ᲝᲑᲝᲚᲘ
(ებრ. იათომ; სიტყვასიტყვით: „უმამოდ დარჩენილი ბიჭი“)
ქვრივ-ობლები შეიძლება ადვილად დაეჩაგრა ვინმეს ან მეტ სირთულეებს შეხვედროდნენ, რადგან ოჯახში არ ჰყავდათ მამაკაცი, რომელიც მათზე იზრუნებდა და მათ ინტერესებს დაიცავდა. ამიტომ, კანონი ზრუნავდა მათ კეთილდღეობაზე: ქვრივ-ობლებსა და უცხოელებს სამართლიანად უნდა მოპყრობოდნენ და სარჩო-საბადებლის გარეშე არ უნდა დაეტოვებინათ (გმ. 22:22—24; კნ. 24:17). მათ შეეძლოთ აეკრიფათ მინდორში მორჩენილი მარცვლეული, ჩამოებერტყათ მათთვის დატოვებული ზეთისხილი და მოემცვრიათ ყურძენი (კნ. 24:19—21). კანონში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ქვრივ-ობლებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა მოსავლის აღების ყოველწლიურ დღესასწაულში (კარვობის დღესასწაული), რომლის დროსაც შეეძლოთ ყველასთან ერთად ეზეიმათ და ემხიარულათ (კნ. 16:9—14). ისრაელები ყოველ მესამე წელს მოსავლის მეათედს თავიანთ ქალაქებში ინახავდნენ. ამ მეათედიდან კანონით ობლებს თავიანთი წილი ერგებოდათ (კნ. 14:28, 29; 26:12, 13).
რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის მსახურებისთვის, რომ იზრუნონ ობლებზე?
იეჰოვა ისრაელი ერის სამართლიანობას ხშირად იმით ზომავდა, თუ როგორ ექცეოდნენ ქვრივ-ობლებს, რადგან მათი დაჩაგვრა ადვილი იყო. ის სიტყვა „ობოლს“ საწყლებთან და დაუცველებთან მიმართებითაც იყენებს. როცა ერი სულიერად კარგ მდგომარეობაში იყო, ობლები ყურადღების გარეშე არ რჩებოდათ და ზრუნავდნენ მათზე. მაგრამ როცა იეჰოვას მითითებებს არაფრად აგდებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ, ქვრივ-ობლებს ჩაგრავდნენ და უსამართლოდ ეპყრობოდნენ (ფს. 82:3; 94:6; ეს. 1:17, 23; იერ. 7:5–7; 22:3; ეზკ. 22:7; ზქ. 7:9–11; მლ. 3:5). იეჰოვამ დაწყევლა ისინი, ვინც სასტიკად ექცეოდა ობლებს (კნ. 27:19; ეს. 10:1, 2); ის თავს ჩაგრულთა „მამას“, „შემწეს“, „მფარველს“ და „გამომსყიდველს“ უწოდებს (იგ. 23:10, 11; ფს. 10:14; 68:5). ღმერთი აცხადებს, რომ ის თავად უჩენს სამართალს ქვრივ-ობლებს, შეიწყალებს, დაიცავს, იზრუნებს მათზე და გადაარჩენს (კნ. 10:17, 18; ოს. 14:3; ფს. 146:9; იერ. 49:11).
ქრისტიანების ერთ-ერთი ამოსაცნობი ნიშანი ის იქნებოდა, თუ როგორ მოეპყრობოდნენ ქვრივებსა და ობლებს. მოწაფე იაკობმა ქრისტიანებს მისწერა: „ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში და თავი დავიცვათ უწმინდური ქვეყნიერებისგან“ (იაკ. 1:27).
იოანეს 14:18-ში გამოყენებული ბერძნული სიტყვა ორფანოს, რაც ობლად ითარგმნება, ამ მუხლში გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება.