როგორ შეგიძლია გაუმკლავდე საინფორმაციო ციებ-ცხელებას
უნდა ვაღიაროთ, რომ 90-იანი წლების საინფორმაციო ეპოქაში მრავალი რამ ახდენს ჩვენზე გავლენას. ზოგიერთი მათგანი ჩვენს კონტროლს თითქმის არ ექვემდებარება. მეორე მხრივ, ჩვენ შეგვიძლია რამე ვიღონოთ, რომ, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც გავუმკლავდეთ ამ საინფორმაციო ციებ-ცხელებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადვილი არ არის, მაგრამ ღირს შეეცადო.
ინფორმაციის მიმღებნი და გამცემნი
მიუხედავად იმისა, შეგვინიშნავს ეს თუ არა, ჩვენ ყველა, გარკვეულწილად, როგორც ინფორმაციის მიმღებნი ვართ, ასევე გამცემნი. ჩვენი გონება ღებულობს და ამუშავებს ინფორმაციას სხვადასხვაგვარად. ერთი მხრივ, ამაში იგულისხმება ის, რომ გონებას აქვს ინფორმაციის ქვეცნობიერად გადამუშავების გამაოგნებელი უნარი.
მეორე მხრივ, ესაა ინფორმაციის შეგნებულად გადამუშავება, მაგალითად, საუბრის დროს. ამ დროს, როგორც მიღების ასევე გაცემის შემთხვევაში ინფორმაცია ჩვენს კონტროლს ექვემდებარება. ხოლო რაც შეეხება უაზრო საუბარს, ბიბლია მათ მოყვარულებზე ამბობს: „არა მარტო უსაქმურნი არიან, არამედ ყბედებიც და ცნობისმოყვარენიც და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ შეშვენით“ (1 ტიმოთე 5:13). სხვა სიტყვებით, ფრთხილად იყავი, რომ უზომოდ ბევრი დრო არ დაუთმო უაზრო ან საზიანო ინფორმაციაზე საუბარს. ნუ იქნები ჭორების ამყოლი. ტყუილუბრალოდ ნუ დახარჯავ ძვირფას დროსა და ენერგიას, რაც შენზეც ცუდად იმოქმედებს და სხვებზეც. ამის გამო შეიძლება დაკარგო შესაძლებლობა, მიიღო და გადასცე სხვებს ნამდვილად წამახალისებელი და ამ საშინელი წუთისოფლის გასაძლებად აუცილებელი ინფორმაცია.
კითხვის დროს მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაც შეგნებულად ხდება და მაშასადამე ბევრი დროც მიაქვს. ვის არ სმენია აღელვებული კაცის ჩივილი: „ვერაფრის წაკითხვას ვერ ვასწრებ!“ ხომ არ გგონია, რომ ძალიან ბევრი მასალაა წასაკითხი და დრო კი ძალიან ცოტა გაქვს? რადგანაც კითხვას ძალიან ბევრი დრო მიაქვს, მისით მიღებული მომაჯადოებელი სიამოვნება იკარგება ამ ელვისებური სისწრაფის საინფორმაციო ეპოქაში. უმეტესობა დროის ძირითად ნაწილს ტელევიზორს უთმობს. მაგრამ წერილობითი სახის ინფორმაცია მაინც უფრო ძლიერად ავითარებს წარმოსახვის უნარს და გადასცემს პიროვნებას ინფორმაციას, აზრებსა და შეხედულებებს.
როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ, როცა ამდენი გვაქვს წასაკითხი და კითხვას კონკურენციას უწევს ტელევიზია, კომპიუტერული თამაშები და კიდევ ვინ ჩამოთვლის რამდენი გასართობი? ამ კითხვის პასუხია გულდასმით შერჩევა. იმის შერჩევა, თუ რა მოვისმინოთ, ვნახოთ, ვთქვათ ან წავიკითხოთ, დაგვეხმარება გავუმკლავდეთ საინფორმაციო ციებ-ცხელებას. კარგი შერჩევა შესაძლებელია ორი მეთოდით.
აუცილებელია ამდენი წვრილმანი?
საკუთარი მოთხოვნილებების აღქმა ხშირად მახინჯდება სხვების ჩარევით, მაგალითად, როცა სხვებს ჰგონიათ, რომ ჩვენთვის რაღაცა აუცილებელია ან, როცა გულუბრყვილოდ ვენდობით საინფორმაციო წყაროებში ნანახ რეკლამებს. ამ დამაბნეველი, საინფორმაციო ლაბირინთიდან თავის დაღწევაში დაგვეხმარება დევიზი: უბრალოება! რიჩარდ ს. ვარმენი გვიზიარებს: „ინფორმაციის დამუშავების საიდუმლო ისაა, რომ ინფორმაციის მოცულობა შეამცირო მხოლოდ შენი ცხოვრებისთვის აუცილებლით. . . მე მწამს, საფუძველს მოკლებულია მტკიცება, რომ, რაც უფრო მეტი არჩევანი გაქვს, მით უფრო სათანადოდ მოიქცევი და მით უფრო მეტი თავისუფლება გექნება. არადა პირიქითაა, რაც უფრო მეტი არჩევანი გაქვს, მით უფრო იბნევი“.
ასე რომ, როდესაც ჯერი მიდგება კითხვაზე ან ტელევიზორის ყურებაზე, კარგი იქნებოდა შეგემოწმებინა საკუთარი ჩვეულება. დაფიქრდი: „აუცილებელია ეს ჩემი სამუშაოსთვის ან სიცოცხლისთვის? აუცილებელია, ვიცოდე ყველა წვრილმანი ან ჭორი გამოჩენილ ადამიანებზე? როგორ შეიცვლება ჩემი ცხოვრება, თუ ამ სატელევიზიო გადაცემას არ ვუყურებ, არ წავიკითხავ ამ წიგნს ან იმ ჟურნალს, ან ბევრ დროს არ დავუთმობ გაზეთების კითხვას?“ ზოგმა გადახედა კითხვისა და ტელევიზორის ყურების ჩვეულებას და ჩამოიცილეს მასალა, რომელიც გადატვირთავდა მათ გონებასა და ბინასაც. მაგალითად, მათ გადაწყვიტეს მხოლოდ ერთი ყოველდღიური გაზეთის გამოწერა. გაზეთების უმეტესობა ძირითადად მაინც ერთი და იგივე მოვლენებს აშუქებს. ზოგმა განსაკუთრებულად მოითხოვა, რომ მათ საფოსტო ყუთში არ ჩაეგდოთ გამოუსადეგარი ფოსტა.
უბრალო, გადაუტვირთველ ცხოვრებას ემხრობოდა ყველაზე დიდებული ადამიანი, იესო ქრისტე (მათე 6:25–34). უბრალოება მოსაწონი და პოპულარულია აზიის მრავალ ქვეყანაში და დასავლეთშიც მრავალი იწონებს მას. მწერალი დუეან ელგინი აღნიშნავდა: „უბრალო ცხოვრება მიზანდასახული ცხოვრებაა, როდესაც მინიმუმამდე დაგყავს უმიზნო საქმეები“.
როდესაც ინფორმაცია უკვე საჭიროების მიხედვით დაახარისხე, საკუთარი ინტერესიც ნუ დაგავიწყდება, რადგან ეს მთავარ როლს თამაშობს სწავლის სურვილის გაღვიძებაში. მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ არსებობს სხვაობა, თუ რა გაინტერესებს ნამდვილად და რა უნდა გაინტერესებდეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გესიამოვნებინა სხვებისთვის (მაგალითად, თანამშრომლებისთვის). მაგრამ, თუ კითხვასა და სატელევიზიო პროგრამების ყურებას ან კომპიუტერთან მუშაობას ისე გეგმავ, როგორც სხვა საქმეებს დაგეგმავდი, მიხვდები, რომ, როდესაც გეგმავ იმის მიხედვით, რაც ნამდვილად გაინტერესებს, ცხოვრება უფრო ადვილი და სასიამოვნო ხდება.
ამრიგად, როგორ უნდა გაუმკლავდე საინფორმაციო ციებ-ცხელებას? ალბათ, ვერასოდეს შეძლებ ბოლომდე გამკლავებას, მაგრამ ქვემოთ მოცემული უბრალო წესები დიდ დახმარებას გაგიწევს. გამოიჩინე უბრალოება და პირადი საჭიროებისა და ინტერესის მიხედვით დაახარისხე ინფორმაცია. მოდის დრო, როდესაც ცხოვრების სირთულეები მათ შორის საინფორმაციო ციებ-ცხელებაც წარსულს ჩაბარდება, მაგრამ დღეს ზედმეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ თანამედროვე ტექნიკის საოცრებებს. ეცადე, მხოლოდ მიზნის მისაღწევ საშუალებად მიიჩნიო. ნუ დაემონები მათ და ნურც შეუშინდები. თუ ასე მოიქცევი, საჭირო ინფორმაცია გაგამხნევებს, წაგახალისებს და ტვირთად კი არ დაგაწვება, სასარგებლო იქნება.
[ჩარჩო 11 გვერდზე]
დათმე ერთ-ერთი
„უარი თქვი საკაბელო ტელევიზიაზე. . . იმ ფულით, რაც მისთვის გეხარჯებოდა ყოველთვიურად იყიდე კარგი წიგნები. წიგნები ტელევიზორისგან საპირისპიროა: მეტ დროს ითხოვს, მიმზიდველია, შთამაგონებელი, ინტელექტუალურად მასტიმულირებელი და ფანტაზიის მომცემი“.
„ყოველკვირეულად შეგიძლია ინტერნეტისთვის დათმობილი დრო დაიყვანო რამდენიმე საათამდე ან, უკიდურეს შემთხვევაში, წიგნების კითხვას იმდენივე დრო დაუთმო, რამდენსაც ინტერნეტს უთმობ“ (Data Smog — Surviving the Information Glut).
[ჩარჩო 12 გვერდზე]
იყავი მბრძანებელი, ნუ იქნები მონა
„გამორთე ტელევიზორი. იმ აპარატის გამორთვა, რომელიც ჩვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს იკავებს, ყველაზე სწრაფი საშუალებაა, რომ კვლავ საკუთარ ნებაზე წარმართო საკუთარი ცხოვრების ტემპი, ოჯახური სიმშვიდე და საკუთარი ფიქრები. მილიონობით ამერიკელი მიხვდა, რომ თავს უფრო მშვიდად, ენერგიულად გრძნობს, როცა არ უყურებს ტელევიზორს, ახლად შეძენილ თავისუფალ დროს საათობით არ შეჰყურებს ეკრანს და უქმად არ კარგავს იმ დროს, რომელსაც უწინ თითქოს ვერ ნახულობდა“ (Data Smog — Surviving the Information Glut).
[ჩარჩო 12 გვერდზე]
უფრთხილდი ინტერნეტს
უზნეო ადამიანები თავიანთი გახრწნილი სურვილების მისაღწევად ინტერნეტით უკავშირდებიან მომავალ პარტნიორებს ან გულუბრყვილო მსხვერპლებს. ზოგი ინტერნეტს პირადი მიზნებისთვის იყენებს. განდგომილებიც ქმნიან თავიანთ გვერდებს (Web site), რომ გულუბრყვილოები მოატყუონ.
ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ინტერნეტის გამოყენების დროს და, რასაკვირველია, მშობლებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ შვილებს. ფაქტია, ინტერნეტი დიდ სამსახურს უწევს ადამიანს, მაგალითად, კვლევა-ძიებისთვის გვთავაზობს მდიდარი ბიბლიოთეკის, სხვადასხვა წიგნებისა და ახალი ამბების გვერდებს. მაგალითად, საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ ახლახანს გამოაცხადა საკუთარი Web site (http://www.watchtower.org), რომელიც ინფორმაციას იძლევა იეჰოვას მოწმეების შესახებ. მაგრამ საჭიროა იმის დანახვაც, რომ არსებობს უზომოდ ცუდი მხარეებიც, მათ შორის პორნოგრაფია და განდგომილთა ინფორმაცია.
ქრისტიანი უნდა დაუფიქრდეს პავლეს სიტყვებს: „ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ მოიქცეთ ისე, როგორც სხვა ხალხები იქცევიან თავიანთი გონების ამაოებით. . . რომელთაც გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით. ხოლო თქვენ ასე როდი გისწავლიათ ქრისტე“ (ეფესელთა 4:17–20). ასევე, „სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით. ასევე ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა არ შეგფერით, არამედ, უფრო, სამადლობელი“ (ეფესელთა 5:3, 4). ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ ბევრი Web site შექმნეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც უზნეო და უპატიოსნო მიზნები აქვთ. და, თუ ზოგი პროგრამა არ არის უზნეო და უპატიოსნო, დროს მაინც ფუჭად გაკარგვინებს მაგალითად, სალაყბო განყოფილება (Chat). ასეთებს ერიდე!