ᲡᲘᲜᲐᲘ
1. მთა არაბეთში (გლ. 4:25), რომელსაც, სავარაუდოდ, ხორებიც ეწოდება (შდრ. გმ. 3:1, 12; 19:1, 2, 10, 11; იხ. ხორები). სინაის მთის სიახლოვეს ისრაელები და უამრავი ჭრელი ხალხი ცხვარ-ძროხასა და ურიცხვ საქონელთან ერთად თითქმის ერთი წელი იყვნენ დაბანაკებული (გმ. 12:37, 38; 19:1; რც. 10:11, 12). მთის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფლად განთავსდა სამ მილიონზე მეტი ადამიანი; იქ საკმარისად იყო წყალიც და საძოვრებიც შინაური ცხოველებისთვის. ამ მთიდან სულ მცირე ერთი წყარო მაინც მოედინებოდა (კნ. 9:21). როგორც ჩანს, სინაის მთის ძირში საკმარისი ადგილი იყო, რომ ისრაელები შეკრებილიყვნენ და თვალი ედევნებინათ მთის წვერზე მიმდინარე უჩვეულო მოვლენებისთვის. მათ იმის საშუალებაც ჰქონდათ, რომ მოშორებით მდგარიყვნენ და იქიდან ეყურებინათ ყველაფრისთვის. მთის წვერის დანახვა ბანაკიდანაც იყო შესაძლებელი (გმ. 19:17, 18; 20:18; 24:17; შდრ. კნ. 5:30).
ადგილმდებარეობა. სინაის ანუ ხორების მთის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. იუდაური ტრადიცია მას სინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, წითელი ზღვის ორ ჩრდილოეთ ყურეს შორის მდებარე მოწითალო გრანიტის ქედთან აიგივებს. ეს დაახლოებით 3-კილომეტრიანი ქედი გადაჭიმულია ჩრდ.-დასავლეთიდან სამხრ.-აღმოსავლეთისკენ და აქვს ორი მწვერვალი, რას-საფსაფა და ჯებელ-მუსა. ეს ტერიტორია კარგად ირწყვება რამდენიმე ნაკადულით. ჩრდილოეთი მწვერვალის (რას-საფსაფა) წინ მდებარეობს ერ-რაჰას ველი, რომლის სიგრძე დაახლ. 3 კმ-ია, სიგანე კი — დაახლ. 1 კმ (სურათი, ტ. 1, გვ. 540).
მე-19 საუკუნეში მოღვაწე ართურ სტენლი ამ ტერიტორიაზე მოგზაურობის შემდეგ წერდა: „ასეთი ველის არსებობა ზუსტად ასეთი კლდის წინ საოცრად ემთხვევა წმინდა წერილებში მოცემულ აღწერილობას, რაც წარმოადგენს ძლიერ მტკიცებულებას არა მხოლოდ ამ ადგილის ამოსაცნობად, არამედ იმაში დასარწმუნებლადაც, რომ ის თვითმხილველის მიერ არის აღწერილი“. სინაის მთიდან მოსესა და იესო ნავეს ძის ჩამოსვლის შესახებ სტენლი წერს: „ვინც კი რას-სა[ფ]საფედან მის ჩრდილოეთით ან სამხრეთით მდებარე ხევით ეშვება, ველიდან მომავალ ხმებს გაიგონებს, თავად ველს კი ვერ დაინახავს, სანამ არ გამოსცდება უადი ელ-დაირს ან უადი ლეჯას. იქიდან გამოსული მაშინვე აღმოჩნდება სა[ფ]საფეს ციცაბო კლდესთან“. ის დასძენს, რომ მოსემ ოქროს ხბოს ფერფლი სწორედ იმ წყაროში ჩაყარა, „მთიდან რომ მოედინება“ (კნ. 9:21). სტენლი აღნიშნავს, რომ „ამისთვის შესაფერისი ადგილი უადი ერ-რაჰე იქნებოდა, სადაც ჩაედინება უადი ლეჯას ნაკადული. მართალია, ეს ნაკადული წმ. ეკატერინეს მთიდან ეშვება, მაგრამ მაინც საკმაოდ ახლოსაა ჯებელ-მუსასთან, რათა მთიდან ჩამომავალი წყარო ეწოდოს“ (Sinai and Palestine, 1885, გვ. 107—109).
ტრადიციულად, სინაის მთა გაიგივებულია შედარებით მაღალ სამხრეთ მწვერვალთან, ჯებელ-მუსასთან (ნიშნავს „მოსეს მთას“). თუმცა ბევრი სწავლული იზიარებს სტენლის მოსაზრებას, რომ სინაის მთას, დიდი ალბათობით, წარმოადგენს ჩრდილოეთი მწვერვალი რას-საფსაფა, რადგან ჯებელ-მუსას წინ ვრცელი ველი არ იშლება.
მოვლენები. სინაის მთასთან ანუ ხორებთან ახლოს იეჰოვას ანგელოზი გამოეცხადა მოსეს ცეცხლმოდებული ეკლიანი ბუჩქის ალში და ეგვიპტის მონობიდან ისრაელების გათავისუფლება დაავალა (გმ. 3:1—10; სქ. 7:30). სავარაუდოდ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გათავისუფლებული ისრაელები სინაის მთას მიადგნენ (გმ. 19:2). მოსე მთაზე ავიდა, როგორც ჩანს, იეჰოვასგან შემდგომი მითითებების მისაღებად, რადგან ცეცხლმოდებულ ეკლიან ბუჩქთან იეჰოვამ გაუმჟღავნა მას, რომ ჭეშმარიტ ღმერთს ისინი ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს (გმ. 3:12; 19:3).
ღვთის ბრძანებით მოსეს ხალხისთვის უნდა გადაეცა, რომ, თუ ისინი ზედმიწევნით შეასრულებდნენ იეჰოვას სიტყვას და დაიცავდნენ მის შეთანხმებას, მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად იქცეოდნენ (გმ. 19:5, 6). უხუცესები, როგორც ერის წარმომადგენლები, ამ პირობას დათანხმდნენ. შემდეგ იეჰოვამ მოსეს დაავალა, განეწმინდა ხალხი, რომ მესამე დღეს ღმერთთან შესახვედრად ყოფილიყვნენ მზად. მთის ირგვლივ საზღვარი დააწესეს, რადგან ნებისმიერი, ვინც მთას შეეხებოდა, გინდ ცხოველი, გინდ კაცი, უნდა მოეკლათ (გმ. 19:10—15).
„მესამე დღეს, დილით, ატყდა ქუხილი, დაიწყო ელვა, მთაზე შავი ღრუბელი ჩამოწვა და საყვირის ძლიერი ხმა გაისმა“. ბანაკში მთელი ხალხი კანკალმა აიტანა. გამოიყვანა მოსემ ხალხი ბანაკიდან ღმერთთან შესახვედრად და დადგნენ ისინი მთის ძირას. სინაის მთას კვამლი ასდიოდა და ზანზარებდა (გმ. 19:16—19; ფს. 68:8). იეჰოვამ მოუხმო მოსეს, რომ ასულიყო მთაზე. მოსეს ხალხი კიდევ ერთხელ უნდა გაეფრთხილებინა, რომ არავის ეცადა მთაზე ასვლა. თვით „მღვდლებსაც“ (იგულისხმება არა ლევიანი მღვდლები, არამედ, როგორც ჩანს, ის ისრაელი მამაკაცები, რომლებიც მიღებული უფლებისა და წეს-ჩვეულების თანახმად, პატრიარქების მსგავსად, თავიანთ ოჯახებში მღვდლის მოვალეობას ასრულებდნენ) ეკრძალებოდათ დადგენილი საზღვრის გადაკვეთა (გმ. 19:20—24).
მას შემდეგ, რაც მოსე სინაის მთიდან ჩამოვიდა, ისრაელებმა ცეცხლიდან და შავი ღრუბლიდან მოისმინეს „ათი მცნება“ (გმ. 19:19—20:18; კნ. 5:6—22). იეჰოვა მათ ანგელოზის მეშვეობით ესაუბრა, როგორც ეს შემდეგი მუხლებიდან ჩანს: საქმეები 7:38; ებრაელები 2:2; გალატელები 3:19. ელვითა და კვამლით, საყვირის ხმითა და ქუხილით შეშინებულმა ხალხმა თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით სთხოვეს მოსეს, რომ ღვთის ნაცვლად დალაპარაკებოდა მათ. მაშინ იეჰოვამ მოსეს პირით უბრძანა ხალხს, რომ თავ-თავიანთ კარვებს დაბრუნებოდნენ. სინაის მთაზე ამ შთამბეჭდავ სანახაობას ღვთისადმი ჯანსაღი შიში უნდა ჩაენერგა ისრაელებისთვის, რათა კვლავაც დაეცვათ მისი მცნებები (გმ. 20:19, 20; კნ. 5:23—30). ამის შემდეგ მოსე, როგორც ჩანს, აარონთან ერთად (შდრ. გმ. 19:24) მიუახლოვდა სინაის მთაზე დავანებულ შავ ღრუბელს იეჰოვასგან სხვა მცნებებისა და კანონების მისაღებად (გმ. 20:21; 21:1).
სინაის მთიდან ჩამოსვლის შემდეგ მოსემ აუწყა ხალხს იეჰოვას სიტყვები და მათაც კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, რომ დაემორჩილებოდნენ. ამის შემდეგ მოსემ ღვთის სიტყვები დაწერა. მეორე დილით მან მთის ძირას სამსხვერპლო ააგო და 12 სვეტი აღმართა. იქ ისრაელებმა დასაწვავი მსხვერპლი და სამშვიდობო მსხვერპლი შესწირეს. შეწირული მსხვერპლის სისხლით ძალაში შევიდა კანონის შეთანხმება (გმ. 24:3—8; ებ. 9:16—22).
ვინაიდან ეს შეთანხმება უკვე ძალაში შევიდა, ისრაელებს, მათი წარმომადგენლების მეშვეობით, უფლება მიეცათ, სინაის მთას მიახლოებოდნენ. მოსე, აარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელის 70 უხუცესი მთაზე ავიდნენ, სადაც ხილვაში ღვთის დიდება იხილეს (გმ. 24:9—11). ამის შემდეგ მოსე იესო ნავეს ძესთან ერთად ავიდა მთაზე შემდგომი მცნებებისა და ქვის ფილებზე ამოტვიფრული „ათი მცნების“ მისაღებად. მაგრამ მხოლოდ მეშვიდე დღეს მოუხმო ღმერთმა მოსეს ღრუბელში. როგორც ჩანს, იესო ნავეს ძე მთაზე ელოდებოდა მოსეს, საიდანაც ვერ ხედავდა, რა ხდებოდა ისრაელის ბანაკში და არც იქიდან წამოსული ხმები ესმოდა (გმ. 24:12—18). ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ იესო ნავეს ძეც მოსეს მსგავსად 40 დღე უჭმელ-უსმელი იყო. როცა მოსე და იესო ნავეს ძე 40 დღის შემდეგ მთიდან ჩამოდიოდნენ, მათ ისრაელის ბანაკიდან ჟრიამული შემოესმათ. სინაის მთის ძირას მყოფმა მოსემ ოქროს ხბოსა და მოზეიმე ხალხის დანახვაზე ძირს დაყარა ფილები და დაამტვრია (გმ. 32:15—19; ებ. 12:18—21).
მოგვიანებით მოსემ ღვთის მითითებით გამოთალა პირველი ფილების მსგავსი ორი ქვის ფილა და კვლავ ავიდა სინაის მთაზე, რათა იეჰოვას მათზე „ათი მცნება“ დაეწერა (გმ. 34:1—3; კნ. 10:1—4). მოსემ კიდევ 40 დღე გაატარა მთაზე უჭმელ-უსმელმა, რაც ღვთის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა (გმ. 34:28; როგორც ჩანს, ეს არის ის 40-დღიანი პერიოდი, რომელიც მოხსენიებულია კნ. 9:18-ში; შდრ. გმ. 34:4, 5, 8; კნ. 10:10).
მას შემდეგ, რაც შეხვედრის კარავი აღმართეს და მასზე ღრუბელი ჩამოწვა, ღმერთი უკვე სინაის მთაზე კი აღარ ეცხადებოდა მოსეს, არამედ შეხვედრის კარავში, რომელიც ამ მთის სიახლოვეს იდგა (გმ. 40:34, 35; ლვ. 1:1; 25:1; რც. 1:1; 9:1).
საუკუნეების შემდეგ წინასწარმეტყველმა ელიამ „ჭეშმარიტი ღვთის მთამდე“, ხორებამდე, ანუ სინაიმდე იარა (1მფ. 19:8).
2. „სინაი“ აგრეთვე ეწოდება სინაის მთის მოსაზღვრედ მდებარე უდაბნოს (ლვ. 7:38). ბიბლიაში მოცემული აღწერილობიდან რთულია მისი ზუსტი საზღვრების დადგენა. როგორც ჩანს, ის რეფიდიმთან ახლოს მდებარეობდა (გმ. 19:2; შდრ. გმ. 17:1—6). სწორედ სინაის უდაბნოში მიუყვანა სიმამრმა ითრომ მოსეს მისი ცოლი ციფორა და ორი ვაჟი — გერშომი და ელიეზერი (გმ. 18:1—7). ბიბლია მოგვითხრობს სინაის უდაბნოში განვითარებულ შემდეგ მოვლენებზეც: მოსეს არყოფნის დროს ისრაელებმა ხბოს თაყვანისცემა დაიწყეს (გმ. 32:1—8), სიკვდილით დაისაჯა ხბოს თაყვანისცემის მოთავე 3 000 კაცი (გმ. 32:26—28), ისრაელებმა სამკაულები მოიხსნეს მონანიების ნიშნად (გმ. 33:6), ისრაელებმა ააგეს კარავი და დაამზადეს მისი მოწყობილობა და სამღვდელო სამოსელი (გმ. 36:8—39:43), დაინიშნა სამღვდელოება, რომელიც კარავში შეუდგა მსახურებას (ლვ. 8:4—9:24; რც. 28:6), იეჰოვასგან მოვლენილმა ცეცხლმა დახოცა აარონის ვაჟები ნადაბი და აბიჰუ უკანონო ცეცხლის მიტანის გამო (ლვ. 10:1—3), ისრაელი მამაკაცები პირველად აღირიცხნენ რაზმების მიხედვით (რც. 1:1—3), ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ პირველად აღნიშნეს პასექის დღესასწაული (რც. 9:1—5).