ᲐᲒᲐᲠᲘ
სარას ეგვიპტელი მოახლე; მოგვიანებით აბრაამის ხარჭა და ისმაელის დედა. შიმშილობის გამო ქანაანიდან ეგვიპტეში გადასულმა აბრაამმა (აბრამი) გაიჩინა მსახურები და მოახლეები; შესაძლოა, აგარი სწორედ ამ პერიოდში გახდა სარას მოახლე (დბ. 12:10, 16).
სარა (სარაი) ისევ უშვილო იყო, ამიტომ აბრაამს სთხოვა, აგართან დაწოლილიყო და ის ცოლივით ჰყოლოდა. დაორსულების შემდეგ დამცირდა აგარის თვალში მისი ქალბატონი, ამიტომ სარამ ამის შესახებ ქმართან დაიჩივლა. «აბრამმა მიუგო სარაის: „შენი მოახლე შენს ხელშია, რაც გინდა, ის უყავი“. დაუწყო მას სარაიმ დამცირება და გაექცა მას იგი» (დბ. 16:1—6). წყაროს წყალთან შურის გზაზე იეჰოვას ანგელოზმა დაინახა აგარი და ურჩია, დაბრუნებულიყო თავის ქალბატონთან და დამდაბლებულიყო მის ხელქვეშ. გარდა ამისა, ანგელოზმა უთხრა, რომ იეჰოვა დიდად გაამრავლებდა მის შთამომავლობას; მას შეეძინებოდა ვაჟი, რომლისთვისაც ისმაელი უნდა დაერქმია. როცა ისმაელი დაიბადა, აბრაამი 86 წლისა იყო (დბ. 16:7—16).
წლების შემდეგ, „როცა ისაკი ძუძუს მოსწყვიტეს, დიდი ნადიმი გამართა აბრაამმა“. სარამ შეამჩნია, რომ აგარის ვაჟი ისმაელი, რომელიც დაახლოებით 19 წლისა იყო, დასცინოდა 5 წლის ისაკს. ეს არ იყო უწყინარი ხუმრობა. როგორც მომდევნო მუხლიდან ჩანს, შესაძლოა, ისმაელი იმის გამო დასცინოდა ისაკს, რომ მემკვიდრე იყო. ეს იყო ისმაელის მტრული დამოკიდებულების პირველი გამოვლინება, რაც იეჰოვას ანგელოზს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები (დბ. 16:12). როგორც ჩანს, სარას თავისი ვაჟის, ისაკის მომავალი აღელვებდა, ამიტომ აბრაამისგან მოითხოვა აგარისა და მისი ვაჟის გაშვება. ეს არ მოეწონა აბრაამს, მაგრამ იეჰოვას მითითებით მან შეასრულა ცოლის თხოვნა. მეორე დღეს დილაადრიან აბრაამმა პური და წყლის ტიკი მისცა აგარს და შვილთან ერთად გაუშვა (დბ. 21:8—14).
აგარი ბეერ-შებას უდაბნოში დაეხეტებოდა. ბოლოს „წყალი გაუთავდა და ბავშვი ბუჩქის ძირში დატოვა“. ამ მუხლში ისმაელის ბავშვად მოხსენიება ქრონოლოგიური შეცდომა არ იყო, რადგან ბავშვად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ჲელედ ახალგაზრდასაც ნიშნავს, როგორც ეს დაბადების 4:23-ში ითარგმნა. მართალია, ისმაელზე ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ „გარეული ვირივით“ იქნებოდა, მაგრამ ბუჩქის ძირში მისი დატოვება შეიძლება იმას ნიშნავს, რომ, როგორც ახალგაზრდა, ფიზიკურად ძლიერი არ იყო (დბ. 16:12). აქედან გამომდინარე, შეიძლება პირველი ის დასუსტდა და დედის მხარს ეყრდნობოდა. ეს არ იყო უჩვეულო იმ დღეებში მცხოვრები ქალებისთვის, განსაკუთრებით მონა ქალისთვის, რომელიც ყოველდღე მძიმე ტვირთს ატარებდა. როგორც ჩანს, მოგვიანებით აგარიც დაიქანცა და აღარ შეეძლო შვილის დახმარება, ამიტომ ის იქვე ბუჩქის ძირში დატოვა. შემდეგ წავიდა და შვილისგან მოშორებით, „ისრის სასროლ მანძილზე დაჯდა“ (გავრცელებული ებრაული გამოთქმა, რომელიც მიუთითებს მშვილდოსანსა და სამიზნეს შორის არსებულ მანძილზე) (დბ. 21:14—16).
ღვთის ანგელოზმა დაუძახა აგარს და უთხრა, არ შეშინებოდა, რადგან ისმაელს დიდ ერად აქცევდა. შემდეგ აუხილა ღმერთმა თვალი, დაინახა აგარმა ჭა, ტიკი წყლით აავსო და შვილს დაალევინა. „ღმერთი იყო ყმაწვილთან“. დროთა განმავლობაში ის მშვილდოსანი გახდა და „ფარანის უდაბნოში დასახლდა“. აგარმა მას ცოლი ეგვიპტიდან მოუყვანა (დბ. 21:17—21).
მოციქული პავლეს სიტყვების თანახმად, აგარი განასახიერებდა ფიზიკურ ისრაელს, რომელიც იეჰოვასთან შეკრული იყო სინას მთაზე მიცემული კანონის შეთანხმებით — იმ შეთანხმებით, რომელიც „მონობისთვის აჩენს ბავშვებს“. ცოდვილი მდგომარეობის გამო, ერს არ შეეძლო ამ შეთანხმების დაცვა. კანონის შეთანხმებამ ისრაელები კი არ გაათავისუფლა, არამედ სასიკვდილო მსჯავრი დასდო, როგორც ცოდვილებს. აქედან გამომდინარე, ისინი მონები იყვნენ (ინ. 8:34; რმ. 8:1—3). პავლეს დღეებში დედაქალაქი იერუსალიმი, რომელიც მიწიერი ისრაელის ორგანიზაციულ სტრუქტურას წარმოადგენდა, განასახიერებდა აგარს, რადგან „თავის შვილებთან ერთად“ მონობაში იყო. მაგრამ სულით ცხებული ქრისტიანები „ზედა იერუსალიმის“, ღვთის სიმბოლური ქალის შვილები არიან. ეს იერუსალიმი სარას მსგავსად თავისუფალია, ის არასდროს ყოფილა მონობაში. მაგრამ, როგორც ისაკი იდევნებოდა ისმაელის მიერ, ისე „ზედა იერუსალიმის“ შვილებიც, რომლებიც ძის მიერ გათავისუფლდნენ, დამონებული იერუსალიმის შვილების მიერ იდევნებოდნენ. აგარისა და მისი ვაჟის გაძევება განასახიერებდა იეჰოვას მიერ მიწიერი ისრაელის უარყოფას (გლ. 4:21—31; იხ. აგრეთვე ინ. 8:31—40).