ისმაელი
[ნიშნავს: ღმერთი ისმენს].
1. აბრაამის ვაჟი, რომელიც მას სარას ეგვიპტელი მოახლისგან, აგარისგან შეეძინა. ისმაელი დაიბადა ძვ. წ. 1932 წელს, როცა მამამისი 86 წლისა იყო (დბ. 16:1—4, 11—16).
როცა აბრაამმა გაიგო, რომ სარასაც ეყოლებოდა ვაჟი, ვისგანაც „ხალხთა მეფეები“ გამოვიდოდნენ, თავის პირმშოზე სთხოვა ღმერთს: „ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენ წინაშე!“ ღმერთმა მიუგო, რომ მისი მომავალი ვაჟი ისაკი შეთანხმების მემკვიდრე იქნებოდა, შემდეგ კი დასძინა: „ისმაელის შესახებაც მოვისმინე შენი თხოვნა; ვაკურთხებ მას, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამრავლებ. თორმეტი მთავარი წარმოიშობა მისგან, დიდ ერად ვაქცევ მას“ (დბ. 17:16, 18—20). ისმაელი 13 წლის ასაკში წინადაცვითეს მამამისთან და მის მსახურებთან ერთად (დბ. 17:23—27).
ერთი წლის შემდეგ დაიბადა ისაკი; მაშინ ისმაელი 14 წლისა იყო (დბ. 16:16; 21:5). ხუთი წლის შემდეგ, ძვ. წ. 1913 წელს, როცა ისაკი ძუძუს მოსწყვიტეს, ისმაელი დასცინოდა თავის უმცროს ნახევარძმას (დბ. 21:8, 9). ისმაელის მხრიდან ეს არ იყო უწყინარი თამაში. როგორც მომდევნო მუხლიდან ჩანს, შესაძლოა, ის ისაკს მემკვიდრეობის გამო დასცინოდა. პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, ამ მოვლენებს „სიმბოლური მნიშვნელობა“ ჰქონდა და ცხადყოფდა, რომ ნახევრად ეგვიპტელი ისმაელის მხრიდან ცუდი მოპყრობა ისაკის დევნა იყო. აქედან გამომდინარე, ეს იყო ისრაელზე ნაწინასწარმეტყველები 400-წლიანი ჩაგვრის დასაწყისი, რომელიც ძვ. წ. 1513 წელს ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებით დასრულდა (გლ. 4:22—31; დბ. 15:13; სქ. 7:6; იხ. ისაკი).
ისაკის დაცინვის გამო ისმაელი და დედამისი აბრაამის სახლიდან გააძევეს, თუმცა ხელცარიელი არ გაუშვიათ. აბრაამმა „აიღო პური, წყლით სავსე ტიკი, ზურგზე მოჰკიდა აგარს და შვილთან ერთად გაუშვა“ (დბ. 21:14). ზოგმა მთარგმნელმა ეს ისე თარგმნა, თითქოს 19 წლის ისმაელიც აგარს აჰკიდეს ზურგზე (სსგ, JB, Mo, ბაგსტერის LXX). მაგრამ ზოგი სწავლულის აზრით, ამ მუხლში ბავშვის ზურგზე შესმა კი არა, პურისა და ტიკის ზურგზე მოკიდება იგულისხმება. პროფესორების, კაილისა და დელიჩის აზრით, სიტყვა „ბავშვი“ უკავშირდება ამ წინადადების მთავარ ზმნას, რომელიც „აღებად“ ან „ხელის მოკიდებად“ შეიძლება ითარგმნოს. ამგვარად, ეს აზრი შემდეგნაირად უნდა გადმოტანილიყო: აბრაამმა აიღო პური და წყალი და მისცა ისინი აგარს (მხარზე აჰკიდა), ბავშვსაც მოჰკიდა ხელი და მისცა მას (Commentary on the Old Testament, 1973, ტ. I, „მოსეს პირველი წიგნი“, გვ. 244, 245).
აგარს, როგორც ჩანს, გზა აებნა ბეერ-შებას უდაბნოში. როცა წყალი გაუთავდათ, ისმაელს ძალა გამოელია და აგარმა „ბავშვი ბუჩქის ძირში დატოვა“ („დასვა“, სსგ; „მიაგდო“, ბსგ) (დბ. 21:14, 15). ამ შემთხვევაში ისმაელის ბავშვად მოხსენიება არ ნიშნავს, რომ ის თოთო ბავშვი იყო. ებრაული სიტყვა ჲელედ (ბავშვი) მაინცდამაინც პატარა ბავშვს არ ნიშნავს; ხშირად მას იყენებდნენ მოზარდის ან ახალგაზრდის აღსანიშნავად. რეუბენმა სწორედ ამ სიტყვით მოიხსენია ახალგაზრდა იოსები (იმ დროს 17 წლის), რომელიც თავისმა ძმებმა მონად გაყიდეს, მიუხედავად იმისა, რომ რეუბენმა მათ უთხრა: „ბავშვის [ვაიჲელედ] წინააღმდეგ ნუ შესცოდავთ“. ლამექიც საუბრობდა ახალგაზრდაზე [ჲელედ], რომელმაც დაჭრა (დბ. 42:22; 4:23; იხ. აგრეთვე 2მტ. 10:8).
ბავშვის ბუჩქის ძირში დატოვება, დასმა თუ მიგდება არ მეტყველებს იმაზე, რომ აგარს ის ხელში ეჭირა ან ზურგზე ჰყავდა შესმული. ალბათ, ძალაგამოცლილი შვილი მხარზე ეყრდნობოდა დედას. როგორც ჩანს, აგარი მოულოდნელად გამოეცალა მხრიდან შვილს.
ისმაელის სახელის მნიშვნელობის შესაბამისად, ღმერთმა ისმინა მისი თხოვნა, აპოვნინა წყალი და შეუნარჩუნა სიცოცხლე. შემდეგ ის მშვილდოსანი გახდა. ფარანის უდაბნოში მომთაბარედ მცხოვრებ ისმაელზე შესრულდა ნაწინასწარმეტყველები სიტყვები: „ის გარეული ვირივით დაუმორჩილებელი იქნება; მისი ხელი ყველას წინააღმდეგ იქნება მიმართული და ყველას ხელი — მის წინააღმდეგ. თავისი ძმების წინაშე იცხოვრებს კარვებში“ (დბ. 21:17—21; 16:12). აგარმა ისმაელს ეგვიპტელი ცოლი მოუყვანა. დროთა განმავლობაში მას 12 ვაჟი ეყოლა, რომლებიც ისმაელელთა „დიდი ერის“ 12 მთავარი და თავკაცი გახდნენ. ისმაელს სულ მცირე ერთი ქალიშვილი ჰყავდა — მახალათი, რომელიც ესავმა მოიყვანა ცოლად (დბ. 17:20; 21:21; 25:13—16; 28:9; იხ. ისმაელელი).
ისმაელი 89 წლისა იყო, როცა მან და ისაკმა დამარხეს თავიანთი მამა, აბრაამი. ამის შემდეგ მან კიდევ 48 წელი იცოცხლა და ძვ. წ. 1795 წელს 137 წლისა მოკვდა (დბ. 25:9, 10, 17). ბიბლიაში მოხსენიებული არ არის, დამარხეს თუ არა ისმაელი მაქფელას გამოქვაბულში, სადაც დაიმარხნენ აბრაამი და ისაკი თავიანთ ცოლებთან ერთად (დბ. 49:29—31).
2. საულის შთამომავალი იონათანის ხაზით. აცელის ვაჟი ბენიამინის ტომიდან (1მტ. 8:33—38, 40; 9:44).
3. ზებადიას მამა იუდას ტომიდან. იეჰოშაფატმა ზებადია სამართლებრივ საქმეებში მეფის წარმომადგენლად დანიშნა (2მტ. 19:8, 11).
4. ასისთავთაგან ერთ-ერთი, რომელთანაც მღვდელმთავარმა იეჰოიადამ ბოროტი დედოფლის, ათალიას ტახტიდან ჩამოგდებისა და იეჰოაშის გამეფების შეთანხმება დადო. იყო იეჰოხანანის ძე (2მტ. 23:1, 12—15, 20; 24:1).
5. მათი მეთაური, ვინც ზედამხედველი გედალია მოკლა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაცემიდან სამი თვის შემდეგ. იყო ნეთანიას ვაჟი სამეფო გვარიდან. მაშინ, როცა ნაბუქოდონოსორმა ზედამხედველი დანიშნა, ნეთანიას ძე ისმაელი, როგორც ჯარის ერთ-ერთი მეთაური, ველად იყო. მოგვიანებით ის გედალიასთან მივიდა და მშვიდობის შეთანხმებისა და გამგებლის მხარდაჭერის ფიცი დაუდო. მაგრამ ის ამონელების მეფე ბაალისთან ერთად შეითქვა გედალიას მოსაკლავად. ჯარის სხვა მეთაურებმა, მათ შორის იოხანანმა, გედალიას ისმაელის ბოროტი განზრახვა შეატყობინეს, მაგრამ მან არ დაიჯერა და იოხანანს ისმაელის მოკვლის უფლება არ მისცა (2მფ. 25:22—24; იერ. 40:7—16).
შედეგად, როცა გედალია ისმაელსა და მის ათკაციან ჯგუფს უმასპინძლდებოდა, წამოდგნენ ისინი, მოკლეს გედალია და მასთან ერთად მყოფი იუდეველები და ქალდეველები. მომდევნო დღეს მკვლელებმა შეიპყრეს 80 კაცი, რომლებიც იქ შექემიდან, შილოდან და სამარიიდან ჩავიდნენ. მათგან ათის გარდა ყველა დახოცეს და მათი გვამები მეფე ასას ამოთხრილ დიდ ჭაში ჩაყარეს. ისმაელმა და მისმა კაცებმა დაატყვევეს მიცფაში დარჩენილი ხალხი და ამონელთა ტერიტორიისკენ გაემართნენ. გზად მათ დაეწია იოხანანი თავისი ჯარით და დაიხსნა ტყვეები. ისმაელი თავის რვა კაცთან ერთად ამონელებთან გაიქცა (2მფ. 25:25; იერ. 41:1—18).
6. ერთ-ერთი მღვდელი ფაშხურის საგვარეულოდან, რომელმაც ეზრას დროს უცხოელი ცოლი გაუშვა (ეზრ. 10:22, 44).