კონსტანტინე დიდი ქრისტიანობის ქომაგი?
რომის იმპერატორი კონსტანტინე იმ მცირერიცხოვან პიროვნებათა შორისაა, რომელიც ისტორიამ „დიდის“ ეპითეტით შეამკო. ქრისტიანულმა სამყარომ ამ ეპითეტს დაამატა: „წმინდა“, „მეცამეტე მოციქული“, „მოციქულთა სწორი წმინდანი“ და „ღვთის რჩეული მთელ მსოფლიოში უდიდესი ცვლილებების განსახორციელებლად“. ამის საპირისპიროდ, ზოგი კონსტანტინეს „პირსისხლიან, უთვალავი სისაძაგლეებით შებილწულ და ცბიერებით აღსავსე. . . საშინელ ტირანად, საზარელ ბოროტმოქმედებებში დამნაშავედ“ აღწერს.
მრავალ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, ნასწავლი აქვს, რომ კონსტანტინე დიდი ქრისტიანობის უდიდესი კეთილისმყოფელია. ისინი მას რომაელთა მიერ დევნით გამოწვეული უბედურებებისგან ქრისტიანობის მხსნელად და რელიგიური თავისუფლების მიმცემად მიიჩნევენ. გარდა ამისა, ფართოდ არის გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ის იესო ქრისტეს ერთგული მიმდევარი იყო და ქრისტიანობის წინ წაწევის დიდი სურვილი ჰქონდა. აღმოსავლეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და კოპტურმა ეკლესიამ ის და დედამისი, ელენე, „წმინდანებად“ გამოაცხადა და მათ დღესასწაულს 3 ივნისს ან ეკლესიის კალენდრის თანახმად, 21 მაისს აღნიშნავდა.
სინამდვილეში ვინ იყო კონსტანტინე დიდი? რა როლი შეასრულა მან მოციქულების შემდგომი პერიოდის ქრისტიანობის განვითარებაში? ამ საკითხებში კარგად გაგვარკვევდა ისტორიისა და სწავლულების პასუხი.
ისტორია და კონსტანტინე
კონსტანტინე, კონსტანციუს ქლორუსის ძე, ახ. წ. დაახლოებით 275 წელს დაიბადა ნაისუსში (სერბია). ახ. წ. 293 წელს, როდესაც მამამისი რომის დასავლეთ პროვინციების იმპერატორი გახდა, კონსტანტინე იმპერატორ გალერიუსის ბრძანებით დუნაისთან იბრძოდა. ახ. წ. 306 წელს ის ბრიტანეთში თავის მომაკვდავ მამასთან დაბრუნდა. მამის სიკვდილის შემდეგ, მალე ლეგიონებმა კონსტანტინე იმპერატორად გამოაცხადეს.
იმ დროისთვის იმპერიაში კიდევ სხვა ხუთი ავგუსტუსი იყო. ახ. წ. 306—324 წლები, რომლის შემდეგაც კონსტანტინე ერთპიროვნული იმპერატორი გახდა, გამუდმებული სამოქალაქო ომების წლები იყო. ორ ლაშქრობაში გამარჯვებით კონსტანტინე რომის ისტორიაში შევიდა როგორც რომის იმპერიის ერთპიროვნული მბრძანებელი.
ახ. წ. 312 წელს კონსტანტინემ რომის მახლობლად, მულვიუსის ხიდთან თავისი მეტოქე მაქსენციუსი დაამარცხა. ქრისტიანი აპოლოგეტების მტკიცებით, ამ ლაშქრობის დროს ცაზე გამოჩნდა ელვარე ჯვარი ლათინური წარწერით: „In hoc signo vinces“, რაც ნიშნავს „ამ ნიშნით გაიმარჯვებ“. იმასაც ამბობენ, რომ სიზმარში კონსტანტინეს უთხრეს, თავისი ჯარისკაცების ფარზე ბერძნული ასოებით გამოესახა ქრისტეს სახელის პირველი ორი ასო. მაგრამ ეს ისტორია ქრონოლოგიური შეუსაბამობითაა სავსე. წიგნი „ქრისტიანობის ისტორია“ (A History of Christianity) ამბობს: „ამ ხილვის ზუსტ დროსთან, ადგილსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებები არსებობს“. წარმართული სენატი რომში კონსტანტინეს ჩამოსვლას დიდი სიხარულით შეხვდა და ის მთავარ ავგუსტუსად და ძველრომაული რელიგიის უმაღლეს ქურუმად (Pontifex Maximus) გამოაცხადა.
ახ. წ. 313 წელს კონსტანტინე და რომის აღმოსავლეთ პროვინციების იმპერატორი ლიცინიუსი მოკავშირეები გახდნენ. „მილანის ედიქტის“ საშუალებით მათ ყველა რელიგიურ ჯგუფს თაყვანისცემის თავისუფლება და თანაბარი უფლებები მიანიჭეს. მაგრამ მრავალი ისტორიკოსი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ამ დოკუმენტს, ვინაიდან აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ჩვეულებრივი, ოფიციალური წერილი იყო და არა დიდი საიმპერიო დოკუმენტი, რომელსაც ქრისტიანობის მიმართ პოლიტიკაში ცვლილებები მოჰყვებოდა.
მომდევნო ათი წლის განმავლობაში მან დაამარცხა თავისი უკანასკნელი მეტოქე, ლიცინიუსი, და რომის უცილობელი მონარქი გახდა. ახ. წ. 325 წელს, თუმცა მოუნათლავი იყო, თავმჯდომარეობდა „ქრისტიანული“ ეკლესიის პირველ დიდ ეკუმენიკურ კრებას, რომელმაც დაგმო არიანელობა და მიიღო ერთიანი რწმენის კანონი, რომელსაც ნიკეის მრწამსი“ ეწოდა.
ახ. წ. 337 წელს კონსტანტინე ლოგინად ჩავარდა. მან სასიკვდილო სარეცელზე მიიღო ნათლობა და შემდეგ მოკვდა. სიკვდილის შემდეგ სენატმა ის ერთ-ერთ რომაულ ღვთაებებად შერაცხა.
რელიგია კონსტანტინეს სტრატეგიაში
წიგნი „ბერძენი ერის ისტორია“ (Istoria tou Ellinikou Ethnous) III—IV საუკუნეებში რელიგიის მიმართ რომის იმპერატორთა დამოკიდებულების შესახებ ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ამ იმპერატორებს არ ჰქონდათ ისეთი ღრმა რელიგიური მრწამსი, რაც იმდროინდელი ხალხის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა, ისინი აუცილებლობად მიიჩნევდნენ, პოლიტიკურ პროგრამაში რელიგიისთვის მნიშვნელოვანი ადგილის დათმობას, ხოლო თავიანთი მოქმედებებისთვის გარკვეული რელიგიური ელფერის მიცემას“.
რასაკვირველია, კონსტანტინეც თავისი ეპოქის შვილი იყო. მოღვაწეობის დასაწყისში მას გარკვეული „ღვთიური“ მფარველობა სჭირდებოდა, რასაც გავლენადაკარგული რომაული ღვთაებების მეშვეობით ვერ მიიღებდა. დაუძლურებულ იმპერიას, რელიგიისა და სხვა ინსტიტუტების ჩათვლით, გასაძლიერებლად რაღაც ახალი, განმამტკიცებელი რამ სჭირდებოდა. ერთ-ერთი ენციკლოპედია აღნიშნავს: „კონსტანტინეს ქრისტიანობა განსაკუთრებით იმიტომ აინტერესებდა, რომ ამან ხელი შეუწყო არა მარტო მის გამარჯვებას, არამედ მთელი იმპერიის რეორგანიზებასაც. ქრისტიანული ეკლესიები, რომლებიც ყველგან არსებობდა, მის პოლიტიკურ საყრდენს წარმოადგენდა. . . მან გარს შემოიკრიბა მრავალი იმდროინდელი დიდი პრელატი. . . და მოითხოვდა, რომ მათ შორის ერთიანობა შენარჩუნებულიყო“ (Hidria).
კონსტანტინე გრძნობდა, რომ შესაძლებელი იყო „ქრისტიანული“ რელიგიის — თუმცა იმ დროისთვის განდგომილისა და უკიდურესად გახრწნილის — გამაძლიერებელ და გამაერთიანებელ ძალად გამოყენება, რაც იმპერიაში გაბატონების მისი გრანდიოზული გეგმის განხორციელებას შეუწყობდა ხელს. თავისი პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად, მან აითვისა განდგომილი ქრისტიანობის საფუძვლები და გადაწყვიტა, ხალხი „კათოლიკურ“, ანუ საყოველთაო, რელიგიაში გაეერთიანებინა. წარმართულ ტრადიციებსა და დღესასწაულებს „ქრისტიანული“ სახელები დაერქვა. „ქრისტიან“ სამღვდელოებას მიეცა წარმართთა ქურუმების სტატუსი, ფულადი ანაზღაურება და გავლენა.
პოლიტიკური მოსაზრებით კონსტანტინე ცდილობდა რელიგიური უთანხმოების აღმოფხვრას და სწრაფად ახშობდა ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, რომლის დროსაც მოძღვრების სისწორეს კი არ აქცევდა ყურადღებას, არამედ — უმეტესობის ხმას. დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებით „ქრისტიანულ“ ეკლესიაში არსებულმა დიდმა განხეთქილებებმა მას შესაძლებლობა მისცა „ღვთის წარმოგზავნილი“ შუამავლის როლი შეესრულებინა. ჩრდილოეთ აფრიკაში დონატისტებთან და იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში არიანელებთან კონფლიქტში ჩარევისას მან მაშინვე დაინახა, რომ რელიგიური მრწამსი საკმარისი არ იყო მტკიცე, ერთიანი რწმენის ჩამოყალიბებისთვისa. არიანელებთან უთანხმოების მოგვარების მიზნით კონსტანტინემ მოიწვია ისტორიაში პირველი ეკუმენიკური კრება (იხილე ჩარჩო „კონსტანტინე და ნიკეის კრება“).
კონსტანტინესთან დაკავშირებით ისტორიკოსი პოლ ჯონსონი ამბობს: „ძირითადი მიზეზი, რის გამოც კონსტანტინე ქრისტიანობას უშვებდა, შესაძლოა იყო ის, რომ ამით საკუთარ თავსა და სახელმწიფოს საშუალებას აძლევდა, გაეკონტროლებინა ეკლესიის პოლიტიკა დოგმატების საკითხში და მისი დამოკიდებულება მწვალებლობისადმი“.
გახდა ის ოდესმე ქრისტიანი?
ჯონსონი გვამცნობს: „კონსტანტინეს არასოდეს მიუტოვებია მზის თაყვანისცემა და სახელმწიფო მონეტებს ჰელიოსის გამოსახულებით ჭრიდა“. „კათოლიკური ენციკლოპედია“ (Catholic Encyclopedia) აღნიშნავს: «კონსტანტინე თანაბარი კეთილგანწყობით იყო ორივე რელიგიის მიმართ. როგორც „პონტიფექს მაქსიმუსი“, ის ზრუნავდა წარმართულ თაყვანისმცემლობაზე და იცავდა მის უფლებებს». «კონსტანტინე არასოდეს გამხდარა ქრისტიანი, — აცხადებს ერთი ენციკლოპედია და დასძენს: — ევსები კესარიელი, რომელმაც დაწერა მისი ბიოგრაფია, ამბობს, რომ მან ქრისტიანობა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო. მისი ნათლობა არ იყო სარწმუნო, რადგან ერთი დღის წინ მსხვერპლი შესწირა ზევსს, ვინაიდან მას „პონტიფექს მაქსიმუმის“ თანამდებობაც ეჭირა».
სიკვდილის დღემდე, 337 წლამდე, კონსტანტინე ძველრომაული რელიგიის უმაღლესი ქურუმის „პონტიფექს მაქსიმუსის“ წარმართულ წოდებას ატარებდა. მის ნათლობასთან დაკავშირებით გონივრული იქნებოდა, დაგვესვა შემდეგი კითხვები: უძღოდა ამას ნამდვილი მონანიება და მოქცევა, რაც საღვთო წერილით მოითხოვება? (საქმეები 2:38, 40, 41). მოხდა ის ნათლობა წყალში სრული ჩაძირვით, რაც იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნას გამოხატავდა? (შეადარე საქმეები 8:36–39).
„წმინდა“?
ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ (Encyclopædia Britannica) აღნიშნავს: „კონსტანტინეს დიდი უწოდეს იმის მიხედვით, რაც გააკეთა და არა იმის მიხედვით, რაც იყო. სინამდვილეში პიროვნული თვისებებით, ის ყველაზე დაბლა დგას იმ ადამიანებს შორის, ვისაც ამ ეპითეტით [დიდი] ამკობდნენ ძველ დროში ან ამკობენ დღეს“. წიგნი „ქრისტიანობის ისტორია“ გვამცნობს: „არსებობს უფრო ადრეული წყაროები მისი სისასტიკისა და გულქვაობის შესახებ. . . მისთვის არაფერს არ წარმოადგენდა ადამიანის სიცოცხლე. . . ხანში შესვლასთან ერთად მისი პირადი ცხოვრება შემზარავი გახდა“.
როგორც ჩანს, კონსტანტინე რთული პიროვნება იყო. ისტორიის მკვლევარი აცხადებს, რომ „ხშირად მისი ფიცხი ხასიათი იყო მის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებების მიზეზი“ (იხილე ჩარჩო „ოჯახის წევრების მკვლელი“). კონსტანტინე არ იყო „ქრისტიანული თვისებების მქონე“, — აცხადებს ისტორიკოსი ჰ. ფიშერი წიგნში „ევროპის ისტორია“ (History of Europe). ფაქტები ცხადყოფს, რომ ის არ იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც ‘ახალ ადამიანად’ შეიმოსა და რომელსაც ღვთის სულიწმიდის ნაყოფები: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, და თავშეკავება ჰქონდა (კოლასელთა 3:9, 10; გალატელთა 5:22, 23).
მისი მცდელობების შედეგები
როგორც „პონტიფექს მაქსიმუსი“ და, მაშასადამე, რომის იმპერიის რელიგიური წინამძღოლი, კონსტანტინე ცდილობდა, თავის მხარეზე გადმოებირებინა განდგომილი ეკლესიის ეპისკოპოსები. მან მათ იგივე ძალაუფლება, სახელი და სიმდიდრე მისცა, როგორიც რომის სახელმწიფო რელიგიის მსახურებს ჰქონდათ. „კათოლიკური ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „ზოგი ეპისკოპოსი იმპერატორის კარის ფუფუნებით იმდენად იყო დაბრმავებული, რომ ხოტბას ასხამდა იმპერატორს როგორც ღვთის ანგელოზს, წმინდანს და ამბობდა, რომ ის ღმერთის ძის მსგავსად ზეცაში იმეფებდა“.
განდგომილმა ქრისტიანობამ პოლიტიკური მთავრობის კეთილგანწყობა მოიპოვა; ის უფრო და უფრო ხდებოდა ამ წუთისოფლის, ამ საერო სისტემის, ნაწილი და უფრო და უფრო შორდებოდა იესო ქრისტეს სწავლებებს (იოანე 15:19; 17:14, 16; გამოცხადება 17:1, 2). შედეგად წარმოიქმნა „ქრისტიანობის“ ნარევი ცრუ დოგმატებთან და ჩვეულებებთან: სამება, სულის უკვდავება, ჯოჯოხეთის ცეცხლი, განსაწმენდელი, ლოცვები მკვდრებისთვის, კრიალოსნების, ხატების, ქანდაკებების გამოყენება და სხვა (შეადარე 2 კორინთელთა 6:14–18).
კონსტანტინესგან ეკლესიამ მემკვიდრეობად ხელისუფლებისკენ სწრაფვის ტენდენციაც მიიღო. სწავლულები ე. ჰენდერსონი და ჩ. ბაკი ამბობენ: „დამახინჯდა სახარების უბრალო შინაარსი, შეტანილ იქნა პომპეზური რიტუალები და ცერემონიები, ქრისტიანობის მასწავლებლები წუთისოფლისგან პატივსა და შემოსავალს ღებულობდნენ, და ქრისტეს სამეფო თითქმის ამ წუთისოფლის სამეფოდ იქნა ქცეული“.
სად არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა?
ისტორიული ფაქტები უარყოფს კონსტანტინეს „დიდებულებას“. იმის ნაცვლად, რომ იესო ქრისტეს, ჭეშმარიტი ქრისტიანული კრების თავის, მიერ იყოს დაფუძნებული, გარკვეულწილად, ქრისტიანული სამყარო წარმართი იმპერატორის პოლიტიკური გამორჩენისა და ცბიერი მანევრირების შედეგადაა წარმოქმნილი. ძალზე მართებულ კითხვას სვამს ისტორიკოსი პოლ ჯონსონი: „დანებდა იმპერია ქრისტიანობას თუ ქრისტიანობამ საკუთარი თავი იმპერიას მიჰყიდა?“
ყველას, ვისაც სურს წმინდა ქრისტიანობას მიჰყვეს, დაეხმარებიან, რათა ამოიცნონ და შეუერთდნენ დღეს არსებულ ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებას. მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები მზად არიან, გულწრფელ ადამიანებს ჭეშმარიტი ქრისტიანობის ამოცნობასა და ღვთისადმი მისაღები სახით თაყვანისცემაში დაეხმარონ (იოანე 4:23, 24).
[სქოლიო]
a დონატიზმი IV—V საუკუნის „ქრისტიანული“ სექტა იყო. მისი მიმდევრები აცხადებდნენ, რომ საიდუმლოებებს მაშინ აქვს ძალა, როდესაც ეკლესიის მსახურები მორალურად წმინდა ცხოვრებას ეწევიან და ეკლესიამ თავისი წევრობიდან უნდა ამორიცხოს სერიოზული ცოდვის ჩამდენები. არიანელობა იყო მეოთხე საუკუნის „ქრისტიანული“ მოძრაობა, რომელიც აცხადებდა, რომ იესო ქრისტე არ არის ღვთის სწორი. არიოზი ასწავლიდა, რომ ღმერთი არის დაუსაბამო, დასაწყისის გარეშე. ძე არის ქმნილება და შეუძლებელია იყოს ღმერთი იმ გაგებით, რა გაგებითაც მამაა. ძე არ არსებობდა მარადიულად, არამედ შექმნა მამამ და მისი ნებით არსებობდა.
[ჩარჩო 28 გვერდზე]
კონსტანტინე და ნიკეის კრება
რა როლი შეასრულა მოუნათლავმა იმპერატორმა კონსტანტინემ ნიკეის კრებაში? ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ აღნიშნავს: „კონსტანტინე თვითონ თავმჯდომარეობდა, აქტიურად უძღვებოდა დისკუსიებს. . . იმპერატორისადმი შიშნარევი მოწიწებით აღსავსე ეპისკოპოსებმა, მხოლოდ ორი ეპისკოპოსის გამოკლებით, ყველამ ხელი მოაწერა ნიკეის მრწამსს და მრავალმა ეს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთა“.
ორი თვის გაცხარებული დებატების შემდეგ, კამათში ეს წარმართი პოლიტიკოსი ჩაერია და საქმე მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა, ვინც იესოს ღმერთად აცხადებდა. რატომ? „კონსტანტინეს ფაქტობრივად არ ესმოდა ბერძნულ თეოლოგიაში წამოჭრილი საკითხები, — ამბობს „ქრისტიანული მოძღვრების მოკლე ისტორია“ (A Short History of Christian Doctrine). კონსტანტინეს მხოლოდ ის ესმოდა, რომ მის იმპერიას რელიგიური დაყოფის საშიშროება ემუქრებოდა და ამიტომ აღსავსე იყო გადაწყვეტილებით, განემტკიცებინა თავისი იმპერია.
საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ნიკეაში კონსტანტინეს მხარდაჭერით შედგა, წიგნი „ბერძენი ერის ისტორია“ აღნიშნავს: «მასში ნათლად ჩანს დოგმატური საკითხების მიმართ [კონსტანტინეს] გულგრილობა. . . მისი ურყევი სურვილი, რა ფასადაც არ უნდა დაჯდომოდა, აღედგინა ეკლესიის მთლიანობა და მისი დაჯერებულობა იმაში, რომ როგორც „წარმართთა ეპისკოპოსს“, მას უნდა ეთქვა უკანასკნელი სიტყვა ნებისმიერ რელიგიურ საკითხთან დაკავშირებით». განა შეიძლებოდა ღვთის სულის ხელმძღვანელობით ყოფილიყო ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები? (შეადარე საქმეები 15:28, 29).
[ჩარჩო 29 გვერდზე]
ოჯახის წევრების მკვლელობა
ასე არის დასათაურებული „ბერძენი ერის ისტორიაში“ ერთ-ერთი თავი, რომელშიც აღწერილია „კონსტანტინეს მიერ ოჯახის წევრებს შორის ჩადენილ საზიზღრული ბოროტმოქმედებები“. ოჯახის შექმნის შემდეგ მალე კონსტანტინეს დაავიწყდა, თუ რა იყო მოულოდნელი მიღწევები და მისთვის ცხადი გახდა მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის საშიშროება. კონსტანტინე ყველას უნდო თვალით უყურებდა და შესაძლოა პირველად პირფერმა ადამიანებმა აღძრეს მასში ეჭვი, რომ ძმისწულში, ლიცინიანუსში, თავისი მომავალი მეტოქე დაენახა; ლიცინიანუსი კონსტანტინეს მიერ ადრე მოკლული ერთ-ერთი ავგუსტუსის ვაჟი იყო. მისი მოკვლის შემდეგ მან საკუთარი პირმშო, კრისპუსი, მოკლა, ამჯერად დედოფალ ფაუსტას წაქეზებით, რომელიც ამ ბიჭის დედინაცვალი იყო და, რომელსაც თვლიდა, რომ კრისპუსის ჩამოცილებით საკუთარ შვილებს გაუკაფავდა ტახტისკენ გზას.
ფაუსტას ამ მოქმედებას საბოლოოდ მისივე დრამატული სიკვდილი მოჰყვა. როგორც ჩანს, ამ მკვლელობაში ხელები გასვრილი ჰქონდა ავგუსტა ელენეს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ახდენდა თავის ვაჟზე, კონსტანტინეზე, გავლენას. ემოციებს აყოლილ კონსტანტინეს განრისხებისას მრავალი სხვა მეგობრები და მასთან ახლო ურთიერთობაში მყოფი პიროვნებებიც მოუკლავს. წიგნი „შუა საუკუნეების ისტორია“ (History of the Middle Ages) შემდეგ დასკვნას აკეთებს: „საკუთარი ვაჟისა და ცოლის სიკვდილით დასჯა ცხადყოფს, რომ ქრისტიანობას მასზე არავითარი სულიერი გავლენა არ მოუხდენია“.
[სურათი 30 გვერდზე]
ეს თაღი რომში კონსტანტინეს განსადიდებლად ააგეს.
[საავტორო უფლება 26 გვერდზე]
Musée du Louvre, Paris