საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yp2 თ. 32 გვ. 263-272
  • რით გავერთო?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რით გავერთო?
  • ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ზნეობრივი პრინციპების სადარაჯოზე
  • ვიარო საცეკვაო კლუბებში?
    გამოიღვიძეთ! — 2004
  • რატომ არ მაძლევენ მშობლები გართობის უფლებას?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • იან.—მარ. რატომ არის სხვებისთვის ყველანაირი გართობა დაშვებული?
    გამოიღვიძეთ! — 1997
  • აპრ.—მაის. როგორ შემიძლია კარგად გავატარო დრო?
    გამოიღვიძეთ! — 1997
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
yp2 თ. 32 გვ. 263-272

თავი 32

რით გავერთო?

აღნიშნე, სწორია თუ არასწორი:

ბიბლიაში წერია, რომ . . .

სპორტული თამაშებით გართობა საერთოდ არ შეიძლება.

□ სწორია □ არასწორია

ყველა ფილმი და სატელევიზიო გადაცემა უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე.

□ სწორია □ არასწორია

არანაირი ცეკვა არ შეიძლება.

□ სწორია □ არასწორია

მთელი კვირა ამოსუნთქვის საშუალება არ გქონდა. როგორც იქნა, შაბათ-კვირა მოვიდა და სკოლაში წასასვლელი აღარ ხარ. სახლის საქმეებსაც მორჩი. თუმცა ახალგაზრდულ ენერგიას რა გამოლევს (იგავები 20:29). ახლა ერთი სული გაქვს, გაერთო.

შენი თანატოლები შეიძლება ფიქრობენ, რომ ბიბლია ყველანაირ გართობას გიკრძალავს. ნამდვილად ასეა ეს? მოდი ვიმსჯელოთ წინა გვერდზე მოცემულ ტესტზე და ვნახოთ, სინამდვილეში რას ამბობს ბიბლია გართობასა და დასვენებაზე.

● სპორტული თამაშებით გართობა საერთოდ არ შეიძლება.

არასწორია. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ფიზიკური ვარჯიში . . . სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8). მაგალითად, ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის ან ჩოგბურთის თამაში, ციგურაობა, სირბილი და ველოსიპედით სიარული სასარგებლოც არის და გასართობადაც კარგია.

თუმცა წინდახედულობაც საჭიროა. ყურადღება მიაქციე ზემოთ მოყვანილი ბიბლიური ციტატის კონტექსტს. მოციქული პავლე ახალგაზრდა ტიმოთეს ურჩევდა: „ფიზიკური ვარჯიში მეტ-ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისადმი ერთგულება კი ყველაფერში სასარგებლოა, რადგან გვპირდება სიცოცხლეს ახლაც და მომავალშიც“. ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ ღვთისმოსაწონად მოქმედება ჩვენთვის უმთავრესი უნდა იყოს. ასე რომ, ღვთისადმი ერთგულებაზე მაშინაც უნდა იფიქრო, როცა სპორტის ამა თუ იმ სახეობით გინდა გართობა. დაფიქრდი შემდეგ საკითხებზე.

1. რამდენად სახიფათოა სპორტის ეს სახეობა? ბრმად ნუ ენდობი სხვა ახალგაზრდების „რეკლამებს“. მაგალითად, გაარკვიე რამდენად დიდია ტრავმის მიღების ან უბედური შემთხვევის ალბათობა. დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები? სპეციალური მომზადება ან აღჭურვილობა ხომ არ არის საჭირო, რომ არ დაშავდე? მართალია, სპორტის თითქმის ყველა სახეობა გარკვეულწილად რისკთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამ სახეობაში მონაწილეები შეგნებულად ხომ არ უგულებელყოფენ ტრავმის ან სიკვდილის საშიშროებას?

სიცოცხლე ღმერთმა მოგვცა. მისი კანონებით ისრაელში სერიოზულად ისჯებოდა ადამიანი, რომლის მიზეზითაც ვინმე მოკვდებოდა, თუნდაც შემთხვევით (გამოსვლა 21:29; რიცხვები 35:22—25). ეს ღვთის ხალხს ეხმარებოდა წინდახედულობის გამოვლენაში (კანონი 22:8). სიცოცხლეს ქრისტიანებიც უნდა გავუფრთხილდეთ.

2. ვისთან მოგიწევს ახლო ურთიერთობა? თუ კარგი სპორტული მონაცემები გაქვს, შეიძლება თანატოლები და მასწავლებლები გამუდმებით იმას გეუბნებიან, რომ სკოლის გუნდში უნდა ჩაეწერო. შესაძლოა შენც გაქვს ამის დიდი სურვილი. ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი, მარკი, ამბობს: „არ მესმის, რატომ არ უნდათ მშობლებს, რომ სკოლის გუნდში ჩავეწერო“. ნაცვლად იმისა, რომ მშობლების დაყოლიებას ეცადო, დაფიქრდი შემდეგზე: როგორც წესი, ვარჯიშები და თამაშები გაკვეთილების შემდეგაა. თუ კარგად თამაშობ, უფრო მეტ თამაშში მოგიწევს მონაწილეობა, რაც დიდ დროს წაგართმევს. თუ განსაკუთრებული მონაცემებით არ გამოირჩევი, მაინც დიდი დრო წაგივა, რადგან გექნება იმის სურვილი, რომ უფრო მეტი ივარჯიშო. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში თანაგუნდელები ერთად განიცდიან გამარჯვების სიხარულს თუ მარცხის სიმწარეს, რაც მათ ძალიან აახლოებს ერთმანეთთან.

ახლა ჰკითხე საკუთარ თავს: „ღირს ამდენი დროის დათმობა იმისთვის, რაც ძალიან დამაახლოებს ახალგაზრდებთან, რომლებიც ჩემს რელიგიურ პრინციპებს არ ეთანხმებიან? დადებითად იმოქმედებს ეს ჩემზე?“ (1 კორინთელები 15:33). „რა დათმობაზე წავალ იმის გულისთვის, რომ რომელიმე გუნდში ვითამაშო?“.

3. რა დრო და რა თანხა დაგეხარჯება? ბიბლია გვირჩევს: „დარწმუნდ[ი]თ, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10). ამ რჩევის გათვალისწინება რომ შეძლო, დაფიქრდი: „ხომ არ წამართმევს ეს საშინაო დავალებების მომზადებისა და ღვთის მსახურებისთვის განკუთვნილ დროს? რა თანხა დამეხარჯება საერთო ჯამში? ნამდვილად მაქვს ამის საშუალება?“. უპასუხე ამ კითხვებს და შესაბამისად იმოქმედე, რათა შენს ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდეს.

● ყველა ფილმი და სატელევიზიო გადაცემა უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე.

არასწორია. ბიბლია მოგვიწოდებს: „კარგს ჩაეჭიდეთ; მოერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას“ (1 თესალონიკელები 5:21, 22). ცხადია, ყველა ფილმი და ტელეგადაცემა არ დაგვარღვევინებს ამ პრინციპსa.

მეგობრებთან ერთად კინოში წასვლა დროის გატარების კარგი საშუალებაა. ლი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს, ამბობს: „როცა რომელიმე ფილმის ნახვა მინდა, ჯერ ერთ მეგობარს ვუთანხმდები ტელეფონით და მერე სხვებსაც ვაგებინებთ“. ჩვეულებრივ, ისინი დღის სეანსს ესწრებიან, შემდეგ კი მშობლებთან ერთად მიდიან სადმე საჭმელად.

კინოფილმები და ტელეგადაცემები ერთ-ერთი უძველესი ჩვეულების თანამედროვე გამოვლინებაა. რას ვგულისხმობთ? ადამიანები ყოველთვის უყვებოდნენ ერთმანეთს საინტერესო ისტორიებს. იესოს მოყოლილი ისტორიები გულგრილს არავის ტოვებდა. მაგალითად, შეუძლებელია, რომ გულმოწყალე სამარიელის ამბავმა თანაგრძნობა არ აღგიძრას და ბევრ რამეზე არ დაგაფიქროს (ლუკა 10:29—37).

დღევანდელ კინემატოგრაფისტთა იდეები გავლენას ახდენს ხალხის ზნეობრივ ფასეულობებზე. ისინი ცდილობენ, რომ ფილმის პერსონაჟებში მაყურებელს საკუთარი თავი დაანახვონ მაშინაც კი, როცა ეს პერსონაჟები ძალაუფლებას მოწყურებული ადამიანები, დამნაშავეები და სადისტები არიან. თუ ფრთხილად არა ხარ, შეიძლება ფილმის ყურების დროს ბოროტმოქმედსაც უთანაგრძნო და გულში გაამართლო მისი სისასტიკე ან უზნეობა. რა უნდა გააკეთო, შენც რომ არ დაგემართოს ეს?

ამა თუ იმ ფილმის ან ტელეგადაცემის ყურებამდე დაფიქრდი: „უფრო მეტად აღმძრავს თანაგრძნობისკენ?“ (ეფესოელები 4:32). „ხომ არ გამახარებს სხვისი უბედურება?“ (იგავები 17:5). „ხომ არ გამიჭირდება ‘ბოროტების შეძულება’?“ (ფსალმუნი 97:10). «„ბოროტმოქმედთა“ გულშემატკივარი ხომ არ გავხდები?» (ფსალმუნი 26:4, 5).

ფილმის ანონსმა ან რეკლამამ შეიძლება წარმოდგენა შეგიქმნას მის შინაარსზე. თუმცა გულუბრყვილოდ ‘ყველა სიტყვასაც ნუ დაიჯერებ’ (იგავები 14:15). ანონსში ან რეკლამაში შეიძლება შეგნებულად იყოს რამე დამალული, ან ფილმი ვიღაცის პირადი შეხედულებით იყოს გაშუქებული. კონი ამბობს: „როცა ვიცი, ვინ არიან მთავარ როლებში, ხშირად უკვე ვხვდები, როგორი ფილმი იქნება“.

შენმა თანატოლებმა, რომლებიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობენ, შეიძლება იცოდნენ, ღირს თუ არა ამა თუ იმ ფილმის ყურება. თუმცა გახსოვდეს, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტად იმაზე უყვართ ლაპარაკი, რაც მოსწონთ. ამიტომ მათ ისიც ჰკითხე, რა არ მოეწონათ ფილმში. მაგალითად, დააკონკრეტებინე, იყო თუ არა ძალადობრივი, ეროტიკული ან დემონური სცენები. მშობლებიც კარგ რჩევებს მოგცემენ. ვანესა ამბობს: „ყოველთვის მშობლებს ვეკითხები აზრს. თუ მათ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მივდივარ და ვუყურებ“.

არასერიოზულად ნუ მოეკიდები ამ საკითხს. ის, რითაც ერთობი, აჩვენებს, თუ რა გაქვს გონებაში და საით გეწევა გული (ლუკა 6:45). შენი არჩევანი იმის ნიშანი იქნება, თუ ვისთან გსიამოვნებს ურთიერთობა და როგორ უყურებ ბილწსიტყვაობასა და სექსუალურ უზნეობას. ასე რომ, კარგად აწონ-დაწონე, რას უყურებ და რას — არა.

● არანაირი ცეკვა არ შეიძლება.

არასწორია. მას შემდეგ, რაც ისრაელებმა უკან მოიტოვეს წითელი ზღვა და ეგვიპტელთა ჯარი, მირიამმა ცეკვა დაიწყო. მას სხვა ქალებიც შეუერთდნენ (გამოსვლა 15:20). იესოს ერთ-ერთ მაგალითში გზასაცდენილი შვილის დაბრუნებას მოჰყვა დიდი მხიარულება, რასაც თან ახლდა „მუსიკა და ცეკვა“ (ლუკა 15:25).

ცეკვა დღესაც ბევრი კულტურის განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვა შეკრების დროს დიდი თუ პატარა სიამოვნებით ცეკვავს. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ბუნებრივია, ნორმალურ შეკრებებში ცუდი არაფერია, მაგრამ ბიბლია განსჯის „ღრეობას“ და თავაშვებულ დროსტარებას (გალატელები 5:19—21). ესაია წინასწარმეტყველი წერდა: „ვაი მათ, ვინც დილით ადრე დგება მათრობელი სასმლის საძებნელად, ვინც გვიანობამდე, დაბინდებამდე ღვინით ხურდება! ქნარი და სხვა სიმებიანი საკრავი, დაირა, სალამური და ღვინო აქვთ ლხინში; იეჰოვას საქმეებს არ უკვირდებიან“ (ესაია 5:11, 12).

ასეთი შეკრებების დროს ჩვეულებრივი რამ იყო „მათრობელი სასმლის“ სმა და თავაშვებული ცეკვა-თამაში. ეს დილიდან გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ამ დროს ხალხს ღმერთი საერთოდ არ ახსოვდა. ამიტომ ღვთისთვის მიუღებელი იყო ამგვარი შეკრებები.

თუ ისეთ წვეულებაზე გეპატიჟებიან, სადაც ცეკვებიც იქნება, დაფიქრდი: „ვინ იქნება იქ? როგორი სახელი აქვთ მათ? ვინ არის ორგანიზატორი? იქნება უფროსებიდან ვინმე? მშობლები რას მეტყვიან? რას ვიცეკვებთ?“. ზოგი ცეკვა სექსუალურ სურვილებს უღვიძებს ადამიანს. თუ გინდა, რომ ‘გაექცე სიძვას’, ასეთი ცეკვები ან თუნდაც მათი ყურება ნამდვილად არ გამოგადგება (1 კორინთელები 6:18).

როგორ უნდა მოიქცე, თუ ღამის კლუბში გეპატიჟებიან? სანამ ქრისტიანი გახდებოდა, შონი ხშირად დადიოდა დისკოთეკებზე. ის იხსენებს: „როგორც წესი, მუსიკა ძალიან უგემოვნოა, ცეკვები კი ამორალური. უმეტესობას მხოლოდ ის უტრიალებს თავში, რომ იპოვოს ვინმე, ვისთანაც სექსი ექნება“. შონი ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. დღეს იგი ამბობს: „ასეთ კლუბებში ქრისტიანების ადგილი არ არის“.

ზნეობრივი პრინციპების სადარაჯოზე

რა დროს ამჯობინებს მტერი ჯარისკაცზე თავდასხმას — როცა ბრძოლის ველზეა თუ როცა ისვენებს მეგობრებთან ერთად? ფაქტია, რომ ჯარისკაცი უფრო მეტად მაშინაა დაუცველი, როცა ისვენებს. სასწავლებელში ან სამუშაოზე სულიერად შედარებით ფხიზლად ხარ. მაშინ კი, როცა მეგობრებთან ერთად ისვენებ და ერთობი, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ზნეობრივ საკითხებში დათმობაზე წახვალ.

ზოგმა შეიძლება დაგცინოს იმის გამო, რომ გართობის დროსაც არ ივიწყებ ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს. წინააღმდეგობას შეიძლება ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი ახალგაზრდებისგანაც შეხვდე. მაგრამ მათ სინდისი უკვე გაუხეშებული აქვთ (1 ტიმოთე 4:2). მათ შეიძლება ისიც გითხრან, რომ უკიდურესობებში ვარდები და გინდა, სხვებზე უკეთესი გამოჩნდე. ნუ მოექცევი ასეთ გავლენაში და შეინარჩუნე „სუფთა სინდისი“ (1 პეტრე 3:16).

მთავარი იეჰოვას აზრია და არა ის, თუ რას ფიქრობენ შენზე თანატოლები. ალბათ, მეგობრად არ გამოგადგება ის, ვინც გამუდმებით გაკრიტიკებს იმის გამო, რომ სინდისის ხმას უსმენ. თუ გყავს ასეთი მეგობრები, იქნებ დროა, ახალ მეგობრებზე იფიქრო?! (იგავები 13:20). დაბოლოს, გახსოვდეს: ერთობი, ისვენებ თუ სხვა რამეს აკეთებ, შენ მაგივრად ვერავინ დაიცავს ზნეობრივ პრინციპებს (იგავები 4:23).

წაიკითხე დამატებითი მასალა პირველი ტომის 37-ე თავში.

[სქოლიო]

მომდევნო თავში

დღეს პორნოგრაფია ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. როგორ უნდა მოერიდო მას?

a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე პირველი ტომის 36-ე თავი.

საკვანძო ბიბლიური მუხლი

„გაიხარე, ახალგაზრდავ, შენი ახალგაზრდობის წლებით . . . მიჰყევი იმას, რასაც გული გეუბნება და რასაც თვალით ხედავ; მაგრამ იცოდე, რომ ყოველივე ამისთვის ჭეშმარიტი ღმერთი გაგასამართლებს“ (ეკლესიასტე 11:9).

რჩევა

შეუთანხმდი მშობლებს და ყოველთვე რეგულარულად გამოყავით დრო, რათა ტელევიზორის ყურების ნაცვლად მთელი ოჯახი ერთად გაერთოთ.

იცოდი, რომ . . . ?

ისრაელებისთვის სიმღერა და ცეკვა წმინდა თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილი იყო (ფსალმუნი 150:4).

რა უნდა გავაკეთო

თუ რომელიმე სპორტულ გუნდში ჩაწერას შემომთავაზებენ, ვეტყვი, რომ ․․․․․

თუ შევატყობ, რომ ფილმი, რომელსაც მეგობრებთან ერთად ვუყურებ, ქრისტიანისთვის შეუფერებელია ․․․․․

რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․

როგორ ფიქრობ?

● რატომ უნდა მოერიდონ ქრისტიანები სპორტის სახიფათო სახეობებს?

● როგორ უნდა გაიგო, არის თუ არა ფილმი ქრისტიანისთვის მისაღები?

● რის მიხედვით უნდა განსაზღვრო, რომელი ცეკვებია ქრისტიანისთვის შესაფერისი?

[ჩანართი 269 გვერდზე]

„ცეკვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ვიცი, რომ მშობლები ტყუილად არაფერს მირჩევენ. არ მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ცეკვამ ყველაფერი დაჩრდილოს“ (ტინა).

[სურათი 268 გვერდზე]

რა დროს ამჯობინებს მტერი ჯარისკაცზე თავდასხმას? მაშინ, როცა ჯარისკაცი ისვენებს და ერთობა. ზნეობრივი თვალსაზრისით შენც ასეთ დროს გმართებს სიფხიზლე ყველაზე მეტად.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება