ბეერ-ლახაი-როი
[მისი ჭა, ვინც ცოცხალია და მხედავს]
როცა სარაის ეგვიპტელი მოახლე აგარი თავისი ქალბატონის რისხვას გაურბოდა, „შურის გზას“ დაადგა, რომელიც ნეგების გავლით ეგვიპტისკენ მიდიოდა. თუმცა ერთ წყაროსთან (ებრ.‛აჲინ) მისული აგარი ანგელოზმა დაამშვიდა და ურჩია, დაბრუნებულიყო თავის ქალბატონთან, აგრეთვე ამცნო ისმაელის (ნიშნავს: ღმერთი ისმენს) დაბადებისა და ცხოვრების შესახებ. ამიტომ იმ ადგილზე მდებარე ჭას, „ბეერ-ლახაი-როი“ ეწოდა, რადგან აგარმა იეჰოვაზე თქვა: „შენა ხარ ღმერთი, ყოველივეს მხილველი“ (დბ. 16:7—14).
მოგვიანებით ნეგებში ბეერ-ლახაი-როის მხრიდან შინისკენ მიმავალმა ისაკმა დაინახა აქლემების ქარავანი, რომელსაც მისი პატარძალი რებეკა მოჰყავდა (დბ. 24:62, 63). აბრაამის სიკვდილის შემდეგ ისაკი ბეერ-ლახაი-როის მახლობლად დასახლდა (დბ. 25:11).
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ბეერ-ლახაი-როი „კადეშსა და ბერედს შორის“ იყო (დბ. 16:14). ბედუინთა ტრადიციის თანახმად, ეს არის იგივე აინ-მუვაილი, რომელიც აინ-ქედაისის (სავარაუდოდ, კადეშ-ბარნეა) სამხრ.-დას-ით 19 კილომეტრში მდებარეობს. თუმცა, იმის გამო, რომ ბერედის ზუსტი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობი რჩება, დანამდვილებით რამის თქმა შეუძლებელია.