ნაწილი 1
ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია
„შემოქმედმა დასაწყისში კაცი და ქალი შექმნა“ (მათე 19:4).
ქორწინებას დასაბამი იეჰოვაa ღმერთმა მისცა. ბიბლია მოგვითხრობს, რომ პირველი ქალი შემოქმედმა შექმნა და ის „კაცს მიუყვანა“. ამან პირველი კაცი ადამი იმდენად აღაფრთოვანა, რომ ეს სიტყვები წარმოთქვა: „აი, ესაა ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“ (დაბადება 2:22, 23). იეჰოვას დღესაც სურს, რომ ცოლ-ქმარი ბედნიერი იყოს.
როცა ოჯახი შექმენით, ალბათ ფიქრობდით, რომ ყველაფერი კარგად აგეწყობოდათ. თუმცა ცხოვრებისეული რეალობა ასეთია — მოსიყვარულე ცოლ-ქმარიც კი არაა დაზღვეული პრობლემებისგან (1 კორინთელები 7:28). ამ ბროშურაში გაეცნობით ბიბლიურ პრინციპებს, რომელთა გამოყენებაც თქვენს ოჯახს ბედნიერებას მოუტანს (ფსალმუნი 19:8—11).
1. გაითავისეთ ღვთის მიერ ბოძებული როლი
ბიბლიის თვალსაზრისი: ქმარი ოჯახის თავია (ეფესოელები 5:23).
ღმერთი ქმრისგან მოელის, რომ სიყვარულით იზრუნებს ცოლზე (1 პეტრე 3:7). ღმერთმა ცოლი ქმრის შემავსებლად შექმნა და სურს, რომ ქმარი მას პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობოდეს (დაბადება 2:18). ქმარს სიყვარული უნდა აღძრავდეს, რომ ცოლის ინტერესები საკუთარზე წინ დააყენოს (ეფესოელები 5:25—29).
ღმერთი ცოლისგან მოელის, რომ ქმარს დიდი პატივისცემით მოეკიდება; ასე გაუადვილებს მეუღლეს ოჯახში თავისი როლის ღირსეულად შესრულებას (1 კორინთელები 11:3; ეფესოელები 5:33). მხარი დაუჭირეთ მეუღლის გადაწყვეტილებებს და გვერდში ამოუდექით (კოლოსელები 3:18). თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ამას თქვენი ქმარიც დაგიფასებთ და იეჰოვა ღმერთიც (1 პეტრე 3:1—6).
როგორ უნდა მოიქცეთ:
ჰკითხეთ თქვენს მეუღლეს, რა ცვლილებების დანახვას ისურვებდა თქვენში. გულისყურით მოუსმინეთ და ყველანაირად ეცადეთ, რომ გაუმჯობესდეთ.
იყავით მომთმენი. დროა საჭირო იმის სასწავლად, რა უნდა გააკეთოთ ერთმანეთის ბედნიერებისთვის.
2. გაუფრთხილდით ერთმანეთის გრძნობებს
ბიბლიის თვალსაზრისი: იზრუნეთ მეუღლის კეთილდღეობაზე (ფილიპელები 2:3, 4). სათუთად მოეპყარით თქვენს მეუღლეს; გახსოვდეთ, ღმერთი თავისი მსახურებისგან მოელის, რომ ყველასთან თავაზიანები იქნებიან (2 ტიმოთე 2:24). ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილის ჩაცემასავითაა, ბრძენის ენა კი — მკურნალივით“. ასე რომ, დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ სიტყვები (იგავები 12:18). ღმერთი თავისი სულით დაგეხმარებათ, რომ თქვენს სიტყვებში სიკეთე და სიყვარული ჩანდეს (გალატელები 5:22, 23; კოლოსელები 4:6).
როგორ უნდა მოიქცეთ:
ვიდრე მეუღლეს სერიოზულ საკითხზე დაელაპარაკებით, ილოცეთ, რომ სიმშვიდე და გონიერება შეინარჩუნოთ.
კარგად დაფიქრდით, რას და როგორ იტყვით.
3. თქვენ ერთი გუნდი ხართ
ბიბლიის თვალსაზრისი: დაქორწინების შემდეგ თქვენ და თქვენი მეუღლე „ერთი ხორცი“ გახდით (მათე 19:5). მიუხედავად ამისა, თქვენ ორი განსხვავებული ადამიანი ხართ, შესაბამისად ყველაფერზე ერთი აზრი ვერ გექნებათ. აქედან გამომდინარე, იმის სწავლა მოგიწევთ, როგორ გახდეთ „ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი“ (ფილიპელები 2:2). გადაწყვეტილებების მიღებისას ერთსულოვნება უაღრესად მნიშვნელოვანია. ბიბლიაში ნათქვამია: „რჩევის გარეშე გეგმები ჩაიშლება“ (იგავები 20:18). მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელეთ ბიბლიური პრინციპებით (იგავები 8:32, 33).
როგორ უნდა მოიქცეთ:
მხოლოდ საკუთარი აზრების დაფიქსირებითა და მშრალი საუბრებით ნუ შემოიფარგლებით; თქვენი გრძნობებიც გაუზიარეთ მეუღლეს.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე მას შეუთანხმდით.
a ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღვთის სახელია.