შეკითხვების ყუთი
◼ რამდენი ხანია საჭირო იმისათვის, რომ მოუნათლავ მაუწყებელს მონათვლის უფლება მიეცეს?
ნათლობა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამიტომ ვიდრე მოუნათლავ მაუწყებელს ნათლობის ნებართვას მისცემენ, კარგად უნდა ესმოდეს, რას მოითხოვს ღმერთი მისგან. ამასთანავე, ის თავისი ცხოვრებით უნდა აჩვენებდეს, რომ შეესაბამება ღვთის მოთხოვნებს.
ქრისტიანებს მოეთხოვებათ, არ მიატოვონ შესაკრებელი; ამიტომ მოუნათლავი მაუწყებელი რეგულარულად და სიხარულით უნდა ესწრებოდეს კრების შეხვედრებს (ებრ. 10:24, 25). როგორც წესი, ის კომენტარებსაც უნდა აკეთებდეს. თუ შესაძლებელია, თეოკრატიული მსახურების სკოლაშიც ჩაწერილი უნდა იყოს, თუმცა ეს არ არის მოთხოვნა.
ქრისტიანების მოვალეობაა სასიხარულო ცნობის ქადაგება და მოწაფეების მომზადება; ამიტომ მოუნათლავი მაუწყებელი მონათვლამდე რეგულარულად უნდა ქადაგებდეს (მათ. 24:14; 28:19, 20). რამდენი თვე უნდა იმსახუროს მან ნათლობამდე? ლოგიკურია, საკმარისი დრო უნდა გავიდეს იმისათვის, რათა მან ცხადყოს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ის მოშურნე მქადაგებელია და გამუდმებით მსახურობს (ფსალმ. 78:37). თუმცა მოუნათლავი მაუწყებლობიდან ნათლობამდე აუცილებელი არ არის, რომ დიდი ხანი გავიდეს. შესაძლოა, ამისათვის რამდენიმე თვე იყოს საკმარისი. რამდენი საათი უნდა იქადაგოს მოუნათლავმა მაუწყებელმა? ამაზე მკაცრი წესი არ არის დადგენილი. უხუცესებმა უნდა გაითვალისწინონ თითოეული მაუწყებლის მდგომარეობა და გონივრულად და გაწონასწორებულად მიუდგნენ ამ საკითხს (ლუკ. 21:1—4).
უხუცესებს ან უკიდურეს შემთხვევაში მომსახურეებს (იმ შემთხვევაში, თუ კრებაში ძალიან ცოტა უხუცესია), რომლებიც მონათვლის მსურველს შეხვდებიან, მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია; პასუხისმგებელ ძმებს სჭირდებათ კარგი განსჯის უნარი იმის გასარჩევად, მზად არის თუ არა მაუწყებელი მოსანათლად. მათ უნდა დაინახონ, რომ მაუწყებელს მთელი გულით სურს, გახდეს იეჰოვას მოწმე. აგრეთვე უნდა დაინახონ, რომ მადლიერია, ღვთის ორგანიზაციასთან რომ თანამშრომლობს და ქადაგებს სხვა მაუწყებლებთან ერთად. თუ მაუწყებელი ჯერ არ არის სულიერად საკმარისად მომზადებული ან აკლია გამოცდილება, რაც მონათლულ მახარობელს უნდა ჰქონდეს, უხუცესებს ეს არ უნდა დარჩეთ შეუმჩნეველი. თუ ძმები დაინახავენ, რომ მონათვლის მსურველი არ არის მზად ნათლობისთვის, მას წმინდა წერილებიდან თავაზიანად და რბილად უნდა აუხსნან ამის მიზეზი და გაუწიონ სულიერი დახმარება.