გლობალური სოფელი, მაგრამ მაინც დაყოფილი
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ნიგერიაში
გაგიგია თუ არა ოდესმე ლეგენდები იმ რასის ადამიანებზე, რომლებსაც არ ჰქონდათ პირი და, მაშასადამე, არც ჭამა-სმა შეეძლოთ? მათზე ამბობდნენ, რომ სუნით ცოცხლობდნენ, ძირითადად ვაშლების სუნით. მყრალი სუნი კი დახოცავდა მათ.
აგრეთვე დასავლეთ აფრიკელებზეც იყო მითები, რომ მათ გადასაცვლელად ოქრო ჰქონდათ. ოდესღაც პორტუგალიის გემის კაპიტანმა თქვა: „[მალის] სამეფოსგან რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით ნახავ ქვეყანას, სადაც ძაღლის თავიანი, კბილებიანი და კუდიანი ადამიანები ცხოვრობენ. ესენი ის შავები არიან, რომლებიც საუბარზე უარს ამბობენ, რადგან არ სურთ სხვა ადამიანების დანახვა“. ეს საკმაოდ უცნაური შეხედულებები მრავალი წლის წინ იყო გავრცელებული, სანამ მოგზაურობებისა და აღმოჩენების ეპოქა დადგებოდა.
ადამიანები ამყარებენ ურთიერთკავშირს
მსგავსი მითები საუკუნეების მანძილზე სინამდვილედ მიაჩნდათ. მაგრამ, როცა მკვლევარებმა პლანეტა გამოიკვლიეს, ვერსად იპოვეს ვერც ვაშლის მყნოსავები, რომლებსაც პირი არ ჰქონდათ, ვერც ძაღლისთავიანი ადამიანები. დღეს თითქმის არ არსებობს საიდუმლოება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. მსოფლიო გლობალურ სოფლად გადაიქცა. ტელევიზორს უცხო ქვეყნები და ადამიანები, პირდაპირ, ჩვენს ოთახში „მოყავს“. ავიაციამ შესაძლებელი გახადა, უცხო ქვეყნებს რამდენიმე საათში ესტუმრო; მილიონობით ადამიანი მოგზაურობს ყოველწლიურად. სხვები ეკონომიური ან პოლიტიკური მიზეზების გამო ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან. „გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი“ აღნიშნავს: „ისტორიას არ ახსოვს მთელ მსოფლიოში ადამიანების ერთი ადგილიდან ასეთი მასშტაბით აყრა და უკეთესი ცხოვრების ძებნა სხვა ქვეყნებში, ეს კი, შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც“. დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მშობლიური ქვეყნის გარეთ.
სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება იზრდება. გიგანტური ცენტრალური ნერვული სისტემის მსგავს მსოფლიო კომუნიკაციის ქსელში მსოფლიოს ყველა სახელმწიფოა ჩართული. ხდება აზრების, ინფორმაციისა და ტექნოლოგიის გაცვლა-გამოცვლა, სხვადასხვა კულტურის ათქვეფა და შეგუება ერთმანეთთან. მთელ მსოფლიოში ადამიანები დღეს უფრო ერთნაირად იცვამენ, ვიდრე უწინ. მსოფლიოს მრავალ ქალაქს მრავალი აქვს საერთო — პოლიცია, ლუქსი სასტუმროები, ქუჩაში მოძრაობის წესები, მაღაზიები, ბანკები და დაბინძურება. ამგვარად, როდესაც მსოფლიოს ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან, ვხედავთ იმას, რასაც ზოგი მსოფლიო კულტურის გამოვლენას უწოდებს.
რატომ რჩება ხალხი დაყოფილი
მაგრამ, როდესაც ადამიანები და კულტურები ითქვიფებიან ერთმანეთში, ცოტა თუ მიიჩნევს მეორეს ძმად. „ყველა მზადაა, სხვა ერის წარმომადგენელი დაადანაშაულოს“, — წერდა ბერძენი დრამატურგი დაახლოებით 2 000 წლის წინ. სამწუხაროდ, ასეა დღესაც. ფაქტია, რომ ჟურნალ-გაზეთები იუწყება ფანატიზმის, უცხოელების მიმართ სიძულვილის, „ეთნიკური წმენდის“, რასობრივი ბრძოლების, რელიგიური მძვინვარების, ქალაქის მცხოვრებთა ხოცვა-ჟლეტის, „მკვლელობის ველის“, ძალადობის ბანაკების, წამებისა თუ გენოციდის შესახებ.
რასაკვირველია, უმეტეს ჩვენგანს ძალიან ცოტა რამის ან სულაც არაფრის გაკეთება შეუძლია ეთნიკური კონფლიქტების მიმართულიბის შესაცვლელად. ჩვენ, შესაძლოა, პირდაპირ არც გვეხება ეს კონფლიქტები. მრავალ ჩვენგანს კომუნიკაციის ნაკლებობის გამო მაინც ექმნება პრობლემები უცხოელებთან, რომლებთანაც ურთიერთობა უწევს — შესაძლოა, ისინი არიან მეზობლები, თანამშრომლები ან სკოლელები.
ნუთუ უცნაურად არ გვეჩვენება, რომ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ადამიანებს ძალიან ხშირად უჭირთ ერთმანეთზე მინდობა და ერთმანეთის დაფასება? მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ნუთუ ჩვენ არ გვეკუთვნის შესანიშნავი, უსასრულო ნაირფეროვნების პლანეტა დედამიწა. მრავალი ჩვენგანი აფასებს საკვების, მუსიკისა და ფერების მრავალფეროვნებას ისევე, როგორც უამრავი სახეობის მცენარეს, ფრინველსა და ცხოველს. მაგრამ რატომღაც ჩვენი მადლიერება მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით ყოველთვის არ ვრცელდება ადამიანებზე, რომლებიც ჩვენსავით არ ფიქრობენ და მოქმედებენ.
იმის ნაცვლად, დადებითი მხრიდან შეხედოს ადამიანთა მრავალფეროვნებებს, მრავალი ცდილობს, ყურადღება გაამახვილოს სხვაობებზე და უთანხმოების საფუძვლად აქციოს. რატომ ხდება ასე? რით არის სასარგებლო ჩვენგან განსხვავებული კულტურის ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარებისკენ სწრაფვა? როგორ შეგვიძლია გადავლახოთ კომუნიკაციის უფსკრული და მის ნაცვლად ხიდი გავდოთ? შემდეგი სტატია შეეცდება, პასუხი გასცეს ამ კითხვებს.