რატომ არსებობს უნდობლობა?
„ვის უნდა ენდოს დღეს კაცი?!“ — შეიძლება მოგისმენიათ ზოგიერთი იმედგაცრუებული პიროვნებისგან. ან იქნებ საკუთარი თავისთვისაც კი დაგისვამთ ეს კითხვა, როდესაც ცხოვრებაში მომხდარმა რაღაც მოვლენამ დაგამწუხრათ.
უეჭველია, რომ მსოფლიოში როგორც დაწესებულებების, ასევე ხალხის მიმართ უნდობლობაა გამეფებული. ხშირად ეს უნდობლობა გამართლებულია. მართლა მოელის ვინმე პოლიტიკოსთა უმეტესობისგან, რომ ისინი შეასრულებენ წინასაარჩევნო დაპირებებს? 1990 წელს გერმანიაში 1 000 სტუდენტის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაშინ როდესაც მათგან 16,5% დარწმუნებული იყო, რომ პოლიტიკოსები გადაჭრიდნენ მსოფლიო პრობლემებს, მათზე ორჯერ მეტი დიდად დაეჭვებული იყო ამაში. უმრავლესობას არ სჯერა, რომ პოლიტიკოსები შეძლებენ პრობლემების გადაჭრას; ასევე არ სჯერათ, რომ მათ ამის სურვილი აქვთ.
„პოლიტიკოსების უმეტესობას, პირველ რიგში, თავისი ინტერესები აქვს, შემდეგ კი ამომრჩევლების“, — გამოთქმულია წუხილი ერთ-ერთ გაზეთში (Stuttgarter Nachrichten). სხვა ქვეყნებშიც ამ აზრის არიან. „პოლიტიკოსების მიმართ ახალგაზრდების ცინიზმი საფუძვლიანია, რასაც უფროსი თაობაც იზიარებს“, — ნათქვამია ერთი ქვეყნის შესახებ გაზეთში (The European). ის აღნიშნავს, რომ „ამომრჩევლები ყოველთვის ახალ პოლიტიკურ პარტიებს ირჩევენ“. გაზეთში შემდეგ ნათქვამია: „ნებისმიერი ადამიანი, ვისაც [აქ] ახალგაზრდებთან რამდენიმე ხანი ურთიერთობა ექნება, მალე შეამჩნევს მათ უნდობლობასა და გაურკვევლობას“. მაგრამ საზოგადოებრივი ნდობის გარეშე დემოკრატიული მთავრობა ბევრს ვერაფერს მიაღწევს. შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯონ ფ. კენედიმ ერთხელ თქვა: „მთავრობის წარმატება საზოგადოებრივ ნდობაზეა დამოკიდებული“.
უეცარმა ეკონომიკურმა ცვლილებებმა და სწრაფად გამდიდრების გეგმების ჩაფუშვამ მსოფლიო საფინანსო სისტემებისადმი მრავალს ნდობა შეუსუსტა. როდესაც მსოფლიო სასაქონლო ბაზრები ძალიან არამდგრადი გახდა, 1997 წლის ოქტომბრის ერთ-ერთ ყოველკვირეულ ჟურნალში საუბარი იყო „უდიდესი, ზოგჯერ არაგონივრული უნდობლობისა“ და „გადამდები უნდობლობის“ შესახებ. მასში აგრეთვე ნათქვამი იყო, რომ „[აზიის ერთ ქვეყანაში] ნდობა იმდენად დაიკარგა, რომ სახელმწიფო წყობას. . . როგორც ჩანს, საფრთხე ემუქრება“. რეზიუმეში ნათლად აღინიშნა: „ეკონომიკა ნდობაზეა დამოკიდებული“.
რელიგიასაც არ შეუძლია ნდობის შთანერგვა. ერთ-ერთ გერმანულ რელიგიურ ჟურნალში (Christ in der Gegenwart) გულისტკივილით არის ნათქვამი: „ეკლესიისადმი მოსახლეობის ნდობა თანდათან იკარგება“. 1986—1992 წლებში გერმანელების რიცხვი, რომლებსაც დიდი ან საკმაო ნდობა ჰქონდათ ეკლესიის მიმართ, 40%-დან 33%-მდე შემცირდა. ფაქტობრივად, ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში ეს რიცხვი 20%-ზე დაბალია. ხოლო ადამიანების რიცხვი, რომლებსაც მცირე ან სულ არანაირი ნდობა ჰქონდა, ყოფილ დასავლეთ გერმანიაში 56%-დან 66%-მდე გაიზარდა, ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში კი — 71%-მდე.
ნდობის შემცირება არა მხოლოდ ადამიანთა საზოგადოების სამი ბოძის: პოლიტიკის, საფინანსო სისტემისა და რელიგიის მიმართ შეინიშნება, არამედ სხვა სფეროებშიც. ამის ერთ-ერთი მაგალითი კანონის გამოყენებაა. შეცდომები სისხლის სამართლის კოდექსებში, სიძნელეები მართლმსაჯულების აღსრულების საკითხში და საეჭვო სასამართლო გადაწყვეტილებები სერიოზულად არყევს ადამიანების რწმენას. ჟურნალ „ტაიმის“ თანახმად: „ქალაქის მცხოვრებლებისა და პოლიციის იმედგაცრუება გამოიწვია იმ სისტემისადმი უნდობლობა, რომელიც სისხლის სამართლის საშიშ დამნაშავეებს კვლავ ქუჩაში უშვებს“. პოლიციისადმიც კი დაიკარგა ნდობა კორუფციასა და დაუნდობელ სისასტიკეში ბრალდების გამო.
სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული შეთანხმებების დარღვევა ხაზს უსვამს საერთაშორისო პოლიტიკის უნდობლობას. შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ბილ რიჩარდსონმა, მიუთითა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის მიღწევის მთავარ დამაბრკოლებელ ლოდზე, როცა უბრალოდ თქვა: „პრობლემა უნდობლობაშია“.
ამავე დროს, ბევრი არ ენდობა ახლო ნათესავებსა და მეგობრებსაც კი, მათ, ვისაც პრობლემებისას, ჩვეულებრივ, გაგებისა და ნუგეშისთვის მიმართავენ. ეს ძალიან ჰგავს ებრაელი წინასწარმეტყველის, მიქას, მიერ აღწერილს: „ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენს გვერდით მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი“ (მიქა 7:5).
დროის ნიშანი
ახლახან ერთ გაზეთში მოყვანილი იყო გერმანელი ფსიქოლოგის, ართურ ფიშერის, სიტყვები: „ნდობა საზოგადოების განვითარებასა და ცალკეული პიროვნების მომავალში, ფაქტობრივად, საშინლად დაეცა ყველა სფეროში. ახალგაზრდები ეჭვობენ, რომ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შეუძლია მათი დახმარება. პოლიტიკის, რელიგიისა თუ სხვა ორგანიზაციების მიმართ მათი ნდობა ქრება“. გასაკვირი არ არის, რომ სოციოლოგი ულრიხ ბეკი საუბრობს დიდი ხნის ავტორიტეტების, ინსტიტუტებისა და სპეციალისტების მიმართ „ეჭვის კულტურაზე“.
ასეთი კულტურა ხალხს ხელს უწყობს გარიყვაში, ყველა ავტორიტეტის უკუგდებასა და საკუთრივ დადგენილი ნორმებით ცხოვრებაში, აგრეთვე სხვების რჩევის ან ხელმძღვანელობის გარეშე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში. საქმიანი ურთიერთობისას ზოგი ძალიან ეჭვიანი ხდება, შეიძლება უყურადღებოც კი, მათ მიმართ, ვისზეც ფიქრობენ, რომ სანდოები აღარ არიან. ასეთი სული ქმნის იმის მსგავს არაჯანსაღ ატმოსფეროს, როგორიც აღწერილია ბიბლიაში: „უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ“ (2 ტიმოთე 3:1–5; იგავნი 18:1). დიახ, დღეს არსებული უნდობლობა დროის ნიშანია — ნიშანი ‘უკანასკნელი დღეებისა’.
მსოფლიოში, რომელშიც უნდობლობაა გამეფებული და რომელშიც ზემოხსენებული ხალხი ირევა, სინამდვილეში, შეუძლებელია მთლად ბედნიერი ცხოვრება. მაგრამ რეალურია იმაზე ფიქრი, რომ ცვლილებები მოხდება? დაბრუნდება ნდობა? თუ დიახ, როგორ და როდის?