ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ მოვიქცე, თუ შეყვარებული შორს ცხოვრობს?
„ის-ის იყო, იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესის დელეგატების ჯგუფი სასტუმრომდე მივაცილე და სახლში წასვლას ვაპირებდი, რომ დელეგატების მეორე ჯგუფმა ჩამიარა. შევჩერდი მათთან სასაუბროდ და გავიცანი ოდეტი. იმავე კვირაში ისევ შევხვდით ერთმანეთს. გადავწყვიტეთ მიმოწერა გვქონოდა და ორიოდე წლის შემდეგ მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა“ (ტონი).
მსოფლიო „დაპატარავდა“. ბოლო ათწლეულებში სატელეფონო ქსელმა, სწრაფმა საფოსტო მომსახურებამ, ინტერნეტმა და შეღავათიან ფასებში თვითმფრინავით მგზავრობამ ახალი შესაძლებლობები მისცა შეყვარებულებს. ასობით და ათასობით კილომეტრით შორს შეყვარებულის ყოლა მიმზიდველი ჩანს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც შენს ქვეყანაში დაქორწინების შესაძლებლობა მცირეა.
ზოგი შეყვარებული წყვილისთვის შორიშორ ყოფნა სასარგებლო აღმოჩნდა. „თექვსმეტი წელია, რაც ბედნიერი წყვილი ვართ“, — ამბობს ტონი. ზოგის აზრით, შეყვარებულთა ასეთ ურთიერთობას ის უპირატესობა აქვს, რომ ერთმანეთს ეცნობიან ფიზიკური მიმზიდველობის დამაბრმავებელი ზეგავლენის გარეშე. მაგრამ, რაც უნდა იყოს უპირატესობა, ასეთ ურთიერთობას თავისებური პრობლემებიც აქვს.
ერთმანეთის გაცნობა
უმჯობესია, რაც შეიძლება მეტი გაიგო პიროვნებაზე, რომელზეც დაქორწინებას ფიქრობ. მაგრამ ფრანკი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გვეუბნება: «იოლი არაა გაიცნო ნამდვილი პიროვნება, „გულის დაფარული კაცი“ » (1 პეტრე 3:4). მეორე ქრისტიანი, დაგი, რომლის შეყვარებულიც მისგან შორს ცხოვრობდა, აღნიშნავს: „როცა წარსულს ვიხსენებ, ვხვდები, რომ ჩვენ ახლოს არ ვიცნობდით ერთმანეთს“.
შესაძლებელია თუ არა ნამდვილად ახლოს გაიცნო ადამიანი, რომელიც ასობით და ათასობით კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს? შესაძლებელია, მაგრამ დიდი ძალისხმევით. „არ გვქონდა იმდენი ფული, რომ ტელეფონზე გვესაუბრა, ასე რომ, კვირაში ერთხელ წერილს ვუგზავნიდით ერთმანეთს“, — ამბობს დაგი. ჯოანს და ფრანკს კი მიმოწერა არ აკმაყოფილებდათ. „თავიდან მიმოწერა გვქონდა და ზოგჯერ ტელეფონითაც ვსაუბრობდით, — ამბობს ჯოანი. — შემდეგ ფრანკმა პატარა მაგნიტოფონი გამომიგზავნა და ყოველკვირეულად ახალ ჩანაწერებს ვუგზავნიდით ერთმანეთს“.
ერთადერთი გზა გულწრფელობაა
რანაირადაც უნდა უკავშირდებოდეთ ერთმანეთს, უაღრესად მნიშვნელოვანია გულწრფელობა. „თუ იტყუები, ეს მომავალში გამჟღავნდება და ურთიერთობაზე მოახდენს გავლენას, — ამბობს ესთერი. — გულწრფელები იყავით ერთმანეთთან. გულწრფელი იყავი საკუთარ თავთან. თუკი რაღაცაში არ ეთანხმები, თვალს ნუ დახუჭავ და ესაუბრე“. პავლე მოციქული კარგ რჩევას იძლევა: „თვითოეულმა თქვენგანმა თავის მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფესელთა 4:25; შეადარე ებრაელთა 13:18).
რის შესახებ უნდა იმსჯელოთ აუცილებლად? ყველა წყვილმა უნდა იმსჯელოს ისეთ თემაზე, როგორიცაა: მიზნები, შვილები, ფინანსური საკითხები და ჯანმრთელობა. მაგრამ არსებობს ისეთი საკითხებიც, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება. მაგალითად, ქორწინების შემთხვევაში ერთ-ერთს ან ორივეს მოგიწევთ საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა. გსურს ან მზად ხარ საამისოდ როგორც გონებრივად, ისე ემოციურად? საიდან იცი? გიცხოვრია ოჯახისგან დამოუკიდებლად დიდი ხნით? ჯოანის მომავალ მეუღლეს სურდა, რომ ორივეს მოხალისეებად ემსახურათ ამ ჟურნალის გამომცემლების, საზოგადოება, „საგუშაგო კოშკის“ მთავარ სამმართველოში. „მან მკითხა, შევძლებდი თუ არა პატარა ოთახში მეცხოვრა და ცოტა ფული მქონოდა, — იხსენებს ჯოანი. — ჩვენ ამის შესახებ მთელი სერიოზულობით ვიმსჯელეთ“.
თუ შეყვარებული საზღვარგარეთ ცხოვრობს, მზად ხარ შეეთვისო სხვა კულტურას? „შეეგუეთ უკვე ერთიმეორის კულტურას? — კითხვას სვამს ფრანკი. — ურთიერთობის დაწყებისთანავე ისაუბრეთ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე. რაც უფრო მალე გაარკვევთ ყველაფერს, მით უკეთესია, სანამ ემოციურად და ფინანსურად მეტისმეტად დაიხარჯებით“. დიახ, სხვა კულტურის ხალხში ცხოვრება აბსოლუტურად განსხვავდება რამდენიმე დღით მათთან სტუმრობისგან. დაგჭირდება ახალი ენის სწავლა? შეძლებ შეეგუო ცხოვრებისეული პირობების დიდ სხვაობას? მეორე მხრივ, კულტურით უფრო მეტად ხომ არა ხარ აღტაცებული, ვიდრე თვითონ პიროვნებით? ადვილად შესაძლებელია, რომ ასეთი გატაცება დროთა განმავლობაში განელდეს. ქორწინების უღელი კი ორ ადამიანს მუდმივად ედება (მათე 19:6).
ტონი ამბობს: „ვიცნობდი გოგონას, რომელიც კარიბიის კუნძულებზე გათხოვდა. მაგრამ კუნძულზე ცხოვრება გაუჭირდა: ყოველთვის ცხელოდა და ავადაც გახდა; საჭმელი სხვანაირი იყო და ვერც მშობლების გარეშე ძლებდა. ამიტომ საცხოვრებლად მის სამშობლოში გადავიდნენ. მაგრამ ახლა მის მეუღლეს გაუჭირდა იქ ცხოვრება. ხედავდა საშინელ მატერიალიზმს და თან ოჯახის წევრებისა და ახლობლების სითბო ენატრებოდა. დღეს ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თავ-თავიანთ სამშობლოში. მათ ორ შვილს კი ორივე მშობლის სიყვარული და ყურადღება აკლია“.
სხვა კულტურის წარმომადგენელ ან შორს მცხოვრებ პიროვნებაზე დაქორწინება სხვა პრობლემებსაც წარმოშობს. მზად ხარ დაფარო დამატებითი მგზავრობისა და საკომუნიკაციო ხარჯები? ლიდია იხსენებს: „ფილი ხუმრობდა, რომ სატელეფონო გადასახადების სიძვირის გამო მალე უნდა დავქორწინებულიყავით, მაგრამ ახლა მაინც გვიწევს ბევრი ფულის გადახდა, რადგან დედასთან ხშირად ვსაუბრობ ტელეფონით!“ როგორ მოიქცევით, თუ შვილები გეყოლებათ? ზოგი ისე იზრდება, რომ ნათესავებზე თითქმის არაფერი იცის და ენის უცოდინარობის გამო ვერც ტელეფონზე საუბრობს მათთან! ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ასეთი პრობლემები გადაუჭრელია; მაგრამ ასეთ ქორწინებამდე ყველამ ყველაფერი წინასწარ უნდა გაითვალისწინოს (შეადარე ლუკა 14:28).
როგორია ის სინამდვილეში?
როგორ შეგიძლია გაიგო, შენი მეგობარი ნამდვილად გულღია და წრფელია თუ არა? „ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა“ (მათე 7:17). ასე რომ, როგორია მისი ‘ნაყოფი’? ამტკიცებს თუ არა საქმეებით თავის სიტყვებს? ჩანს მისი წარსული ცხოვრებიდან, რომ ნამდვილად ის მიზნები აქვს, რასაც ამბობს? „პირველი, რაც ერთმანეთის შესახებ გავარკვიეთ, სულიერ საქმეებთან დაკავშირებული მიზნები იყო, — ამბობს ესთერი. — ის რვა წელი სრული დროით მქადაგებელი იყო და ეს მმატებდა რწმენას, რომ მისი სიტყვები სრული დროით მსახურების გაგრძელებაზე გულიდან გამომდინარე იყო“.
მაგრამ დავუშვათ, რომ პიროვნება, რომელზეც სერიოზულად ფიქრობ, არაგულწრფელი ჩანს. თვალს ნუ დახუჭავ და ნუ იფიქრებ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ მოგვარდება. უფრო კარგად დაუკვირდი! იკითხე, რატომ? ერთ იგავში ნათქვამია: „კაცის გულის ზრახვები ღრმა წყალია, გონიერი კაცი იქიდან ხაპავს“ (იგავნი 20:5). „სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება,“ — გვაფრთხილებს მეორე იგავი (იგავნი 14:15).
პირისპირ
მაგრამ ტელეფონითა და მიმოწერით მაინც შეუძლებელია ყველაფრის გაგება. საინტერესო ფაქტია, რომ იოანე მოციქულმა არაერთი წერილი მისწერა თანაქრისტიან ძმებს და, მიუხედავად იმისა, რომ წერილებმა დიდი როლი შეასრულა მათი სიყვარულის გაძლიერებაში, ის სწერს მათ: „ბევრი რამ მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არა მსურს ქაღალდითა და მელნით, რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს“ (2 იოანე 12). მსგავსად ამისა, ვერაფერი შეედრება გვერდიგვერდ ყოფნას. შესაძლოა, ერთმანეთთან უფრო ახლოს ყოფნის მიზნით პრაქტიკული ყოფილიყო, ერთ-ერთ თქვენგანს საცხოვრებელი ადგილი დროებით შეეცვალა. ეს პიროვნებას საშუალებას აძლევს, მოსინჯოს იმ ქვეყნის კლიმატი და პირობები, სადაც შეიძლება მომავალში მოუწიოს ცხოვრება.
როგორ შეგიძლიათ საუკეთესოდ გამოიყენოთ ერთად ყოფნის დრო? გააკეთეთ ისეთი საქმეები, რომ ერთმანეთის თვისებები დაინახოთ. ერთად ისწავლეთ ღვთის სიტყვა. დააკვირდით ერთმანეთის მონაწილეობას კრების შეხვედრებზე და მსახურებაში. ერთად გააკეთეთ ყოველდღიური საოჯახო საქმეები, მაგალითად, მიალაგეთ სახლი და წადით მაღაზიაში. დაუკვირდი, როგორ მოქმედებს, როცა გადატვირთულია, ეს ბევრს დაგანახვებსa.
გარკვეული დრო უნდა დაეთმოს მის ნათესავებთან ყოფნასაც. ეცადე კარგი ურთიერთობა დაამყარო მათთან. სხვა თუ არაფერი, დაქორწინების შემთხვევაში ისინი შენი ოჯახის წევრები გახდებიან. იცნობ მათ? კარგად ეწყობი? ჯოანი გვირჩევს: „შესაძლებლობისდა მიხედვით, კარგი იქნებოდა ორივე ოჯახი შეხვედროდა ერთმანეთს“. ტონი აღნიშნავს: „რჩეული ისევე მოგექცევა, როგორც თავის ოჯახის წევრებს ექცევა“.
როგორც უნდა უკავშირდებოდეთ ერთმანეთს, წერილებითა თუ ტელეფონით, ან თუნდაც ხვდებოდეთ კიდეც ერთმანეთს, ნურასოდეს გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს (იგავნი 21:5). როცა აშკარაა, რომ თქვენი ქორწინება არ იქნება ბედნიერი, გონივრული იქნებოდა, ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გესაუბრათ (იგავნი 22:3). მეორე მხრივ, შესაძლებელია, მეტი დრო გჭირდებათ გულღია, წრფელი ურთიერთობისთვის.
რთულია, როდესაც შეყვარებული შორს გყავს, მაგრამ ეს შეიძლება კარგიც იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სერიოზული საკითხია და გამოყავით დრო, გაიცანით ერთმანეთი და, თუ გადაწყვეტთ ოჯახის შექმნას, ქორწინებამდელი პერიოდი თქვენთვის ძვირფასი იქნება და არა — სანანებელი.
[სქოლიო]
a ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — სასარგებლო რჩევები“, გვერდები 255—260 (რუს.).
[სურათი 22 გვერდზე]
თავიდანვე იმსჯელეთ ისეთ თემაზე, როგორიცაა: მიზნები, შვილები, ფინანსური საკითხები.