ᲑᲐᲑᲔᲚᲘ
(არევ-დარევა).
წარღვნის შემდეგ აშენებული ერთ-ერთი პირველი ქალაქი. „იქ არია იეჰოვამ მთელი დედამიწის ენა“ (დბ. 11:9, სქოლიო). სახელი „ბაბელი“ მომდინარეობს ზმნიდან „ბალალ“, რაც ნიშნავს არევ-დარევას. ბაბელის მკვიდრთა აზრით მათი ქალაქი ღვთის მმართველობის ადგილსამყოფელს წარმოადგენდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ქალაქის სახელი მომდინარეობდა სიტყვებიდან „ბაბ“ (კარიბჭე) და „ილუ“ (ღმერთი), რაც ითარგმნება როგორც „ღვთის კარიბჭე“.
„შინარის მიწაზე“ მდებარე ბაბელი იყო ის პირველი ქალაქი, საიდანაც დაიწყო „ძლიერი მონადირის, იეჰოვას მოწინააღმდეგის“, ბოროტი ნიმროდის მმართველობა. ქალაქი აშენებული იყო მდინარეების ევფრატისა და ტიგროსის მიერ გამონარიყი ნალექებისგან წარმოქმნილ ალუვიურ ნიადაგზე (დბ. 10:9, 10). რამდენადაც ამ ადგილებში ქვები არ მოიპოვებოდა, მშენებლები იყენებდნენ დიდი რაოდენობით თიხას, რომელიც ამ ტერიტორიაზე უხვად იყო. ისინი ამბობდნენ: „მოდი აგურები გავაკეთოთ და გამოვწვათ“. ხოლო კირის არარსებობის გამო ისინი ფისს იყენებდნენ (დბ. 11:3).
ბაბელში ღვთის წინააღმდეგ მიმართული ეს მშენებლობა მიზნად ისახავდა ისეთი რელიგიური კოშკის აგებას, რომელიც „ცას მისწვდებოდა“. ეს ნაგებობა იეჰოვას თაყვანისცემასა და განდიდებას კი არ ემსახურებოდა, არამედ საფუძველს უყრიდა ადამიანის მიერ შექმნილ ცრუ რელიგიას და მიზნად ისახავდა მშენებლების „სახელის განთქმას“ (დბ. 11:4).
მშენებლობის სავარაუდო თარიღის დასადგენად შეგვიძლია ვისარგებლოთ შემდეგი ინფორმაციით: ფელეგი ცხოვრობდა ძვ. წ. 2269—2030 წლებში. მისი სახელი ნიშნავს „დაყოფას“, რადგან „მის სიცოცხლეში დაიყო დედამიწა“, ანუ დედამიწის მოსახლეობა. „გაფანტა იეჰოვამ ისინი მთელ დედამიწაზე“ (დბ. 10:25; 11:9). პატრიარქების დროს მცხოვრები აგადეს (აქადი) მეფე შარქალიშარის მიერ შესრულებულ წარწერაში ნახსენებია, რომ მან აღადგინა ბაბილონის სატაძრო კოშკი, რის საფუძველზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ნაგებობა მის მმართველობამდე არსებობდა.