სულის უკვდავება იჭრება იუდაიზმში, ქრისტიანულ სამყაროსა და ისლამში
„სიკვდილის შემდეგ უკეთესი ცხოვრებისა თუ მეორედ დაბადების იმედის მიცემით ან ამ ორივეს ერთად დაპირებით, რელიგიაც ეხმარება ადამიანებს იმ ფაქტთან შეგუებაში, რომ ერთ დღესაც მოკვდებიან“. გერჰარტ ჰერმი, გერმანელი მწერალი.
1. რა ძირითად სწავლებას ეყრდნობა რელიგიების უმრავლესობა, როდესაც ადამიანებს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს ჰპირდება?
სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის დაპირებისას, ფაქტობრივად, ყველა რელიგია იმ სწავლებას ეყრდნობა, რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ სხვა სამყაროში გადადის ან სხვა არსებაში სახლდება. როგორც წინა ნაწილშია აღნიშნული, ადამიანის უკვდავების შესახებ წარმოდგენა აღმოსავლური რელიგიების წარმოშობიდანვე მათ განუყოფელ ნაწილად იქცა. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას იუდაიზმზე, ქრისტიანულ სამყაროსა და ისლამზე? როგორ გახდა ის ამ რელიგიების სწავლება?
იუდაიზმში იჭრება ბერძნული წარმოდგენები
2, 3. ასწავლიდა თუ არა ებრაული წერილები სულის უკვდავებას „იუდაური ენციკლოპედიის“ თანახმად?
2 იუდაიზმი დაახლოებით 4 000 წლის წინ, აბრაამის დროს, ჩაისახა. ებრაული წერილების წერა ძვ. წ. XVI საუკუნეში დაიწყო და იმ დროისთვის დამთავრდა, როდესაც სოკრატემ და პლატონმა სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენა ჩამოაყალიბეს. ასწავლიდა ეს წერილები სულის უკვდავებას?
3 „იუდაურ ენციკლოპედიაში“ (Encyclopaedia Judaica) მოცემულია პასუხი: „მხოლოდ ბიბლიის დაწერის შემდეგ ჩამოყალიბდა სულის უკვდავების სწავლება. . . და იუდაიზმსა და ქრისტიანულ სამყაროში რწმენის ერთ-ერთ ქვაკუთხედად იქცა“. მასში ასევე ნათქვამია: „ბიბლიურ დროში პიროვნება განიხილებოდა, როგორც ერთი მთლიანი. ამრიგად, სული გამოყოფილი არ იყო სხეულიდან“. ძველ იუდეველებს მკვდრების აღდგომის სწამდათ და „ეს კი განსხვავდება. . . სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენისგან“, — აღნიშნულია იმავე ენციკლოპედიაში.
4–6. როგორ იქცა სულის უკვდავების სწავლება იუდაიზმში „რწმენის ერთ-ერთ ქვაკუთხედად“?
4 მაშ, როგორ იქცა ეს სწავლება იუდაიზმში „რწმენის ერთ-ერთ ქვაკუთხედად“? ისტორია პასუხობს ამ შეკითხვას. ალექსანდრე დიდმა, ძვ. წ. 332 წელს ელვის სისწრაფით დაიპყრო შუა აღმოსავლეთის უმეტესი ნაწილი. იერუსალიმში შესვლისას იუდეველები მას სიხარულით ეგებებოდნენ. I საუკუნის იუდეველი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის სიტყვების თანახმად, ისინი მას დანიელის 200 წლით ადრე დაწერილ წინასწარმეტყველებასაც კი აჩვენებდნენ, სადაც აშკარად იყო აღწერილი ალექსანდრეს, როგორც ‘იავანის [„საბერძნეთის“, აქ] მეფის’, გამარჯვებები (დანიელი 8:5–8, 21). ალექსანდრეს მემკვიდრეებმა განაგრძეს მის მიერ წამოწყებული ელინიზაციის პროცესი და მთელ იმპერიაში ბერძნული ენა, კულტურა და ფილოსოფია გაავრცელეს. ამ ორი კულტურის — ბერძნულისა და იუდაურის — შერწყმა გარდაუვალი იყო.
5 ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში ებრაული წერილების ბერძნულ ენაზე თარგმნა დაიწყო; თარგმანს სეპტუაგინტა უწოდეს. მისი საშუალებით მრავალმა არაიუდეველმა დააფასა იუდაური რელიგია და კარგად გაეცნო მას, ზოგი მათგანი მოიქცა კიდეც ამ რწმენაზე. მეორე მხრივ, იუდეველებშიც დამკვიდრდა ბერძნული აზროვნება და ზოგიერთები ფილოსოფოსებიც კი გახდნენ, რაც მათთვის სრულიად უჩვეულო იყო. ერთ-ერთი მათგანი ახ. წ. I საუკუნის იუდეველი ფილოსოფოსი, ფილონ ალექსანდრიელი იყო.
6 ფილონი პატივს სცემდა პლატონს და ცდილობდა, იუდაიზმი ბერძნული ფილოსოფიური ცნებებით აეხსნა. «პლატონის ფილოსოფიისა და ბიბლიის თვალსაზრისის სინთეზით, — ნათქვამია წიგნში „ზეცა — ისტორია“ (Heaven—A History), — ფილონმა გზა გაუკვალა შემდგომი დროის ქრისტიან [ასევე იუდეველ] ფილოსოფოსებს». რა წარმოდგენა ჰქონდა ფილონს სულის შესახებ? წიგნში ასევე ნათქვამია: „მისი თვალსაზრისით, სიკვდილის დროს სული თავდაპირველ მდგომარეობას უბრუნდება და ისეთივე ხდება, როგორიც პიროვნების დაბადებამდე იყო. რადგანაც ის სულიერ სამყაროს ეკუთვნის, სხეულში სიცოცხლე მხოლოდ ხანმოკლე და ხშირად უიღბლო ეპიზოდია“. სხვა იუდეველი მოაზროვნეები, რომლებსაც სულის უკვდავების სწამდათ, იყვნენ X საუკუნის გამოჩენილი იუდეველი ექიმი ისააკ ისრაელი და გერმანიაში მცხოვრები XVIII საუკუნის ებრაელი ფილოსოფოსი მოზეს მენდელსონი.
7, 8. ა) რას ამბობს თალმუდი სულზე? ბ) რა არის ნათქვამი მოგვიანებით შექმნილ იუდაურ მისტიკურ ლიტერატურაში სულის შესახებ?
7 წიგნი, რომელმაც ასევე დიდი ზეგავლენა მოახდინა იუდაურ აზროვნებასა და ცხოვრებაზე არის თალმუდი — მოკლე ჩანაწერი ეგრეთ წოდებული ზეპირი რჯულისა, რომელსაც ახ. წ. II საუკუნიდან შუა საუკუნეების ბოლომდე რაბინები კომენტარებსა და განმარტებებს ურთავდნენ. „თალმუდის მწერალ რაბინებს, — ნათქვამია „იუდაურ ენციკლოპედიაში“, — სიკვდილის შემდეგ სულის მარადიული არსებობის სჯეროდათ“. თალმუდში მკვდრებისა და ცოცხლების კონტაქტიც კი მოიხსენიება. «შესაძლებელია პლატონიზმის გავლენით, — ნათქვამია „რელიგიისა და ეთიკის ენციკლოპედიაში“, — [რაბინებს] სწამდათ, რომ სულები დასაბამიდან არსებობდნენ».
8 მოგვიანებით შექმნილი, იუდეველთა მისტიკური, კაბალისტური, ლიტერატურა გარდასახვასაც კი ასწავლის. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: «როგორც ჩანს, ეს წარმოდგენა ინდოეთში ჩაისახა. . . კაბალაში ის პირველად გამოჩნდა წიგნში „ბაჰირი“, შემდეგ კი „ზოჰარის“ დაწერიდან უბრალოდ დამკვიდრდა მისტიკოსებს შორის და დიდი როლი შეასრულა ჰასიდურ რწმენასა და ლიტერატურაში» (The New Standard Jewish Encyclopedia). დღეს ისრაელში საყოველთაოდ აღიარებულია ის აზრი, რომ გარდასახვა იუდაური სწავლებაა.
9. რას ასწავლის იუდაიზმის მიმდინარეობების უმრავლესობა სულის უკვდავების შესახებ დღეს?
9 ამგვარად, სულის უკვდავებამ იუდაიზმში ბერძნული ფილოსოფიის ზეგავლენით შეაღწია და ეს წარმოდგენა დღეს მისი მიმდინარეობების უმრავლესობაშია დამკვიდრებული. მაგრამ როგორ შეიჭრა ის ქრისტიანულ სამყაროში?
ქრისტიანული სამყარო პლატონის შეხედულებების გავლენის ქვეშ ექცევა
10. რა დაწერა გამოჩენილმა ესპანელმა სწავლულმა სულის უკვდავებაზე იესოს თვალსაზრისის შესახებ?
10 ჭეშმარიტი ქრისტიანობა სათავეს ქრისტე იესოსგან იღებს. იესოს შესახებ მიგელ დე უნამუნომ, XX საუკუნის გამოჩენილმა ესპანელმა მეცნიერმა, დაწერა: „როგორც ებრაელს მას სწამდა სხეულით აღდგომის და არა სულის უკვდავების, როგორც [ბერძნებს] პლატონს. . . ამის მტკიცებების ნახვა შეიძლება ნებისმიერ წიგნში, სადაც ფაქტები დამახინჯებული არაა“. ბოლოს მან თქვა: „სულის უკვდავება. . . წარმართული, ფილოსოფიური სწავლებაა“.
11. როდის შეიჭრა ბერძნული ფილოსოფია ქრისტიანობაში?
11 როდის და როგორ შეიჭრა ეს „წარმართული, ფილოსოფიური სწავლება“ ქრისტიანობაში? ენციკლოპედიაში „ბრიტანიკა“ ნათქვამია: „ახ. წ. II საუკუნის მეორე ნახევრიდან ქრისტიანებმა, რომლებიც გაცნობილი იყვნენ ბერძნულ ფილოსოფიას, დაიწყეს ფიქრი იმის შესახებ, რომ თავიანთი რწმენა მისი ტერმინებით ჩამოეყალიბებინათ, რათა პირადად მათთვისაც მისაღები ყოფილიყო და განათლებული წარმართებიც მოექციათ. სათანადო ფილოსოფიად მათ პლატონიზმი მიიჩნიეს“.
12–14. რა როლი შეასრულეს ორიგენემ და ავგუსტინემ პლატონის ფილოსოფიის ქრისტიანობასთან შერწყმაში?
12 ორმა ასეთმა ადრინდელმა ფილოსოფოსმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ქრისტიანული სამყაროს სწავლებებზე. ერთი მათგანი იყო ორიგენე ალექსანდრიელი (ახ. წ. 185–254 წლები), ხოლო მეორე — ავგუსტინე ჰიპონელი (ახ. წ. 354–430 წლები). მათ შესახებ „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ (New Catholic Encyclopedia) ნათქვამია: „მხოლოდ ორიგენემ აღმოსავლეთში და ავგუსტინე ნეტარმა დასავლეთში დაამკვიდრეს სულის შესახებ წარმოდგენა და ჩამოაყალიბეს სული, როგორც ფილოსოფიური ცნება“. რაზე იყო დაფუძნებული სულის შესახებ მათი შეხედულებები?
13 ორიგენე იყო მოსწავლე კლემენტ ალექსანდრიელისა, რომელმაც „მამათაგან პირველმა აღიარა ბერძნული წარმოდგენა სულზე“, — ნათქვამია „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“. სულის შესახებ პლატონის შეხედულებებს დიდი ზეგავლენა უნდა მოეხდინა ორიგენეზე. „[ორიგენემ] ქრისტიანულ მოძღვრებაში სულის შესახებ მთელი რიგი სწავლებები შეიტანა, რომლებიც პლატონის მიერ იყო ჩამოყალიბებული“, — აღნიშნავს თეოლოგი ვერნერ იეგერი „ჰარვარდის თეოლოგიურ მიმოხილვაში“ (The Harvard Theological Review).
14 ქრისტიანულ სამყაროში ავგუსტინეს მრავალი აღიარებს ძველი დროის უდიდეს ფილოსოფოსად. „ქრისტიანად“ მოქცევამდე, 33 წლის ასაკში, ავგუსტინე ფილოსოფიისადმი დიდ ინტერესს იჩენდა და ნეოპლატონისტი იყოa. სარწმუნოების შეცვლის შემდეგაც, აზროვნებით, ნეოპლატონისტად დარჩა. „გავლენის ქვეშ მოქცეულ მის გონებაში ახალი აღთქმის რელიგია პლატონის იდეებთან და ბერძნულ ფილოსოფიასთან იყო შერწყმული“, — ნათქვამია ენციკლოპედიაში „ბრიტანიკა“. „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ ამბობს, რომ ავგუსტინეს მიერ შემოღებული „სწავლება [სულის შესახებ], რომელიც დასავლეთის ქვეყნებში XII საუკუნის ბოლოს უკვე დამკვიდრებული იყო, ნეოპლატონიზმს. . . ეფუძნებოდა“.
15, 16. შეიტანა თუ არა ცვლილება სულის უკვდავების შესახებ ეკლესიის სწავლებაში არისტოტელეს სწავლებებისადმი XIII საუკუნეში გამოვლენილმა ინტერესმა?
15 ევროპაში XIII საუკუნეში პოპულარობა არისტოტელეს სწავლებებმა მოიპოვა, მნიშვნელოვანწილად იმის გამო, რომ ლათინურ ენაზე ხელმისაწვდომი იყო არაბი მეცნიერების ნაშრომები, რომლებიც ფართოდ აშუქებდნენ არისტოტელეს წერილებს. კათოლიკე მეცნიერი, თომა აკვინელი, მოხიბლული იყო არისტოტელეს აზრებით. აკვინელის ნაშრომების მეშვეობით არისტოტელეს შეხედულებებმა ეკლესიის სწავლებებზე უფრო დიდი ზეგავლენა მოახდინა, ვიდრე პლატონის აზრებმა. მაგრამ ამას არავითარი ცვლილება არ შეუტანია სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენაში.
16 არისტოტელე ასწავლიდა, რომ სული სხეულის განუყოფელი ნაწილი იყო და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს აღარ განაგრძობდა, და, თუ მაინც რამე მარადიული არსებობდა ადამიანში, მას პიროვნების დამახასიათებელი არავითარი თვისება არ ჰქონდა, არამედ რაღაც აბსტრაქტული იყო. სულის შესახებ ეს შეხედულება განსხვავდებოდა ეკლესიის სწავლებისგან პიროვნული სულის შესახებ, რომელიც სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდა სიცოცხლეს. ამიტომ, აკვინელმა სულის შესახებ არისტოტელეს სწავლებაში ცვლილებები შეიტანა იმის მტკიცებით, რომ სულის უკვდავების დადასტურება შესაძლებელი იყო. ამგვარად, სულის უკვდავების შესახებ ეკლესიის სწავლება ხელუხლებელი დარჩა.
17, 18. ა) შეიტანა თუ არა XVI საუკუნის რეფორმაციამ ცვლილება სულის შესახებ სწავლებაში? ბ) რა თვალსაზრისი არსებობს სულის უკვდავებასთან დაკავშირებით ქრისტიანული სამყაროს მრავალ მიმდინარეობაში?
17 რენესანსის პირველ პერიოდში, XIV–XV საუკუნეებში, პლატონისადმი ინტერესი კვლავ გაიზარდა. იტალიაში მედიჩების ცნობილმა საგვარეულომ წვლილიც კი შეიტანა ფლორენციაში პლატონის აკადემიის დაარსებაში, რათა პლატონის ფილოსოფიის გავრცელებისთვის ხელი შეეწყო. XVI–XVII საუკუნეების განმავლობაში არისტოტელესადმი ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ. XVI საუკუნის რეფორმაციამაც არავითარი ცვლილება არ შეიტანა სულის შესახებ სწავლებაში. მაშინ, როდესაც პროტესტანტი რეფორმატორებისთვის განსაწმენდელის შესახებ სწავლება საკამათო საკითხს წარმოადგენდა, მარადიული ტანჯვის ან ნეტარების შესახებ წარმოდგენა მისაღები იყო.
18 ამგვარად, სულის უკვდავების შესახებ სწავლება ქრისტიანული სამყაროს მრავალ მიმდინარეობაშია გავრცელებული. ამის შესახებ ერთი ამერიკელი მეცნიერი წერდა: „რელიგია, ფაქტობრივად, ჩვენი ხალხის უმრავლესობისთვის ნიშნავს უკვდავებას და მეტს არაფერს. ღმერთი კი უკვდავების წყაროა“.
უკვდავება და ისლამი
19. როდის და ვის მიერ წარმოიშვა ისლამი?
19 ისლამი წარმოიშვა, როდესაც მუჰამედმა 40 წლის ასაკში წინასწარმეტყველება დაიწყო. ჩვეულებრივ, მუსულმანებს სწამთ, რომ მას გამოცხადებები 20–23 წლის მანძილზე ჰქონდა, დაახლოებით ახ. წ. 610 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, ახ. წ. 632 წლამდე. ეს გამოცხადებები ჩაწერილია ყურანში, მუსულმანების წმინდა წიგნში. ისლამის წარმოშობის დროისთვის იუდაიზმი და ქრისტიანული სამყარო უკვე სულის შესახებ პლატონის წარმოდგენების ზეგავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეული.
20, 21. რა სწამთ მუსულმანებს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლესთან დაკავშირებით?
20 მუსულმანებს სწამთ, რომ მათი რწმენა ძველი დროის ერთგული ებრაელებისა და ქრისტიანების გამოცხადებების კულმინაციაა. ყურანი როგორც ებრაული, ისე ბერძნული წერილებიდან ციტირებს. მაგრამ სულის უკვდავების სწავლებით ყურანი მათგან განსხვავდება. ყურანი ასწავლის, რომ ადამიანის სული სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს. მასში ასევე საუბარია მკვდრეთით აღდგომაზე, განკითხვის დღესა და სულის საბოლოო ხვედრზე — ან სამოთხის ზეციერ ეზოებში ცხოვრებაზე ან ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ტანჯვაზე.
21 მუსულმანებს მიაჩნიათ, რომ მიცვალებულის სული მიდის „ბარზახში“, ანუ „ზღუდეში“, რაც არის ადგილი, ანუ მდგომარეობა, სადაც არიან მიცვალებულები განკითხვის დღემდე (ყურანი, თავი XXIII, 101, 102). იქ სული ყველაფერს გრძნობს; ბოროტი სული ისჯება, ხოლო ერთგული — ნეტარებს. მაგრამ ერთგულებსაც მოელით მცირე ტანჯვა სიცოცხლეში ჩადენილი მცირე ცოდვების გამო. განკითხვის დღეს თითოეული პიროვნების მარადიული ხვედრი წყდება, რითაც ეს შუალედური მდგომარეობა მთავრდება.
22. რა ურთიერთსაწინააღმდეგო სწავლებები ჩამოაყალიბეს სულის შესახებ არაბმა სწავლულებმა?
22 იუდაიზმსა და ქრისტიანობაში სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენა პლატონის ზეგავლენის შედეგად გაჩნდა, ისლამი კი წარმოშობის დღიდანვე ასწავლის მას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაბი სწავლულები არ ცდილობდნენ ისლამური სწავლებებისა და ბერძნული ფილოსოფიის შერწყმას. სინამდვილეში, არაბულ სამყაროზე დიდი ზეგავლენა მოახდინა არისტოტელეს ნაშრომებმა. ცნობილმა არაბმა სწავლულებმა, ავიცენამ და ავეროესმა, განავრცეს და გადაამუშავეს არისტოტელეს იდეები. მაგრამ სულის შესახებ ბერძნული შეხედულებებისა და მუსულმანური სწავლებების შერწყმით მათ ურთიერთსაწინააღმდეგო წარმოდგენები ჩამოაყალიბეს. მაგალითად, ავიცენა აცხადებდა, რომ ადამიანის სული უკვდავი იყო. ავეროესი კი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა. ასეთი შეხედულებების მიუხედავად, სულის უკვდავება მუსულმანთა სწავლებად რჩება.
23. რას ასწავლის იუდაიზმი, ქრისტიანული სამყარო და ისლამი სულის უკვდავებასთან დაკავშირებით?
23 ნათელია, რომ იუდაიზმი, ქრისტიანული სამყარო და ისლამი, ყველა, სულის უკვდავებას ასწავლის.
[სქოლიოები]
a ნეოპლატონიზმის მიმდევარი; პლატონის ფილოსოფიაზე დაფუძნებული ახალი მიმდინარეობა, პლოტინემ რომში III საუკუნეში ჩამოაყალიბა.
[სურათი 14 გვერდზე]
ალექსანდრე დიდის დაპყრობებმა ბერძნული და იუდაური კულტურის შერწყმა გამოიწვია.
[სურათები 15 გვერდზე]
ორიგენე და ავგუსტინე პლატონის ფილოსოფიისა და ბიბლიის შერწყმას ცდილობდნენ.
[სურათები 16 გვერდზე]
ავიცენა (ზემოთ) აცხადებდა, რომ ადამიანის სული უკვდავი იყო. ავეროესი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა.