რატომ არის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ღვთისგან კურთხეული
„ალილუია! [ადიდეთ იაჰ, თქვენ, ხალხო! აქ] ხსნა, დიდება და ძალა ჩვენი ღვთისაა! რადგან ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვანი“ (გამოცხადება 19:1, 2).
1. როგორ დაატყდება განადგურება თავს დიდ ბაბილონს?
„დიდი ბაბილონი“ დაეცა ღვთის თვალში და ახლა განადგურების წინაშეა. ბიბლიური წინასწარმეტყველება ცხადყოფს, რომ ეს მსოფლიო რელიგიური მეძავი მალე სიკვდილით დაისჯება თავისი პოლიტიკური მიჯნურების ხელით; მისი აღსასრული მოულოდნელი და სწრაფი იქნება. იესოს გამოცხადებაში, რომელიც იოანემ იხილა, ჩაწერილია წინასწარმეტყველება: «ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა და გადააგდო ზღვაში და თქვა: „ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იქნება“» (გამოცხადება 18:2, 21).
2. როგორი რეაგირება ექნებათ იეჰოვას მსახურებს დიდი ბაბილონის განადგურებაზე?
2 დიდი ბაბილონის განადგურებას დაიტირებენ სატანის ქვეყნიერების ზოგიერთი ელემენტები, მაგრამ მათ გოდებას არ უთანაგრძნობენ ღვთის ზეციერი თუ მიწიერი მსახურები. ისინი მხიარული შეძახილებით ღვთის შესახებ იტყვიან: „ალილუია! [ადიდეთ იაჰ, თქვენ, ხალხო! აქ] ხსნა, დიდება და ძალა ჩვენი ღვთისაა! რადგან ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვანი. რადგან აღასრულა დიდი მეძავის განკითხვა, რომელმაც წარყვნა დედამიწა თავისი მეძავობით და შური იძია მისი ხელიდან დაღვრილი თავისი მონების სისხლის გამო“ (გამოცხადება 18:9, 10; 19:1, 2).
როგორი ნაყოფი უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტ რელიგიას?
3. რომელ კითხვებზეა აუცილებელი პასუხის გაცემა?
3 რადგან მიწის პირისაგან აღიგვება ცრუ რელიგია, თაყვანისმცემლობის რომელი ფორმა დარჩება? როგორ შეგვიძლია გავიგოთ, თუ რომელი რელიგიური ჯგუფი გადარჩება სატანის მსოფლიო ცრუ რელიგიის განადგურების დროს? რომელია ის სამართლიანი ნაყოფი, რომელიც ამ ჯგუფს უნდა ჰქონდეს? არსებობს სულ ცოტა ათი განმასხვავებელი კრიტერიუმი, რომ გამოვარჩიოთ იეჰოვასადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა (მალაქია 3:18; მათე 13:43).
4. რომელია პირველი მოთხოვნა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის და რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ ამასთან დაკავშირებით?
4 პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა უნდა აღიარონ ის უზენაესობა რისთვისაც მოკვდა იესო — მისი მამის უზენაესობა. იესოს თავისი სიცოცხლე არ მიუძღვნია პოლიტიკისთვის, არც ტომობრივი, ეთნიკური და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის. მან ებრაელთა პოლიტიკურ თუ რევოლუციურ მისწრაფებებზე წინ დააყენა თავისი მამის სამეფო. როდესაც სატანამ მსოფლიო ძალაუფლება შესთავაზა იესოს, მან უპასუხა: „განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე’“. მან ებრაული წერილებიდან იცოდა, რომ იეჰოვა არის ჭეშმარიტი უზენაესი მთელ დედამიწაზე. რომელი რელიგიური ჯგუფი უჭერს მხარს მხოლოდ იეჰოვას მმართველობას და არა მსოფლიო პოლიტიკურ სისტემებს? (მათე 4:10; ფსალმუნი 82:19).
5. ა) როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ღვთის სახელზე? ბ) რა ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეებს დიდება მოაქვთ ამ სახელისთვის?
5 მეორე მოთხოვნა არის ის, რომ ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლობამ უნდა განადიდოს და განწმინდოს ღვთის სახელი. ყოვლისშემძლემ თავის რჩეულ ხალხს, ისრაელს, განუცხადა, რომ თავისი სახელი არის იეჰოვა (იაჰვე, ბიბლიის ზოგიერთი თარგმანის თანახმად) და ეს სახელი ებრაულ წერილებში მრავალ ათასჯერ არის ნახსენები. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ უწინ ადამმა და ევამ, აგრეთვე სხვებმაც იცოდნენ ეს სახელი, ყოველთვის არ ავლენდნენ პატივისცემას მის მიმართ (დაბადება 4:1; 9:26; 22:14; გამოსვლა 6:2). იმ დროს, როდესაც ქრისტიანულმა სამყარომ და აგრეთვე ებრაელმა მთარგმნელებმა ეს სახელი ამოაგდეს თავიანთი ბიბლიიდან, იეჰოვას მოწმეებმა „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ (ინგლ.) მას სათანადო ადგილი და პატივი მიანიჭეს. ისინი პატივს სცემენ ამ სახელს ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ ადრინდელი ქრისტიანები. იაკობი აცხადებს: „სიმონმა მოგვითხრო, როგორ მოხედა ღმერთმა პირველად წარმართებს, რომ წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის. მასვე შეესატყვისება წინასწარმეტყველთა სიტყვები. . . რათა ეძიოს უფალი [იეჰოვა აქ] ადამის ნატამალმა და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმა, ამბობს უფალი [იეჰოვა, აქ] ყოველივე ამის მოქმედი“ (საქმეები 15:14–17; ამოსი 9:11, 12).
6. ა) რომელია მესამე მოთხოვნა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის? ბ) როგორ გაამახვილეს ყურადღება იესომ და დანიელმა სამეფოს მმართველობაზე? (ლუკა 17:20, 21).
6 მესამე მოთხოვნა, რომელიც აუცილებელია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის, არის ღვთის სამეფოს განდიდება, როგორც ერთადერთი სამართლიანი და არსებობისუნარიანი სახელმწიფოსი, რომელიც გადაწყვეტს ადამიანთა მმართველობის პრობლემებს. იესო სავსებით ნათლად ასწავლიდა თავის მიმდევრებს, ელოცათ, რომ მოსულიყო ეს სამეფო, რათა ღვთის მმართველობას დაექვემდებაროს მთელი დედამიწა. დანიელი ღვთის მიერ იყო შთაგონებული, რომ უკანასკნელ დღეებთან დაკავშირებით ეწინასწარმეტყველა: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა. . . იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა [წუთისოფლის, პოლიტიკურ] სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“. მეოცე საუკუნეში თავისი მოქმედებებით ვინ ცხადყო, რომ სავსებით უჭერს მხარს ამ სამეფოს — დიდი ბაბილონის რელიგიებმა თუ იეჰოვას მოწმეებმა? (დანიელი 2:44; მათე 6:10; 24:14).
7. როგორი თვალსაზრისი აქვთ ბიბლიაზე ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს?
7 მეოთხე მოთხოვნა ღვთის მოწონების მისაღწევად არის ის, რომ ღვთის ჭეშმარიტი მსახურები მხარს უნდა უჭერდნენ ბიბლიას, როგორც ღვთის მიერ შთაგონებულ სიტყვას. ამგვარად ისინი არ გახდებიან ბიბლიის იმ კრიტიკოსთა მსხვერპლი, რომლებიც ცდილობენ, დაამცირონ ბიბლია და ამბობენ, რომ ბიბლია არის ჩვეულებრივ ადამიანთა ნაშრომი, სადაც მრავლადაა ისეთი შეცდომები, რომლებიც ადამიანთა აზროვნებიდან გამომდინარეობს. იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ ბიბლია არის ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვა, თვით პავლეც სწერდა ტიმოთეს: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“a. ამიტომაც იეჰოვას მოწმეები ყოველდღიური ცხოვრების გზის მაჩვენებლად და სახელმძღვანელოდ, აგრეთვე მომავალი იმედის წყაროდ აღიარებენ ბიბლიას (2 ტიმოთე 3:16, 17).
სიყვარულის და არა სიძულვილის რელიგია
8. რომელია მეხუთე მოთხოვნა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის?
8 როგორ არჩევს იესო თავის ჭეშმარიტ მიმდევრებს? იესოს პასუხს მივყავართ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის დამახასიათებელ მეხუთე, მნიშვნელოვან ნიშნამდე. იესომ თქვა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი; როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:34, 35). როგორ გამოავლინა იესომ სიყვარული? იმით, რომ საკუთარი სიცოცხლე შესწირა მსხვერპლად (მათე 20:28; იოანე 3:16). რატომ არის ნამდვილი სიყვარული ჭეშმარიტი ქრისტიანების მნიშვნელოვანი თვისება? იოანე განმარტავდა: „საყვარელნო! გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგანაა სიყვარული. . . ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:7, 8).
9. ვინ გამოავლინა ჭეშმარიტი სიყვარული, და როგორ?
9 მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რასისტული, ეროვნული და ეთნიკური სიძულვილი, ვინ ავლენს დღეს ასეთ სიყვარულს? ვინ გადაიტანა უდიდესი გამოცდა, ვინ დასაჯეს სიკვდილით იმის გამო, რომ სიყვარულს ავლენდა? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესენი არიან კათოლიკე მღვდლები და მონაზვნები, რომლებიც გარკვეულწილად პასუხისმგებლები არიან იმ გენოციდში, რომელიც 1994 წელს რუანდაში მოხდა? ან იქნებ სერბი მართლმადიდებლები არიან ან ხორვატი კათოლიკეები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმული „ეთნიკურ წმენდასა“ და სხვა არაქრისტიანულ საქმიანობაში ბალკანეთის სამოქალაქო ომის დროს? ან იქნებ კათოლიკე და პროტესტანტი მღვდლები არიან, რომლებიც ენთუზიაზმით ექომაგებოდნენ გაძლიერებულ წინასწარ აკვიატებულ აზრებსა და სიძულვილს ჩრდილოეთ ირლანდიაში ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში? ფაქტია, იეჰოვას მოწმეები ვერ დადანაშაულდებიან მსგავს საქმეებსა და კონფლიქტებში მონაწილეობის მიღებაში. ისინი იტანჯებოდნენ ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში, მათ სიკვდილით სჯიდნენ იმისთვის, რომ მტკიცედ იცავდნენ ქრისტიანულ სიყვარულს (იოანე 15:17).
10. რატომ რჩებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები ნეიტრალურები?
10 მეექვსე მოთხოვნა ღვთისთვის მისაღები თაყვანისმცემლობისთვის არის ამ წუთისოფლის პოლიტიკური საქმეების მიმართ ნეიტრალიტეტი. რატომ უნდა ეკავოს ქრისტიანს ნეიტრალური პოზიცია პოლიტიკის მიმართ? პავლემ, იაკობმა და იოანემ საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზი მოგვცეს ამ საკითხთან დაკავშირებით. პავლე მოციქულმა დაწერა, რომ ‘წუთისოფლის ღმერთი’ არის სატანა, რომელიც ყოველი საშუალებით უბნელებს გონებას ურწმუნოებს და ასევე იყენებს განხეთქილების მთესველ პოლიტიკას. მოწაფე იაკობმა აღნიშნა, რომ „წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა“ და იოანე მოციქულმაც თქვა, რომ „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“. ამგვარად, ჭეშმარიტი ქრისტიანები არ დათმობენ ღვთისადმი თავიანთ მიძღვნას იმით, რომ ჩაერიონ სატანის გახრწნილი წუთისოფლის პოლიტიკასა და ძალებში (2 კორინთელთა 4:4; იაკობი 4:4; 1 იოანე 5:19).
11. ა) როგორი თვალსაზრისი აქვთ ქრისტიანებს ომთან დაკავშირებით? ბ) რომელია ბიბლიური საფუძველი ასეთი პოზიციისთვის? (2 კორინთელთა 10:3–5).
11 ზემოთ განხილული ორი მოთხოვნის შემდეგ, აშკარაა მეშვიდე მოთხოვნა, რომ — ქრისტიანმა თაყვანისმცემლებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ ომებში. რადგანაც ჭეშმარიტი რელიგია არის სიყვარულზე დაფუძნებული მსოფლიო ძმობა, არაფერს შეუძლია დაჰყოს ან ზიანი მოუტანოს „მთელ საზოგადოებას. . . ძმებს წუთისოფელში“ (1 პეტრე 5:9, აქ; მათე 26:51, 52). ‘ბოროტი’ სატანა, რომელმაც წააქეზა კაენი, რომ მოეკლა აბელი, კვლავაც თესავს ადამიანთა შორის სიძულვილს, რომ გამოიწვიოს კონფლიქტები და სისხლის ღვრა პოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური დაჯგუფებების მიზეზით. ჭეშმარიტი ქრისტიანები ‘აღარ სწავლობენ ომს’, მიუხედავად იმისა, თუ რა ფასად დაუჯდებათ. სიმბოლურად რომ ვთქვათ, მათ უკვე ‘გამოჭედეს მახვილისგან სახნისები და შუბებისგან — ნამგლები’. მათი ნაყოფი არის ღვთის სულის ნაყოფი — მშვიდობა (1 იოანე 3:10–12; ესაია 2:2–4; გალატელთა 5:22, 23).
ღმერთი აკურთხებს ქცევისა და მოძღვრების სიწმინდეს
12. ა) რომელია მერვე მოთხოვნა, და რომელ რელიგიურ დაყოფებს დაასახელებდი? ბ) როგორ გაამახვილა პავლემ ყურადღება ამ მერვე მოთხოვნაზე?
12 ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მერვე მოთხოვნა არის ქრისტიანული ერთობა. როგორც ჩანს, ქრისტიანული სამყაროს დამყოფმა რელიგიებმა ვერაფერი დახმარება გაუწიეს ამ ჩანაფიქრს. მრავალი ეგრეთ წოდებული სარწმუნოებრივი მიმდინარეობა დაიყო სხვადასხვა სექტებად, რამაც გამოიწვია ქაოსი. მაგალითისთვის ავიღოთ შეერთებული შტატების ბაპტისტთა რელიგია, რომელიც დაყოფილია როგორც ჩრდილოეთის ბაპტისტები (ამერიკელი ბაპტისტების ეკლესიები შეერთებულ შტატებში) და სამხრეთის ბაპტისტები (სამხრეთის ბაპტისტთა კავშირი), აგრეთვე არსებობს ბაპტისტებში განხეთქილებების შედეგად წარმოქმნილი მრავალი სხვა დაჯგუფებები („მსოფლიო ქრისტიანული ენციკლოპედია“, გვერდი 714 [World Christian Encyclopedia]). მრავალი დაჯგუფება წამოვიდა სხვადასხვა დოგმებზე ან საეკლესიო ხელმძღვანელობაზე დაფუძნებით (მაგალითად, პრესვიტერიანული, ეპისკოპალური, კონგრეგაციონალური). ქრისტიანულ სამყაროში არსებული დაყოფების მსგავსი რამ არსებობს არაქრისტიანულ რელიგიებშიც — ბუდიზმში, ისლამსა თუ ინდუიზმში. რას ურჩევდა პავლე მოციქული ადრინდელ ქრისტიანებს? „ხოლო მე შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით“ (1 კორინთელთა 1:10; 2 კორინთელთა 13:11).
13, 14. ა) რა იგულისხმება ‘წმინდად ყოფნაში’? ბ) როგორ ინარჩუნებს სიწმინდეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა?
13 რომელია იმ რელიგიის მეცხრე მოთხოვნა, რომელიც ღვთის თვალში მოწონებას იმსახურებს? ბიბლიური პრინციპი, რომელიც ჩაწერილია ლევიანნის 11:45-ში: „იყავით წმიდები, როგორც მე ვარ წმიდა“. პეტრე მოციქულმა გაიმეორა ეს მოთხოვნა, როდესაც წერდა: „იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ“ (1 პეტრე 1:15).
14 რა არის საჭირო იმისთვის, რომ იყო წმინდა? ამისთვის აუცილებელია, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლები სულიერად და მორალურად სუფთები იყვნენ (2 პეტრე 3:14). იეჰოვას მოწმეთა შორის ადგილი არა აქვთ მოუნანიებლებს, განზრახ შემცოდველებს, რომლებიც თავიანთი მოქმედებით აჩვენებენ, რომ არად აგდებენ ქრისტეს გამომსყიდველურ მსხვერპლს (ებრაელთა 6:4–6). იეჰოვა მოითხოვს, რომ ქრისტიანული კრება იყოს სუფთა და წმინდა. როგორ შეიძლება ამის შესრულება? ნაწილობრივ სამართლებრივი პროცესის მეშვეობით, როდესაც ხდება მათი გარიცხვა, რომლებიც არცხვენენ კრებას (1 კორინთელთა 5:9–13).
15, 16. რა ცვლილებები მოახდინა მრავალმა ქრისტიანმა თავის ცხოვრებაში?
15 მრავალი, ვიდრე გაიგებდა ქრისტიანულ ჭეშმარიტებას, ეწეოდა თავაშვებულობას, მისდევდა ჰედონიზმს, ეგოისტურ ცხოვრებას. მაგრამ ქრისტეს შესახებ სიტყვამ შეცვალა ისინი და მათ ეპატიათ ჩადენილი ცოდვები. პავლემ მტკიცედ გამოთქვა ეს აზრი, როდესაც წერდა: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით“ (1 კორინთელთა 6:9–11).
16 ნათელია, რომ იეჰოვა იწონებს მათ, რომლებმაც მოინანიეს თავიანთი არაქრისტიანული მოქმედებები, შეიცვალნენ და გახდნენ ქრისტესა და მისი მოძღვრების ჭეშმარიტი მიმდევრები. მათ ჭეშმარიტად უყვართ თავიანთი მოყვასი, როგორც საკუთარი თავი და ამას ყველაფერში ავლენენ, მაგალითად, როდესაც შეუპოვრად ემსახურებიან ღმერთს და სასიცოცხლო ცნობას სთავაზობენ მათ, რომელთაც სურთ მოსმენა (2 ტიმოთე 4:5).
„ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“
17. რომელია მეათე მოთხოვნა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის? მოიყვანე მაგალითები.
17 არის კიდევ მეათე მოთხოვნა, რომელიც იეჰოვას აქვს მათთვის, რომლებიც თაყვანს სცემენ მას სულითა და ჭეშმარიტებით ეს მოთხოვნაა — წმინდა სწავლება (იოანე 4:23, 24). იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8:32). ბიბლიური ჭეშმარიტება გვათავისუფლებს ისეთი მოძღვრებისგან, რომელიც სახელს უტეხავს ღმერთს, მაგალითად, როგორიცაა სულის უკვდავება, ჯოჯოხეთის ცეცხლი და განსაწმენდელი (ეკლესიასტე 9:5, 6, 10; ეზეკიელი 18:4, 20). ეს გვათავისუფლებს ბაბილონური საიდუმლოებისგან — ქრისტიანული სამყაროს „უწმიდესი სამებისგან“ (მეორე რჯული 4:35; 6:4; 1 კორინთელთა 15:27, 28). ბიბლიური ჭეშმარიტების მიმართ მორჩილება ჩანს მოსიყვარულე, მზრუნველ, თავაზიან და მოწყალე ხალხში. ჭეშმარიტი ქრისტიანები არასოდეს უწყობდნენ ხელს შურისმგებელ, შეუწყნარებელ ინკვიზიტორებს, ისეთებს, როგორიც იყო ტომას ტორკემადა, არც სიძულვილით აღსავსე, ომის სიყვარულით გამსჭვალულთ უჭერდნენ მხარს, პაპის ხელშეწყობით გამართული ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. მაგრამ დიდმა ბაბილონმა გამოიღო ისეთი ნაყოფი, რაც ისტორიამ ცხადყო ნიმროდის დროიდან დღემდე (დაბადება 10:8, 9).
სახელი, რომელიც განსაკუთრებულია
18. ა) ვინ შეესაბამება ათ მოთხოვნას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის და როგორ? ბ) რა უნდა გავაკეთოთ ინდივიდუალურად, რომ მივიღოთ კურთხევა, რომელიც ჩვენს წინაშეა?
18 ვინ ასრულებს ნამდვილად ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ ათ მოთხოვნას დღეს? ვინ არის ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული თავისი უმწიკვლოებითა და მშვიდობისმოყვარეობით? მთელ მსოფლიოში მხოლოდ იეჰოვას მოწმეები არიან ცნობილი, როგორც ისეთი ხალხი, რომლებიც არ წარმოადგენენ ‘წუთისოფლის ნაწილს’ (იოანე 15:19; 17:14, 16; 18:36). იეჰოვას მოწმეებს აქვთ პატივი, ატარონ იეჰოვას სახელი და იყვნენ მისი მოწმეები, ისე, როგორც თვით იესო ქრისტე იყო თავისი მამის, იეჰოვას ერთგული მოწმე. ჩვენ ვატარებთ ამ წმინდა სახელს და გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ შევასრულოთ ის, რაც გვევალება. და როგორც მის მოწმეებს, რა დიდებული იმედი გვაქვს წინ! ეს ნიშნავს, რომ ვიყოთ მორჩილი და გაერთიანებული ადამიანების დიდი ოჯახის წევრი, რათა თაყვანი ვცეთ უზენაეს მმართველს დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში. ასეთი კურთხევა რომ მივიღოთ დაე, კვლავაც ცხადვყოთ, რომ ვართ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში და სიამაყით ვატაროთ სახელი „იეჰოვას მოწმეები“, რადგან ‘მისი განკითხვანი ჭეშმარიტი და სამართლიანია’! (გამოცხადება 19:2; ესაია 43:10–12; ეზეკიელი 3:11).
[სქოლიოები]
a ბიბლიის თარგმანები არ არის ღვთის მიერ შთაგონებული. შეიძლება ითქვას რომ თარგმანები თავიანთი არსით შესაძლოა ირეკლავენ სხვადასხვა დედააზრს იმ ენისგან, რომელზედაც ბიბლია დაიწერა.
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორი თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს დიდი ბაბილონის განადგურებაზე?
◻ რომელია ძირითადი მოთხოვნები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის?
◻ როგორ გათავისუფლებს ჭეშმარიტება?
◻ რა განსაკუთრებული პატივი გვაქვს, როგორც იეჰოვას მოწმეებს?
[სურათები 15 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ და ასწავლიან სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას.
[სურათი 16 გვერდზე]
ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის ნეიტრალურები იყვნენ როგორც მსოფლიო პოლიტიკაში, აგრეთვე ომებში.
[საავტორო უფლება]
Airplane Courtesy of the ministry of Defense, London.