გაკვეთილი 39
ეფექტური დასკვნა
შეიძლება მოხსენების ძირითადი ნაწილისთვის მასალა გულდასმით გამოიკვლიე, სათანადოდ განალაგე და ინტერესის აღმძვრელი შესავალიც კარგად მოიფიქრე. და მაინც, შენს მოხსენებას კიდევ რაღაც აკლია. რა? ეფექტური დასკვნა. ნუ იფიქრებ, რომ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ხშირად, ბოლოში ნათქვამი უფრო დიდხანს ამახსოვრდება ადამიანს. თუ დასკვნა კარგად მომზადებული არ იქნება, შეიძლება მანამდე ნათქვამმა ძალა დაკარგოს.
განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესო ნავეს ძემ ისრაელი ერის უხუცესების წინაშე მნიშვნელოვანი მოხსენება წარმოთქვა. ის დაწვრილებით მოჰყვა, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ისრაელს აბრაამის დროიდან მოყოლებული. მაგრამ, დასასრულს მან უბრალოდ მოკლედ კი არ გაიმეორა მნიშვნელოვანი აზრები, არამედ მთელი გრძნობით მოუწოდა ხალხს: „გეშინოდეთ იეჰოვასი და უბიწობითა და ჭეშმარიტებით ემსახურეთ მას“. წაიკითხე მისი დასკვნითი სიტყვები იესო ნავეს ძის 24:14, 15-ში.
კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მოხსენება ჩაწერილია საქმეების 2:14—36-ში. ეს მოხსენება მოციქულმა პეტრემ ახ. წ. 33 წელს იერუსალიმში, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეკრებილი ხალხის წინაშე წარმოთქვა. დასაწყისში მან თქვა, რომ ისინი იოელის იმ წინასწარმეტყველების შესრულების მოწმენი გახდნენ, რომელიც ღვთის წმინდა სულის გადმოსვლას ეხებოდა. შემდეგ აჩვენა, როგორ იყო ეს დაკავშირებული „ფსალმუნებში“ ჩაწერილ წინასწარმეტყველებებთან, რომელთა თანახმადაც იესო ქრისტე უნდა აღმდგარიყო და ‘ღვთის მარჯვნივ ამაღლებულიყო’. მოხსენების დასკვნით ნაწილში კი პეტრემ გამოკვეთა საკითხი, რომელიც ყველა მსმენელს ეხებოდა. მან თქვა: „მაშ, ისრაელის მთელი სახლი დარწმუნებული იყოს, რომ იესო, რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით, ღმერთმა უფლად და ქრისტედ აქცია“. დამსწრეებმა იკითხეს: „ძმებო, როგორ მოვიქცეთ?“. პეტრემ უპასუხა: „მოინანიეთ და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით“ (საქ. 2:37, 38). იმ დღეს დაახლოებით 3000-მა ადამიანმა, რომლებზეც ღრმად იმოქმედა პეტრეს სიტყვებმა, იესო ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტება მიიღო.
რა უნდა გვახსოვდეს. დასკვნითი ნაწილი უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს მოხსენების თემას. ის თემაში განვითარებულ მთავარ აზრებს ლოგიკურად უნდა აჯამებდეს. დასკვნაში შეიძლება მთლიანი თემის ან მისი ძირითადი სიტყვების გამეორება.
ჩვეულებრივ, მოხსენების მიზანია, აღძრა მსმენელი, იმოქმედოს მოსმენილი ინფორმაციის შესაბამისად. დასკვნითი ნაწილის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კი ის არის, რომ მსმენელს დავანახვოთ, როგორ მოიქცეს. როდესაც თემასა და ძირითად აზრებს არჩევდი, იფიქრე, რა მხრივ იქნებოდა მასალა შენი მსმენელისთვის მნიშვნელოვანი? რის მიღწევა გინდოდა მისი გადაცემით? თუ ნაფიქრი გვაქვს ამაზე, გეცოდინება, რისკენ გსურს მსმენელის აღძვრა. ეცადე, კონკრეტულად განმარტო, რა უნდა გააკეთოს მსმენელმა და როგორ.
გარდა ამისა, დასკვნამ მოქმედებისკენ უნდა აღძრას მსმენელი. დასკვნაში იმის საფუძვლიან მიზეზსაც უნდა შეეხო, თუ რატომ არის საჭირო მაინცდამაინც ასე მოქცევა. შეგიძლია იმ სარგებლობის შესახებაც თქვა რამე, რომელიც ასე მოქცევას მოჰყვება. ბოლო წინადადება თუ კარგად იქნება მოფიქრებული და წარმოთქმული, მოხსენებაც უფრო ეფექტური გახდება.
გახსოვდეს, რომ დასკვნით მოხსენება სრულდება. შენს სიტყვებში ეს უნდა გამოჩნდეს. ტემპიც შესაფერისი უნდა გქონდეს. ისე არ გამოვიდეს, რომ მთელი თემა ძალიან სწრაფად წარმოთქვა, ბოლოს კი უცბად გაჩერდე. გარდა ამისა, ეცადე, ხმას ძალიან არ დაუწიო. ილაპარაკე ნორმალური ხმით, მაგრამ არა მეტისმეტად ხმამაღლა. ბოლო რამდენიმე წინადადებამ დამამთავრებელი აკორდივით უნდა გაიჟღეროს. შენს ხმას სერიოზულობა და დამაჯერებლობა უნდა ეტყობოდეს. მოხსენების მომზადებისას არ დაგავიწყდეს, რომ დასკვნითი ნაწილის გამეორებაზეც უნდა ივარჯიშო.
რა ხანგრძლივობის უნდა იყოს დასკვნა? ზუსტი დროის დადგენა შეუძლებელია. ერთი რამ კი ცხადია — დასკვნა ძალიან არ უნდა გაგიგრძელდეს. თუ რამდენად სწორია დასკვნის ხანგრძლივობა, შეიძლება განისაზღვროს იმისდა მიხედვით, რა შთაბეჭდილებას ახდენს ის მსმენელზე. მარტივი, გასაგები და კონკრეტული დასკვნა ყოველთვის იმოქმედებს მსმენელზე. ასევე ეფექტურია კარგად მოფიქრებული შედარებით გრძელი დასკვნაც, რომელშიც რამე მაგალითი იქნება ჩართული. მაგალითად, ერთმანეთს შეადარე ორი დასკვნა. პირველი — „ეკლესიასტეს“ მოკლე დასკვნა, რომელიც ჩაწერილია ეკლესიასტეს 12:13, 14-ში და მეორე — „ეკლესიასტეს“ წიგნთან შედარებით გაცილებით მოკლე მონაკვეთის, მთაზე ქადაგების დასკვნა, რომელიც ჩაწერილია მათეს 7:24—27-ში.
სამქადაგებლო მსახურებაში. არსად ისე ხშირად არ დაგჭირდება ეფექტური დასკვნების გაკეთება, როგორც სამქადაგებლო მსახურებაში. მომზადება, ხალხის სიყვარული და მათდამი ინტერესი კარგი შედეგების მიღწევაში დაგეხმარება. წინა გვერდებზე მოცემული რჩევები მაშინაც კი პრაქტიკულია, როდესაც მობინადრეს ესაუბრები.
ზოგჯერ, როდესაც მობინადრე დაკავებულია, საუბარი შეიძლება მცირე ხანს, დაახლოებით ერთ წუთს, გაგრძელდეს. ამ დროს შეიძლება გეთქვა: „მესმის, რომ დაკავებული ხართ. მაგრამ მსურს, მხოლოდ ერთი ძალიან საინტერესო აზრი გაგიზიაროთ. ბიბლია ამბობს, რომ ჩვენს შემოქმედს შესანიშნავი განზრახვა აქვს. მას სურს, დედამიწაზე იყოს სამოთხე, სადაც ადამიანები მარადიულად და ბედნიერად იცხოვრებენ. ამ სამოთხეში ცხოვრება ჩვენც შეგვიძლია. ამისათვის კი საჭიროა, მის მოთხოვნებს გავეცნოთ“. ან შეგეძლო, უბრალოდ, გეთქვა, რომ მისთვის უფრო ხელსაყრელ დროს მიაკითხავდი.
თუ მობინადრე უხეშად შეგაწყვეტინებს საუბარს, მაინც შეგიძლია გარკვეული შედეგის მიღწევა. ყოველთვის გახსოვდეს მათეს 10:12, 13-სა და რომაელების 12:17, 18-ში ჩაწერილი რჩევები. შენმა სიმშვიდემ შეიძლება მობინადრეს წარმოდგენა შეუცვალოს იეჰოვას მოწმეებზე. ეს კი უკვე რაღაცას ნიშნავს.
არის შემთხვევები, როდესაც მობინადრესთან სასიამოვნო საუბრის საშუალება გეძლევა. თუ გინდა, რომ მობინადრემ დაიმახსოვროს ძირითადი აზრები, კიდევ გაუმეორე. უთხარი ისეთი რამ, რაც მოქმედებისკენ აღძრავს.
როდესაც ხედავ, რომ შემდგომი მონახულების საშუალება გეძლევა, საუბრის დასასრულს შეეცადე, მობინადრეს მომავალი შეხვედრის მოლოდინის სურვილი გაუღვივო. დაუსვი რაიმე შეკითხვა. ის შეგიძლია აიღო ბიბლიის შესწავლისთვის განკუთვნილი რომელიმე პუბლიკაციიდან ან წიგნიდან „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“. გახსოვდეს მიზანი, რომელიც მათეს 28:19, 20-ის თანახმად ქრისტემ დაგვისახა.
გაქვს ბიბლიის შესწავლა? ბიბლიის შემსწავლელს განხილული მასალა უკეთ დაამახსოვრდება, თუ დასასრულს მას კიდევ ერთხელ გაიმეორებთ. გასამეორებელი კითხვები ძირითადი აზრების უკეთ ათვისებაში დაეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ დროს არ ვიჩქარებთ. ჰკითხე, რა სარგებლობა მოაქვს მისთვის შესწავლილ მასალას და როგორ შეუძლია ამ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება. ამით შემსწავლელს დაეხმარები, იფიქროს იმაზე, რომ შეძენილი ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენოს (იგავ. 4:7).
გახსოვდეს: დასკვნა მთელი მოხსენების ეფექტურობაზე მოქმედებს.