მთვარის მთები
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან კენიაში
საუკუნეების განმავლობაში ხმები დადიოდა, თითქოს სადღაც, ცენტრალურ აფრიკაში, თოვლით დაფარული მთები იყო და ნილოსი სინამდვილეში იქიდან იღებდა სათავეს. მაგრამ თოვლის არსებობა აფრიკაში, ეკვატორის მახლობლად, წარმოუდგენელი იყო. მიუხედავად ამისა, ახ. წ. მეორე საუკუნის დასაწყისში ბერძენმა გეოგრაფმა პტოლემემ დაუშვა ამ მთების არსებობა და მათ Lunae Montes — მთვარის მთები — უწოდაa.
საუკუნეების მანძილზე ამაოდ ცდილობდნენ ამ მთების ადგილმდებარეობის განსაზღვრას. მაგრამ, ერთ დღეს, 1800-იანი წლების მიწურულს, მკვლევარმა ჰენრი სტენლიმ — რომელმაც დოქტორ დეივიდ ლივინგსტონის პოვნით მოიხვეჭა სახელი — შემთხვევითი მოვლენა იხილა. ღრუბლის საფარი, რომელიც წინამორბედი მკვლევარებისგან ფარავდა მთებს, სწრაფად გაიფანტა და სტენლის თვალწინ თოვლით დაფარულ მთათა მწვერვალთა განსაცვიფრებელმა სანახაობამ გაიელვა. მან აღმოაჩინა მთვარის მთები, მაგრამ მას ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ შერქმეული სახელი — რუვენზორი — უწოდა, რაც „წვიმის მომყვანს“ ნიშნავს.
დღეს საყოველთაოდ აღიარებულია, რომ რუვენზორი მხოლოდ მცირე როლს ასრულებს ნილოსის წყლით მომარაგებაში. მაგრამ მისი სახელწოდება — მთვარის მთები — მაინც ფართოდაა გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კვლევითი ექსპედიცია ჩატარდა, აღფრთოვანებისა და მოკრძალების გრძნობის აღმძვრელი მთაგრეხილი კვლავ საიდუმლოებითაა მოცული. ეკვატორის ჩრდილოეთით მდებარე რუვენზორი, რომლის სიგრძე 130 კილომეტრია, სიგანე კი — 50, ბუნებრივი საზღვარია უგანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.
აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე მთების უმრავლესობისგან განსხვავებით, რუვენზორის მთაგრეხილი ვულკანური წარმოშობის კი არ არის, არამედ იგი დედამიწის ქერქის უზარმაზარი ბლოკია, რომელიც უძლიერესი წნევის გავლენით ვერტიკალური გადაადგილების შედეგად წარმოიქმნა ათასობით წლის წინათ. თუმცა რუვენზორის სიმაღლე 5 109 მეტრია, მას იშვიათად თუ ხედავენ. მთაგრეხილი თითქმის ყოველთვის ნისლსა და ღრუბლებშია გახვეული.
როგორც მისი სახელწოდებიდანაც ჩანს, რუვენზორზე დიდი რაოდენობით მოდის წვიმა და თოვლი, ნალექების რაოდენობა „მშრალსა“ და „სველ“ სეზონებზე ბევრად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ამის გამო, იქ ფეხით სიარული შეიძლება სახიფათო იყოს; ზოგ ადგილას ტალახი წელამდეა! ძლიერმა წვიმებმა მრავალი საუცხოო პატარა ტბა წარმოქმნა, რომლებიც მთების ფერდობებზე ჩამწკრივებულ არაჩვეულებრივად ხშირ მცენარეულობას საჭირო სინოტივით უზრუნველყოფს. ფაქტიურად, რუვენზორი მრავალი უჩვეულო მცენარის სამშობლოა, რომელთაგან ზოგი უზარმაზარი იზრდება.
მაგალითად, სხვაგან ლობელია, მცენარე, რომელიც გიგანტურ ბალნიან თითებს მოგვაგონებს, ჩვეულებრივ, 30 სანტიმეტრზე ნაკლები სიმაღლისაა, მაგრამ რუვენზორზე მან შეიძლება 6 მეტრს მიაღწიოს. თავყვითელა მოგვაგონებს დატოტვილ ღეროებზე ამოსულ დიდ კომბოსტოს. ხავსით დაფარული ერიკას ხეების სიმაღლე 12 მეტრია. ამ პეიზაჟს უფრო ალამაზებს ყვავილების მრავალფეროვნება და სურნელება. იქ აგრეთვე სხვადასხვა სახეობის ლამაზი ფრინველი ბინადრობს, რომელთაგან ზოგიერთი მხოლოდ რუვენზორზე გვხვდება. მთის ფერდობებზე ბინადრობს სპილო, შიმპანზე, ანტილოპა, ჯიქი და გვერეცა.
საუცხოო ხედი
მთაში ბილიკით რომ ახვიდე, უნდა გაიარო ტენიანი ტროპიკული ტყე და რამდენჯერმე გადაკვეთო მდინარე ბუჯუკუ. როცა 3 000 მეტრის სიმაღლეს მიაღწევ და უკან მიიხედავ, თვალწინ რიფტის ველის საუცხოო ხედი გადაგეშლება.
უფრო ზემოთ მდებარეობს ისლითა და ერიკას ხეებით დაფარული ზონა, რომელსაც ქვედა ბიგო ბოგი ეწოდება. იქ ტალახი ხშირად მუხლამდეა. ციცაბო აღმართს მივყავართ დაახლოებით 4 000 მეტრის სიმაღლეზე, ბუჯუკუს ველზე მდებარე ზედა ბიგო ბოგსა და ბუჯუკუს ტბამდე და თვალწინ გვიშლის მასივის ყველაზე კარგად ცნობილი მწვერვალების — ბეიკერის მთის, ლუიჯის მთის, დი სავოიას, სტენლის მთისა და სპიკის მთის — თვალწარმტაც ხედს.
უფრო მაღლა მუდმივი მყინვარი, ელენა, მდებარეობს. იქამდე ასვლისთვის წრიაპების, თოკებისა და წერაყინის გამოყენებაა საჭირო. შემდეგ, თუ სტენლის ზეგანს გაუყვები, ახვალ სტენლის მთის მწვერვალზე მდებარე მარგერიტას პიკამდე, რომელიც რუვენზორის მასივის უმაღლესი მწვერვალია. დაბლა თუ ჩაიხედავ, თვალწინ გადაგეშლება პიკების, ხეობების, ტყეების, ნაკადულებისა და ტბების პანორამა, რაც ნამდვილად აღტაცებაში მოგიყვანს და მოკრძალების გრძნობას აღგიძრავს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მთათა მასივი დაპყრობილია. რუვენზორმა მხოლოდ ახლახანს დაიწყო საიდუმლოების გამჟღავნება. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი მასივის გეოლოგიური აგებულების, მისი ფლორისა და ფაუნის შესახებ. ასე რომ, რუვენზორი კვლავ საიდუმლოებითაა მოცული — საიდუმლოებით, რომელიც მხოლოდ მისმა ბრძენმა და ყოვლისშემძლე შემოქმედმა იცის. დიახ, მართლაც მისია „მთების ძლიერება“ (ფსალმუნი 94:4).
[სქოლიო]
a ემილ ლუდვიგის ნაწარმოების, The Nile, თანახმად, ძველი დროის ადგილობრივი მცხოვრებნი ვერ ხსნიდნენ მთებზე თოვლის არსებობას. ამიტომ სწამდათ, რომ „მთები მათ მთვარის შუქს აწვდიდა“.
[სურათები 25 გვერდზე]
1. რუვენზორს, ჩვეულებრივ, სქელი ღრუბლები ფარავს.
2. „წვიმის მომყვანის“ ხავსით დაფარულ ფერდობებზე ძლიერი წვიმები იცის.
3. გზაზე მრავალი სურნელოვანი ყვავილის ხილვა შეიძლება.