საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yp1 თ. 7 გვ. 49-54
  • შევძლებ დამოუკიდებლად ცხოვრებას?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შევძლებ დამოუკიდებლად ცხოვრებას?
  • ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რატომ მინდა ცალკე ცხოვრება?
  • ვარ მზად?
  • რა მიზნები მაქვს?
  • შევძლებ დამოუკიდებლად ცხოვრებას?
    გამოიღვიძეთ! — 2010
  • როგორ ვხარჯო ფული?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • სოდომისა და გომორას განადგურება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • როგორ გავანაწილო დრო გონივრულად?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
yp1 თ. 7 გვ. 49-54

თავი 7

შევძლებ დამოუკიდებლად ცხოვრებას?

„ხანდახან მგონია, ალმაცერად მიყურებენ იმის გამო, რომ 19 წლის ვარ და ჯერ კიდევ მშობლებთან ვცხოვრობ. თუ დამოუკიდებლად არ იცხოვრებ, სერიოზულ ადამიანად არავინ აღგიქვამს“ (ქეითი).

„მალე 20 წლის გავხდები. ნერვები მეშლება, რომ იმას ვერ ვაკეთებ, რაც მსურს. სახლიდან მინდა წასვლა“ (ფიონა).

არაფერია იმაში გასაკვირი, თუ დამოუკიდებლად ცხოვრება გსურს. როგორც მე-3 თავში იყო განხილული, ღვთის თავდაპირველი განზრახვა სწორედ ის იყო, რომ ახალგაზრდებს ერთ მშვენიერ დღეს მიეტოვებინათ დედ-მამა და დამოუკიდებლად ეცხოვრათ (დაბადება 2:23, 24; მარკოზი 10:7, 8). მაგრამ როგორ უნდა განსაზღვრო, შეძლებ თუ არა დამოუკიდებლად ცხოვრებას? განვიხილოთ სამი მნიშვნელოვანი კითხვა. პირველი კითხვა:

რატომ მინდა ცალკე ცხოვრება?

გადახედე ჩამოთვლილ მიზეზებს და დანომრე იმის მიხედვით, რა უფრო მნიშვნელოვანია შენს შემთხვევაში.

․․․․․ ოჯახური პრობლემებისგან თავის დაღწევა

․․․․․ მეტი თავისუფლების სურვილი

․․․․․ მეგობრებისთვის თავის მოწონება

․․․․․ მეგობართან ერთად ცალკე საცხოვრებლად გადასვლა

․․․․․ სხვა ტერიტორიაზე მოხალისედ მსახურება

․․․․․ გამოცდილების შეძენა

․․․․․ მშობლებისთვის ტვირთის შემსუბუქება

․․․․․ სხვა ․․․․․

აქ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ვერც ერთზე ვერ ვიტყვით, რომ აზრს მოკლებულია. მთავარი ის არის, შენ რატომ გინდა ცალკე ცხოვრება. მაგალითად, თუ იმ მიზნით გადადიხარ ცალკე, რომ მეტი თავისუფლება მოიპოვო, ადვილი შესაძლებელია, იმედი გაგიცრუვდეს.

დანიელამ, რომელიც 20 წლის ასაკში გარკვეული ხნით გადავიდა ცალკე საცხოვრებლად, ბევრი რამ ისწავლა საკუთარი გამოცდილებიდან. იგი ამბობს: „რაღაცაში ყოველთვის ვართ შეზღუდული. როცა დამოუკიდებლად ცხოვრობ, სამუშაოს გრაფიკი ან მცირე შემოსავალი არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველაფერი შენი სურვილისამებრ აკეთო“. კარმენი, რომელიც ექვსი თვით გადავიდა სხვა ქვეყანაში, ყვება: „მომწონდა დამოუკიდებლად ცხოვრება, მაგრამ ხშირად არ მქონდა თავისუფალი დრო. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო, იქნებოდა ეს სახლის დალაგება, რამის შეკეთება, ეზოს მოვლა, ტანსაცმლის რეცხვა, იატაკის წმენდა თუ სხვა“.

ნუ დაუშვებ, რომ სხვებმა ნაჩქარევად მიგაღებინონ გადაწყვეტილება (იგავები 29:20). მაშინაც კი, თუ დამოუკიდებლად ცხოვრების საფუძვლიანი მიზეზი გაქვს, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. შენ უნდა შეგეძლოს საკუთარ თავზე ზრუნვა, რასაც მივყავართ მეორე კითხვამდე:

ვარ მზად?

დამოუკიდებლად ცხოვრება ველურ ბუნებაში ხეტიალის მსგავსია. გაემგზავრებოდი მიუვალ ადგილას, თუ არ იცი კარვის გაშლა, ცეცხლის დანთება, საჭმლის მომზადება ან რუკის გამოყენება? ალბათ, არა! ბევრმა ახალგაზრდამ ცოტა რამ თუ იცის, მაგრამ მაინც გადადის ცალკე საცხოვრებლად.

ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). იმისათვის, რომ განსაზღვრო, შეგიძლია თუ არა დამოუკიდებლად ცხოვრება, ქვემოთ ამ ნიშნით ✔ აღნიშნე, რისი გაკეთება იცი, ხოლო ამ ნიშნით X — რისი სწავლა გჭირდება.

□ ფულის ეკონომიურად ხარჯვა: „ჩემით არაფერს ვყიდულობდი, — ამბობს 19 წლის სერენა. — მეშინია ცალკე ცხოვრების, ვიცი, რომ მომიწევს ჩემი ბიუჯეტის შედგენა“. როგორ უნდა ისწავლო ფულის ეკონომიურად ხარჯვა?

ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის“ (იგავები 1:5). კარგი იქნება, თუ მშობლებს ჰკითხავ, რა თანხაა ყოველთვიურად საჭირო ქირის გადასახდელად, პროდუქტების საყიდლად, მანქანის მოსავლელად და მგზავრობის ხარჯების დასაფარავად. აგრეთვე სთხოვე მშობლებს, გასწავლონ, როგორ გაანაწილო ფული სწორად და როგორ გადაიხადო გადასახადებიa.

□ საოჯახო საქმეების კეთება: როგორც 17 წლის ბრაიენი ამბობს, ყველაზე მეტად სახლიდან წასვლა იმიტომ არ უნდა, რომ თავად მოუწევს ტანსაცმლის რეცხვა. როგორ უნდა გაიგო, მზად ხარ თუ არა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის? 20 წლის არონი თანატოლებს ურჩევს: „შეეცადე ერთი კვირა დამოუკიდებლად იცხოვრო. ყველაფერი შენი გამომუშავებული ფულით იყიდე; ჭამე მხოლოდ ის, რასაც თავად მოამზადებ; ჩაიცვი შენი გარეცხილი და დაუთოებული ტანსაცმელი; შენ თვითონ დაალაგე სახლი; სადაც არ უნდა დაგჭირდეს წასვლა, შენით წადი“. ამ რჩევების გათვალისწინება ორ რამეში წაგადგება: 1) ბევრ რამეს ისწავლი და 2) უფრო დააფასებ მშობლების შრომას.

□ სხვებთან ურთიერთობა: კარგი ურთიერთობა გაქვს მშობლებთან და და-ძმებთან? თუ ასე არ არის, შეიძლება იფიქრო, რომ მეგობართან ერთად ცალკე გადასვლით გაიიოლებ ცხოვრებას. ნახე, რას ამბობს 18 წლის ევა: „ჩემმა ორმა მეგობარმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მაგრამ როცა ერთად დაიწყეს ცხოვრება, გაუგებრობებმა იჩინა თავი. ერთი ძალიან მოწესრიგებული იყო, მეორე კი — მოუწესრიგებელი. ერთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ღმერთთან ურთიერთობა, მეორისთვის კი — იმდენად არა. ისინი ვერ შეეგუვნენ ერთმანეთს“.

რა არის გამოსავალი? 18 წლის ერინი ამბობს: „ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გასწავლის, როგორ მოეპყრო სხვებს, როგორ გადაჭრა პრობლემები და როგორ წახვიდე დათმობაზე. ისინი, ვინც სახლიდან იმ მიზნით მიდიან, რომ მშობლებთან გაუგებრობებს აარიდონ თავი, პრობლემების გადაჭრას კი არ სწავლობენ, პრობლემებს გაურბიან“.

□ სულიერი საქმეებისთვის დროის გამოყოფა: ზოგი სახლიდან იმის გამო მიდის, რომ არ სურს, სულ მშობლები უგეგმავდნენ სულიერ საქმეებს. ზოგი კი დარწმუნებული იყო, რომ ცალკე გადასვლის შემდეგ ხელი არ შეეშლებოდა ბიბლიის კვლევაში და ღვთისადმი უფრო გულმოდგინე მსახურებაში, მაგრამ მალე ცუდი ჩვევები განუვითარდათ. როგორ უნდა მოიქცე, ‘შენი რწმენა ხომალდივით რომ არ დაიმსხვრეს’? (1 ტიმოთე 1:19)b.

იეჰოვა ღმერთს სურს, რომ თითოეული ჩვენგანი თავად დავრწმუნდეთ იმაში, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობთ (რომაელები 12:1, 2). შეადგინე ბიბლიის შესწავლისა და სულიერი საქმეების განრიგი და მიჰყევი მას. კალენდარში აღნიშნე, რა როდის გაქვს დაგეგმილი და დააკვირდი, შეძლებ თუ არა ერთი თვის განმავლობაში მშობლების შეხსენების გარეშე მიჰყვე ამ გეგმას.

და ბოლოს, დაფიქრდი მესამე კითხვაზე:

რა მიზნები მაქვს?

შენც იმიტომ ხომ არ გინდა ცალკე გადასვლა, რომ პრობლემებს გაექცე? ან იქნებ იმიტომ გინდა, რომ მოგბეზრდა მშობლების რჩევა-დარიგებები? თუ ასეა, გამოდის, რომ შენ მხოლოდ ოჯახიდან წასვლაზე ფიქრობ და არა იმაზე, წინ რა გელის. ეს იმის მსგავსია, რომ მანქანის ტარებისას მხოლოდ უკანა ხედვის სარკეში იყურებოდე და არა — წინ. თუ მხოლოდ იმას „მიაჩერდები“, რაც უკან მოიტოვე, წინ ვეღარაფერს დაინახავ. მარტო იმაზე ნუ იფიქრებ, სახლიდან როდის წახვალ, თან იმაზეც იფიქრე, რა ღირებული მიზნების დასახვას შეძლებდი.

ზოგი ახალგაზრდა, რომელიც იეჰოვას მოწმეა, მსახურების გასაფართოებლად სხვა ტერიტორიაზე გადადის თავისივე ან სხვა ქვეყანაში. ზოგიც იმ მიზნით მიდის სახლიდან, რომ თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობებისა თუ იეჰოვას მოწმეთა ფილიალების აშენებაში მიიღოს მონაწილეობა. ზოგს იმიტომ უნდა სახლის დატოვება, რომ დაქორწინებამდე დამოუკიდებლად ცხოვრებას მიეჩვიოსc.

რა მიზნითაც არ უნდა გინდოდეს ცალკე გადასვლა, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მუყაითის გეგმები წარმატებულია, მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება“ (იგავები 21:5). გაითვალისწინე მშობლების რჩევა (იგავები 23:22). ილოცე ამ საკითხზე და სანამ რამეს გადაწყვეტ, კარგად დაფიქრდი ამ სტატიაში განხილულ ბიბლიურ პრინციპებზე.

მთავარი ის არ არის, წახვალ თუ არა სახლიდან, მთავარი ის არის, შეძლებ თუ არა დამოუკიდებლად ცხოვრებას. თუ დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ, შეგიძლია გადახვიდე ცალკე საცხოვრებლად.

[სქოლიოები]

a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე მე-2 ტომის მე-19 თავი.

b დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე მე-2 ტომის 34-ე და 35-ე თავები.

c ზოგ კულტურაში მიღებულია, რომ ახალგაზრდებმა, განსაკუთრებით კი გოგონებმა, დაქორწინებამდე მშობლების სახლში იცხოვრონ. ბიბლია კონკრეტულ რჩევას არ გვაძლევს ამ საკითხზე.

საკვანძო ბიბლიური მუხლი

„მიატოვებს კაცი მამას და დედას“ (მათე 19:5).

რჩევა

თუ მუშაობ, რაღაც პერიოდი მშობლებს მიეცი შენი ხელფასის ნაწილი, რაც საჭიროა საკვებისთვის, ქირისა თუ სხვა ხარჯების დასაფარავად. თუ მშობლებთან ცხოვრებისას ვერ შეძლებ თავის რჩენას ან არ გექნება ამის სურვილი, გამოდის, რომ ჯერ არა ხარ მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

იცოდი, რომ . . . ?

სახლიდან წასვლის შემდეგ რამდენად ბედნიერი იქნები, განპირობებულია იმით, თუ რატომ გინდა ცალკე გადასვლა.

რა უნდა გავაკეთო

ცალკე გადასვლა იმიტომ მინდა, რომ ․․․․․

რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․

როგორ ფიქრობ

● რატომ არის კარგი მშობლიურ სახლში დარჩენა მაშინაც კი, თუ გიჭირს მშობლებთან ცხოვრება?

● სანამ მშობლებთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობ, რა შეგიძლია ისწავლო ისეთი, რომ დღესვე გამოადგე მშობლებს და თავადაც წაგადგეს მომავალში?

[ჩანართი 52 გვერდზე]

„ცალკე ცხოვრების სურვილში გასაკვირი არაფერია, მაგრამ თუ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ თავი შეზღუდულად არ იგრძნო, ესე იგი, მზად არ ხარ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ (არონი).

[სურათი 50, 51 გვერდებზე]

დამოუკიდებლად ცხოვრება ველურ ბუნებაში ხეტიალის მსგავსია. ასეთ მიუვალ ადგილზე გამგზავრებამდე ბევრი რამის ცოდნაა საჭირო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება