღეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ ახლოვდება ამ სისტემის განადგურება. ჩვენს ცხოვრების წესში უნდა უნდა ჩანდეს, რომ გვწამს ეს. როგორც იეჰოვას გულმოდგინე მსახურებმა, გადაუდებელ სამუშაოზე, სასიხარულო ცნობის გაცხადებაზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება (ტიტ. 2:13, 14).

26 ახლა გულმოდგინე და აქტიური მსახურების დროა! იფიქრე იმაზე, თუ რა გააკეთა იეჰოვამ პირადად შენთვის, შენი ოჯახისა და კრებისთვის. თუმცა ამ სიკეთისთვის ვერაფრით გადავუხდით მას, ის მაინც შეგვიძლია, რომ მთელი გულით ვცეთ მას თაყვანი (ფსალმ. 115:3—5). ჩვენი გულმოდგინე მცდელობისთვის იეჰოვა გვაკურთხებს (იგავ. 10:22). მოდი ყველა ჩვენგანი შევეცადოთ, ვიყოთ „კეთილის მოშურნეები“ ამ განსაკუთრებულ თვეებში, რათა განდიდდეს „ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ“ (1 პეტ. 3:13; 4:11).

[ჩარჩო 3 გვერდზე]

მსოფლიო მასშტაბით გახსენების საღამოს ესწრებოდა...

1999 14 088 751

2000 14 872 086

2001 15 374 986

2002 15 597 746

[ჩარჩო 4 გვერდზე]

ვის მოიწვევ გახსენების საღამოზე?

□✔ ოჯახის წევრები და ნათესავები

□✔ მეზობლები და ნაცნობები

□✔ თანამშრომლები და თანაკლასელები

□✔ ბიბლიის შემსწავლელები და ისინი, ვისაც ვინახულებთ

[ჩარჩო 5 გვერდზე]

დაეხმარე მათ, ვინც ესწრება გახსენების საღამოს

□✔ გულთბილად მიესალმე

□✔ მოინახულე უახლოეს დღეებში

□✔ შესთავაზე ბიბლიის შესწავლა

□✔ მოიწვიე სპეციალურ მოხსენებაზე

[ჩარჩო 5 გვერდზე]

რა მიზნები გაქვს გახსენების საღამოს პერიოდში?

□✔ მოიწვიე ვინმე გახსენების საღამოზე

□✔ გახდი სასიხარულო ცნობის მაუწყებელი

□✔ განსაზღვრული დრო დაუთმე მსახურებას

□✔ გაუმჯობესდი მსახურების რომელიმე სფეროში

□✔ იმსახურე დამხმარე პიონერად

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება