რექაბელები
[რექაბისგან, რექაბის]
კენიელი რექაბის შთამომავლები იეჰონადაბის ხაზით (იერ. 35:6; 1მტ. 2:55).
იეჰონადაბის დროს, როგორც ჩანს, ზოგიერთი რექაბელი ჩრდილოეთი სამეფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ვინაიდან იეჰონადაბი სწორედ იქ შეუერთდა იეჰუს (მეფობდა დაახლ. ძვ. წ. 904—877 წწ.), როცა ის ბაალის კულტის აღმოსაფხვრელად და სამარიაში ახაბის დარჩენილი სახლეულების გასანადგურებლად მიდიოდა (2მფ. 10:15—17). იეჰონადაბმა თავის შთამომავლებს დაუბარა (უცნობია იეჰუსთან შეხვედრამდე თუ მას მერე), რომ კარვებში ეცხოვრათ, თესლი არ დაეთესათ, ვენახი არ გაეშენებინათ და ღვინო არ დაელიათ, რადგან ისინი ხიზნები იყვნენ (იერ. 35:6—10).
იეჰოიაკიმის მმართველობის მიწურულს (ძვ. წ. 628—618) რექაბელები იუდაშიც ცხოვრობდნენ. როცა ნაბუქოდონოსორმა იუდას მიწის წინააღმდეგ გაილაშქრა, რექაბელებმა ქალდეველთაგან და სირიელთაგან თავის დასაცავად იერუსალიმს შეაფარეს თავი. იეჰოვას ბრძანებით იერემიამ მათი წინამძღოლი იააზანია და მთელი მათი სახლეულობა ტაძრის ერთ-ერთ სასადილო ოთახში შეკრიბა (იერ. 35:1—4). ისინი ბევრი არ ყოფილან, ვინაიდან ყველანი ერთ სასადილო ოთახში დაეტივნენ. ღვთის მითითებისამებრ იერემიამ მათ ღვინის ფიალები დაუდგა და დალევა შესთავაზა. მაგრამ მათ თავიანთი წინაპრის ბრძანებისამებრ ღვინის დალევაზე უარი განაცხადეს და ახსნეს, რომ ქალაქში მხოლოდ და მხოლოდ თავდამსხმელთა ჯარების შიშით შემოვიდნენ (იერ. 35:5—11).
იეჰოვა კმაყოფილი დარჩა რექაბელთა პატივისცემითა და მორჩილებით. ისინი ერთგულად იცავდნენ თავიანთი წინაპრის დანაბარებს იუდეველებისგან განსხვავებით, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ თავიანთ შემოქმედს (იერ. 35:12—16). ამიტომ იეჰოვა რექაბელებს დაჰპირდა: „არ მოაკლდება იონადაბს, რექაბის ძეს, მუდამ ჩემ წინაშე მდგომი კაცი“ (იერ. 35:19).
ბაბილონის ტყვეობის შემდეგ, ნეემიას მმართველობის დროს „მალქიამ, რექაბის ვაჟმა“ აღადგინა ნაცრის კარიბჭე. თუ ეს რექაბი იეჰონადაბის მამა ან წინაპარია, გამოდის, რომ რექაბელებმა გადაიტანეს ბაბილონის ტყვეობა და დაუბრუნდნენ იუდას მიწას (ნემ. 3:14). 1 მატიანეს 2:55-ში ხამათს „რექაბის სახლის მამამთავარი“ ეწოდება.