ბიბლიის წიგნი 25 — გოდება
დამწერი: იერემია
დაწერის ადგილი: იერუსალიმთან ახლოს
წერა დასრულდა: ძვ. წ. 607
1. რატომ არის „გოდება“ წიგნისთვის შესაფერისი სათაური?
ამ წიგნს, რომელიც ღვთივშთაგონებული წერილების ნაწილია, შესაფერისი სათაური აქვს. ის ღრმა მწუხარებას გამოხატავს იმ უბედურების გამო, რაც ღვთის რჩეულ ხალხს დაატყდა ძვ. წ. 607 წელს, როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი გაანადგურა. ებრაულ დედანში წიგნი დასათაურებულია პირველივე სიტყვით „ექაჰ!“ („როგორ!“). ბერძნულ სეპტუაგინტაში მთარგმნელებმა წიგნს უწოდეს „თრენოი“ („სამგლოვიარო სიმღერები, გოდება“). ბაბილონის თალმუდი იყენებს ტერმინს „ქინოთ“ („სამგლოვიარო სიმღერები, ელეგიები“). იერონიმემ კი, რომელიც ლათინურად წერდა, წიგნს უწოდა „ლამენტატიონეს“ („გოდება“).
2. ბიბლიის რომელ წიგნებს მიაკუთვნეს „გოდება“ და რომელ წიგნს მოსდევს ის დღეს?
2 ბიბლიის ქართულ თარგმანებში „გოდება“ იერემიას წიგნს მოსდევს, მაგრამ ებრაულ კანონში ის „ქებათა-ქებასთან“, „რუთთან“, „ეკლესიასტესა“ და „ესთერთან“ ერთად შედიოდა ჰაგიოგრაფებში ანუ წერილებში. ამ მცირე კრებულს ხუთი გრაგნილიც ეწოდებოდა („მეგილოთ“). ზოგ თანამედროვე ებრაულ ბიბლიაში ის მოთავსებულია „რუთსა“ და „ეკლესიასტეს“ ან „ესთერსა“ და „ეკლესიასტეს“ შორის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ძველ ხელნაწერებში ის მოსდევდა „იერემიას“, როგორც ეს თანამედროვე ბიბლიებშია.
3, 4. რა ადასტურებს, რომ „გოდება“ იერემიამ დაწერა?
3 წიგნში დამწერის სახელი არ არის მოხსენიებული, მაგრამ, ეჭვგარეშეა, ის იერემიამ დაწერა. ბერძნულ სეპტუაგინტაში წიგნის შესავალში ნათქვამია: „მას შემდეგ, რაც ისრაელები ტყვედ წაასხეს, იერუსალიმი კი მიწასთან გაასწორეს, იჯდა იერემია მიწაზე, ტიროდა და ამ სიტყვებით მოთქვამდა იერუსალიმზე“. იერონიმეს აზრით, ეს სიტყვები ყალბი იყო, ამიტომ თავის თარგმანში გამოტოვა. თუმცა „გოდების“ დამწერი რომ იერემიაა, ამას იუდეველთა ტრადიციის გარდა სხვა თარგმანებიც ადასტურებს, მაგალითად სირიული ფეშიტა, ლათინური ვულგატა, იონათანის თარგუმი, ბაბილონის თალმუდი და სხვ.
4 ზოგი კრიტიკოსი ცდილობს დაამტკიცოს, რომ „გოდება“ იერემიას დაწერილი არ არის. მაგრამ ერთ ნაშრომში იერემიას ავტორობის დასადასტურებლად ნათქვამია: „მე-2 და მე-4 თავებში იმდენად ცოცხლად არის აღწერილი იერუსალიმი, რომ უეჭველია, ეს თვითმხილველმა დაწერა. ის დიდი თანაგრძნობა და სული, რომლითაც წიგნის ყველა პოემაა გამსჭვალული, ასევე მათი დაწერის სტილი, გამოყენებული ფრაზები და აზრები იერემიასთვის არის დამახასიათებელი“a. „გოდებასა“ და „იერემიაში“ არის უამრავი მსგავსი გამონათქვამი, მაგალითად, ‘წყლად (ცრემლებად) ჩამოღვრილი თვალები’, რომლებიც დიდ მწუხარებას გამოხატავს (გოდ. 1:16; 2:11; 3:48, 49; იერ. 9:1; 13:17; 14:17), ასევე ზიზღის გამომხატველი გამონათქვამები გახრწნილი წინასწარმეტყველებისა და მღვდლების მიმართ (გოდ. 2:14; 4:13, 14; იერ. 2:34; 5:30, 31; 14:13, 14). იერემიას 8:18—22-დან და 14:17, 18-დან ჩანს, რომ იერემიას არ გაუჭირდებოდა ისეთი სამგლოვიარო სიმღერის დაწერა, როგორიც „გოდებაა“.
5. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიგნი იერუსალიმის განადგურებიდან მალევე დაიწერა?
5 ჩვეულებრივ, მიიჩნევენ, რომ წიგნი ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაცემიდან მალევე დაიწერა. იერემიას თვალწინ ჰქონდა ალყისა და ქალაქის გადაწვის საშინელი სცენები. წიგნში ის ცოცხლად გამოხატავს თავის ემოციურ ტკივილს. ერთი ბიბლეისტი აღნიშნავს, რომ წუხილი სრულად არ არის გადმოცემული ერთ რომელიმე ადგილას და დამწერი არაერთხელ უბრუნდება ამ საკითხს წიგნის სხვადასხვა ნაწილში. ის დასძენს: „სულიერი მღელვარება . . . ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტკიცებაა იმისა, რომ წიგნი მასში აღწერილი ამაღელვებელი მოვლენებიდან მალევე დაიწერა“b.
6. როგორ არის შედგენილი „გოდება“?
6 ბიბლეისტების დიდ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ წიგნი შედგენილია ხუთი თავისგან, ხუთი ლირიკული პოემისგან. პირველი ოთხი აკროსტიქია. 1-ლი, მე-2 და მე-4 თავები 22 მუხლისგან შედგება; თითოეული მუხლი ებრაული ანბანის მომდევნო ასოთი იწყება. მე-3 თავი შედგება 66 მუხლისგან, ამიტომ ებრაული ანბანის თითოეულ ასოს სამ-სამი მუხლი შეესაბამება. მეხუთე პოემაშიც 22 მუხლია, მაგრამ აკროსტიქი არა აქვს.
7. რა მწუხარებას გამოხატავს იერემია და რისი იმედი აქვს?
7 „გოდება“ გამოხატავს იმ უზომო მწუხარებას, რაც ალყამ, ტყვეობამ და ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის განადგურებამ გამოიწვია. ის იმდენად ცოცხლად გადმოსცემს მოვლენებსა და გრძნობებს, რომ ბადალი არ მოეპოვება ლიტერატურაში. მწერალი ღრმა მწუხარებას გამოხატავს განადგურების, ტანჯვისა და არეულობის გამო, რაც საკუთარი თვალით იხილა. შიმშილმა, მახვილმა და სხვა საშინელებებმა ენით აუწერელი ტანჯვა მოუტანა იერუსალიმის მცხოვრებთ. ეს იყო ღვთის სასჯელი, რომელიც მათ ხალხის, წინასწარმეტყველებისა და მღვდლების ცოდვების გამო დაატყდათ. მიუხედავად ამისა, მწერალს იეჰოვას იმედი და რწმენა არ დაუკარგავს და ქალაქის აღდგენაზე ლოცულობდა.
შინაარსი
8. რა განადგურებას აღწერს პირველი პოემა და რას ამბობს გაპიროვნებული იერუსალიმი?
8 „ო, როგორ მარტოდმარტო ზის ერთ დროს ხალხით სავსე ქალაქი!“ ამ სიტყვებით იწყება „გოდების“ პირველი პოემა. სიონის ასული ერთ დროს ქალბატონი იყო, მაგრამ მისმა საყვარლებმა მიატოვეს ის, მისი ხალხი გადაასახლეს და კარიბჭეები გაანადგურეს. იეჰოვამ დასაჯა ის ცოდვათა სიმრავლის გამო. გაქრა მისი ბრწყინვალება. მოწინააღმდეგეებმა იცინეს მისი დაცემის გამო. ის შემზარავად დაეცა და არავინ ჰყავდა ნუგეშისმცემელი, მასში დარჩენილ ხალხს შიმშილი ტანჯავდა. ის (გაპიროვნებული იერუსალიმი) კითხულობდა: „განა არსებობს ჩემთვის მოყენებული ტკივილის მსგავსი მწვავე ტკივილი?!“. ხელებგაწვდილი ამბობდა: „მართალია იეჰოვა, რადგან ვეურჩე მის ბაგეს“ (1:1, 12, 18). ის სთხოვდა იეჰოვას, ასეთივე გასაჭირში ჩაეყარა მისი გასაჭირით გახარებულნი.
9. ა) ვინ დაატეხა იერუსალიმს უბედურება? ბ) როგორ აღწერს იერემია ქალაქის შეურაცხყოფასა და მის სავალალო მდგომარეობას?
9 „ო, როგორ ფარავს იეჰოვა ღრუბლებით სიონის ასულს თავისი რისხვისას!“ (2:1). მეორე პოემიდან ჩანს, რომ თავად იეჰოვამ დაამხო ისრაელის მშვენება. მან დავიწყებას მისცა დღესასწაული და შაბათი, მიაგდო თავისი სამსხვერპლო და საწმინდარი. რა საცოდავად გამოიყურებოდა იერუსალიმი! იერემია მოთქვამდა: „ცრემლების ღვრით მეღლება თვალები, მიდუღს შიგნეული. მიწაზე მეღვრება ღვიძლი ჩემი ხალხის ასულის დაცემის გამო“ (2:11). რას შეადარებდა ის იერუსალიმის ასულს და რით ანუგეშებდა მას? მისი წინასწარმეტყველები უვარგისები აღმოჩდნენ. გამვლელები დასცინოდნენ მას: „ეს ის ქალაქი არ არის, რომელზეც ამბობდნენ, სრულყოფილად ლამაზია, მთელი დედამიწის სიხარულიაო?“ (2:15). მისმა მტრებმა პირი გააღეს მასზე, უსტვენდნენ, კბილებს აღრჭიალებდნენ და ამბობდნენ: ‘ამ დღეს ველოდით, რომ გადაგვეყლაპა ის’. მის შვილებს გული მისდიოდათ შიმშილისგან და ქალები თავიანთ შვილებს ჭამდნენ. ქუჩები გვამებით იყო სავსე. „ვერავინ უშველა თავს იეჰოვას რისხვის დღეს და არავინ გადარჩენილა“ (2:16, 22).
10. იეჰოვას რომელი თვისებები უმტკიცებდა იმედს იერემიას?
10 მესამე პოემა, რომელიც 66 მუხლისგან შედგება, ხაზს უსვამს სიონის იმედს, რომ ღმერთი შეიწყალებდა. წინასწარმეტყველი არაერთ მეტაფორას იყენებს იმის დასანახვებლად, რომ ტყვეობა და განადგურება იეჰოვამ გამოიწვია. არსებული სიტუაციით გატანჯული იერემია სთხოვდა ღმერთს, გაეხსენებინა მისი გასაჭირი, და იეჰოვას სიკეთისა და წყალობისადმი რწმენას გამოხატავდა. სამი მუხლი ერთმანეთის მიყოლებით იწყება სიტყვით „კარგია“ და გვანახვებს, რომ ხსნას იეჰოვასგან უნდა ველოდეთ (3:25—27). თუმცა იეჰოვამ დაამწუხრა თავისი ხალხი, შეიწყალებდა კიდეც მათ. მიუხედავად იმისა, რომ ცოდვები აღიარეს, იეჰოვამ მაშინვე არ აპატია მათ. ის არ ისმენდა მათ ლოცვებს და ისინი „ნარჩენებად და ნაგვად“ აქცია (3:45). წინასწარმეტყველი ცხარე ცრემლებით ტიროდა და იხსენებდა, რომ მტრები ისე ნადირობდნენ მასზე, როგორც ჩიტზე. მაგრამ იეჰოვამ გაამხნევა ორმოში მყოფი წინასწარმეტყველი: „ნუ გეშინია!“. იერემიამ გამოთქვა იმედი, რომ იეჰოვა შურს იძიებდა მის მტრებზე: „რისხვით დაედევნები და მოსპობ მათ იეჰოვას ცისქვეშეთიდან“ (3:57, 66).
11. როგორ გადმოაფრქვია იეჰოვამ თავისი რისხვა სიონზე და რატომ?
11 „როგორ კარგავს ბზინვარებას მბზინავი ოქრო, ხალასი ოქრო!“ (4:1). მეოთხე პოემაში იერემია დასტირის იეჰოვას ტაძრის დაკარგულ დიდებას. ტაძრის ქვები ქუჩებში იყო მიმოფანტული. სიონის ძვირფასმა ძეებმა ფასი დაკარგეს და თიხის დოქებს დაემსგავსნენ. არც წყალი ჰქონდათ, არც პური და ფუფუნებაში გაზრდილები ‘ნაცრის გროვებს ეხვეოდნენ’ (4:5). მათმა სასჯელმა სოდომის ცოდვის სასჯელს გადააჭარბა. ნაზირები, ერთ დროს „თოვლზე სუფთანი და რძეზე თეთრნი“, ‘შავზე შავები’ და გამოფიტულები გახდნენ (4:7, 8). უმჯობესი იქნებოდა, მახვილით დახოცილიყვნენ, ვიდრე შიმშილით, და არ ენახათ, როგორ ხარშავდნენ ქალები თავიანთ შვილებს! იეჰოვამ თავისი რისხვა გადმოაფრქვია მათზე. მოხდა ის, რაც არავის სჯეროდა — იერუსალიმის კარიბჭეებში მტერი შევიდა „მისი წინასწარმეტყველების ცოდვათა და მისი მღვდლების დანაშაულთა გამო,“ რომლებმაც მართალთა სისხლი დაღვარეს (4:13). იეჰოვამ ზურგი აქცია მათ. მაგრამ მან ბოლო მოუღო სიონის ასულის დანაშაულს და მას მეტად აღარ გადაასახლებდნენ. ახლა ედომის ასულის ჯერი დადგა, რომ იეჰოვას რისხვის სასმისიდან შესვას.
12. რა თხოვნა არის ჩაწერილი მეხუთე პოემაში?
12 მეხუთე პოემა იწყება თხოვნით, რომ იეჰოვამ გაიხსენოს თავისი დაობლებული ხალხი. ამ პოემაში იერემია იერუსალიმის მკვიდრთ ალაპარაკებს. მათმა მამა-პაპამ შესცოდა, დანაშაულის გამო კი ისინი დაისაჯნენ. მათზე მსახურები ბატონობდნენ და შიმშილით იტანჯებოდნენ. გაუქრათ გულის სიხარული და გლოვად ექცათ ცეკვა. გულები დაუავადდათ. ისინი თავმდაბლად მიმართავდნენ ღმერთს: „შენ კი, იეჰოვა, მარადიულად იჯდები ტახტზე, შენი ტახტი თაობიდან თაობაშია!“ და ევედრებოდნენ: „იეჰოვა, დაგვაბრუნე შენთან და ჩვენც ხალისით დაგიბრუნდებით! განგვიახლე დღეები, ისე როგორც დიდი ხნის წინათ; თუმცა უარგვყავი და ძლიერ განგვირისხდი“ (5:19—22).
რატომ არის სასარგებლო
13. ვის ენდობოდა იერემია და რით არის სასარგებლო იმის ცოდნა, რომ ღმერთი სიმკაცრეს ავლენს?
13 „გოდებიდან“ ჩანს, რომ იერემია სრულად ენდობოდა იეჰოვას. ღრმა მწუხარებისა და სრული დამარცხების დროს, როცა ადამიანთა მხრიდან ნუგეშისცემის იმედი გადაწურული იყო, წინასწარმეტყველი ხსნას სამყაროს დიდებული შემოქმედისგან, იეჰოვასგან მოელოდა. „გოდება“ ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს მორჩილებისა და ერთგულებისკენ აღძრავს. ამავე დროს, შიშის მომგვრელ გაფრთხილებას აძლევს მათ, ვინც უპატივცემულოდ ეპყრობა ყველაზე დიდებულ სახელს და იმას, ვისაც ის წარმოადგენს. ისტორიას არ ახსოვს სხვა ქალაქი, რომელიც განადგურების შემდეგ ასეთი სევდიანი და გულის ამაჩუყებელი სიტყვებით იგლოვეს. ეს წიგნი სასარგებლოა, რადგან გვანახვებს, რა სიმკაცრით ეპყრობა ღმერთი მათ, ვინც კვლავაც ურჩი, ჯიუტი და მოუნანიებელია.
14. რას ვიგებთ „გოდებიდან“ ღვთის გაფრთხილებებისა და წინასწარმეტყველებების შესრულებაზე და როგორ ეთანხმება წიგნი ბიბლიის სხვა წიგნებს?
14 „გოდებიდან“ იმასაც ვიგებთ, როგორ ახდა ღვთის გაფრთხილებები და შესრულდა წინასწარმეტყველებები (გოდ. 1:2 — იერ. 30:14; გოდ. 2:15 — იერ. 18:16; გოდ. 2:17 — ლევ. 26:17; გოდ. 2:20 — კან. 28:53). ის თვალნათელი მოწმობაა კანონის 28:63—65-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულებისა. გარდა ამისა, წიგნში მოყვანილია არაერთი ციტატა თუ აზრი წმინდა წერილების სხვა წიგნებიდან (გოდ. 2:15 — ფსალმ. 48:2; გოდ. 3:24 — ფსალმ. 119:57). დანიელის 9:5—14 ადასტურებს გოდების 1:5-სა და 3:42-ში ჩაწერილი სიტყვების უტყუარობას, რომ ხალხს თავიანთი ცოდვების გამო ეწია უბედურება.
15. რა ‘განახლების დღეებზე’ წინასწარმეტყველებდა იერემია?
15 მართლაც გულსაკლავი იყო იერუსალიმის მდგომარეობა! თუმცა „გოდების“ დამწერი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა სიკეთესა და გულმოწყალებას გამოავლენდა, გაიხსენებდა და აღადგენდა სიონს (გოდ. 3:31, 32; 4:22). ის იმედოვნებდა, რომ დადგებოდა ‘განახლების დღეები’, ისეთი დღეები, როგორიც დავითისა და სოლომონის მეფობის დროს იყო. დავითთან დადებული შეთანხმება მარადიული სამეფოს შესახებ ჯერ კიდევ ძალაში იყო. „უსასრულოა მისი წყალობა. ყოველ დილით ახლდება ის“. იეჰოვას წყალობა არ მოაკლდებათ მის მოყვარულთ მანამ, სანამ მისი სამართლიანი სამეფოს ყველა ქვეშევრდომი მადლიერებით არ იტყვის: „იეჰოვაა ჩემი წილი“ (5:21; 3:22—24).
[სქოლიოები]
a A Commentary on the Holy Bible, 1952, ჯ. დამელოუ, გვ. 483.
b Studies in the Book of Lamentations, 1954, ნ. გოთუალდი, გვ. 31.