რა შეიძლება გაკეთდეს მარჯნის რიფების გადასარჩენად?
მსოფლიოს მრავალ მეცნიერს სჯერა, რომ გლობალური თბობა გავლენას ახდენს კაცობრიობაზე და მდგომარეობა გაუარესდება, რადგანაც განვითარებადი ქვეყნები ცდილობენ ინდუსტრიის განვითარებას. დღეს ყოველწლიურად ენერგიის მიღების მიზნით სამი მილიარდი ტონა ნახშირბადის ორჟანგი (CO2) იფრქვევა დედამიწის ატმოსფეროში საწვავის, მაგალითად, ქვანახშირის, ნავთობისა და შეშის, აგრეთვე, ტყის წვით. ზოგი მეცნიერის აზრით, ეგრეთ წოდებული სასათბურო ეფექტი, რასაც გაზების წვა იწვევს, ფარენჰაიტის სკალით 3-დან 8 გრადუსამდე სითბოს მომატებით ემუქრება ატმოსფეროს მომავალი საუკუნის შუა პერიოდში. ეს მომაკვდინებელი იქნება მარჯნის რიფებისა და მათში მცხოვრები მრავალი წყალქვეშა სიცოცხლისთვის.
მაგრამ მარჯნის რიფების დაღუპვა მავნე გავლენას მოახდენს ხმელეთის სიცოცხლეზე. ერთ-ერთი ჟურნალი აღნიშნავს: „როგორც ჩანს, მარჯნის რიფები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სათბურის ეფექტში და შესაძლოა ისევე მნიშვნელოვანს, როგორც ტროპიკული გაუვალი ტყეები სითბური გაზების კონცენტრაციის შემცირებაში. მათ ჩონჩხებზე ილექება კალციუმის კარბონატი და ამგვარად, რიფები ოკეანეს წმენდენ დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგისგან. ზოოქსანტელის [მარჯნების სიმბიოზური წყალმცენარეები] გარეშე ნახშირბადის ორჟანგის რაოდენობა, რომელსაც მარჯანი ნთქავს, მძაფრად ეცემა. სამწუხაროდ, წყალქვეშა ეკოსისტემის ზიანი დააჩქარებს სწორედ იმ პროცესს, რაც მარჯნის რიფების სწრაფ დაღუპვას იწვევს“ (Natural History).
ზოგ მეცნიერს სჯერა, რომ სხვა საწვავებისგან გამოყოფილი გაზებიც ემატება სასათბურო ეფექტს. აზოტის ოქსიდი არის ერთ-ერთი და ქლორფტორნახშირბადები, ფრეონები (CFCs) — მეორე. სინამდვილეში CFC-ის მოლეკულა 20 000-ჯერ ეფექტურია სითბოს შთანთქმაში, ვიდრე CO2-ის მოლეკულა. საზიანო ულტრაიისფერი გამოსხივებისგან სიცოცხლის დამცველი ოზონის შრის გათხელების მთავარ მიზეზად ისევ CFCs-ია მიჩნეული. ჩრდილო და სამხრეთ პოლუსებთან ოზონის შრე ისე გათხელდა, რომ ხვრელები გაჩნდა. ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემაა მარჯნის რიფებისთვის. ექსპერიმენტების ჩატარების დროს მინიატურული რიფები, რომლებზეც თბილმა წყალმა იმოქმედა, მცირედ გაზრდილი ულტრაიისფერი სხივებით უფრო მეტად გაუფერულდა. ერთ-ერთი ჟურნალი მწუხარებით აღნიშნავდა: „თუნდაც ქლოროფტორნახშირბადის გამოყოფა ახლავე შეწყდეს, სტრატოსფერული ოზონის განადგურების გამომწვევი ქიმიური რეაქციები, სულ მცირე, კიდევ ერთ საუკუნეს გაგრძელდება. მიზეზი უბრალოა: რთული ნაერთი ისე დიდხანს რჩება ატმოსფეროში, რომ გააგრძელებდა სტრატოსფეროში თანდათან გავრცელებას ტროპოსფეროს რეზერვუარიდან და კარგა ხანს დარჩებოდა მისი გამოყოფის შეჩერების შემდეგაც“ (Scientific American).
პირადად ყოველ პიროვნებას შეუძლია პასუხისმგებლობით მოეკიდოს იმ საკითხს, რომ არ დააბინძუროს ოკეანეები ან სანაპირო ზოლი ნაგვით. თუ ათვალიერებ რიფებს, ნუ დაარღვევ მითითებებს და ნუ შეეხები მარჯანს და ნუ დადგები მასზე. ნუ აიღებ და ნურც იყიდი მარჯნის სუვენირებს. თუ ტროპიკული რიფების ახლოს მიცურავ, ღუზა ქვიშიან ფსკერზე ჩაუშვი ან საზღვაო ხელმძღვანელობისგან ნებადართულ მოტივტივე მისადგომებთან. დიდი სისწრაფით ნუ იმოძრავებ და ძრავით ნუ აამღვრევ ფსკერს. გემიდან დაბინძურებულ წყალს ოკეანეში ნუ ჩაუშვებ; ნახე ისეთი დოკები ან ნავსადგურები, სადაც მას ჩაიბარებენ. მარჯნის რიფების, „ლუის“, ეროვნული ზღვის ნაკრძალის ხელმძღვანელი ბილ კოზეი (ფლორიდა, აშშ) აღნიშნავდა: „ალბათ ადამიანი ქმნის პრობლემებს, რაც ბალანსის დარღვევას იწვევს. ყველა უნდა მივხვდეთ ამას მთელ მსოფლიოში. თუ გავაძლიერებთ საზოგადოების გათვითცნობიერებას მნიშვნელოვანი ეკოსისტემის დაკარგვის საშიშროების შესახებ, შესაძლოა მდგომარეობა გაუმჯობესდეს“.
რეგიონალური დონით კანონი მარჯნის რიფების დაცვის შესახებ რეგისტრაციაში გატარდა და ძალაში შევიდა. ფლორიდის შტატში სამართალს ეძლევიან გემის ის მფლობელები, რომლებიც აზიანებენ რიფებს. სატვირთო გემის მფლობელები, რომლებმაც რამდენიმე აკრის მანძილზე გახეხეს მარჯანი, როდესაც გემი მარჯანზე დაჯდა, დაჯარიმდნენ 6 მილიონი დოლარით. ფულის ნაწილი გამოყენებულ იქნა წყალქვეშა ბინადართა ადგილსამყოფელის აღსადგენად. ახლა ბიოლოგები ცდილობენ სპეციალური წებოვანი ნივთიერებით დაამაგრონ 1994 წელს ერთ-ერთი გემით დაზიანებული მარჯანი. დიდი ჯარიმა, 3,2 მილიონი დოლარი, გადაიხადა ერთ-ერთმა კომპანიამ იმის გამო, რომ მისმა სატვირთო გემმა ზიანი მიაყენა ფლორიდის მარჯნის რიფს. სხვა ქვეყნებიც ჩაებნენ მსგავს სანქციებში. წყალში ყვინთვისთვის განთქმულ ქალაქებში, მაგალითად, კაიმანის კუნძულებზე (კარიბის ზღვა) მკაცრად განსაზღვრეს ის ადგილები, სადაც დაშვებულია ყვინთვა. ავსტრალიამ „დიდი ბარიერული რიფების წყალქვეშა პარკი დააწესა“ ნებისმიერი ღონისძიების კონტროლის გასაწევად. მაგრამ, როგორც ყველასათვის გასაგებია, რაც უფრო ბევრი არიან წყალქვეშა მყვინთავები, მით უფრო მეტად ზიანდება რიფები.
გაერთიანდება ყველა ერი ბრძოლაში?
მსოფლიო დონეზე შეშფოთებულმა მეცნიერებმა და ხელმძღვანელებმა დაასკვნეს, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთ სახელმწიფოზე ან თუნდაც რამდენიმე სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული. დაბინძურება მთელ დედამიწაზე ვრცელდება ჰაერისა და წყლის მოძრავი მასებით, რაც რიფებზე ახდენს ზემოქმედებას. ყოველ სახელმწიფოს არ აქვს იურისდიქცია საკუთარი ტერიტორიების შემადგენელი წყლების გარეთ. გაშლილ ოკეანეებსა თუ ზღვებში ჩაყრილი ნაგავი ოდესმე თვით სანაპიროებზე გამოირიყება. აუცილებელია მსოფლიო მასშტაბის გაერთიანებული ძალისხმევა და გამოსავლის პოვნა.
უეჭველია, მრავალი გულწრფელი და მოაზროვნე პიროვნება განაგრძობს ბრძოლას დედამიწის განსაცვიფრებელი მარჯნის რიფების გადასარჩენად. ნათელია და ცხადი, რომ საჭიროა ხელისუფლება, რომელიც ფაქიზად და მზრუნველობით მიხედავს დედამიწის გარემო პირობებს. საბედნიეროდ, თვითონ შემოქმედი გადაარჩენს მსოფლიოს ამ ვითარებისგან. როდესაც ღმერთმა პირველი ადამიანები შექმნა, თქვა: „ეპატრონოს ზღვაში თევზს [წყლის ბინადართ]“ (დაბადება 1:26). რადგანაც ღმერთი არ აჩანაგებს და არც ზიანს აყენებს წყალქვეშა სიცოცხლეს, მისი ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს უნდა მოევლო მსოფლიო გარემოსთვის. ბიბლია წინასწარმეტყველებს: „ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა [ღვთის ზეციერ სამეფოსა] და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). ახლო მომავალში ეს ზეციერი მთავრობა ბოლომდე გაასუფთავებს დაბინძურებულ დედამიწას, მათ შორის ოკეანეებსაც. შემდეგ ღვთის სამეფოს მოქალაქეები მოუვლიან და მთელი გულით გაიხარებენ მშვენიერი ოკეანეებითა და მათი წყალქვეშა ბინადრებით.
[სურათი 27 გვერდზე]
ფონი: მშვენიერი მარჯნის რიფი წყნარ ოკეანეში, ფიჯის ახლოს.
დანართები: 1. წყალქვეშ გადაღებული ახლო პლანზე თევზი-მასხარა. 2. მარჯანი, რომელიც ჰგავს მაგიდას. 3. დამლაგებელი-კრევეტკა მარჯანზე.
[საავტორო უფლება]
გვერდი 26 ფონი: Fiji Visitors Bureau