თავი მეცხრე
ღვთისმოსაწონად მოვეპყროთ სხვებს
1—3. ა) რა შეიძლება გაახსენოს ქრისტიანს ტვიროსმა? ბ) აღწერეთ, რა ურთიერთობა ჰქონდა მეფე ხირამს ისრაელთან. გ) რით არის საინტერესო ჩვენთვის ტვიროსის ისტორია?
რა შეიძლება გაგახსენოთ ძველმა ტვიროსმა? ბევრ ქრისტიანს ახსენდება, თუ როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება, როცა ალექსანდრე მაკედონელმა სანაპიროზე მდებარე ტვიროსის ნანგრევებით ააგო მიწაყრილი და კუნძულზე მდებარე ტვიროსი გაანადგურა (ეზეკიელი 26:4, 12; ზაქარია 9:3, 4). დაგაფიქრებთ ტვიროსის მაგალითი იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეთ თქვენს სულიერ და-ძმებთან ან სხვებთან?
2 რატომ განადგურდა ტვიროსი? „რადგან სამჯერ იურჩა ტვიროსმა, . . ყველა ტყვე ედომს ჩაუგდო ხელში და არ გაიხსენა ძმებს შორის დადებული შეთანხმება. ცეცხლს გავუგზავნი ტვიროსის გალავანს“ (ამოსი 1:9, 10). ძველად, ტვიროსის მეფე ხირამს კარგი ურთიერთობა ჰქონდა დავითთან და სოლომონს ტაძრის ასაშენებელი მასალით ამარაგებდა. სოლომონმა შეთანხმება დაუდო ხირამს და გალილეაში რამდენიმე ქალაქი მისცა. ხირამი სოლომონს ძმას უწოდებდა (1 მეფეები 5:1—18; 9:10—13, 26—28; 2 სამუელი 5:11). იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია, როცა ტვიროსმა „არ გაიხსენა ძმებს შორის დადებული შეთანხმება“ და ღვთის ხალხიდან ზოგიერთი მონად გაყიდა.
3 რას გვასწავლის ის ფაქტი, რომ თავისი ხალხის სასტიკად მოპყრობისთვის ღმერთმა მსჯავრი დასდო ტვიროსის ქანაანელ მოსახლეობას? ეს გვასწავლის, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს სულიერ ძმებთან. წინა თავებში განვიხილეთ თორმეტი წინასწარმეტყველის რჩევები, მაგალითად, როგორ მოვიქცეთ პატიოსნად საქმიანი ურთიერთობების დროს ან როგორ შევინარჩუნოთ ზნეობრივი სიწმინდე. ამ თორმეტი წიგნიდან უფრო მეტს გავიგებთ, თუ როგორ მოვეპყროთ სხვებს ღვთისმოსაწონად.
ნუ გაგახარებთ სხვისი გასაჭირი
4. რა გაგებით იყვნენ ედომელები ისრაელის ძმები, მაგრამ როგორ ეპყრობოდნენ მათ?
4 ჩვენთვისაც მრავლის მთქმელია ის, რომ ღმერთმა მსჯავრი დასდო ედომს, ისრაელის მეზობელ ქვეყანას: „ნიშნის მოგებით არ უნდა გეყურებინა იმისთვის, რაც შენი ძმის დღეს მოხდა, მისი უბედურების დღეს; არ უნდა გეხარა იუდას ძეების შემხედვარეს მათი დაღუპვის დღეს“ (აბდია 12). ტვიროსელები სავაჭრო საქმეებში ისრაელებს ძმებად მიიჩნევდნენ, ედომელები კი ისრაელების ნამდვილი ძმები იყვნენ, რადგან ისინი იაკობის ტყუპისცალისგან, ესავისგან წარმოიშვნენ. თვით იეჰოვამ უწოდა ედომელებს ისრაელის ძმები (მეორე კანონი 2:1—4). ამიტომ იყო ამაზრზენი ედომელების სიხარული იუდეველთა უბედურების გამო, რაც მათ ბაბილონელებმა დაატეხეს (ეზეკიელი 25:12—14).
5. რა შემთხვევებში დავემსგავსებით ედომელებს?
5 ცხადია, ღმერთმა არ მოიწონა, როგორ მოეპყრნენ ედომელები თავიანთ იუდეველ ძმებს. დაფიქრდით: როგორ შეაფასებდა ღმერთი ძმების მიმართ თქვენს დამოკიდებულებას? რას ვფიქრობთ ძმებზე და როგორ ვექცევით მათ, როცა ყველაფერი რიგზე არ არის? მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ქრისტიანმა გაწყენინათ ან მას თქვენს რომელიმე ნათესავთან დაეძაბა ურთიერთობა. თუ თქვენ „ჩივილის მიზეზი“ გაქვთ, ჩაიდებთ გულში ბოღმას, არ დაივიწყებთ წყენას და არ შეეცდებით კარგი ურთიერთობის აღდგენას? (კოლოსელები 3:13; იესო ნავეს ძე 22:9—30; მათე 5:23, 24) ეს შეიძლება თქვენსა და ამ ძმას შორის ურთიერთობაზე აისახოს; შეიძლება გულცივად მოექცეთ, მოერიდოთ მასთან ურთიერთობას ან უარყოფითად ილაპარაკოთ მასზე. ვთქვათ, ამ ძმამ მოგვიანებით შეცდომა დაუშვა და კრების უხუცესებისგან სერიოზული რჩევა ან შეგონება მიიღო (გალატელები 6:1). ედომელებივით ხომ არ გაიხარებდით ძმის გასაჭირით? როგორ მოქმედებას მოიწონებდა ღმერთი?
6. როგორ უნდა მოვიქცეთ ზაქარიას 7:10-სა და მიქას 7:18-ის თანახმად?
6 იეჰოვამ ზაქარიას პირით განაცხადა: „ბოროტს ნუ განიზრახავთ გულში ერთმანეთის მიმართ“ (ზაქარია 7:9, 10; 8:17). ეს რჩევა განსაკუთრებით მაშინ არის დროული, როცა ძმამ გვაწყენინა ან არასწორად მოექცა ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრს. ამ დროს ადვილია, ბოროტი განვიზრახოთ გულში და შემდეგ ეს საქმეებითაც გამოვავლინოთ. ღმერთს კი სურს, რომ მას მივბაძოთ. მიქა წერდა, რომ იეჰოვა „პატიობს დანაშაულს და გვერდს უვლის ცოდვას“a (მიქა 7:18). რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
7. რატომ იქნებოდა უკეთესი წყენის დავიწყება?
7 შეიძლება გულნატკენი ვართ იმის გამო, რაც ჩვენ ან ჩვენს ნათესავს გაუკეთეს, მაგრამ ღირს კი ამაზე ყურადღების გამახვილება? ბიბლია გვიხსნის, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ მოვაგვაროთ უთანხმოებები, და როგორ მოვიქცეთ, თუ ძმამ ჩვენ წინააღმდეგ შესცოდა. ხშირ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია, ყურადღება არ მივაქციოთ შეცდომას ან განაწყენებას, ანუ გვერდი ავუაროთ ცოდვას. დავფიქრდეთ: ხომ არ არის ეს სამოცდაჩვიდმეტიდან ერთ-ერთი შემთხვევა, როცა უნდა ვაპატიოთ მას? ხომ არ აჯობებს, უბრალოდ დავივიწყოთ ყველაფერი? (მათე 18:15—17, 21, 22) თუ ახლა წყენა სერიოზულად გვეჩვენება, განა ასე იქნება ათასი წლის შემდეგაც? დავუკვირდეთ, რას გვასწავლის ეკლესიასტეს 5:20-ში მოყვანილი მაგალითი მშრომელზე, რომელიც სიხარულით ჭამს და სვამს: „ხშირად არ გაახსენდება მას წარსული დღეები, რადგან ჭეშმარიტი ღმერთი სიხარულით უვსებს გულს“. ის ხარობს იმით, რაც მას აქვს, და ივიწყებს ცხოვრებისეულ პრობლემებს. შეგვიძლია მივბაძოთ მას? თუ ყურადღებას ვამახვილებთ იმ სიხარულზე, რომელსაც ქრისტიანული საძმო გვანიჭებს, შევძლებთ იმ უმნიშვნელო პრობლემების დავიწყებას, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში აღარც კი გაგვახსენდება. თუ ასე ვიქცევით, არ დავემსგავსებით მას, ვისაც სხვისი გასაჭირი ახარებს და გულში ბოღმას იტოვებს.
რას უნდა ერიდოთ, თუ ვინმემ გაწყენინათ?
ილაპარაკეთ სიმართლე
8. რატომ გვიჭირს ზოგჯერ სიმართლის თქმა?
8 თორმეტ წინასწარმეტყველურ წიგნში ნათლად იკვეთება ის აზრი, რომ ღმერთი ჩვენგან პატიოსნებას მოითხოვს. ჩვენ ვცდილობთ „სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტება“ გადავცეთ სხვებს (კოლოსელები 1:5; 2 კორინთელები 4:2; 1 ტიმოთე 2:4, 7). მაგრამ ყოველდღიურად, სხვადასხვა თემაზე საუბრისას, ყოველთვის არ არის ადვილი სიმართლე ველაპარაკოთ ოჯახის წევრებსა და სულიერ ძმებს. რატომ?
9. როდის შეიძლება გაგვიჩნდეს ცდუნება, არ ვთქვათ სრული სიმართლე, მაგრამ რაზე უნდა დავფიქრდეთ?
9 რომელ ჩვენგანს არ გვიწვნევია ჩვენი სიტყვის ან საქმის შედეგები? ალბათ თავი დამნაშავედ ან უხერხულად გვიგვრძნია. ამ დროს ადამიანმა შეიძლება უარყოს თავისი შეცდომა, თავის მართლების მიზნით დაამახინჯოს სიმართლე ან ასეთ უხერხულ სიტუაციაში, ფაქტების შელამაზების მიზნით, არ მოიხსენიოს ყველა დეტალი. ამ შემთხვევაში ისე გამოდის, რომ არც ტყუილს ვამბობთ, მაგრამ არც მართალს. ეს შეიძლება არ იყოს აშკარა ტყუილი, როგორიც დღევანდელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ არის კი ეს ჭეშმარიტების ლაპარაკი მოყვასთან ან ძმასთან? (ეფესოელები 4:15, 25; 1 ტიმოთე 4:1, 2) თქვენი აზრით, რას ფიქრობს ღმერთი, როცა ქრისტიანი გრძნობს, რომ არასწორ დასკვნამდე მიჰყავს ძმები, მაგრამ მაინც არწმუნებს მათ იმაში, რაც სიმართლეს მთლად არ შეესაბამება და ბოლომდე არ აწვდის სწორ ინფორმაციას?
10. როგორ აღწერდნენ წინასწარმეტყველები ძველ ისრაელსა და იუდაში არსებულ მდგომარეობას?
10 წინასწარმეტყველებს კარგად ესმოდათ, რომ იეჰოვაზე მიძღვნილი ადამიანებიც ყოველთვის ღვთისმოსაწონად ვერ მოიქცევიან. ოსიამ ღვთის თვალსაზრისი გამოხატა, როცა თავის თანამედროვეებზე თქვა: „ძარცვა მათ, რადგან მცოდავენ! მათი გამომსყიდველი ვიყავი, მაგრამ სიცრუეს ლაპარაკობენ ჩემ წინააღმდეგ“. თუმცა ზოგი აშკარა სიცრუეს არ ლაპარაკობდა იეჰოვას წინააღმდეგ, მაგრამ „ავრცელებდა წყევლასა და მზაკვრობას“, როგორც ჩანს, ფაქტების დამახინჯებისა და სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით (ოსია 4:1, 2; 7:1—3, 13; 10:4; 12:1). ოსიამ ეს სიტყვები სამარიაში, ჩრდილოეთ სამეფოში დაწერა. იყო იუდაში უკეთესი მდგომარეობა? მიქა გვამცნობს: „ძალადობით აივსნენ მისი მდიდრები და მისი მკვიდრები სიცრუეს ლაპარაკობენ, მზაკვარი ენა აქვთ პირში“ (მიქა 6:12). კარგი იქნება, თუ არ დავივიწყებთ, როგორ განსჯიდნენ წინასწარმეტყველები მზაკვრობას და მათ, ვისაც მზაკვარი ენა ჰქონდა პირში. ის ქრისტიანებიც კი, რომლებიც განზრახ ტყუილს არ ამბობენ, უნდა დაფიქრდნენ: „ზოგჯერ მზაკვრულად ხომ არ ვიქცევი ან მზაკვარი ენა ხომ არა მაქვს? რას ელის ღმერთი ჩემგან?“
11. როგორც წინასწარმეტყველთაგან ვიგებთ, როგორ საუბარს მოელის ღმერთი ჩვენგან?
11 წინასწარმეტყველებმა არა მხოლოდ ის გვამცნეს, თუ რა არ მოსწონს ღმერთს, არამედ ისიც, თუ რას მოელის ჩვენგან. ზაქარიას 8:16-ში ნათქვამია: «აი რა უნდა გააკეთოთ: „ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს, სიმართლითა და სამშვიდობო სამართლით განსჯიდეთ თქვენს კარიბჭეებთან“». ზაქარიას დროს სამართლებრივ საქმეებს ქალაქის უხუცესები კარიბჭეებთან განიხილავდნენ (რუთი 4:1; ნეემია 8:1). თუმცა ზაქარია იმას არ გულისხმობდა, რომ მხოლოდ იქ იყო საჭირო სიმართლის ლაპარაკი. ჩვენ პატიოსნები არა მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში უნდა ვიყოთ, არამედ ყოველთვის ჭეშმარიტება უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს. ამაში შედის მეუღლესთან ან ახლო ნათესავებთან საუბრებიც, ასევე სულიერ და-ძმებთან ურთიერთობა, იქნება ეს პირისპირ, ტელეფონით თუ სხვაგვარად. ისინი ჩვენგან სიმართლეს მოელიან. ქრისტიანმა მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს, რამდენად ცუდია ტყუილის თქმა. ამგვარად, ბავშვები დაინახავენ, რომ ღმერთი მათგან მოითხოვს, არ იცრუონ და ყოველთვის სიმართლე ილაპარაკონ (სოფონია 3:13).
12. რა ფასდაუდებელ ცოდნას გვაძლევს ეს წინასწარმეტყველური წიგნები?
12 ნებისმიერი, ახალგაზრდა თუ ხნიერი, ვინც ჭეშმარიტებით ხელმძღვანელობს, ეხმაურება ზაქარიას მოწოდებას: „გიყვარდეთ ჭეშმარიტება და მშვიდობა“ (ზაქარია 8:19). მალაქიას სიტყვებიდან ვიგებთ, რატომ მიიჩნევდა იეჰოვა თავის ძეს სამაგალითოდ: „ჭეშმარიტების კანონი ჰქონდა ენაზე და უმართლობა არ იპოვებოდა მის ბაგეზე. მშვიდობითა და სიმართლით დადიოდა ჩემთან ერთად“ (მალაქია 2:6). განა ჩვენგანაც იმავეს არ ითხოვს იეჰოვა? ჩვენ ხელთ გვაქვს მთელი ბიბლია, რომელშიც ეს თორმეტი წინასწარმეტყველური წიგნიც შედის, საიდანაც მრავალი რამის სწავლა შეგვიძლია.
მოერიდეთ ძალადობას
13. ღვთის ხალხში არსებული კიდევ რა პრობლემაა აღწერილი მიქას 6:12-ში?
13 მიქას 6:12-დან ვიგებთ, რომ ღვთის ხალხი ცუდად ეპყრობოდა სხვებს, რადგან სიცრუეს ლაპარაკობდა და მზაკვარი ენა ჰქონდა პირში. ეს მუხლი ღვთის ხალხის კიდევ ერთ სერიოზულ ნაკლზე ამახვილებს ყურადღებას. მასში ნათქვამია, რომ „ძალადობით აივსნენ. . . მდიდრები“. რას ნიშნავს ეს და რას ვსწავლობთ აქედან?
14, 15. რა ვიცით ღვთის ხალხის მეზობლად მცხოვრები ერების ძალადობაზე?
14 განვიხილოთ, რით იყვნენ ცნობილნი ღვთის ხალხის მეზობელი ერები. ისრაელის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა ასურეთი და მისი დედაქალაქი ნინევე, რომელზეც ნაუმი წერდა: „ვაი სისხლისმღვრელ ქალაქს! მზაკვრობითა და ძარცვით არის სავსე. არ წყვეტს მტაცებლობას!“ (ნაუმი 3:1) ასურელები ბრძოლაში დაუნდობლები იყვნენ და უმოწყალოდ ექცეოდნენ ტყვეებს. ისინი ზოგს წვავდნენ, ზოგს ცოცხლად ატყავებდნენ, ზოგს კი თვალებს თხრიდნენ და ცხვირს, ყურებს და თითებს აჭრიდნენ. წიგნში „ღმერთები, სამარხები და სწავლულები“ ნათქვამია: „ნინევემ კაცობრიობას მკვლელობებით, ძარცვითა და სუსტთა ჩაგვრით დაამახსოვრა თავი, აგრეთვე ომებითა და ყოველგვარი ძალადობით“. ჩვენთვის ცნობილია ამ ძალადობის მოწმის (და შესაძლოა, მონაწილის) სიტყვები. იონას გაფრთხილების მოსმენის შემდეგ ნინევეს მეფემ თავის ხალხს განუცხადა: „ჯვალო ატაროს ყველამ, კაცმაც და შინაურმა ცხოველმაც. მთელი ძალით მოუხმონ ღმერთს და მიატოვოს თითოეულმა თავისი ბოროტი გზა და ძალადობა, რასაც მათი ხელები სჩადიოდნენ“ (იონა 3:6—8)b.
15 შემზარავი ძალადობა მხოლოდ ასურეთს არ ახასიათებდა. იუდას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ედომიც ვერ ასცდა სასჯელს. რატომ? „გაუდაბურდება ედომი, რადგან ძალადობდნენ იუდას ძეებზე და უდანაშაულო სისხლს ღვრიდნენ მათ მიწაზე“ (იოელი 3:19). ყურად იღეს ედომელებმა ეს გაფრთხილება და მიატოვეს ძალადობა? დაახლოებით ორი საუკუნის შემდეგ აბდია წერდა: „შეძრწუნდებიან შენი ვაჟკაცები, თემანო (ედომის ქალაქი). . . რაკი ძალადობდი შენს ძმაზე, იაკობზე, . . სამარადისოდ მოიკვეთები“ (აბდია 9, 10). განსხვავდებოდა თუ არა ღვთის ხალხი მათგან?
16. რა პრობლემებზე ამახვილებდნენ ყურადღებას ამოსი და აბაკუმი?
16 ამოსი გვამცნობს, რა მდგომარეობა იყო სამარიაში, ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს დედაქალაქში: „ნახეთ დიდი არეულობა და გამოძალვა, რაც იქ ხდება. მათ არ იციან იმის კეთება, რაც სწორია, — ამბობს იეჰოვა, — მათ, ვინც ძალადობასა და ძარცვას ამრავლებს“ (ამოსი 3:9, 10). ალბათ ფიქრობთ, რომ იუდაში, სადაც იეჰოვას ტაძარი იყო, მდგომარეობა განსხვავდებოდა. მაგრამ იუდაში მცხოვრები აბაკუმი ეკითხებოდა ღმერთს: „როდემდე უნდა გთხოვდე ხსნას ძალადობისგან და არ გვშველოდე? რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას? რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემ თვალწინ?“ (აბაკუმი 1:2, 3; 2:12)
17. რას შეიძლებოდა შეეწყო ხელი ძალადობის გავრცელებისთვის ღვთის ხალხში?
17 ასურეთის, ედომის ან სხვა ერების ზეგავლენის გამო ხომ არ გავრცელდა ძალადობა ღვთის ხალხში? სოლომონმა გააფრთხილა თავისი ხალხი: „მოძალადე კაცის ნუ შეგშურდება, ნურც ერთ მის გზას ნუ აირჩევ“ (იგავები 3:31; 24:1). მოგვიანებით იერემიამ აღნიშნა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „ნუ ისწავლით ხალხთა გზას“» (იერემია 10:2; მეორე კანონი 18:9).
მრავალი მულტფილმი და ვიდეოთამაში ბავშვებს ძალადობას აჩვევს.
18, 19. ა) აბაკუმი რომ ცოცხალი ყოფილიყო, რას იტყოდა დღევანდელ ძალადობაზე? ბ) თქვენ რას ფიქრობთ დღეს გავრცელებულ ძალადობაზე?
18 აბაკუმი რომ ცოცხალი ყოფილიყო, განა არ შეზარავდა დღეს გავრცელებული ძალადობა? ბევრი ბავშვობიდანვე ეჩვევა ძალადობას. მულტფილმები, რომლებსაც პატარები ასე გატაცებით უყურებენ, სავსეა ძალადობის ამსახველი სცენებით — მულტფილმის გმირი კლავს, აფეთქებს ან სხვაგვარად ანადგურებს სხვებს. ამას მოჰყვება ვიდეოთამაშები, როდესაც მოთამაშე გამარჯვების მიზნით ესვრის, აფეთქებს და ანადგურებს მოწინააღმდეგეს. ზოგი შეიძლება შეგვეკამათოს და თქვას, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თამაშია, მაგრამ ძალადობით გაჯერებული თამაშები, რითაც სახლში ან ვიდეოთამაშების ცენტრში ერთობიან, ძალადობის მორევში ითრევს მოთამაშეს და გავლენას ახდენს მის აზროვნებასა და საქციელზე. რა ჭეშმარიტია ღვთისგან შთაგონებული სიტყვები: „მოძალადე თავის მოძმეს შეაცდენს და ცუდი გზით წაიყვანს მას“! (იგავები 16:29)
19 აბაკუმი წუხდა იმის გამო, რომ იძულებული იყო ბოროტებისა და ძალადობისთვის ეყურებინა. როგორ ფიქრობთ, მოხერხებულად მოკალათდებოდა ის თქვენ გვერდით და უყურებდა თქვენს საყვარელ სატელევიზიო პროგრამებს? ან დაესწრებოდა ეგრეთ წოდებულ სპორტულ შეჯიბრებებს, რომელთა არსიც ძალადობაა, და სადაც მოთამაშეები თავიანთი „აღჭურვილობით“ გლადიატორებს მოგვაგონებენ? ზოგს იზიდავს მოთამაშეებსა თუ გაშმაგებულ გულშემატკივრებს შორის ატეხილი ჩხუბი. ზოგ ქვეყანაში პოპულარულია ფილმები ძალადობაზე, სადაც წამყვანი თემა ომი და საბრძოლო ხელოვნებაა. ხალხი თავს იმით იმართლებს, რომ ეს მათი ისტორიის ნაწილია. მაგრამ განა ეს ამართლებს ძალადობას?! (იგავები 4:17)
20. რა ძალადობაზე საუბრობდა მალაქია და როგორ უყურებდა ამ ძალადობას იეჰოვა?
20 მალაქია ამ საკითხის სხვა მხარეს განიხილავს, კერძოდ, რა თვალსაზრისი ჰქონდა იეჰოვას იმ იუდეველებზე, რომლებიც ვერაგულად ეპყრობოდნენ ცოლებს. „მძულს გაყრა, — ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, — და ის, ვინც ძალადობით იფარავს ტანსაცმელს“ (მალაქია 2:16). ებრაული გამოთქმა „ძალადობით იფარავს ტანსაცმელს“ სხვადასხვანაირად ესმით. მაგალითად, ზოგი სწავლულის აზრით აქ იგულისხმება ტანსაცმლის გასისხლიანება სხვაზე თავდასხმისას. ნებისმიერ შემთხვევაში, მალაქია აშკარად გმობს მეუღლეზე ძალადობას. ის საუბრობდა ოჯახში ძალადობაზე და აჩვენებდა, რომ ღმერთი არ იწონებს ამას.
21. სად უნდა მოერიდოს ქრისტიანი ძალადობას?
21 ქრისტიანისთვის მიუღებელია სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, სულერთია, იქნება ეს შინ თუ გარეთ. ღმერთს ვერაფერს გამოაპარებ (ეკლესიასტე 5:8). მართალია, მალაქია მოიხსენიებს ძალადობას ცოლებზე, მაგრამ ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ არანაკლებ დასაგმობია, თუ კაცი ძალადობას მიმართავს ბავშვების ან მოხუცი მშობლების წინააღმდეგ. არც ის არის გამართლებული, როცა ცოლი ძალადობს ქმარზე, ბავშვებზე ან მშობლებზე. რა თქმა უნდა, არასრულყოფილ ოჯახში შეიძლება დაიძაბოს სიტუაცია, რაც ზოგჯერ გაღიზიანებასა და რისხვას იწვევს. მაგრამ ბიბლია გვირჩევს: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ“ (ეფესოელები 4:26; 6:4; ფსალმუნები 4:4; კოლოსელები 3:19).
22. საიდან ვიცით, რომ შეგვიძლია მოვერიდოთ ძალადობას, თუნდაც მოძალადე ადამიანების გარემოში გვიწევდეს ცხოვრება?
22 ზოგიერთი თავის საქციელს იმით ამართლებს, რომ ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც ძალადობას მიმართავდნენ, ან იმით, რომ მისი ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლები ფიცხები და იმპულსურები არიან. მაგრამ მიქამ დაგმო ძალადობით ავსებული მდიდრები და არ გაუმართლებია ისინი იმის გამო, რომ ძალადობით მოცულ გარემოში გაიზარდნენ (მიქა 6:12). ნოე იმ დროს ცხოვრობდა, როცა დედამიწა „აივსო ძალადობით“ და მისი ვაჟებიც ასეთ გარემოში გაიზარდნენ. გახდნენ ისინი მოძალადენი? არა! „ნოემ კეთილგანწყობა პოვა იეჰოვას თვალში“. მისმა ვაჟებმაც მიბაძეს მას და გადაურჩნენ წარღვნას (დაბადება 6:8, 11—13; ფსალმუნები 11:5).
23, 24. ა) როგორ მოვერიდოთ ძალადობას? ბ) როგორ უყურებს იეჰოვა მათ, ვინც მის მოსაწონად ეპყრობა სხვებს?
23 მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები არა ძალადობით, არამედ მშვიდობისმოყვარეობით არიან ცნობილნი. ისინი პატივს სცემენ და ემორჩილებიან ძალადობის აღმკვეთ სახელმწიფო კანონებს (რომაელები 13:1—4). ისინი „მახვილებისგან სახნისებს ჭედავენ“ და ესწრაფვიან მშვიდობას (ესაია 2:4). ისინი ცდილობენ შეიმოსონ „ახალი პიროვნება“, რაც მათ ძალადობისგან იცავს (ეფესოელები 4:22—26). მათ შესანიშნავ მაგალითს აძლევენ ქრისტიანი უხუცესები, რომლებიც არ არიან „მოჩხუბრები“ არც საქმით და არც სიტყვით (1 ტიმოთე 3:3; ტიტე 1:7).
24 ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულიც ვართ ღვთისმოსაწონად მოვეპყროთ სხვებს. ოსიამ თქვა: „ვინაა ბრძენი, რომ გაიგოს ეს? ვინ არის გონიერი, რომ იცოდეს ეს? სწორია იეჰოვას გზა და მართლები ივლიან მასზე“ (ოსია 14:9).
a ერთი სწავლული ამბობს, რომ გამოთქმა „ცოდვისთვის გვერდის ავლა“ მეტაფორაა და აღწერს „მგზავრს, რომელიც გზაზე არ ამჩნევს მისთვის უინტერესო საგნებს. ამით ის კი არ არის ნათქვამი, რომ ღმერთი თვალს ხუჭავს ცოდვაზე, არამედ, გარკვეულ შემთხვევებში, ის საჭიროდ არ თვლის შემცოდველის დასჯას და პატიობს მას“.
b ნინევეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, 35 კილომეტრში მდებარეობდა ქალახი (იგივე ნიმრუდი), რომელიც ასურნასირფალმა ააშენა. ბრიტანეთის მუზეუმში წარმოდგენილია ქალახის კედლის რელიეფი, რომლის შესახებაც ნათქვამია: „ასურნასირფალი დეტალურად აღგვიწერს, რა დაუნდობლობითა და სისასტიკით აწარმოებდა თავის ლაშქრობებს. ტყვეებს დაპყრობილი ქალაქების გალავნებზე ბოძებზე კიდებდნენ ან ზედ აკრავდნენ. . . ქალ-ვაჟებს ცოცხლად ატყავებდნენ“ („ბიბლიის არქეოლოგია“).