მშობლების როლი
უეჭველია, დღევანდელ საზოგადოებაში საღად მოაზროვნე ადამიანებად ბავშვების აღზრდა იოლი არაა.
ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა შვილების აღზრდაში წარმატებულად მიჩნეული მშობლების გამოკითხვის შედეგები, რომელთა 21 წელს გადაცილებული შვილები შეიძლება „ჩვენი საზოგადოებისთვის გამოსადეგებად“ ჩათვლილიყვნენ. ამ მშობლებს ასეთი კითხვით მიმართეს: „საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა საუკეთესო რჩევას მისცემდით სხვა მშობლებს?“ ყველაზე ხშირი პასუხი ასეთი იყო: „მეტად გამოავლინეთ სიყვარული“, „გონივრულად დასაჯეთ“, „ერთად გაატარეთ დრო“, „ასწავლეთ კეთილისა და ბოროტის გარჩევა“, „განავითარეთ ურთიერთპატივისცემა“, „ნამდვილად მოუსმინეთ“ და „რეალისტები იყავით“.
პედაგოგები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებისთვის გამოსადეგ ადამიანებად ახალგაზრდების აღზრდაში.
მაგრამ მხოლოდ მშობლებზე არაა დამოკიდებული ისეთ ადამიანებად ახალგაზრდების აღზრდა, რომ საზოგადოებისთვის გამოსადეგები იყვნენ. პედაგოგებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამაში. სკოლის ერთმა გამოცდილმა კონსულტანტმა შენიშნა: „სავალდებულო სწავლების ძირითადი მიზანი ის არის, რომ მხარი დაუჭიროს მშობლებს, ინტელექტუალურად, ფიზიკურად და ემოციურად კარგად განვითარებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ახალგაზრდების აღზრდაში“.
ასე რომ, მშობლებს და პედაგოგებს ერთი მიზანი აქვთ — მოამზადონ ახალგაზრდები, რომლებიც მოგვიანებით მოწიფული, საღად მოაზროვნე, ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანები იქნებიან და იპოვიან თავიანთ ადგილს საზოგადოებაში.
თანამშრომლები და არა მეტოქეები
პედაგოგების მშობლებთან თანამშრომლობის უგულებელყოფის შემთხვევაში პრობლემები წამოიჭრება. მაგალითად ზოგი მშობელი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას შვილების განათლებას; სხვები კი ყველანაირად ცდილობენ, აჯობონ პედაგოგებს. ერთი ფრანგული ჟურნალი ამ საკითხს ასე განიხილავდა: „მასწავლებელი აღარ არის მდგომარეობის ბატონ-პატრონი. ბავშვების წარმატებით შეპყრობილი მშობლები შარს სდებენ სკოლის სახელმძღვანელოებს, ასამართლებენ და აკრიტიკებენ სწავლების მეთოდებს და მკვეთრად რეაგირებენ პირველივე ცუდ ნიშნებზე“. ასეთი მოქმედებები მასწავლებლის განსაკუთრებულ უფლებებს ხელყოფს.
იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ ბავშვებისთვის უკეთესია პედაგოგებთან მშობლების თანამშრომლობა და შვილების განათლების საკითხში ნამდვილი ინტერესის გამოვლენა.
იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ ბავშვებისთვის უფრო სასარგებლოა, როცა მშობლები თანამშრომლობენ პედაგოგებთან და ნამდვილად აინტერესებთ შვილების განათლება. მათ სწამთ, რომ ასეთი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც თქვენი სამუშაო, პედაგოგობა, უფრო და უფრო რთულდება.
სკოლის პრობლემები დღეს
რადგან სკოლები საზოგადოების ნაწილს წარმოადგენს, მათ არაფერი იცავს საზოგადოების საერთო პრობლემებისგან. ბოლო წლებში პრობლემები სოციალურ სფეროში მკვეთრად გაიზარდა. ამერიკის სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ ერთი გაზეთი იუწყება: „მოსწავლეებს გაკვეთილებზე სძინავთ, ემუქრებიან ერთმანეთს წარწერებით აჭრელებულ დერეფნებში და ამცირებენ კარგ მოსწავლეებს. . . თითქმის ყველა მოსწავლეს რაღაც პრობლემების გადალახვა უწევს, ზოგი ბავშვებს უვლის, ზოგს მშობლები ჰყავს დაპატიმრებული, სხვებს კი მოძალადეთა ჯგუფებისგან თავის დაცვა უწევთ. ყოველდღიურად თითქმის ერთი მეხუთედი არ ესწრება გაკვეთილებს“ (The New York Times).
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ სკოლაში ძალადობა საერთაშორისო პრობლემა ხდება. იშვიათი ჩხუბები და შეტაკებები უკვე წესად ქცეული სროლითა და დანების ტრიალით შეიცვალა. იარაღის ხმარება უფრო ჩვეულებრივი გახდა, თავდასხმები უფრო სასტიკი, ბავშვებში ძალადობა კი უფრო ხშირი და ნაადრევი.
უდავოა, ასეთი საზარელი მდგომარეობა ყველა ქვეყანაში არ გვხვდება. მაგრამ მრავალი პედაგოგი მთელ მსოფლიოში ხვდება ფრანგულ ყოველკვირეულში აღწერილ სიტუაციას: „მასწავლებელს მეტად აღარ აფასებენ; ის აღარ სარგებლობს ავტორიტეტით“ (Le Point).
აღზრდაში წარმატებული მშობლები თავისუფალ დროს შვილებთან ატარებენ.
ხელმძღვანელობისადმი ასეთი უპატივცემულობის გამოვლენა ნამდვილად სახიფათოა ყველა ბავშვისთვის. იეჰოვას მოწმეები ცდილობენ ჩააგონონ შვილებს ხელმძღვანელობისადმი მორჩილება და პატივისცემა — თვისებები, რომლებიც ასე იშვიათია დღევანდელ სკოლებში.