ᲨᲘᲒᲜᲔᲣᲚᲘ
შინაგანი ორგანოები; ნაწლავები. ებრაული სიტყვა ქერევ გამოიყენება ადამიანის ან ცხოველის შინაგანი ორგანოების, შიგნეულობის ან ნაწლავების აღსაწერად (გმ. 12:9; 29:13). ამ სიტყვაში იგულისხმება რაიმეს შიდა ნაწილი და ხშირად ბიბლიაში გამოიყენება როგორც წინდებული მნიშვნელობით „შიგნით“ და „შორის“ (დბ. 25:22; კნ. 17:20).
შინაგანი ორგანოების აღსაწერად გამოიყენება კიდევ ერთი ებრაული სიტყვა მეეჰ. ეს სიტყვა ყოველთვის მრავლობით რიცხვში გვხვდება (მეიმ) და 2 სამუელის 20:10-სა და 2 მატიანეს 21:15, 18, 19-ში ითარგმნება როგორც ნაწლავები. აღნიშნული სიტყვა შესაძლოა გულისხმობდეს ნებისმიერი არსების შიგნეულობას. მაგალითად ბიბლიის იმ მონაკვეთში, სადაც მოთხრობილია, რომ იონა თევზმა გადაყლაპა, ეს ებრაული სიტყვა ორჯერ გვხვდება იმ სიტყვასთან ერთად, რომელიც ითარგმნება, როგორც მუცელი (იონ. 1:17; 2:1, 2). ებრაულ სიტყვაში მეიმ გამრავლების ორგანოებიც შეიძლება იგულისხმებოდეს (დბ. 15:4; რთ. 1:11). ემოციებსა და შინაგან ორგანოებს შორის არსებული აშკარა კავშირის გამო ნაწლავები ან შიგნეულობა ითვლებოდა ადგილად, სადაც იბადებოდა ყველაზე ღრმა გრძნობები (შდრ. ეს. 63:15; იერ. 4:19; 31:20).
საკვების გადამუშავება კუჭ-ნაწლავში ხდება. როცა ხილვაში ეზეკიელს ეთქვა, რომ ეჭამა გრაგნილი და მისით ამოევსო შიგნეულობა (ებრ. მეʽიმ), ეს პროცესი გადატანითი მნიშვნელობით შედარებული იყო ინფორმაციის გონებით გადამუშავებასთან ან სულიერ ათვისებასთან. ამ გრაგნილში ჩაწერილ სიტყვებზე ფიქრი და მათი დამახსოვრება ეზეკიელს სულიერ ძალებს შემატებდა. ის სულიერად დანაყრდებოდა და მზად იქნებოდა ხალხისთვის ცნობის გადასაცემად (ეზკ. 3:1–6; შდრ. გმც. 10:8–10).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიტყვა სპლაგხნა, რაც სიტყვასიტყვით „ნაწლავებად“ ითარგმნება, მხოლოდ ერთხელ გამოიყენება ამ მნიშვნელობით (სქ. 1:18). სხვა შემთხვევებში ის გადატანითი მნიშვნელობით გვხვდება და გულისხმობს „სათუთ გრძნობებს“ და „თანაგრძნობას“ (2კრ. 6:12; ფლ. 1:8; 2:1; კლ. 3:12; 1ინ. 3:17).