ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 21
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 107 ღმერთმა სიყვარულის მაგალითი მოგვცა
როგორ ავირჩიოთ ცხოვრების თანამგზავრი?
„ვინ იპოვის კარგ ცოლს? მარჯანზე ბევრად ძვირფასია იგი“ (ᲘᲒᲐᲕ. 31:10).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიაში განხილული ბიბლიური პრინციპები დაქორწინების მსურველთ დაეხმარება, სწორი არჩევანი გააკეთონ. განიხილება ისიც, თანაქრისტიანებს რისი გაკეთება შეუძლიათ მათ დასახმარებლად.
1, 2. ა) რა უნდა გაითვალისწინონ ქრისტიანებმა, სანამ ვინმესთან ურთიერთობას დაიწყებენ? ბ) რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში? (იხილეთ სქოლიო).
ᲓᲐᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲘᲡ სურვილი ბევრ ქრისტიანს აქვს მათი ასაკისდა მიუხედავად. თუმცა არა იმიტომ, რომ ცხოვრების თანამგზავრის გარეშე თავს ბედნიერად არ გრძნობენ. შეიძლება თქვენც ფიქრობთ დაქორწინებაზე. თუ ასეა, გახსოვდეთ, რომ ურთიერთობის დაწყებამდე ფინანსურად, სულიერად და ემოციურად მზად უნდა იყოთ ქორწინებისთვის. მომავალში ხომ თქვენი ბედნიერება, დიდწილად, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული (1 კორ. 7:36).a
2 შესაძლოა სურვილიც გაქვთ და მზადაც ხართ ამ ნაბიჯისთვის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ შესაფერისი ადამიანის პოვნა არცთუ ისე მარტივია (იგავ. 31:10). იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ ასეთი ადამიანი იპოვეთ, შესაძლოა მასთან ურთიერთობის დაწყება გიძნელდებათ.b ამ სტატიაში სწორედ ამ საკითხებს შევეხებით და იმაზეც ვისაუბრებთ, როგორ შეუძლიათ თანაქრისტიანებს მხარში ამოუდგნენ მათ, ვისაც დაქორწინება სურთ.
ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲒᲖᲐᲕᲠᲘᲡ ᲐᲠᲩᲔᲕᲐ
3. რაზე უნდა დაფიქრდეს ქრისტიანი ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას?
3 პირველ რიგში უნდა გაერკვეთ, როგორი ადამიანი გინდათ, გყავდეთ გვერდში. როგორ შეგიძლიათ ამის განსაზღვრა? ცხადია, ის ქრისტიანი უნდა იყოს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი კრიტერიუმი (1 კორ. 7:39). კარგი იქნება, შემდეგ კითხვებზე დაფიქრდეთ: რა მიზნები მაქვს ცხოვრებაში? როგორი თვისებები მინდა, ჰქონდეს ჩემს მომავალ მეუღლეს? არარეალისტური მოთხოვნები ხომ არ მაქვს? თუ კარგად არ დაფიქრდებით, შეიძლება არჩევანში შეცდეთ ან ვერც კი შენიშნოთ თქვენთვის შესაფერისი ადამიანი.
4. რაზე ლოცულობს ზოგი ქრისტიანი?
4 ცხადია, იეჰოვა დაუქორწინებლებს იმას არ ჰპირდება, რომ აუცილებლად იპოვიან მეუღლეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის სულერთია თქვენი სურვილები და გრძნობები. ამიტომ გული გადმოუღვარეთ მას (ფსალმ. 62:8; ფილ. 4:6). რამდენ ხანსაც არ უნდა მოგიწიოთ ლოდინი, გჯეროდეთ, რომ ის იზრუნებს თქვენს ფიზიკურ და ემოციურ მოთხოვნილებებზე (ფსალმ. 55:22). ისიც სთხოვეთ, რომ მოთმინების ძალა და სიბრძნე მოგცეთ (იაკ. 1:5). აი რაზე ლოცულობს ერთი ძმა ჯონიc, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს: „იეჰოვას ვეუბნები, როგორი თვისებები მინდა, ჰქონდეს ჩემს მომავალ მეუღლეს და ვთხოვ, ასეთი ადამიანი მაპოვნინოს. იმასაც ვთხოვ, ისეთი თვისებების განვითარებაში დამეხმაროს, რომლებიც ოჯახში გამომადგება“. ერთი შრი-ლანკელი და, ტანია, კი ამბობს: „იეჰოვას ვთხოვ, რომ სანამ ჩემთვის სასურველი ადამიანი გამოჩნდება, დამეხმაროს, მისი ერთგული დავრჩე და ბედნიერი ვიყო“.
5. რისი შესაძლებლობა ეძლევათ დაუქორწინებლებს? (1 კორინთელები 15:58; იხილეთ აგრეთვე სურათი).
5 ბიბლია ყველა ქრისტიანს მოუწოდებს, ბევრი იშრომოს უფლისთვის (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:58). ამ რჩევის გათვალისწინება დაუქორწინებლებს იმის შესაძლებლობასაც აძლევს, რომ ღვთის ერთგული და-ძმები გაიცნონ, რაც შესაფერისი ადამიანის პოვნას გაუადვილებთ. თანაც ნამდვილ სიხარულსაც იგრძნობენ და თანაქრისტიანებთან სასიამოვნო ურთიერთობითაც გაიხარებენ.
თუ იეჰოვას მსახურებაში აქტიურად იქნებით ჩაბმული, ბევრ და-ძმას გაიცნობთ და შეიძლება შესაფერის ადამიანსაც შეხვდეთ (იხილეთ აბზაცი 5).
6. რა უნდა ახსოვდეთ დაუქორწინებლებს?
6 არის ერთი რამ, რაც არასდროს უნდა დაგავიწყდეთ: ნამდვილი ბედნიერება დამოკიდებულია იეჰოვასთან ურთიერთობაზე და არა თქვენს ოჯახურ მდგომარეობაზე (მათ. 5:3). ამიტომ ცხოვრებაში თქვენი მთავარი ამოცანა მეორე ნახევრის პოვნა არ უნდა გახდეს (ფილ. 1:10). პირიქით, ეცადეთ, მეტად ჩაებათ მსახურებაში. დაუქორწინებლობა ხომ, როგორც წესი, ადამიანს ამის კარგ შესაძლებლობას აძლევს (1 კორ. 7:32, 33). შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი და, ჯესიკა, რომელმაც დაახლოებით 40 წლის ასაკში იქორწინა, აღნიშნავს: „დაოჯახება ყოველთვის მინდოდა, მაგრამ სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, აქტიურად ვმსახურობდი და ძალიან ბედნიერიც ვიყავი“.
ᲙᲐᲠᲒᲐᲓ ᲓᲐᲐᲙᲕᲘᲠᲓᲘᲗ
7. რატომ არის დაკვირვების ეტაპი მნიშვნელოვანი? (იგავები 13:16).
7 Როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის შესაფერისი ადამიანი გაიცანით? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ გონიერი ადამიანი სანამ რამეს გააკეთებს, ჯერ საჭირო ინფორმაციას Მოაგროვებს და ყველაფერს კარგად აწონ-დაწონის (წაიკითხეთ იგავების 13:16). ეცადეთ, თქვენც ასე მოიქცეთ და, ვიდრე ამ ადამიანს თქვენს სურვილს გაანდობთ, კარგად დააკვირდეთ, გიღირთ კი საერთოდ მასთან ურთიერთობის დაწყება. ერთი ძმა ეშვინი, რომელიც ნიდერლანდებში ცხოვრობს, აღნიშნავს: „ვინც დღეს მოგწონს, შეიძლება ხვალ აღარ მოგეწონოს. ამიტომ აჯობებს, კარგად დააკვირდე და ემოციებით არ მიიღო გადაწყვეტილება“.
8. როგორ უნდა დააკვირდეთ ადამიანს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
8 დაკვირვების პროცესში სიფრთხილე გმართებთ, რათა ადამიანს უხერხულად არ აგრძნობინოთ თავი და არ დაურღვიოთ პირადი სივრცე. დააკვირდით, ვისთან მეგობრობს, რაზე საუბრობს, როგორ იქცევა, რა მიზნები აქვს და დაფიქრდით, ემთხვევა თუ არა თქვენი მიზნები (ლუკ. 6:45). ასე უფრო ადვილად მიხვდებით, რა ტიპის ადამიანთან გაქვთ საქმე და როგორია მისი სულიერი მდგომარეობა. დააკვირდით, როგორ იქცევა ეს ადამიანი კრების შეხვედრებზე თუ მეგობრულ შეკრებებზე. მისი თვისებებისა და რეპუტაციის უკეთ გასარკვევად შეგიძლიათ მისი კრების უხუცესებს ან მასთან დაახლოებულ სხვა მოწიფულ ქრისტიანებს დაელაპარაკოთ (იგავ. 20:18; რუთ. 2:11). ასეთი დაკვირვების შედეგად საჭირო ინფორმაციასაც მიიღებთ ადამიანზე და საზღვრებსაც არ გადახვალთ.
სანამ ინიციატივას გამოიჩენთ, რაღაც დროის მანძილზე კარგად დააკვირდით მას (იხილეთ აბზაცები 7, 8).
9. რაში უნდა იყოთ დარწმუნებული, სანამ ურთიერთობას დაიწყებთ?
9 რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს დაკვირვების პროცესი? მარტივად რომ ვთქვათ, არც ძალიან ცოტა ხანს და არც ძალიან დიდხანს. ეს იმიტომ რომ, თუ აჩქარდებით, შეიძლება წინდაუხედავი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ (იგავ. 29:20). მაგრამ თუ ძალიან გააჯანჯლებთ, მეორე მხარე კი შენიშნავს თქვენს ინტერესს, შეიძლება ჩამოუყალიბებელ ადამიანად ჩაგთვალოთ (ეკლ. 11:4). გახსოვდეთ, ამ ეტაპზე აუცილებელი არაა, დარწმუნებული იყოთ, რომ ნამდვილად იქორწინებთ მასზე. მაგრამ იმაში კი ზუსტად უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ქორწინებისთვის მზად ხართ, და ეს ადამიანიც თქვენი შესაფერისია.
10. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გრძნობთ, რომ ვინმეს თქვენ მიმართ სიმპათიები გაუჩნდა, მაგრამ ეს გრძნობა ორმხრივი არაა?
10 თუ გრძნობთ, რომ ვინმეს სიმპათიები გაუჩნდა თქვენ მიმართ, მაგრამ თქვენ არ გსურთ მასთან ურთიერთობა, შეეცადეთ, თქვენი საქციელით ეს ნათლად დაანახვოთ. სხვა შემთხვევაში ისე გამოვა, რომ ცრუ იმედებს მისცემთ ადამიანს და მის გრძნობებზე ითამაშებთ (1 კორ. 10:24; ეფეს. 4:25).
11. რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ თქვენს კულტურაში მისაღებია გარიგება?
11 ზოგ კულტურაში მიღებულია, რომ მშობლებმა, მეგობრებმა ან სხვა უფროსი ასაკის ადამიანებმა შეურჩიონ დაუქორწინებლებს მომავალი მეუღლე და შემდეგ ერთმანეთს გააცნონ. თუ თქვენც გთხოვენ მსგავსი რამის გაკეთებას, შეეცადეთ, ორივე მხარის შეხედულებები და საჭიროებები გაითვალისწინოთ. ხოლო, თუ ფიქრობთ, რომ შესაფერისი ადამიანი იპოვეთ, დააკვირდით, რამდენად მოწიფულია სულიერად და როგორი თვისებები აქვს. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლება თუ მატერიალური და სოციალური მდგომარეობა. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება თავად წყვილმა უნდა მიიღოს (გალ. 6:5).
ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲓᲐᲬᲧᲔᲑᲐ
12. როგორ შეგიძლიათ ურთიერთობის დაწყება?
12 როგორ შეგიძლიათ ურთიერთობის დაწყება?d თუ ვინმესთან ურთიერთობის დაწყების სურვილი გაქვთ, კარგი იქნება, პირადად დაელაპარაკოთ მას, იქნება ეს საჯარო სივრცეში თუ ტელეფონით. ამ დროს სათქმელი პირდაპირ უნდა უთხრათ, რათა მისთვის ნათელი იყოს, რომ ურთიერთობის დაწყება გსურთ (1 კორ. 14:9). საჭიროების შემთხვევაში დრო მიეცით მოსაფიქრებლად, ხოლო თუ არ მოუნდება თქვენთან ურთიერთობის დაწყება, პატივი ეცით მის გადაწყვეტილებას (იგავ. 15:28).
13. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ვინმე ურთიერთობას გთავაზობთ? (კოლოსელები 4:6).
13 თუ ვინმემ ურთიერთობა შემოგთავაზათ, გაითვალისწინეთ, რომ ეს მისი მხრიდან გაბედულებას მოითხოვდა, ამიტომ პატივისცემით და რბილად ესაუბრეთ (წაიკითხეთ კოლოსელების 4:6). ასე მოიქეცით იმ შემთხვევაშიც, თუ არ გსურთ ურთიერთობის დაწყება. თუმცა თქვენი უარი ნათლად დააფიქსირეთ. აი როგორ მოიქცა ერთი ავსტრიელი ძმა ჰანსი, როცა მას ერთმა დამ ურთიერთობა შესთავაზა: „მასთან ურთიერთობის დაწყება არ მსურდა და არც ფუჭი იმედების მიცემა მინდოდა მისთვის. ამიტომ პირდაპირ ვუთხარი სათქმელი, თუმცა ტაქტიანად. ამის შემდეგ სიფრთხილეს ვიჩენდი მასთან ურთიერთობაში, რომ რამე არ ეფიქრა“. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დრო გჭირდებოდეთ მოსაფიქრებლად. თუმცა შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე უთხრათ პასუხი (იგავ. 13:12). თუ დათანხმდებით ურთიერთობაზე, იმაზეც ისაუბრეთ, რას როგორ გააკეთებთ გაცნობის პერიოდში, რადგან კულტურისა თუ სხვა მიზეზების გამო შეიძლება განსხვავებული მოლოდინები გქონდეთ.
ᲓᲐᲐᲤᲐᲡᲔᲗ ᲓᲐᲣᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲚᲔᲑᲘ
14. რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდის რას ვამბობთ?
14 ერთ-ერთი მხარე, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, ისაა, თუ რას ვეუბნებით მათ, ვისაც დაოჯახება სურს (ეფეს. 4:29). მაგალითად, უტაქტოდ ხომ არ ვეხუმრები მათ? ხომ არ ვასკვნი, რომ თუ დაუქორწინებელი ძმა დაუქორწინებელ დას ესაუბრება, ერთმანეთი მოსწონთ? ან ისეთ რამეს ხომ არ ვეუბნები, რაც აფიქრებინებთ, რომ დაუქორწინებლობის გამო შეუმდგარი ადამიანები არიან? (1 ტიმ. 5:13). ზემოხსენებული ჰანსი აღნიშნავს: „ზოგი ძმა მეუბნება, რაღას უყურებ, დაქორწინდი, პატარა ბიჭი აღარ ხარო. ასეთი რეპლიკები დაუქორწინებლებს აფიქრებინებს, რომ სათანადოდ არ აფასებენ და აუცილებლად უნდა დაქორწინდნენ“. მოდი ვეცადოთ, არასდროს ვაგრძნობინოთ უხერხულად თავი დაუქორწინებლებს, პირიქით, ყოველთვის შევაქოთ ისინი (1 თეს. 5:11).
15. ა) რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ დაუქორწინებლებს ერთმანეთს გააცნობთ? (რომაელები 15:2; იხილეთ აგრეთვე სურათი). ბ) რა გასწავლათ ვიდეომ?
15 შეიძლება ზოგჯერ იფიქროთ, რომ ვიღაცა ვიღაცას შეეფერება. თუმცა გვაძლევს ეს იმის უფლებას, რომ ჩავერიოთ მათ საქმეში? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სხვების გრძნობები (წაიკითხეთ რომაელების 15:2). ზოგს საერთოდ არ უნდა, რომ ვინმე დაეხმაროს მეორე ნახევრის პოვნაში. ამიტომ, თუ დახმარებას არ გვთხოვენ, არ გვაქვს უფლება, ჩავერიოთ ვინმეს საქმეში (2 თეს. 3:11).e ზოგიც შეიძლება არ იყოს უარზე, რომ ვინმე გააცნონ, თუმცა არ უნდოდეს, ამას ოფიციალური სახე ჰქონდეს (იგავ. 3:27). გერმანიაში მცხოვრები ერთი დაუქორწინებელი და, ლიდია, აღნიშნავს: „შეგიძლია დაც და ძმაც მეგობრულ შეკრებაზე დაპატიჟო, სადაც ბევრი ხალხი იქნება. ეს მათ ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს, დანარჩენს კი თავად გადაწყვეტენ“.
მეგობრული შეკრებები, სადაც ბევრი ხალხია, ქალსა და მამაკაცს ერთმანეთის გაცნობის კარგ შესაძლებლობას აძლევს (იხილეთ აბზაცი 15).
16. რა უნდა ახსოვდეთ დაუქორწინებლებს?
16 ნამდვილი ბედნიერება დაქორწინებაზე ან დაუქორწინებლობაზე კი არა, იეჰოვას მსახურებაზეა დამოკიდებული (ფსალმ. 128:1). ამიტომ, თუ ჯერ ვერ იპოვეთ მეორე ნახევარი, ეცადეთ, მთელი ყურადღება მსახურებაზე გადაიტანოთ. მაკაოში მცხოვრები ერთი და, სახელად სინი, ამბობს: „ახალ ქვეყნიერებაში დაქორწინებულები მარადიულად ერთად იქნებიან. ამის ფონზე დაუქორწინებლობა ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მოკლე პერიოდია. ამიტომ დააფასეთ ეს დრო და გონივრულად გამოიყენეთ ის“. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უკვე დაწყებული გაქვთ ვინმესთან ურთიერთობა? მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, რა დაგეხმარებათ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 137 ერთგული ქალები, ქრისტიანი დები
a ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ვებგვერდზე jw.org იხილეთ სტატია „პაემანი — ნაწილი 1: ადრე ხომ არ არის ჩემთვის პაემანზე სიარული?“.
b გაცნობის პერიოდის მიზანია, ქალმა და მამაკაცმა განსაზღვრონ, რამდენად შეეფერებიან ერთმანეთს. თავიდან მათ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ერთმანეთის გაცნობა უნდათ დაქორწინების მიზნით. გაცნობის პერიოდი მაშინ სრულდება, როცა წყვილი გადაწყვეტს, იქორწინონ თუ დაასრულონ ეს ურთიერთობა.
c ზოგი სახელი შეცვლილია.
d ზოგ ქვეყანაში, ჩვეულებრივ, ძმა სთავაზობს დას ურთიერთობის დაწყებას. თუმცა აბსოლუტურად მისაღებია, თუ პირველ ნაბიჯს და გადადგამს (რუთ. 3:1—13). ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 2004 წლის 8 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“, სტატია „ახალგაზრდების შეკითხვები . . . როგორ გავუმხილო მას ჩემი გრძნობები?“.
e ვებგვერდზე jw.org უყურეთ ვიდეოს „რწმენისთვის ღირსეულად მებრძოლნი — ვინც დაუქორწინებლები არიან“.