მარჯნებს საშიშროება და სიკვდილი ემუქრებათ
ოკეანე არსად ისეთი სუფთა არ არის, როგორც ტროპიკებში. კრისტალივით სუფთა. ცისფერი კრისტალივით. თხუთმეტი მეტრის სიღრმეზე თეთრი ქვიშით დაფარული ფსკერი ისე ახლოს გეჩვენება, რომ გგონია ხელით შეეხები! იცვამ ლასტებს და იკეთებ წყლის სათვალეს. ირგებ სასუნთქ მილს და როდესაც ჩადიხარ თბილ წყალში, რამდენიმე წამში პატარ-პატარა ბუშტები ფარავს ყველაფერს. იყურები ქვემოთ. აგერ! ხედავ დიდ წითელ და ცისფერ თუთიყუშთევზას, ის ციცქნის მარჯანს და პატარა ნამცეცებს ყრის დაბლა, რომლებიც ქვიშიანი ფსკერის ნაწილი ხდება. მოულოდნელად ელავს ტროპიკული თევზების ცისარტყელასავით ფერები — წითელი, ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი, იისფერი. სიცოცხლე ჩქეფს ყველგან. ყოველივე ეს აღფრთოვანებას იწვევს.
ასეთია მარჯნის ჯუნგლები. ის იზრდება ქვიშიანი ფსკერიდან და მისი განშტოებები ათასობით ცოცხალი არსების მსგავსად ზევით მიიწევს. ზუსტად წინ ჩანს დიდებულად წამომართული მარჯნები, რომელიც ლოსის რქებს მოგვაგონებენ და რომლების სიმაღლეც 6 მეტრს აღემატება და სიგანეც დაახლოებით იმავე ზომისაა. დაახლოებით 23 მეტრის მოშორებით მოჩანს ლოსის რქების მსგავსი უფრო პატარა მარჯანი, მათი წვრილი განშტოებები ტყეს მოგვაგონებს. რა შესაფერისად უწოდეს ამ რიფებს სახელები — ისინი მართლაც ცხოველის რქებს ჰგვანან! თევზები და სხვა წყლის ცხოველები მათ ტოტებში პოულობენ საკვებსა და თავშესაფარს.
მარჯანი, რომელზეც უწინ ეგონათ, რომ მცენარეებისგან იყო წარმოქმნილი, ახლა ცნობილია, რომ პოლიპებად წოდებული ცოცხალი ორგანიზმების კირქვული ჩონჩხების ნაგებობებია. პოლიპების უმრავლესობა პატარაა, დიამეტრით 2,5 სანტიმეტრზე ნაკლები. რბილსხეულიანი მარჯნის პოლიპები ლორწოთი დაფარული ქსოვილით ემაგრებიან მეზობლის სხეულს. დღისით ჰგვანან ქვებს, რადგან პოლიპები იმალებიან თავიანთ ჩონჩხებში. მაგრამ ღამით ყველაფერი იცვლება, მათი გრძელი საცეცები ნაზად მოძრაობს და რიფს რბილ, ფაფუკ იერს სძენს. ქვის „ხეები“, რომლებიც ერთმანეთზე მიმაგრებული პოლიპების ჩონჩხებია, ძირითადად ერთმანეთზე მიკრულია კალციუმის კარბონატით, რაც ზღვის წყალშია.
მარჯნის კოლონების ყოველი სახეობის ნაგებობის ჩონჩხის ფორმა თავისებურად უნიკალურია. მთელ მსოფლიოში 350-ზე მეტი განსაცვიფრებელი ფორმის, ზომისა და ფერის სხვადასხვაგვარი მარჯანია. მათი ჩვეულებრივი სახელი უკავშირდება ხმელეთზე არსებულ საგნებს, მაგალითად: ხე, ბოძი, მაგიდა, ქოლგა ან მცენარეებს: მიხაკი, სალათა, მარწყვი ან სოკოები. ხედავ იმ დიდი ტვინის რიფს? ძალიან ადვილი მისახვედრია, თუ რატომ ეწოდა მას ეს სახელი!
ამ წყალქვეშა ჯუნგლებში ჩქეფს სიცოცხლე, სადაც მრავალი მიკროსკოპული მცენარე და მრავალნაირი ცხოველია: სკაროსი, ზვიგენი, დიდი გველთევზა და მრავალნაირი კუ. დაცურავს კიდევ უამრავი თევზი, რომლის შესახებაც შესაძლოა არასოდეს გსმენია: ხასხასა ყვითელი ფერის თევზი-მასხარა, მეწამული ფერის თევზი Eupomacentrus Leucostictus, შავ-თეთრი მავრიტანული კერპი, ნარინჯისფერი ფლეიტორილი, მუქი ლურჯი თევზქირურგი, ინდიგოს ფერის გრუპერი, ან რუხი-მოწითალო ფრთიანა. რას იტყოდი მპარსავ კრევეტზე, ლამაზი ფერის ომარსა თუ ზღვის ალისფერ ქორჭილაზე? მათ აქვთ მრავალნაირი ფერი და მოყვანილობა, არიან სხვადასხვაგვარი სიდიდის. ზოგი მშვენიერია, ზოგიც უცნაური — მაგრამ ყველა საინტერესო. შეხედე, რვაფეხა იმალება ბოძის მსგავსი მარჯნის უკან! ის სადილად მოლუსკს მიირთმევს, რომლის ნიჟარაც თვითონ გახსნა. როგორც ხმელეთის ტროპიკულ ტყეებში, ამ წყალქვეშა ტყეშიც ცხოვრობს უთვალავი სახეობის ცოცხალი არსება, რომელთაგანაც ყველა მარჯნის რიფებზეა დამოკიდებული. მარჯნის სიცოცხლის ციკლი და ოკეანის წყალქვეშა დინებებით მოგზაურობის უნარი ახალი რიფების კოლონების ასაშენებლად დაწვრილებით იყო აღწერილი 1991 წლის 8 ივნისის „გამოიღვიძეთ!“-ში (ინგლ.).
მარჯნის რიფები ყველაზე დიდი ბიოლოგიური სტრუქტურებია დედამიწაზე. ერთ-ერთი მათ შორის არის დიდი ბარიერული რიფი, რომელიც ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლს გასდევს, 2 010 კილომეტრს შეადგენს და სიდიდით ინგლისსა და შოტლანდიას, ერთად აღებულს, უტოლდება. მარჯნის წონა შეიძლება რამდენიმე ტონას აღემატებოდეს და სიმაღლე, ოკეანის ფსკერიდან, 9 მეტრზე მეტს. მარჯნის რიფები იზრდება 60 მეტრის სიღრმეზე ნებისმიერ წყალმარჩხ ტროპიკულ წყლებში. სხვადასხვა ტერიტორიებზე ყოველ მათგანს საკუთარი, განსხვავებული თავისებურება აქვს, ასე რომ, მარჯნის პატარა ნამსხვრევის შემოწმებით ექსპერტებს შეუძლიათ დაასახელონ ოკეანე და ადგილიც კი, სადაც იზრდებოდა. გარემო, რომელიც მარჯნის რიფების ზრდისთვის არის აუცილებელი, მცირე რაოდენობით უნდა შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს, რაც გვიჩვენებს, თუ რატომ არის მათ გარშემო წყალი ძალიან სუფთა. საკვებით მარჯნის რიფებს ამარაგებს წყალმცენარე (მეცნიერულად: ზოოქსანტელი), რომელიც ცხოვრობს პოლიპის გამჭვირვალე სხეულზე, მარჯანი აგრეთვე იკვებება მიკროსკოპული სხეულებით, რომლებსაც საცეცებით იჭერს. საბოლოოდ იქმნება მარჯნის რიფი, რომელიც ათასობით სახეობის წყალქვეშა ქმნილების თავშესაფარია, რომლებიც სხვაგვარად უსახლკაროდ დარჩებოდნენ.
მარჯნის რიფები აგრეთვე ბიოლოგიურად ყველაზე პროდუქტიულ წყალქვეშა ეკოსისტემებს წარმოადგენენ. ჟურნალი „აშშ-ის ახალი ამბები და მსოფლიო უწყებები“ ამას შემდეგნაირად აღწერს: „მარჯნის რიფები წყალქვეშა ტროპიკული გაუვალი ტყეებია, სადაც უამრავი ცოცხალი ორგანიზმი ბინადრობს: ზღვის მოლივლივე მარაოები და რვასხივიანი მარჯნები, ზღვის შროშანი, მანათობელი თევზები და ზღვის ღრუბლები, კრევეტები, ომარები და ზღვის ვარსკვლავები, აგრეთვე, საშინელი ზვიგენები და გიგანტური გველთევზები. ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე, იცოცხლებს თუ არა მარჯანი და კვლავ შეუქმნის თუ არა სხვა არსებებს საცხოვრებლად ვარგის გარემოს“. მარჯნის რიფები აგრეთვე ხელს უწყობს ხმელეთზე სიცოცხლეს იმით, რომ ბარიერს უქმნის გამანადგურებელ ძლიერ ტალღებს და ქმნის სანაპირო ზოლს, აგრეთვე საფუძველს უყრის ათასობით ტროპიკულ კუნძულს.
ჯანმრთელი მარჯანი არის ყავისფერი, მწვანე, წითელი, ცისფერი ან ყვითელი, იმის მიხედვით, თუ რომელი წყალმცენარეები ცხოვრობენ მარჯნის გამჭვირვალე პოლიპ მასპინძელთან. მიკროსკოპული წყალმცენარეები იყენებენ მზის სინათლეს, რომელიც ცხოველური სიმბიონტის გავლით მიეწოდებათ და ითვისებენ პოლიპის ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამოყოფილ ნარჩენებს, მათ შორის ნახშირბადის ორჟანგს. წყალმცენარეები კი, თავის მხრივ, ფოტოსინთეზის მეშვეობით გამოყოფენ ჟანგბადს, საკვებსა და ენერგიას მარჯნის ქსოვილისთვის. ასეთი პარტნიორობა წყლის მცენარეებთან მარჯანს ეხმარება, რომ უფრო სწრაფად გაიზარდოს და საკვებით ღარიბ ტროპიკულ წყლებში იცოცხლოს. ორივე იყენებს საუკეთესოს, რაც კი მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში არსებობს. რა ოსტატურად და ბრძნულად არიან შექმნილნი!
უსიცოცხლო და გაუფერულებული ჩონჩხები
არ არის გასაკვირი, რომ სიცოცხლე ასე ჩქეფს ფსკერზე! მაგრამ შეხედე, რა არის ეს? უსიცოცხლო გაუფერულებული ჩონჩხები. ტოტები დამტვრეულია და თანდათან უფრო იმსხვრევა. ზოგი უკვე ჩამონგრეულია. მარჯნის ტყის ეს ნაწილი ან უკვე დაიღუპა, ან კიდევ იღუპება. აღარც თევზები. აღარც კრევეტი. აღარც ომარი. აღარაფერი. ეს წყალქვეშა უდაბნოა. თვალებს არ უჯერებ. გამაოგნებელია! იდილიური განცდები სადღაც გაქრა. მაშინაც კი, როდესაც ნავზე ბრუნდები, არ გასვენებს შემაწუხებელი კითხვები. რას უნდა გამოეწვია ასეთი გაპარტახება? უბედურ შემთხვევას? ავადმყოფობას? ბუნებრივ მოვლენებს? პასუხის გაგება გსურს.
მიუხედავად იმისა, რომ კლდოვანი მარჯანი, ერთი შეხედვით, მტკიცე ჩანს, სინამდვილეში საოცრად ნაზია. ხელით შეხებამ შეიძლება დააზიანოს, ასე რომ, გამოცდილი მყვინთავები ცდილობენ, ხელით არ შეეხონ მათ, ხოლო ფრთხილი მეზღვაურები ღუზას არ უშვებენ მათთან. სხვა საშიშროებას მარჯნის რიფებისთვის წარმოადგენს ქიმიური დაბინძურება, ნავთობის დაღვრა, ჩამდინარე წყლები, ხის მორები, ფერმის ნარჩენები, მიწის გათხრები, დანალექები და მტკნარი წყლის ნაკადი. გემით პირდაპირი შეჯახება ანგრევს. ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა კი აზიანებს და ანადგურებს მარჯანს. როდესაც მდგომარეობა უკიდურესი ხდება, მარჯნები იცილებენ წყალმცენარეების ღრუბლებს, მათ კი სწრაფად ჭამენ თევზები. თუ ასეთი მდგომარეობა კვირობით ან თვეობით გრძელდება, მარჯნები უფერულდებიან და ბოლოს იღუპებიან. და როდესაც მარჯანი იღუპება, მის გარშემოც ყველაფერი იღუპება. სიცოცხლის მძივი იფანტება და ქრება.
გაუფერულება ყველა ტროპიკულ ოკეანეში გავრცელდა. ამის გამო მთელ მსოფლიოში ზღვის კვლევით დაკავებულ მეცნიერთა წრეებში განგაშია ატეხილი. როდესაც გაუფერულება ფართო მასშტაბით ხდება, ზიანი აუნაზღაურებელია. ბოლო წლებში მსოფლიოს მასშტაბით ტროპიკული ზღვის წყლებში მარჯნის გაუფერულებისა და შედეგად მათი დაღუპვის მასშტაბები დიდი მშფოთვარებით იქცევს მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო მრავალი წლის მანძილზე ზოგ ადგილებში ხდებოდა მარჯნების გაუფერულება, დღეს არსებული სურათი თავისი საშინელებით უპრეცედენტოა და მასშტაბით გლობალური. რაღაცა ემუქრება ცოცხალი მარჯნების უმეტეს სახეობას მთელი დედამიწის მასშტაბით, რაც მათი სამყაროს განადგურებას იწვევს.