ᲐᲥᲝ
საპორტო ქალაქი, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც აკო, აკრე და პტოლემაიდა. ის მდებარეობს აქოს ნამგლისებური ყურის უკიდურეს ჩრდილოეთში (ამ ყურეს აგრეთვე ხაიფა ან მიფრაზ-ხეფა ეწოდება). ამ ყურეს ქმნის ხმელთაშუა ზღვაში შეჭრილი მთა ქარმელის კონცხი, რომელიც აქოდან სამხრეთით დაახლოებით 13 კმ-შია.
მიიჩნევენ, რომ მსაჯულების დროს ბორცვზე გაშენებული ქანაანელთა ქალაქი აქო დღევანდელი თელ-ელ-ფუქარია (თელ-აკო), რომელიც აქოს ყურედან დაახლოებით 1 კმ-ში მდებარეობს და დღემდე შემორჩენილი ძველი ქალაქის გალავნიდან 1,8 კმ-ით არის დაშორებული აღმოსავლეთით. ძვ. წ. VI საუკუნიდან, სპარსელთა ბატონობის პერიოდში, ქალაქი გაფართოვდა დასავლეთით და მოიცვა ნახევარკუნძული, რომელიც ხაიფას ყურის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილს წარმოადგენს. სპარსელთა ბატონობის ხანიდან ქალაქის პორტი სწორედ იქ იყო. ახ. წ. პირველი საუკუნისთვის აქო მთელ ნახევარკუნძულს მოიცავდა და ის დღევანდელი აკოს ტერიტორიის ნაწილიცაა.
ტვიროსის სამხრეთით დაახლოებით 39 კმ-ში მდებარე აქო უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი იყო პალესტინის სანაპიროზე, რომელიც პორტების სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა. და ეს ასე იყო იქამდე, ვიდრე ჰეროდე დიდმა კესარეის ხელოვნური პორტის შესაქმნელად სანაპირო ჯებირები არ ააგო. აქო საკმაოდ ჩამოუვარდებოდა ჩრდილოეთით მდებარე ფინიკიელთა პორტებს და სათანადოდ არ იყო დაცული ზღვის ქარებისგან. თუმცა მას სტრატეგიული ადგილმდებარეობა ჰქონდა, რადგან იზრეელის ნაყოფიერ ველთან (ეზდრაელონი) ახლოს მდებარეობდა და მასზე გადიოდა რამდენიმე სავაჭრო გზა გალილეის, იორდანეს ველისა და აღმოსავლეთით სხვა ადგილების მიმართულებით. აქოს გავლით გაჰქონდათ ხე-ტყე, მხატვრული ნაკეთობები და მარცვლეული.
აღთქმულ მიწაზე აქო აშერის ტომისთვის მიცემულ ტერიტორიას მიეკუთვნებოდა, თუმცა აშერელებს არ განუდევნიათ იქ მცხოვრები ქანაანელები (მსჯ. 1:31, 32). ეს ქალაქი მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული ებრაულ წერილებში, არაბიბლიურ წყაროებში კი — უფრო ხშირად. მისი სახელი რამდენჯერმე გვხვდება ამარნას ფირფიტებზე. სხვა წყაროებიდან ვიგებთ, რომ ეს ქალაქი ასურეთის მეფეებმა სინახერიბმა და ასურბანიფალმა დაიპყრეს. ქალაქი მოხსენიებულია აპოკრიფულ ტექსტებშიც, სადაც ის მაკაბელთა მმართველობის დროს მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთ სიმაგრედ არის მოხსენიებული (1 მაკაბელები 5:15, 22, 55; 12:45—48; 13:12). იმ დროისთვის ქალაქს ახალი სახელი „პტოლემაიდა“ ეწოდა, რომელიც ეგვიპტის მმართველის პტოლემე II ფილადელფოსის სახელიდან მომდინარეობდა.
იმპერატორ კლავდიუსის მეფობის დროს ქალაქი პტოლემაიდა (აქო) რომის კოლონია გახდა. მოციქულების დროს ამ ქალაქში ქრისტიანთა ჯგუფი იყო. პავლე, რომელიც მესამე მისიონერული მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, აქოში (იმ დროს პტოლემაიდის სახელით იყო ცნობილი) ჩავიდა და კესარეასა და იერუსალიმისკენ გეზის აღებამდე იქ ერთ დღეს დარჩა და ძმები მოინახულა (სქ. 21:7).
დღევანდელი აკო მნიშვნელობით დაჩრდილა ყურეს საპირისპირო მხარეს გაშენებულმა ქალაქმა ხაიფამ.