მიქალი
[შესაძლოა ნიშნავს: ვინ არის ღვთის მსგავსი?].
მეფე საულის უმცროსი ასული, რომელიც დავითს გაჰყვა ცოლად. საულს ჯერ თავისი უფროსი ასულის, მერაბის შერთვა უნდოდა დავითისთვის, მაგრამ მოგვიანებით ის სხვა კაცს მიათხოვა. დავითი მიქალს შეუყვარდა, ამიტომ საულმა დავითს ასი ფილისტიმელის ჩუჩის სანაცვლოდ მისი მოყვანა შესთავაზა. საულს იმის იმედი ჰქონდა, რომ დავითი ფილისტიმელებთან ბრძოლაში დაიღუპებოდა. დავითმა შეასრულა პირობა და 100-ის ნაცვლად საულს 200 ფილისტიმელის ჩუჩა მიუტანა. საულმაც მიათხოვა მას თავისი ასული მიქალი, მაგრამ „კიდევ უფრო შეეშინდა საულს დავითისა და სამუდამო მტრად ექცა“ (1სმ. 14:49; 18:17—29). მოგვიანებით, როცა საულმა მეტისმეტად შეიძულა დავითი, მიქალი დაეხმარა მას მეფის რისხვისგან თავის დაღწევაში. საულმა ისარგებლა დავითის ხანგრძლივი არყოფნით და მიქალი გალიმელი ლაიშის ვაჟს, ფალტის მიათხოვა (1სმ. 19:11—17; 25:44).
როცა აბნერმა დავითთან შეთანხმების დადება მოისურვა, დავითმა შეუთვალა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდა მას, თუ თავის ცოლს მიქალს დაუბრუნებდა. დავითმა მაცნეების პირით გადასცა თავისი მოთხოვნა საულის ვაჟს, იშ-ბოშეთს, რის შემდეგაც მიქალი თავისი ქმრისგან ფალტიელისგან (ფალტი) წამოიყვანეს და დავითს მიჰგვარეს (2სმ. 3:12—16).
დაისაჯა დავითის მიმართ უპატივცემულობისთვის. როცა დავითს შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში გადმოჰქონდა, სელის ეფოდი ემოსა და გახარებული დიდი გზნებით ცეკვავდა. ამ დროს სარკმლიდან მიქალმა დაინახა და „გულში აბუჩად აიგდო“. შინ დაბრუნებულ დავითს მიქალმა გესლიანი შენიშვნა მისცა, რითაც ცხადყო, რომ არ აფასებდა დავითის მიერ იეჰოვას განსადიდებლად გამოვლენილ გულმოდგინებას და მეფის საქციელი შეუფერებლად მიაჩნდა. დავითი გაუწყრა მას და, როგორც ჩანს, იმით დასაჯა, რომ მასთან მეტად აღარ დაწოლილა; ასე რომ, მიქალი უშვილოდ მოკვდა (2სმ. 6:14—23).
დისშვილების აღმზრდელი. 2 სამუელის 21:8-ში მოხსენიებულია „საულის ასულის, მიქალის ხუთი ვაჟი, რომლებიც მან მეჰოლათელ ბარზილაის ვაჟს, ადრიელს გაუჩინა“. ისინი საულის სახლეულის იმ წევრებს შორის იყვნენ, რომლებიც დავითმა გაბაონელებს გადასცა საულის გამო, რომელიც გაბაონელების მოსპობას ცდილობდა (2სმ. 21:1—10). აღსანიშნავია, რომ 2 სამუელის 21:8 აშკარად ეწინააღმდეგება 2 სამუელის 6:23-ს, სადაც ნათქვამია, რომ მიქალი უშვილოდ მოკვდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთი ბიბლეისტის აზრს, ეს ხუთი ვაჟი მიქალის დის, მერაბის შვილები იყვნენ, რომლებიც მიქალმა თავისი დის უდროო სიკვდილის შემდეგ თავად გაზარდა (იხ. მერაბი).