გაკვეთილი 17
შესაფერისი დასკვნა და დროის განაწილება
1–3. როგორ შეგიძლია დასკვნის დაკავშირება მოხსენების თემასთან?
1 ხშირად ჯერ ბოლოს ნათქვამი სიტყვები ახსენდებათ. ამიტომ მოხსენების დასკვნა გულმოდგინე მომზადებას საჭიროებს. მასში მთავარი აზრები, რომლებიც გინდა, რომ დაიმახსოვრონ, გამოკვეთილი უნდა იყოს და საბოლოოდ ხსნიდეს თემას. საბოლოო ჯამში, დასკვნა ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული და წარმოთქმული, რომ მსმენელი მოქმედებისკენ აღძრას. ამიტომ დაბეჯითებით გირჩევთ, ყურადღება მიაქციო ამას, როცა მუშაობა მოგიწევს რჩევების ბლანკიდან შემდეგ პუნქტზე: „დასკვნა შესაფერისია, ეფექტურია“.
2 დასკვნა მოხსენების თემასთან უშუალო კავშირშია. იმისათვის, რომ გაიგო, თუ როგორ დაუკავშირო მოხსენების დასკვნა თემას, გირჩევთ, გადახედო მე-8 გაკვეთილს. ზოგი მოწაფე, განსაკუთრებით კი ახლები, შეიძლება ფიქრობს, რომ დასკვნაში საჭიროა მოხსენების თემის ხელახლა ვრცლად ჩამოყალიბება, მაგრამ დასკვნა თემაზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას. შემდეგ, თემიდან გამომდინარე აჩვენე, თუ რის გაკეთება შეუძლია მსმენელს.
3 თუ დასკვნა უშუალოდ არ უკავშირდება თემას, ის ვერ დაასრულებს და ვერ შეკრავს მთელ მასალას. მაშინაც კი, როცა მარტივ დასკვნას აკეთებ, რომელშიც მხოლოდ მთავარი პუნქტებია ჩამოთვლილი, ეჭვგარეშეა, დაამატებ ერთ-ორ წინადადებას, რითაც მოხსენების თემას ანუ ძირითად აზრს გადმოსცემ.
4–9. რატომ უნდა აჩვენებდეს შენი დასკვნა მსმენელს, თუ რა აკეთოს?
4 დასკვნა მსმენელს აჩვენებს, თუ რა აკეთოს. რადგან, ჩვეულებრივ, შენი საუბრის მიზანია, მსმენელი გარკვეული მოქმედებისკენ აღძრა ან გარკვეულ თვალსაზრისში დაარწმუნო, რასაკვირველია, მოხსენების დასკვნითი აზრები ამას ნათელს უნდა ჰფენდეს. ამიტომ დასკვნის ძირითადი დანიშნულებაა, მსმენელს აჩვენოს, თუ რა აკეთოს და წაახალისოს ამის გაკეთებისკენ.
5 ამიტომ დასკვნამ მხოლოდ ნათელი კი არ უნდა მოჰფინოს შენი მოხსენების მიზანს, არამედ უნდა იყოს სერიოზული, დამაჯერებელი და მოქმედებისკენ აღმძვრელი. ხშირ შემთხვევაში მოკლე წინადადებები ძალას ჰმატებს დასკვნას. მაგრამ წინადადების სტრუქტურის გარდა, გარკვეული მოქმედებისთვის საჭიროა მტკიცე საფუძველი, იმ სარგებლობის ჩათვლით, რომელიც ასეთნაირად მოქმედებას მოაქვს.
6 დასკვნა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს მოხსენებიდან. ამგვარად, დასკვნაში ნათქვამი სიტყვები მსმენელს მოხსენების ძირითად ნაწილში ნათქვამის თანახმად მოქმედებისკენ აღძრავს. შენმა დასკვნამ ნათელი უნდა მოჰფინოს და ხაზი გაუსვას იმას, თუ რა უნდა გააკეთოს მსმენელმა, რათა მოხსენებაში განხილულის შესაბამისად იმოქმედოს, რისკენაც ის შენი დასკვნის დამაჯერებლობამ უნდა აღძრას.
7 კარდაკარ მსახურებისას ხშირად არ კეთდება კარგი დასკვნები. მობინადრეს ბოლომდე ვერ აჩვენებენ, თუ რას მოელიან მისგან: რომელიმე პუბლიკაციის აღებას, განმეორებით მონახულებაზე დათანხმებას თუ სხვა მსგავს რამეს.
8 სკოლაში მიცემული დავალებების შესრულებისას გაკეთებული დასკვნებიც არ იქნება დამაჯერებელი, თუ ისინი უბრალოდ მთელ მასალას აჯამებს, მაგრამ მსმენელს მოქმედებისკენ არ აღძრავს. მსმენელმა უნდა დაინახოს მასალის პრაქტიკული ღირებულება და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა.
9 ზოგი მომხსენებლის აზრით, ძალიან კარგია ბიბლიურ თემაზე გაკეთებული მოხსენებისთვის მოკლე, შემაჯამებელი დასკვნის გაკეთება წამყვანი მუხლისა და მოხსენების თემის საფუძველზე. რამდენიმე მუხლის საშუალებით მოხსენების მოკლედ გადმოცემით, როგორც ამას კარდაკარ მსახურებისას გააკეთებდი, არა მარტო მოხსენების მიზანს გახდი ნათელს, არამედ მსმენელს საშუალებას მისცემ, მოხსენებიდან სარგებლობა მიიღოს და გაიხსენოს მოხსენების მნიშვნელოვანი პუნქტები. ეს არის დასკვნის პირდაპირი დანიშნულება და ეს მეთოდი არა მარტო სათანადოა, არამედ ამ მიზნის მიღწევის ეფექტური საშუალებაც.
-•-◂▸-•-
10–14. მოიყვანე რჩევები დასკვნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
10 დასკვნა შესაფერი ხანგრძლივობისაა. დასკვნის ხანგრძლივობის დადგენა არ უნდა ხდებოდეს საათის მიხედვით, თუმცა ეს ხშირად ხდება. დასკვნა სათანადო ხანგრძლივობისაა, თუ ის ეფექტურია და მიზანს აღწევს. ამიტომ მისი ხანგრძლივობის შესაბამისობა შედეგებით უნდა განისაზღვრებოდეს. სწორედ ამას გააკეთებს რჩევების მიმცემი, როცა იმუშავებ რჩევების ბლანკიდან პუნქტზე „დასკვნა შესაფერი ხანგრძლივობისაა“.
11 დასკვნის ხანგრძლივობის თემის ძირითადი ნაწილის ხანგრძლივობასთან შესადარებლად, ყურადღება მიაქციე მთელი ეკლესიასტეს წიგნის მოკლე დასკვნას, რომელიც მოცემულია ეკლესიასტეს 12:13, 14-ში, და შეადარე ის მთაზე იესოს ქადაგებასა და მის მიერ გაკეთებულ დასკვნას, რომელიც მოცემულია მათეს 7:24–27-ში. აქ მოცემულია ორი სხვადასხვა ხანგრძლივობის დასკვნა, მაგრამ ორივე თავის მიზანს აღწევს.
12 დასკვნა მოულოდნელად არ უნდა დაატყდეს თავს მსმენელს. წარმოთქმული სიტყვების მხოლოდ შინაარსი კი არ უნდა მიანიშნებდეს თვალნათლივ მოხსენების დასასრულზე, არამედ ხმის ტონიც დამთავრების მიმანიშნებელი უნდა იყოს. რაც არ უნდა თქვა და როგორც არ უნდა თქვა, ეს შენს საუბარს უნდა ამთავრებდეს. ის არ უნდა იყოს ძალიან გრძელი. თუ დასკვნის საშუალებით მოხსენებას ვერ კრავ და ვერ ინარჩუნებ გამოვლენილ ინტერესს მისი წარმოთქმის განმავლობაში, მასზე ხელახლა მუშაობაა საჭირო. ის ძალიან გრძელია.
13 თუ დამწყები მომხსენებელი ხარ, ხშირად საუკეთესოა, დასკვნა უფრო მოკლე გააკეთო, ვიდრე გგონია, რომ საჭიროა. ის მარტივი, უშუალო და დასრულებული უნდა იყოს. უსასრულოდ ნუ გააგრძელებ მას.
14 თუ მოხსენებათა სერიიდან წარმოთქვამ ერთ-ერთ მოხსენებას, ან თუ სამსახურებრივ შეხვედრაზე გამოდიხარ, შენი დასკვნა მომდევნო მოხსენების შესავალთან იქნება დაკავშირებული და ამიტომ შეიძლება შედარებით მოკლე იყოს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ნაწილს უნდა ჰქონდეს დასკვნა, რომელიც მოხსენების მიზნის მიღწევას ემსახურება. თუ ეს ასეა, დასკვნა სათანადო ხანგრძლივობისაა.
-•-◂▸-•-
15–18. რა შედეგი მოჰყვება დროის გულმოდგინედ განაწილების უგულებელყოფას?
15 დროის განაწილება. მოხსენებაში მხოლოდ დასკვნის ხანგრძლივობა არ არის მნიშვნელოვანი; ყურადღებას იმსახურებს დროის განაწილება მოხსენების ყოველი ნაწილისთვის. ამიტომ რჩევების ბლანკზე ის მოცემულია როგორც „დროის განაწილება“.
16 არ უნდა შევამციროთ დროის სათანადოდ განაწილების მნიშვნელობა. კარგად მომზადებულ მოხსენებაში დროც სათანადოდ იქნება განაწილებული, მაგრამ, თუ მომხსენებელი ცდილობს, მთელი მასალა გადმოსცეს და ამის გამო დროს აჭარბებს ის, ფაქტიურად, მიზანს ვერ აღწევს. ამიტომ აუდიტორიაში ზოგი იწყებს წრიალს, საათს უყურებს და, სინამდვილეში, არ ისმენს. დასკვნა, რომელშიც უნდა იყოს მიმართვა და გარკვეული მოქმედებისკენ მოწოდება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მოხსენების მიზნის მისაღწევად, დაიკარგება. თუ ის წარმოდგენილია კიდეც, უმეტეს შემთხვევაში, მსმენელი ვერ მიიღებს იქიდან სარგებლობას, ვინაიდან მომხსენებელმა დროს გადააჭარბა.
17 დროის გადაჭარბებისას არა მარტო მსმენელი გრძნობს მოუსვენრობას, არამედ მომხსენებელიც. როდესაც ის ხედავს, რომ დრო იწურება, ხოლო მას ჯერ კიდევ ბევრი მასალა აქვს გადმოსაცემი, ცდილობს სწრაფად წარმოთქმას, რაც მასალას ეფექტურობას უკარგავს. ეს ხშირად სიმშვიდის დაკარგვის მიზეზია. მეორე მხრივ, თუ მომხსენებელი ხედავს, რომ მასალა არ ყოფნის, რათა შეავსოს დარჩენილი დიდი დრო, ცდილობს გაწელოს მოხსენება, რითაც ის შეიძლება უთავბოლო და არეულ-დარეული გამოუვიდეს.
18 მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ზედამხედველი მოწაფეს ანიშნებს დროის დასრულებაზე, მოხსენების გაწყვეტა არასასიამოვნოა როგორც მოწაფისთვის, ისე აუდიტორიისთვის. მომხსენებელი დაინტერესებული უნდა იყოს მასალით და სურდეს მისი ბოლომდე წარდგენა. მსმენელი დასკვნის მოსმენის გარეშე გაურკვევლობაში დარჩება. მომხსენებელი, რომელიც გამუდმებით აჭარბებს დროს, სხვებისადმი უყურადღებობას ან მოუმზადებლობას ავლენს.
19, 20. რატომ არის დროის განაწილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამსახურებრივ შეხვედრებსა და კონგრესის პროგრამებში?
19 როდესაც პროგრამაში რამდენიმე მომხსენებელი ღებულობს მონაწილეობას, დროის სწორად განაწილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგალითად, დავუშვათ, რომ სამსახურებრივი შეხვედრა ხუთი ნაწილისგან შედგება. თუ ყოველი მომხსენებელი დადგენილ დროს მხოლოდ 1 წუთით გადააჭარბებდა, ეს შეხვედრას 5 წუთით გააგრძელებდა, თუმცა თითოეულმა ცოტათი გადააჭარბა დადგენილ დროს. შედეგი კი შეიძლება ის იყოს, რომ ზოგი დამთავრებამდე ტოვებს კრებას, რათა ავტობუსზე არ დააგვიანდეს, ან ეს გააღიზიანებს ურწმუნო მეუღლეს, რომელმაც კრებაზე გამოუარა და ელოდება. ეს არ დატოვებდა კარგ შთაბეჭდილებას.
20 სიძნელეები შეიძლება წამოიჭრას მაშინაც, როცა მოხსენებათა სერიიდან ერთ-ერთი მომხსენებელი დროზე ადრე ამთავრებს გამოსვლას. მაგალითად, თუ ძმა, რომელსაც კონგრესის პროგრამაში მოხსენებისთვის გამოყოფილი აქვს ნახევარი საათი, ოც წუთში ამთავრებს მას, ხოლო მომდევნო მომხსენებელი ჯერ არ არის მზად გამოსასვლელად, ამან შეიძლება პროგრამის ჩავარდნა გამოიწვიოს.
21–24. მოკლედ აღწერე დროის განაწილებასთან და მათ მიზეზებთან დაკავშირებული რამდენიმე სირთულე.
21 რასაკვირველია, დროის გადაჭარბების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მოხსენებაში ძალიან ბევრი მასალის ჩართვაა. მოხსენების მომზადების პერიოდში ეს უნდა შესწორდეს. თუ რჩევების ბლანკზე ამ პუნქტამდე მოცემული პუნქტები კარგად არის დამუშავებული, დროის განაწილება დიდი პრობლემა არ იქნება. თუ უკვე ნასწავლი გაქვს, როგორ გამოყო მთავარი საკითხები და შეადგინო სათანადო გეგმა, ნახავ, რომ დროც თავისთავად კარგად განაწილდება. დროის განაწილება რჩევების ბლანკის თითქმის ბოლოში იმიტომ არის მოცემული, რომ ის დიდად არის დამოკიდებული იმ პუნქტებზე, რომლებიც მასზე ადრე იყო განხილული.
22 საერთოდ, დროის განაწილებაში პრობლემას გადაჭარბება წარმოადგენს. კარგად მომზადებულ მომხსენებელს, ჩვეულებრივ, ბევრი შინაარსიანი მასალა აქვს, მაგრამ მან სიფრთხილე უნდა გამოავლინოს, რომ არ გამოიყენოს იმაზე მეტი, რამდენის შესაძლებლობასაც დრო აძლევს.
23 მაგრამ ახალი ან გამოუცდელი მომხსენებლები ზოგჯერ ძალიან სწრაფად ამთავრებენ მოხსენებას. კარგი იქნება, თუ ისინი ისწავლიდნენ თავიანთ განკარგულებაში არსებული დროის სრულად გამოყენებას. თავდაპირველად, შეიძლება ცოტა ძნელი მოეჩვენოთ სასურველი ხანგრძლივობის მოხსენების შედგენა. მაგრამ ისინი უნდა შეეცადონ, რაც შეიძლება სრულად გამოიყენონ გამოყოფილი დრო. მაგრამ, თუ მოწაფემ მოამზადა და კარგად შეადგინა მოხსენება, მაგრამ დროზე ადრე მორჩა, ეს ნორმალურად უნდა ჩაითვალოს.
24 მსმენელზე დაკვირვება საუკეთესო საშუალებაა იმის გასაგებად, კარგად გაანაწილა თუ არა მომხსენებელმა დრო. როდესაც სკოლის ზედამხედველი დროის ამოწურვაზე მიანიშნებს, მოწაფეს შეუძლია დაასრულოს წინადადება. თუ ეს წინადადება მოხსენებას ეფექტურ დასკვნას უკეთებს და მსმენელიც სიამოვნებით ისმენს კარგად ჩამოყალიბებულ საუბარს, მაშინ დრო კარგად არის განაწილებული.
25–29.როგორ შეუძლია მომხსენებელს დარწმუნდეს, რომ მისი მოხსენება ზუსტ დროში გადმოიცა?
25 როგორ შეიძლება დროის სწორად განაწილების მიღწევა? ძირითადად ეს მომზადებაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია არა მარტო მოხსენების მასალაზე მუშაობა, არამედ მის გადმოცემაზეც. თუ მომხსენებელი სათანადოდაა მომზადებული, მას, ჩვეულებრივ, დრო კარგად ექნება განაწილებული.
26 მოხსენების გეგმის შედგენისას ნათლად აღნიშნე მთავარი პუნქტები. ყოველი მთავარი პუნქტი რამდენიმე ქვეპუნქტს უნდა შეიცავდეს. რასაკვირველია, მათ შორის ზოგი მეტად მნიშვნელოვანია, ზოგი — ნაკლებად. იცოდე, თუ რომელი მათგანია მოხსენებისთვის მნიშვნელოვანი და, აუცილებლობის შემთხვევაში, რომლის ამოღება შეიძლება. შემდეგ, თუ მოხსენების წარმოთქმის დროს შენიშნავ, რომ დროში ვერ ეტევი, გაგიადვილდება მოიყვანო მხოლოდ ძირითადი არგუმენტები და გამოტოვო მეორეხარისხოვნები.
27 ამ საკითხს სამქადაგებლო მსახურებისას ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება. კარდაკარ ქადაგებისას, თუ მობინადრეები ჩერდებიან და გვისმენენ, ჩვენი სურვილია რამდენიმე წუთი ვესაუბროთ. მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ, იგივე უფრო მოკლედ წარვუდგინოთ და, აუცილებლობის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ან ორი წუთი ვისაუბროთ. როგორ ვახერხებთ ამას? გონებაში გვაქვს ძირითადი საკითხი და მის მხარდასაჭერად საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი მასალა. აგრეთვე გონებაში გვაქვს სხვა, მეორეხარისხოვანი, ინფორმაცია, რომელიც შეიძლება უფრო ხანგრძლივი საუბრისას იქნეს გამოყენებული, და, როცა ამას მდგომარეობა მოითხოვს, შეგვიძლია მისი გამოყენება. ასევე შეიძლება მოვიქცეთ მოხსენების წარმოთქმის დროსაც.
28 ხშირად მომხსენებელს დიდ დახმარებას უწევს მინდორზე აღნიშვნა, რომელიც მიუთითებს, თუ რამხელა მასალა უნდა გადმოეცა თავისი დროის ნახევარში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის შედარებით ხანგრძლივი საუბრის თემაა, მან შეიძლება ის ოთხად გაყოს. შემდეგ, როცა გეგმაში ამ აღნიშვნებს გასცდება, უნდა შეამოწმოს, რამდენი დრო გავიდა და ეტევა თუ არა დროში. თუ ატყობს, რომ დრო ცოტა რჩება, მაშინ მეორეხარისხოვანი მასალის ამოყრას იწყებს, ნაცვლად იმისა, რომ ეს ბოლო წუთამდე გადადოს და მერე დასკვნა როგორმე ჩატიოს, რის გამოც მას ეფექტურობას დაუკარგავდა. მაგრამ, თუ მომხსენებელი გამუდმებით საათს უყურებს ან ამას თვალში საცემად აკეთებს, ან, თუ მსმენელს ეუბნება, რომ მისი დრო იწურება და ამიტომ უნდა დააჩქაროს მასალის გადმოცემა, ეს ყურადღების გამფანტავია. ეს ბუნებრივად, მსმენელის შეუმჩნევლად, უნდა მოხდეს.
29 დროის სწორად განაწილების მისაღწევად საჭიროა: შესავლის შესაბამისი ხანგრძლივობა, თითოეული ძირითადი საკითხის სათანადოდ განვითარება და დასკვნისთვის საკმარისი დროის დატოვება. ამას მხოლოდ მაშინ არ უნდა მიექცეს ყურადღება, როცა ხედავ, რომ შენი დრო იწურება. თუ დროს დასაწყისიდანვე აქცევ ყურადღებას, შედეგი კარგად ჩამოყალიბებული მოხსენება იქნება.