ჩათესილმა მარცვალმა წლების შემდეგ გამოიღო ნაყოფი
ქვემოთ მოყვანილი წერილის ავტორი გამოეხმაურა 1999 წლის 8 იანვრის ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ სტატიას, „შვიდი ვაჟიშვილის აღზრდასთან დაკავშირებული სირთულეები და კურთხევები“:
ძვირფასო ძმაო და დაო დიკმანებო!
ახლახან დავამთავრე თქვენი ისტორიის წაკითხვა და გადავწყვიტე წერილი მომეწერა თქვენთვის. მე თქვენი ოჯახი მისისიპიში წლების წინ გავიცანი (1960—1961). სკოლაში თქვენს ვაჟებთან ერთად ვსწავლობდი; ძალიან ხშირად თქვენს სახლშიც მოვსულვარ და ბიჭებთან ერთან მითამაშია. მაგრამ ყველაზე მეტად სხვა რამ დამამახსოვრდა. თუმცა ბავშვები ვიყავით, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ბიჭები თავიანთი ქრისტიანული სინდისის თანახმად, სკოლაში დროშას სალამს არ აძლევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გრანდვიუს ბაპტისტების ეკლესიის წევრი ვიყავი, როცა თქვენმა ერთ-ერთმა შვილმა ამიხსნა თავისი მრწამსი, ჩემთვის ნათელი გახდა მისი სიტყვების ჭეშმარიტება.
ზუსტად არ მახსოვს წიგნი „დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“a ბიჭებიდან ერთ-ერთმა მომიტანა თუ მე მოვიპარე, მაგრამ მახსოვს, რომ თავიდან ბოლომდე წავიკითხე. იმ პერიოდში ეს პუბლიკაცია ჩემთვის მხოლოდ მშვენიერი მოთხრობების კრებული იყო. ვერ ვაანალიზებდი, რომ იმ დროს ჩემში ჭეშმარიტების მარცვალი ჩაითესა, რომელიც წლების მანძილზე უნდა გაღვივებულიყო.
1964 წელს ჩვენი ოჯახი ჩრდილოეთში გადავიდა საცხოვრებლად. მე მივატოვე ეკლესიაში სიარული. რელიგიურმა პირმოთნეობამ გული გამიტეხა, ამიტომ წლების განმავლობაში რელიგიასთან კავშირის სურვილიც კი აღარ მქონდა.
რამდენიმე წლის შემდეგ სერიოზულად დავიწყე ფიქრი სიცოცხლის აზრის შესახებ; ვგრძნობდი, რომ შემოქმედთან ურთიერთობა მსურდა, მაგრამ ყოველგვარი რელიგიური პირმოთნეობის გარეშე. წლების წინ ჩათესილმა ჭეშმარიტების მარცვალმა ზრდა დაიწყო, რასაც ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი.
მოსვენებას არ მაძლევდა იმაზე ფიქრი, რომ ზეცაში ცხოვრება არ მსურდა; მე აქ, დედამიწაზე, მინდოდა დარჩენა. ვხედავდი, რომ ჩვენი პლანეტა საოცრად ლამაზად იყო შექმნილი; მაშ, რატომ უნდა გაენადგურებინა ის ღმერთს? ამასთანავე, არ მივიჩნევდი იესოს ღმერთად, რადგან ამ შემთხვევაში მის მიერ გაღებული მსხვერპლი ყალბი აღმოჩნდებოდა. ეს აზრები, გრძნობები და რწმენა, თუ შეიძლება ამას რწმენა ეწოდოს, არ უკავშირდებოდა იმას, რაც ბაპტისტების ეკლესიაში ვისწავლე. ამიტომ დავიწყე მთელი გულით ლოცვა და იეჰოვაც სწრაფად გამომეხმაურა. სულ რაღაც ორ დღეში იეჰოვას მოწმეები მესტუმრნენ და დაუყოვნებლივ დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა. თუმცა, თქვენი ოჯახის გარდა იეჰოვას მოწმეებთან კონტაქტი არ მქონია, ყოველთვის პატივს ვცემდი თქვენს შვილებს და ვაფასებდი იმის გამო, რომ გაბედულად ინარჩუნებდნენ თავიანთ სწორ პოზიციას. შესწავლის დაწყებისა და შემეცნებაში ზრდისთანავე ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა, წელიწად-ნახევარში ჩემი ცხოვრება მოწესრიგდა. საბოლოოდ, 1975 წელს მოვინათლე.
როცა კი ვმსჯელობდით, ჩვენგან დამოუკიდებლად რაზე შეიძლება მეტყველებდეს ჩვენი ქცევა, მაშინვე თქვენი ოჯახი მახსენდებოდა. როდესაც ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სამეფოს მეტი თესლი ვთესოთ, რადგან ყოველთვის არ ვიცით, სად ან როდის გაიდგამს ის ფესვებს, ჩემი შემთხვევა მახსენდებოდა; პირადი გამოცდილებიდან ვიცოდი, რომ ეს ჭეშმარიტება იყო.
მსურს, მადლობა მოგიხადოთ, რომ იეჰოვას ხალხს შორის იმყოფებით და უწინდელივით ერთგულად იცავთ თქვენს რწმენას. თქვენგან გაუთვითცნობიერებლად დაეხმარეთ ვიღაცას ჭეშმარიტების პოვნაში. თქვენი და თქვენი შვილების საქციელი და რწმენა ჭეშმარიტებას ირეკლავს. მეგონა, ვერაფერს გავიგებდი თქვენს შესახებ და ვერასდროს გამოვხატავდი თქვენდამი მადლიერებას. უღრმესი მადლობა.
დიდი ქრისტიანული სიყვარულით
ლ. ო.
[სქოლიო]
a გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ, 1958 წელი; ამჟამად აღარ გამოიცემა.