აჰავა
მდინარის (შესაძლოა არხის) და მისი მიმდებარე ადგილის სახელი, რომელიც ბაბილონის სამეფოში, ქალაქ ბაბილონის ჩრდ.-დას.-ით მდებარეობდა. ეზრამ ამ ადგილას მოუყარა თავი ზოგ იუდეველს და იერუსალიმში გამგზავრებამდე მარხვა გამოაცხადა (ეზრ. 8:15, 21, 31). აჰავა, როგორც ჩანს, ბაბილონიდან რვა-ცხრა დღის სავალზე იყო (შდრ. ეზრ. 7:9; 8:15, 31). ჰეროდოტე (I, 179) საუბრობს პატარა მდინარე ისზე, რომელიც ევფრატში ჩაედინება, და აღნიშნავს, რომ ამ მდინარეზე გაშენებული ისის ქალაქი ბაბილონიდან დაახლოებით რვა დღის სავალზე იყო. მიჩნეულია, რომ ისი თანამედროვე ჰითია და, ზოგის აზრით, ეს აჰავას სავარაუდო ადგილმდებარეობაა.
ქალაქ ჰითის შესახებ ერთ-ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ჰითი მდინარე ევფრატზე, ძველი ქალაქის ადგილას არსებულ ორ მთაზე გაშენებული პატარა გალავნიანი ქალაქია; მის მახლობლად მდებარეობს ფისის ჭები, საიდანაც, სულ მცირე 3 000 წელია, რაც ფისს მოიპოვებენ და რომლებიც ბაბილონის მშენებლობის დროს გამოიყენეს“ (The New Encyclopædia Britannica, 1987, ტ. 5, გვ. 949). ეს ყოველივე სრულ თანხმობაშია იმასთან, რასაც ბიბლიაში ბაბილონის კოშკის მშენებლობასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „გამოიყენეს ... დუღაბის მაგივრად ფისი“ (დბ. 11:3).