რატომ შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას
ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში მდებარე ეპირის მეფე პიროსსა და რომის იმპერიას შორის კონფლიქტი დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა. მეფეს ძალიან აინტერესებდა, გაეგო, რით დასრულდებოდა ეს უათნხმოება, რის გამოც დელფოს ორაკულში მივიდა. იქ მიღებული პასუხის გაგება ორგვარად შეიძლებოდა: 1) „შენ, ეაკიდების ძევ, სძლევ რომაელებს. წახვალ, დაბრუნდები, არასოდეს დაიღუპები ომში“. 2) „გეუბნები, რომ რომაელები გძლევენ ეაკიდების ძევ. წახვალ, არასოდეს დაბრუნდები, ომში დაიღუპები“. მეფემ წინასწარმეტყველების პირველი ვარიანტის დაჯერება არჩია და რომაელების წინააღმდეგ ომში ჩაება. პიროსი სასტიკად დამარცხდა.
მსგავსი შემთხვევების შედეგად, ძველი დროის მისნებმა მათ მიერ გადაცემული ცნობების ბუნდოვნებისა და იდუმალების გამო ცუდი რეპუტაცია შეიქმნეს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესახებ? ზოგი კრიტიკოსის აზრით, ბიბლიური წინასწარმეტყველებები არაფრით არის მისნების წინასწარმეტყველებებზე უმჯობესი. ისინი ფიქრობენ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები ძალიან ჭკვიანი და მიხვედრილი ადამიანების, ჩვეულებრივ, სამღვდელოების კლასის მიერ მომავალი მოვლენების წინასწარ განჭვრეტაა და მეტი არაფერი. ვარაუდობენ, რომ ის მამაკაცები მხოლოდ გამოცდილების ან განსაკუთრებული კავშირების საშუალებით წინასწარმეტყველებდნენ გარკვეული მოვლენების ბუნებრივ განვითარებას. თუ ბიბლიისა და მისნების წინასწარმეტყველებების სხვადასხვა თავისებურებებს შევადარებთ, უფრო ადვილად შევძლებთ სწორი დასკვნის გამოტანას.
განსხვავებები
მისნების წინასწარმეტყველებების განმასხვავებელი თავისებურება მათი სიტყვების ორაზროვნებაშია. მაგალითად, დელფოს მისნები წინასწარმეტყველებებს ძნელად გასარჩევი ბგერებით წარმოთქვამდნენ. ამიტომ საჭირო იყო, ქურუმებს განემარტათ ისინი და შეეთხზათ ისეთი ლექსები, რომლებიც საწინააღმდეგო მნიშვნელობებითაც შეიძლებოდა გაგებულიყო. ამის კლასიკური მაგალითია პასუხი, რომელიც ლიდიის მეფე კრეზუსმა, მიიღო. რჩევისთვის მისანთან მისვლისას, ამ უკანასკნელმა თქვა: „თუ კრეზუსი ჰალისს გადალახავს, მძლავრ იმპერიას დაამხობს“. კრეზუსმა მართლაც დაამხო „მძლავრი იმპერია“, მაგრამ ეს იმპერია მისივე აღმოჩნდა! როდესაც მან კაპადოკიის დაპყრობის მიზნით მდინარე ჰალისი გადალახა და სპარსეთის მეფე კიროსს შეებრძოლა, ეს ომი ეპირის მეფის დამარცხებით დასრულდა.
მისანთა წარმართული წინასწარმეტყველებებისგან სრული განსხვავებით, ბიბლიური წინასწარმეტყველებები თავიანთი სიზუსტითა და ნათელი გადმოცემით არის ცნობილი. ამის მაგალითია წინასწარმეტყველება ბაბილონის დაცემის შესახებ, რომელიც ბიბლიის წიგნ „ესაიაშია“ მოთხრობილი. ამ მოვლენამდე დაახლოებით 200 წლით ადრე ესაიამ დაწვრილებით და ზუსტად იწინასწარმეტყველა, თუ როგორ დაამხობდა მიდია-სპარსეთი ბაბილონს. წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო, რომ მძლეველის სახელი კიროსი იქნებოდა და აღწერილი იყო სტრატეგია, რომელიც ამ მეფემ გამოიყენა, კერძოდ კი, მდინარის დაშრობა და გამაგრებულ ქალაქში ღია კარიბჭეებით შესვლა. ყოველივე ეს ზუსტად შესრულდა (ესაია 44:27—45:2). აგრეთვე ზუსტად იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ საბოლოოდ ბაბილონიც გაუდაბურდებოდა (ესაია 13:17-22).
ყურადღება მიაქციეთ, რა გასაგებად გააფრთხილა წინასწარმეტყველმა იონამაც ნინეველები: „კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე“ (იონა 3:4). აქ არ იყო არავითარი ორაზროვნება! ცნობა იმდენად ნათელი და პირდაპირი იყო, რომ ნინეველებმა მაშინვე „იწამეს . . . ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ“. მონანიების გამო იეჰოვამ იმ დროს დაინდო ნინეველები და თავს უბედურება არ დაატეხა (იონა 3:5–10).
მისნების პასუხებს პოლიტიკური გავლენის მოსახდენ საშუალებადაც იყენებდნენ. მმართველებსა და ჯარის სარდლებს ხშირად მათთვის სასურველი ახსნა მოჰყავდათ, რომელიც თავიანთი პირადი ინტერესებისა და საქმეების წინსვლას ემსახურებოდა. ამგვარად ისინი მათ „ღვთიურ საფარველში“ ხვევდნენ, მაგრამ ღვთისგან მიცემულ წინასწარმეტყველურ ცნობაში არავის პირად მდგომარეობას არ ეძლეოდა უპირატესობა.
მაგალითად, იეჰოვას წინასწარმეტყველს, ნათანს, უკან არ დაუხევია, რომ გაეკიცხა მეფე დავითი, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა (მეორე მეფეთა 12:1–12). ისრაელის 10-ტომიანი სახელმწიფოს მეფის, იერობოამ II-ის, მმართველობისას წინასწარმეტყველებმა ოსიამ და ამოსმა, მოჯანყე მეფე და მისი მხარდამჭერები თავიანთი განდგომილებისა და ღვთის მიმართ უპატივცემლო საქციელისთვის სასტიკად გაკიცხეს (ოსია 5:1–7; ამოსი 2:6–8). განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდა ამოსის ბაგეებით წარმოთქმული იეჰოვას გაფრთხილება: „მახვილით აღვდგები იერობოამის სახლის წინააღმდეგ“ (ამოსი 7:9). იერობოამის სახლი მთლიანად ამოწყდა (მესამე მეფეთა 15:25–30; მეორე ნეშტთა 13:20).
მისნები უმეტეს შემთხვევაში წინასწარმეტყველებისთვის საფასურს იღებდნენ. ბევრი ფულის გადამხდელი ისეთ წინასწარმეტყველებას მოისმენდა, როგორსაც მოისურვებდა. დელფოს ორაკულში რჩევისთვის მისულები სრულიად უსარგებლო ინფორმაციისთვის საკმაოდ დიდ თანხას იხდიდნენ. ამიტომაც აპოლონის ტაძარი და სხვა დამატებითი ნაგებობები განძით იყო სავსე. ამის საპირისპიროდ, ბიბლიურ წინასწარმეტყველებებსა და გაფრთხილებებს უფასოდ და მიუკერძოებლად აძლევდნენ და არ იყო იმ ადამიანის მდგომარეობასა და სიმდიდრეზე დამოკიდებული, ვისაც ეხებოდა, რადგან ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთა მოსყიდვა შეუძლებელი იყო. წინასწარმეტყველსა და მსაჯულს, სამუელს, შეეძლო გულწრფელად ეთქვა: „მამხილეთ . . . თუ ვინმესგან ქრთამი ამეღოს მის საქმეზე თვალის დასახუჭად“ (პირველი მეფეთა 12:3).
ორაკულები მხოლოდ განსაკუთრებულ ადგილებში იყო აგებული, ამიტომ ადამიანს იქ მისასვლელად და რჩევის მისაღებად საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. საშუალო ფენის წარმომადგენლისთვის ორაკულების უმეტესობამდე მისვლა ძალზე ძნელი იყო, რადგან საკმაოდ მიუვალ ადგილებში მდებარეობდა; მაგალითად, დოდონეს ორაკული ეპირში ტომაროსის მთაზე, ხოლო დელფო ცენტრალური საბერძნეთის მთიანეთში იყო აშენებული. ჩვეულებრივ, მხოლოდ მდიდრებსა და ძალაუფლების მქონეებს შეეძლოთ ასეთ ორაკულებში ღვთაებებისგან რჩევის მიღება. გარდა ამისა, „ღვთის ნება“ წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე დღეს ცხადდებოდა. ამისგან რადიკალური განსხვავებით იეჰოვა ღმერთი თავის წინასწარმეტყველ-მაცნეებს უშუალოდ ხალხთან აგზავნიდა, რათა გამოეცხადებინათ წინასწარმეტყველებები, რომელთა მოსმენაც აუცილებელი იყო. მაგალითად, ბაბილონის ტყვეობაში იუდეველების ყოფნის პერიოდში ღმერთს თავის ხალხში სულ მცირე, სამი წინასწარმეტყველი ჰყავდა; იერუსალიმში — იერემია, გადასახლებულებთან — ეზეკიელი, ხოლო ბაბილონის იმპერიის დედაქალაქში — დანიელი (იერემია 1:1, 2; ეზეკიელი 1:1; დანიელი 2:48).
მისნები წინასწარმეტყველებებს ნებისმიერ ადამიანს სხვისი თანდასწრების გარეშე ეუბნებოდნენ, ასე რომ, თავისუფლად შეეძლოთ მათი ახსნა-განმარტებების საკუთარი სურვილისამებრ გამოყენება. ამის საპირისპიროდ, ბიბლიური წინასწარმეტყველებები ხშირად საჯაროდ წარმოითქმებოდა და ყველას შეეძლო მოსმენა და მისი მნიშვნელობის გაგება. წინასწარმეტყველ იერემიას იერუსალიმში საჯაროდ არაერთხელ ულაპარაკია, თუმცა იცოდა, რომ წინამძღოლები და ქალაქის მკვიდრნი მის ცნობას არ იწონებდნენ (იერემია 7:1, 2).
დღეს მისანთა წინასწარმეტყველებებს ძველი ისტორიის ნაწილად მიიჩნევენ. მათ ჩვენს კრიტიკულ დღეებში არავითარი პრაქტიკული ღირებულება არ აქვს. ასეთ წინასწარმეტყველებებს არავითარი კავშირი არ აქვს დღევანდელობასა და მომავალთან. ამისგან მკვეთრად განსხვავდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ‘მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი ღვთის სიტყვის’ ნაწილია (ებრაელთა 4:12). უკვე შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები გვიჩვენებს, როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის ხალხს, როგორია მისი განზრახვები და რა პიროვნებაა ის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ბიბლიური წინასწარმეტყველებები ახლო მომავალში უნდა შესრულდეს. მომავალი მოვლენები მოციქულმა პეტრემ შემდეგი სიტყვებით აღწერა: „ჩვენ მისი [ღვთის] აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა [ზეციურ მესიანურ სამეფოს] და ახალ მიწას [სამართლიან ადამიანთა საზოგადოებას], სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13).
ბიბლიური წინასწარმეტყველებისა და ორაკულების ამ მოკლე შედარებამ შეიძლება ადვილად მიგიყვანოთ იმის მსგავს დასკვნამდე, რაც მოცემულია წიგნში „დიდებული იდეები“: „ებრაელ წინასწარმეტყველებს, როგორც მოკვდავ ადამიანებს, წინასწარ განჭვრეტის უნარში ბადალი არა ჰყავთ. წარმართი მისნებისა თუ წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით . . . მათ არ სჭირდებათ ღვთიურ საიდუმლოებებში ჩასაწვდომად გრძნეულება თუ ეშმაკობა. . . მათი წინასწარმეტყველებების უმეტესი ნაწილი არაორაზროვანია. მათი მიზანია კი არ დამალონ, არამედ გააცხადონ ღვთის გეგმები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რისი გაცხადებაც თავად ღმერთს სურს ადამიანებისთვის“ (The Great Ideas).
ენდობით ბიბლიურ წინასწარმეტყველებას?
ბიბლიურ წინასწარმეტყველებას შეგიძლიათ ენდოთ. ფაქტობრივად, შეგიძლიათ ცხოვრება იეჰოვასა და მისი წინასწარმეტყველური სიტყვის საფუძველზე ააგოთ. ბიბლია მხოლოდ შესრულებული წინასწარმეტყველებებით სავსე წიგნი როდია. საღვთო წერილში მოცემული მრავალი წინასწარმეტყველება დღეს სრულდება ან ახლო მომავალში შესრულდება. წარსული მოვლენების საფუძველზე შეგვიძლია სამომავლო წინასწარმეტყველებების შესრულებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყოთ. რადგან ეს წინასწარმეტყველებები როგორც დღევანდელობას, ისე მომავალსაც ეხება, კარგი იქნებოდა სერიოზულად მოვკიდებოდით მათ.
ნამდვილად შეგიძლიათ ენდოთ ესაიას 2:2, 3-ში მოცემულ წინასწარმეტყველებას: «უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება . . . დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის [„იეჰოვას“, აქ] მთაზე . . . გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ». დღეს მილიონები მართლაც იეჰოვას წმიდა თაყვანისცემას ირჩევენ და მისი ბილიკებით სიარულს სწავლობენ. ნუთუ ხელიდან გაუშვებდით შესაძლებლობას, უფრო მეტი გაგეგოთ ღვთის გზების შესახებ და მიგეღოთ ზუსტი შემეცნება მასსა და მის განზრახვებთან დაკავშირებით, რათა შემდეგ ღვთის ბილიკებით გევლოთ? (იოანე 17:3).
ბიბლიის კიდევ ერთი წინასწარმეტყველების შესრულება ჩვენი მხრიდან დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს. ახლო მომავალთან დაკავშირებით ფსალმუნმომღერალი წინასწარმეტყველებდა: „ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან . . . კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი“ (ფსალმუნი 36:9, 10). როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო, რომ ბოროტების, მათ შორის ბიბლიური წინასწარმეტყველებების დამცინავების, კარს მომდგარ განადგურებას გადაურჩეთ? ამავე ფსალმუნში ნათქვამია: „უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“ (ფსალმუნი 36:9). იეჰოვაზე მინდობა მისი დანაპირებებისადმი მტკიცე რწმენის გამოვლენასა და ცხოვრების მის ნორმებთან შეთანხმებას ნიშნავს (იგავნი 2:21, 22).
როგორი იქნება ცხოვრება მაშინ, როდესაც იეჰოვაზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას? ბიბლიური წინასწარმეტყველება გვიჩვენებს, რომ მორჩილ კაცობრიობას დიდებული მომავალი ელის. წინასწარმეტყველი ესაია წერდა: „აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე — ნიაღვრები“ (ესაია 35:5, 6). მოციქულმა იოანემ შემდეგი გამამხნევებელი სიტყვები დაწერა: «[იეჰოვა] მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ. თქვა ტახტზე მჯდომარემ . . . „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“» (გამოცხადება 21:4, 5).
იეჰოვას მოწმეებმა იციან, რომ ბიბლია საიმედო წინასწარმეტყველებას შეიცავს და ისინი სრულიად ეთანხმებიან მოციქულ პეტრეს სიტყვებს: „გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში“ (2 პეტრე 1:19). გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ გაგამხნევებთ ახლო მომავალთან დაკავშირებული ის ჩინებული პერსპექტივები, რომლებიც ბიბლიურ წინასწარმეტყველებშია მოცემული!
[ჩარჩო⁄სურათები 6 გვერდზე]
დელფოს მისანი ძველ საბერძნეთში ყველაზე სახელგანთქმული იყო.
მათრობელა კვამლს მისანი ქალი ექსტაზში შეჰყავდა.
[სურათები]
მისანი ქალი სამფეხა მაგიდასთან იდგა და წინასწარმეტყველებდა.
მისნის მიერ წარმოთქმულ ბგერებს ღვთაება აპოლონის გამოცხადებას უკავშირებდნენ.
[საავტორო უფლებები]
Tripod: From the book Dictionary of Greek and Roman Antiquities; Apollo: The Complete Encyclopedia of Illustration/J. G. Heck
[სურათი 7 გვერდზე]
დელფოს ორაკულში წარმოთქმული წინასწარმეტყველებები სრულიად არასაიმედო იყო.
[საავტორო უფლება]
Delphi, Greece
[სურათები 8 გვერდზე]
შეგიძლიათ ბოლომდე ენდოთ ახალ ქვეყნიერებასთან დაკავშირებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას.