გოდება (ბიბლიის წიგნი)
ბიბლიურ დროში ხალხი ქმნიდა და მღეროდა სამგლოვიარო სიმღერებს გარდაცვლილი მეგობრების (2სმ. 1:17—27), განადგურებული ერებისა (ამ. 5:1, 2) და დანგრეული ქალაქების შესახებ (ეზკ. 27:2, 32—36). მწუხარების გამომხატველი სიმღერის ღვთივშთაგონებული ნიმუშია წიგნი „გოდება“. ის შედგება ხუთი ლირიკული პოემისგან (ხუთი თავი), რომლებშიც დამწერი ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელების მიერ იერუსალიმის განადგურებაზე მოთქვამს.
წიგნში აღიარებულია, რომ იეჰოვამ სამართლიანად დასაჯა იერუსალიმი და იუდა თავისი ხალხის ცოდვების გამო (გდ. 1:5, 18). მასში აგრეთვე ხაზგასმულია ღვთის სიკეთე და გულმოწყალება და ნაჩვენებია, რომ კარგია იეჰოვა მისი მოიმედისთვის (გდ. 3:22, 25).
სახელწოდება. ებრაულ ბიბლიებში წიგნი დასათაურებულია პირველივე სიტყვით ʼექაჰ! („როგორ!“). სეპტუაგინტის მთარგმნელებმა წიგნს თრენე („სამგლოვიარო სიმღერები; გოდება“) დაარქვეს. ბაბილონის თალმუდში (ბავა ბატრა 14ბ) მას ეწოდება კინოთ („სამგლოვიარო სიმღერები; ელეგიები“), იერონიმემ კი, რომელიც ლათინურად წერდა, წიგნს ლამენტაციონეს („გოდება“) უწოდა.
ადგილი ბიბლიის კანონში. ებრაულ კანონში წიგნი „გოდება“, ჩვეულებრივ, შედის ე. წ. ხუთ გრაგნილში (მეგილლოთ), რომლებშიც მის გარდა არის „ქებათა ქება“, „რუთი“, „ეკლესიასტე“ და „ესთერი“. ის მოსდევს წიგნ „რუთს“. თუმცა ვარაუდობენ, რომ ძველ ებრაულ ხელნაწერებში ის მოსდევდა „იერემიას“, როგორც ეს თანამედროვე ბიბლიებშია.
დამწერი. სეპტუაგინტაში წიგნის შესავალში ნათქვამია: „მას შემდეგ, რაც ისრაელები ტყვედ წაასხეს, იერუსალიმი კი მიწასთან გაასწორეს, იჯდა იერემია მიწაზე, ტიროდა და ამ სიტყვებით მოთქვამდა იერუსალიმზე“. თარგუმშიც ავტორად მოხსენიებულია იერემია და წიგნის დასაწყისში ნათქვამია: „წინასწარმეტყველმა და დიდმა მღვდელმა იერემიამ თქვა...“. კლემენტის მიერ გადამუშავებულ ვულგატაში ამ წიგნის შესავალში წერია: „მას შემდეგ, რაც ისრაელები ტყვედ წაიყვანეს და იერუსალიმი გაუკაცრიელდა, წინასწარმეტყველი იერემია იჯდა, ტიროდა და იერუსალიმზე ამ გოდების სიტყვებით მოთქვამდა, სულგამწარებული ოხრავდა, მწარედ კვნესოდა და ამბობდა“.
დაწერის სტილი. წიგნის ხუთივე თავი პოემაა. პირველი ოთხი აკროსტიქია. ებრაულ ანბანში 22 ასოა (თანხმოვანი) და წიგნის პირველი ოთხი თავის თითოეული მუხლი სხვადასხვა ასოთი იწყება. 1-ელ, მე-2 და მე-4 თავებში 22-22 მუხლია, რომელთაგან თითოეული ებრაული ანბანის მომდევნო ასოთი იწყება, მაგალითად, პირველი მუხლი — ანბანის პირველი ასოთი (ʼალეფ), მეორე მუხლი — მეორე ასოთი (ბეთ) და ასე გრძელდება ანბანის ბოლომდე. მე-3 თავი 66 მუხლისგან შედგება და ებრაული ანბანის ყოველი მომდევნო ასოთი სამ-სამი მუხლი იწყება.
მე-2, მე-3 და მე-4 თავებში ორ ასოს (ʽაჲინ და ფეʼ ) ადგილები შეუცვალეს (იმავე თანმიმდევრობით არ არის, როგორც 1-ელ თავსა და 119-ე ფსალმუნში). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „გოდების“ ღვთივშთაგონებულმა დამწერმა შეცდომა დაუშვა. ერთ ნაშრომში ამის თაობაზე ნათქვამია: „მოხსენიებულ არათანმიმდევრულობას მით უმეტეს ვერ მივაწერთ ავტორის შეცდომას ... რადგან იგივე მეორდება სამ პოემაში. ის განპირობებულია სხვა რამით. აკროსტიქით დაწერილ სხვა პოემებშიც, განსაკუთრებით ძველი დროის პოემებში, ხშირად გვხვდება ამ წესის დარღვევა, რაც ცხადყოფს, რომ ავტორები ზედმიწევნით იცავდნენ ანბანურ რიგს, ვიდრე ის აზრის ბუნებრივ გადმოცემას არ უშლიდა ხელს“ (Commentary on the Old Testament, ფ. კაილი და ფ. დელიჩი, 1973, ტ. VIII, „გოდება იერემიასი“, გვ. 338). ამ ნაშრომში მოყვანილ მაგალითებს შორის მოხსენიებულია 34-ე ფსალმუნი, რომლის აკროსტიქში გამოტოვებულია ვავ ასო, და 145-ე ფსალმუნი, რომლის აკროსტიქში გამოტოვებულია ნუნ ასო. მაგრამ დიდად არ უნდა გვაშფოთებდეს ის ფაქტი, რომ ამ ღვთივშთაგონებულ ებრაულ წერილებში ანბანური რიგი მკაცრად არ არის დაცული. თუმცა აკროსტიქით ტექსტის დამახსოვრება ადვილად ხდებოდა, უფრო მნიშვნელოვანი აზრი იყო, ლიტერატურულ ხერხზე უპირატესი კი — ტექსტის შინაარსი.
მიუხედავად იმისა, რომ „გოდების“ მეხუთე თავიც ებრაული ანბანის შესაბამისი რაოდენობის 22 მუხლისგან შედგება, აკროსტიქით დაწერილი პოემა არ არის.
დაწერის დრო. წიგნ „გოდების“ ცოცხალი ენა ცხადყოფს, რომ ის ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაცემის შემდეგ მალევე დაიწერა, როცა იერემიას ჯერ კიდევ თვალწინ ედგა იერუსალიმის ალყა და ქალაქის გადაწვა. ბიბლეისტების უმეტესობა ეთანხმება ამ აზრს. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ წიგნის წერა ძვ. წ. 607 წელს დასრულდა.
წინასწარმეტყველებების შესრულება. იერუსალიმში მომხდარით, რომელიც „გოდებაში“ ცოცხლად არის გადმოცემული, შესრულდა კანონის 28:63—65-ში ჩაწერილი სიტყვები. წიგნიდან ჩანს სხვა წინასწარმეტყველებებისა და გაფრთხილებების შესრულებაც. მაგალითად, გოდების 1:2 შდრ. იერემიას 30:14-ს; გოდების 2:17 შდრ. ლევიანების 26:17-ს; გოდების 2:20 შდრ. კანონის 28:53-ს.
შინაარსი. პირველი თავის მე-12 მუხლიდან იერემია ალაპარაკებს იერუსალიმს, ქალს შედარებულ სიონს, რომელიც შეთანხმებით არის შეკრული ღმერთთან (ეს. 62:1—6). ის მიტოვებულია, როგორც შვილებდაკარგული ქვრივი და ტყვე, რომელსაც მონასავით ამუშავებენ. მეორე თავში იერემია თვითონ ლაპარაკობს, მესამე თავში თავის გრძნობებს ღვრის და ლაპარაკობს ისრაელი ერის, როგორც ერთი კაცის სახელით, მეოთხე თავში განაგრძობს გოდებას, მეხუთე თავში კი იერუსალიმის მოსახლეობას ალაპარაკებს. წიგნში აღწერილისგან განსხვავებით ხალხის უმეტესობა არ აღიარებდა ცოდვებს, არ ენდობოდა იეჰოვას და არ ავლენდა სწორ გზაზე დადგომის სურვილს. თუმცა მცირე ნაწილი იერემიას გრძნობებს იზიარებდა. ასე რომ, „გოდება“ ზუსტად ისე აღწერს იერუსალიმის მდგომარეობას, როგორც ამას ღმერთი ხედავდა.
ამგვარად, „გოდება“ უტყუარი და სასარგებლო ღვთივშთაგონებული წიგნია.
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები გოდებიდან
წიგნში ჩაწერილია ხუთი სამგლოვიარო პოემა იმ უბედურების შესახებ, რომელიც ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა იერუსალიმსა და მის მოსახლეობას დაატეხეს.
დაწერა იერემიამ იერუსალიმის განადგურებიდან მალევე.
იერუსალიმი წარმოდგენილია, როგორც შვილებდაკარგული ქვრივი, რომელსაც მანუგეშებელი არ ჰყავს (1:1—22)
ის აღიარებს, რომ იეჰოვას წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების გამო აღმოჩნდა გასაჭირში.
ლოცვით სთხოვს ყოვლისშემძლეს, დასაჯოს მისი ტანჯვით გახარებულები.
იეჰოვამ რისხვით იმოქმედა იერუსალიმის წინააღმდეგ (2:1—22)
მან „ციდან მიწაზე“ დაამხო იერუსალიმი.
უგულებელყო თავისი საწმინდარი და არაფრად ჩააგდო მეფე და მღვდელი.
შედეგად, გამვლელები გაოგნებულები არიან, თუ რა დაემართა „სრულყოფილად ლამაზ“ ქალაქს.
კაცად წარმოდგენილი ერი საუბრობს თავის გასაჭირზე, თუმცა იმედსაც გამოთქვამს (3:1—66)
ის აღწერს თავის უიმედო მდგომარეობას.
თუმცა დარწმუნებულია, რომ იეჰოვა შეისმენს თავისი ხალხის ლოცვებს და წყალობას გამოავლენს.
ალყის შემაძრწუნებელი შედეგები (4:1—22)
შიმშილით სიკვდილს მახვილით სიკვდილი სჯობდა. ქალები საკუთარ შვილებსაც კი ჭამდნენ.
ქალაქიდან გაქცეულებს ყველგან დაუღალავად ეძებდნენ, მთაშიც და უდაბნოშიც.
ვედრება იეჰოვას მიმართ, რომ დაინახოს ხალხის ტანჯვა და კვლავაც კეთილგანწყობილი იყოს (5:1—22)
მისი ხალხის მემკვიდრეობა უცხოებს მიეცა.
ხალხი შერცხვენილი და დამცირებულია.
ლოცვაში სთხოვენ იეჰოვას, რომ კვლავ დაიბრუნოს ისინი, მიუხედავად იმისა, რომ განრისხებისას უარყო.