ᲐᲥᲐᲘᲐ
მანამ, სანამ ძვ. წ. 146 წელს რომაელები აქაიას დაიპყრობდნენ, ამ სახელწოდებით მოიხსენიებოდა პელოპონესში არსებული პატარა მხარე, რომელიც მდებარეობდა კორინთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე; ეს ადგილი დაახლოებით შეესაბამება იმ ტერიტორიას, რომელიც დღესაც მსგავს სახელწოდებას ატარებს.
ᲠᲣᲙᲐ: აქაია
ჰომეროსის პოეზიაში მოხსენიებულ აქაიელებში ზოგადად ბერძნები იგულისხმებიან. აქაველთა ცნობილი კავშირის (ქალაქების ფედერაცია) არსებობის გამო, რომელიც გახლდათ საბერძნეთის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ორგანო, რომელიც მოგვიანებით რომმა გაანადგურა, რომაელები მთელ საბერძნეთს აქაიას სახელით მოიხსენიებდნენ.
ძვ. წ. 27 წელს, როდესაც კეისარმა ავგუსტუსმა საბერძნეთის ორი პროვინციის, მაკედონიისა და აქაიის, რეორგანიზება მოახდინა, აქაიის სახელით უკვე მოიხსენიებოდა მთელი პელოპონესი და საბერძნეთის კონტინენტური ნაწილის გარკვეული ტერიტორია. პროვინცია აქაია რომის სენატის დაქვემდებარებაში იყო მოქცეული და მას მართავდა პროკონსული პროვინციის დედაქალაქიდან, კორინთიდან (2კრ. 1:1). აქაიის სხვა ქალაქები, რომლებიც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშია მოხსენიებული, იყო ათენი და კენქრე. აქაიას და მის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია მაკედონიას, ძველად ხშირად ერთად მოიხსენიებდნენ (სქ. 18:1, 18; 19:21; რმ. 15:26; 16:1; 1თს. 1:7, 8).
მაღალი გადასახადებით შეწუხებული მოსახლეობის უკმაყოფილების საპასუხოდ, ახ. წ. 15 წელს ტიბერიუსმა აქაია და მაკედონია იმპერატორის მმართველობას დაუქვემდებარა, რის შემდეგაც ეს პროვინციები იმართებოდა პროვინცია მიოზიადან. თუმცა ახ. წ. 44 წელს იმპერატორმა კლავდიუსმა ეს პროვინციები კვლავ სენატს დაუქვემდებარა და პროკონსული ისევ კორინთში დასვა. წარსულში ზოგი კრიტიკოსი, რომელთათვისაც უცნობი იყო ეს ფაქტები, ეჭვქვეშ აყენებდა ბიბლიაში მოხსენიებულ ეპიზოდს, სადაც გალიონი მოხსენიებულია როგორც „აქაიის პროკონსული“, ვის წინაშეც პავლე წარადგინეს (სქ. 18:12). თუმცა დელფოში აღმოჩენილმა წარწერამ დაადასტურა, რომ იმ პერიოდში, რომელიც საქმეების დამწერ ლუკას აქვს აღწერილი, აქაიას ნამდვილად მართავდა პროკონსული სახელად გალიონი (იხ. გალიონი).
რომაელების 15:26-ში მოციქული პავლე საუბრობს აქაიის პროვინციაში მცხოვრები ქრისტიანების გულუხვობაზე, რომლებმაც იერუსალიმში მცხოვრები გაჭირვებული თანამორწმუნეებისთვის შესაწირავები გაიღეს. მეორე და მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს პავლემ საკმაო დრო დაჰყო აქაიაში და დიდი სიყვარული გამოხატა ამ მხარეში მცხოვრები და-ძმების მიმართ (2კრ. 11:10).