ᲛᲐᲛᲠᲔ
[შესაძლოა ნიშნავს ნასუქს]
1. ამორეველი თავკაცი, რომელმაც თავის ძმებთან, ანერთან და ეშქოლთან ერთად, მხარი დაუჭირა აბრაამს მეფე ქედარლაომერისა და მისი მოკავშირეების დამარცხებაში. როგორც ჩანს, ისინი იმიტომ დაეხმარნენ აბრაამს, რომ მასთან კავშირი ჰქონდათ დადებული (დბ. 14:13, 24).
2. ადგილი, რომელსაც, ჩვეულებრივ, აიგივებენ ერ-რამათ-ელ-ხალილთან, რომელიც ხებრონიდან ჩრდილოეთით, დაახლ. 3 კმ-ში მდებარეობს. თუმცა დაბადების 23:17-ის საფუძველზე ზოგიერთები თვლიან, რომ ეს ადგილი ხებრონიდან დასავლეთით მდებარეობდა (იხ. ᲛᲐᲥᲤᲔᲚᲐ). აბრაამი, ძირითადად, აქ სახლობდა, და აქვე, გარკვეული ხნის განმავლობაში მაინც, ცხოვრობდა ისაკიც. ახლოს მდებარე მაქფელას გამოქვაბულში დაიკრძალნენ ისინიც და მათი ცოლებიც, აგრეთვე იაკობი და ლეა (დბ. 13:18; 35:27; 49:29—33; 50:13). ამ ტერიტორიაზე არსებული წყლის წყაროების დიდი რაოდენობის წყალობით ეს ადგილი უხვად ირწყვება. აბრაამის დროს აქ დიდი ხეების კორომი არსებობდა და აქვე აუგო აბრაამმა იეჰოვას სამსხვერპლო (დბ. 13:18). ერთ-ერთი ასეთი ხის ქვეშ, სოდომისა და გომორას განადგურებამდე ცოტა ხნით ადრე, მან ანგელოზებს უმასპინძლა (დბ. 18:1—8). ამასთანავე, მას აქ დაჰპირდა იეჰოვა, რომ სარა ვაჟს გაუჩენდა (დბ. 18:9—19). მამრესთან ახლოს მდებარეობდა ის ადგილი, საიდანაც აბრაამს შეეძლო სოდომისა და მთელი მისი შემოგარენის ხილვა, და აქედან დაინახა აბრაამმა სოდომიდან აღმავალი სქელი კვამლი მას შემდეგ, რაც ღმერთმა ცეცხლით გაანადგურა ის ადგილი (დბ. 19:27—29).
პირველად დიდი ხეებით (ძირითადად, მუხები), რომლებიც იზრდებოდნენ იმ ადგილას, სადაც სავარაუდოდ, მდებარეობდა მამრე, ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი დაინტერესდა და მათ მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა. საუკუნეების განმავლობაში აქ აგებდნენ სალოცავებს. ამ ნაგებობებიდან მრავალი უკავშირდებოდა იმ უძველეს ხეს, რომლის ქვეშაც, როგორც ფიქრობდნენ, აბრაამი ელაპარაკა ანგელოზებს. ამ ადგილს ჰეროდე დიდმა ქვის კედელი შემოავლო. მას შემდეგ, რაც ძვ. წ. IV საუკუნეში ეს ადგილი იმპერატორ კონსტანტინეს სიდედრმა მოინახულა, იმპერატორმა აქ ბაზილიკა ააშენა. მოგვიანებით, მუსლიმანი დამპყრობლებიც წმინდად მიიჩნევდნენ ამ ადგილებს.