დასკვნითი განხილვა მონათვლის მსურველებთან
მონათვლის მსურველები, როგორც წესი, იეჰოვას მოწმეთა კონგრესებზე ინათლებიან. მათთვის განკუთვნილი მოხსენების დასასრულს მომხსენებელი სთხოვს მონათვლის მსურველებს, რომ ფეხზე წამოდგნენ და ხმამაღლა უპასუხონ შემდეგ ორ კითხვას:
1. მოინანიე ცოდვები, მიუძღვენი თავი იეჰოვას და გწამს, რომ ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით გვიხსნის?
2. გესმის, რომ ნათლობით იეჰოვას მოწმე ხდები და იეჰოვას ორგანიზაციას უერთდები?
ამ კითხვებზე გაცემული დადებითი პასუხები იმის მაჩვენებელია, რომ მონათვლის მსურველები „სახალხოდ აღიარებენ“, რომ ქრისტეს გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს და საჯაროდ ადასტურებენ, რომ იეჰოვას მიუძღვნეს თავიანთი სიცოცხლე (რომ. 10:9, 10). მონათვლის მსურველებმა წინასწარ უნდა იფიქრონ ამ კითხვებზე და ილოცონ, რათა გააზრებულად უპასუხონ.
მიუძღვენი თავი იეჰოვას ლოცვაში და დაჰპირდი, რომ მხოლოდ მისი თაყვანისმცემელი იქნები და შენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მისი ნების შესრულება იქნება?
დარწმუნებული ხარ, რომ უკვე მზად ხარ მოსანათლავად?
როგორ უნდა გეცვას ნათლობის დროს? (1 ტიმ. 2:9, 10; იოან. 15:19; ფილ. 1:10).
ჩვენ, როგორც ღვთისმოშიშ ქრისტიანებს, „მოკრძალებული და გონივრულად შერჩეული“ ტანსაცმელი უნდა გვეცვას. მონათვლის მსურველებს არ უნდა ეცვათ ზედმეტად ღია საცურაო კოსტიუმი ან წარწერებიანი სამოსი. მათ უნდა ეცვათ სუფთად, მოწესრიგებულად და ამ მოვლენის შესაფერისად. როგორ უნდა იქცეოდეს მონათვლის მსურველი ნათლობისას? (ლუკ. 3:21, 22).
იესომ თავისი ნათლობით იმის მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ნათლობის მსურველი. მას ესმოდა, რომ ნათლობა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რაც მის განწყობასა და მოქმედებაში გამოჩნდა. იქ, სადაც ნათლობა ტარდება, შეუფერებელია ლაზღანდარობა, ცურვა ან ისეთი საქციელი, რომელიც ამ მოვლენის მნიშვნელობას გააუბრალოებდა. ახალმონათლული არ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც გამარჯვებულებს სჩვევიათ. ნათლობა სასიხარულო მოვლენაა და სიხარულის გამოხატვა ამ მოვლენის შესაფერისად უნდა ხდებოდეს.
როგორ დაგეხმარება კრების შეხვედრები და და-ძმებთან ურთიერთობა იეჰოვასადმი მიძღვნის თანახმად ცხოვრებაში?
რატომაა აუცილებელი, რომ ნათლობის შემდეგაც რეგულარულად ჩაიტარო პირადი შესწავლა და აქტიური მონაწილეობა მიიღო მსახურებაში?
მითითებები უხუცესებისთვის
როცა მოუნათლავი მაუწყებელი უხუცესებს შეგატყობინებთ, რომ სურს მონათვლა, წაახალისეთ, რომ დაკვირვებით წაიკითხოს 185—207-ე გვერდებზე მოცემული „კითხვები მონათვლის მსურველთათვის“. ყურადღება გაუმახვილეთ 182-ე გვერდზე მოცემული დანართის ნაწილზე — „მოუნათლავ მაუწყებელს“, სადაც ახსნილია, თუ როგორ უნდა მოემზადოს ის უხუცესებთან გასაუბრებისთვის. როგორც იქ არის აღნიშნული, მონათვლის მსურველს შეუძლია გამოიყენოს ჩანაწერები და წიგნიც გადაშლილი ჰქონდეს. საჭირო არ არის, რომ უხუცესებთან შეხვედრამდე მასთან ვინმემ განიხილოს კითხვები.
მონათვლის მსურველმა საკუთარი სურვილის შესახებ უხუცესთა საბჭოს კოორდინატორს უნდა შეატყობინოს. მას გარკვეული დრო მიეცემა განსახილველი მასალის წასაკითხად, რის შემდეგაც უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი შეეკითხება მას, მიუძღვნა თუ არა ლოცვაში თავი იეჰოვას. თუ მან თავი უკვე მიუძღვნა ღმერთს, უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი დაგეგმავს, რომ ორმა უხუცესმა მასთან ერთად განიხილოს „კითხვები მონათვლის მსურველთათვის“. ამ ორნაწილიან განხილვას სხვადასხვა უხუცესი უნდა გაუძღვეს. ამ მასალის განსახილველად ნუ დაელოდებით კონგრესის თარიღის გამოცხადებას.
თითოეული ნაწილის განხილვას დაახლოებით ერთი საათი უნდა დაეთმოს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მეტი დროის გამოყოფაც შესაძლებელია. განხილვა ლოცვით უნდა დაიწყოს და ლოცვითვე უნდა დასრულდეს. უხუცესებმა კითხვები ჩქარ-ჩქარა არ უნდა განიხილონ და არც მონათვლის მსურველმა უნდა გასცეს ზედაპირული პასუხები. უხუცესებმა კითხვების განხილვა არ უნდა გადადონ.
უმჯობესია, ეს კითხვები თითოეულ მონათვლის მსურველთან ინდივიდუალურად იქნეს განხილული და არა ჯგუფურად. უხუცესებმა მონათვლის მსურველს ყველა კითხვა უნდა დაუსვან, რათა დაინახონ, რამდენად კარგად ესმის მას ბიბლიური სწავლებები და არის თუ არა მზად ნათლობისთვის. გარდა ამისა, ინდივიდუალური განხილვა მონათვლის მსურველს საშუალებას მისცემს, უფრო თავისუფლად გამოხატოს აზრები. ცოლ-ქმრის შემთხვევაში ნათლობის კითხვები შეიძლება ორივესთან ერთად იქნეს განხილული.
როდესაც მონათვლის მსურველი მდედრობითი სქესისაა, უხუცესმა მასთან კითხვები სხვებისთვის დასანახ ადგილას უნდა განიხილოს, ოღონდ ისე, რომ სხვებს მათი საუბარი არ ესმოდეთ. თუ სხვების დასანახ ადგილას არ ხერხდება კითხვების განხილვა, უხუცესს თან უნდა ახლდეს სხვა უხუცესი ან მომსახურე იქიდან გამომდინარე, თუ რომელი ნაწილია განსახილველი, რაზეც მომდევნო აბზაცშია საუბარი.
იმ კრებებში, სადაც უხუცესების ნაკლებობაა, შესაფერის მომსახურეებს, რომლებიც გამოირჩევიან საღი აზროვნებითა და გამჭრიახობით, შეუძლიათ მონათვლის მსურველებთან განიხილონ ნათლობის კითხვები სახელწოდებით „ნაწილი I — ქრისტიანული სწავლებები“. თუმცა „ნაწილი II — ქრისტიანული ცხოვრება“ მონათვლის მსურველთან მხოლოდ უხუცესებმა უნდა განიხილონ. თუ კრებაში ამისათვის შესაფერისი ძმები არ მოიძებნებიან, მაშინ დახმარებისთვის სარაიონო ზედამხედველს უნდა მიმართონ, რომელიც გაარკვევს, შეძლებენ თუ არა მეზობელი კრების უხუცესები დახმარების გაწევას.
თუ მონათვლის მსურველი არასრულწლოვანია, განხილვას მშობლებიც უნდა დაესწრონ. იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ვერ დაესწრებიან, განხილვას ორი უხუცესი ან უხუცესი და მომსახურე უნდა წაუძღვეს იმის მიხედვით, თუ რომელი ნაწილია განსახილველი.
უხუცესები უნდა დარწმუნდნენ, რომ მონათვლის მსურველს კარგად ესმის ძირითადი ბიბლიური სწავლებები. გარდა ამისა, მათ უნდა განსაზღვრონ, რამდენად ძვირფასია მისთვის ჭეშმარიტება და აქვს თუ არა მას იეჰოვას ორგანიზაციის მიმართ სათანადო დამოკიდებულება. თუ მონათვლის მსურველს კარგად არ ესმის ძირითადი ბიბლიური სწავლებები, უხუცესები იზრუნებენ, რომ მას საჭირო დახმარება გაეწიოს, რათა შემდგომში შეესაბამებოდეს მონათვლისთვის საჭირო მოთხოვნებს. ზოგის ნათლობა შეიძლება იმიტომ გადაიდოს, რომ მას უფრო მეტი დრო სჭირდებოდეს იმის გასაცნობიერებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამქადაგებლო მსახურება და იეჰოვას ორგანიზაციისადმი მორჩილება. უხუცესებს გამჭრიახობა მართებთ, რომ განხილვისთვის განკუთვნილი ერთსაათიანი მონაკვეთი საუკეთესოდ გამოიყენონ და დაადგინონ, მზად არის თუ არა მაუწყებელი ნათლობისთვის. ზოგ კითხვას შეიძლება მეტი დრო დაეთმოს, ზოგს — ნაკლები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა შეკითხვა უნდა იყოს განხილული.
უხუცესები მონათვლის მსურველთან მეორე ნაწილის განხილვის შემდეგ გადაწყვეტენ, შეესაბამება თუ არა ის ნათლობისთვის საჭირო მოთხოვნებს. ისინი მხედველობაში მიიღებენ მონათვლის მსურველის წარსულს, შესაძლებლობებსა თუ სხვა ფაქტორებს. უხუცესების მიზანი იმის დანახვაა, აქვს თუ არა მონათვლის მსურველს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა და სიღრმისეულად სწვდება თუ არა ჭეშმარიტებას. სიყვარულით გაწეული მხარდაჭერა დაეხმარება მონათვლის მსურველს, სათანადოდ მოემზადოს სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი დავალებაა.
ამის შემდეგ ერთი ან ორი უხუცესი შეხვდება მონათვლის მსურველს და ეტყვის, მზად არის თუ არა ის ნათლობისთვის. თუ მაუწყებელი ნათლობისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, უხუცესებმა მასთან უნდა განიხილონ „დასკვნითი განხილვა მონათვლის მსურველებთან“, რომელიც მოცემულია 206-ე და 207-ე გვერდებზე. თუ მონათვლის მსურველს ჯერ არ დაუმთავრებია წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ შესწავლა, უხუცესებმა მას უნდა მოუწოდონ, რომ ნათლობის შემდეგაც განაგრძოს შესწავლა. მათ ნათლობის მსურველს ისიც უნდა უთხრან, რომ მისი ნათლობის თარიღი „კრების მაუწყებლის ანგარიშების“ ბარათში ჩაიწერება. ამასთანავე, ნათლობის მსურველს უნდა შეახსენონ, რომ უხუცესები მაუწყებლების პირად ინფორმაციას ინახავენ, რათა ორგანიზება გაეწიოს იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ საქმიანობას, მაუწყებლებმა მონაწილეობა მიიღონ სულიერ საქმეებში და აგრეთვე მიიღონ სულიერი მხარდაჭერა. გარდა ამისა, უხუცესებმა ისიც უნდა შეახსენონ მონათვლის მსურველს, რომ მისი პირადი ინფორმაცია გამოყენებული იქნება jw.org-ზე განთავსებული „იეჰოვას მოწმეების პირადი მონაცემების დაცვის დებულების“ თანახმად. დასკვნითი განხილვა დაახლოებით ათი წუთი უნდა გაგრძელდეს.
მონათვლიდან ერთი წლის შემდეგ მონათლულ მაუწყებელს გასამხნევებლად და სასარგებლო რჩევების მისაცემად ორი უხუცესი უნდა შეხვდეს. ერთ-ერთი მათგანი იმ სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველი უნდა იყოს, რომელშიც მაუწყებელი მსახურობს. თუ ახალმონათლული მოზარდია, შეხვედრას მისი მორწმუნე მშობლებიც უნდა დაესწრონ. შეხვედრა თბილ და გამამხნევებელ ატმოსფეროში უნდა წარიმართოს. უხუცესები ყურადღებას გაამახვილებენ მის სულიერ წინსვლაზე და პრაქტიკულ რჩევებს მისცემენ, რათა კვლავაც რეგულარულად ჩაიტაროს პირადი შესწავლა, ყოველდღე იკითხოს ბიბლია, ყოველკვირეულად ჰქონდეს ოჯახური თაყვანისცემა, რეგულარულად დაესწროს კრების შეხვედრებს, მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში და ყოველკვირეულად იქადაგოს (ეფეს. 5:15, 16). თუ მას არ დაუმთავრებია წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ შესწავლა, უხუცესებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მან ეს წიგნი ბოლომდე გაიაროს. უხუცესებმა საქებარი სიტყვები არ უნდა დაიშურონ. როგორც წესი, ერთი ან ორი რჩევა სრულიად საკმარისია.