უთანასწორობის სენთან გამკლავება
შემოქმედი მალე იზრუნებს, რომ ყველა სანატრელი თანასწორუფლებიანობით ვსარგებლობდეთ. მანამდე კი გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ გავუმკლავდეთ უთანასწორობის სენს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენზე და ჩვენს ოჯახებზე. სამხრეთ აფრიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნელსონ მანდელამ, აღნიშნა: „ერთ ადამიანს მეორისგან ის კი არ განასხვავებს, რაც მიეცა, არამედ ის, თუ როგორ იყენებს მას“.
ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ეს მართლაც ასეა. ბევრს დაბადებისას ძალიან ცოტა მიეცა, მაგრამ ამის გამოყენებითაც კი წარმატებებს მიაღწიეს, ისე რომ, შესაძლებელია მათზე ნიჭიერ თანატოლებშიც კი გამოირჩევიან. ამის საწინააღმდეგოდ, ზოგმა, ვინც უფრო ნიჭიერი დაიბადა, ყურადღება არ მიაქცია იმას, რაც ჰქონდა და სრულად ვერ გამოიყენა თავისი შესაძლებლობები.
სრულად გამოიყენე შენი შესაძლებლობები!
იეჰოვას მოწმეები დაინტერესებული არიან იმით, რომ ხალხს ბიბლიის შესწავლით დაეხმარონ ღვთის განზრახვების შესახებ შემეცნების შეძენაში. მათ იციან, რომ ბიბლიიდან სრული სარგებლობის მისაღებად ადამიანებს განათლება ესაჭიროებათ. ამიტომ იეჰოვას მოწმეები ათობით ათასს წერა-კითხვას ასწავლიან, რითაც დასავლეთ აფრიკის მხოლოდ ერთ ქვეყანაში 23 000 კაცს დაეხმარნენ. იეჰოვას მოწმეების ზემოთაღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ერთ-ერთ გაზეთში ნათქვამი იყო: „ისინი სამაგალითო მოქალაქეებად უნდა ჩაითვალონ, რადგან კეთილსინდისიერად იხდიან გადასახადებს, უვლიან ავადმყოფებს, ებრძვიან გაუნათლებლობას“ (San Francisco Examiner).
გარდა ამისა, საჯარო გამოსვლების ეფექტური კურსების მეშვეობით იეჰოვას მოწმეები ასობით ათას კაცს დაეხმარნენ, გამხდარიყვნენ უნარიანი მომხსენებლები, რომლებსაც წარმატებით შეუძლიათ აუდიტორიის წინაშე წარსდგომა. ამ ათასებიდან ზოგს მეტყველებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მაგალითად ერთმა სამხრეთ აფრიკელმა მამაკაცმა მოგვწერა: «ენაბლუობის გამო იმდენად მიჭირდა საუბარი, რომ საკუთარ თავში ჩავიკეტე და ლაპარაკი სხვებს მივანდე. . . .როდესაც თეოკრატიული მსახურების სკოლაში ჩავეწერე და მცირე აუდიტორიის წინაშე ბიბლიური მუხლები უნდა წამეკითხა . . . ენა ისე მებმებოდა, რომ განკუთვნილ დროში ვერ ჩავეტიე. კრების შემდეგ სკოლის ზედამხედველმა გულთბილად მომცა პაქტიკული რჩევა; მითხრა, ხმამაღლა კითხვაში მევარჯიშა. ასეც მოვიქეცი; ყოველდღე ხმამაღლა ვკითხულობდი ბიბლიასა და „საგუშაგო კოშკს“ ». მალე მან ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ დღეს ასობით და ათასობით ადამიანისგან შემდგარი აუდიტორიების წინაშე საჯარო მოხსენებებს კითხულობს.
თანასწორუფლებიანობა თანაქრისტიანებს შორის
იეჰოვას მოწმეთა შორის განსხვავებული განათლების, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის მქონე ხალხია. ეს კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ ისინი არასრულყოფილ ქვეყნიერებაში ცხოვრობენ. მაგრამ სხვა რელიგიური ჯგუფებისგან განსხვავებით, რასობრივი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო მიკერძოება მათში აღმოფხვრილია.
მოწმეებმა თანასწორუფლებიანობას ბიბლიაში ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებით მიაღწიეს. მათ მთელი გულით გაითავისეს ისეთი ბიბლიური პრინციპები, როგორიც არის: „ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (პირველი მეფეთა 16:7). „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). „ნურვის ნუ მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით“ (რომაელთა 12:17, 18; შეადარეთ 1 ტიმოთე 6:17–19; იაკობი 2:5, 9).
რადგანაც იეჰოვას მოწმეები ხელმძღვანელობენ ბიბლიური პრინციპებით, რომლებიც ერთიანობას უწყობს ხელს, არავითარ რასობრივ, სოციალურ ან ეკონომიკურ უთანასწორობას არ უშვებენ თავიანთ ორგანიზაციაში. მსგავს ფაქტორებს ყურადღება არ ექცევა იმის განსაზღვრისას, თუ ვინ იმსახურებს ქრისტიანულ კრებაში. პასუხისმგებლობები კი, სწავლებისა და ზედამხედველობის, სულიერი მოწიფულობის მიხედვით ეძლევათ (1 ტიმოთე 3:1-13; ტიტე 1:5–9).
რამდენად სასიამოვნოა მათთვის, ვინც ამ მიკერძოებულ ქვეყნიერებაში უთანასწორობის გამო იტანჯება, ის რომ სხვები მათ დებად და ძმებად ღებულობენ და შემოქმედის წინაშე თანასწორუფლებიანებად მიიჩნევენ! მარტინა ადასტურებს ამას. მას შემდეგ, რაც მამამ მიატოვა მხოლოდ დედა ზრდიდა და მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდიდნენ. საზოგადოებისგან განდევნილივით ეპყრობოდნენ, რის გამოც საკუთარი ღირსების გრძნობა დაკარგა და სხვებთან ურთიერთობა გაუჭირდა, ამასთანავე გულგრილობაც დასჩემდა. მაგრამ, როდესაც ბიბლიის შესწავლა დაიწყო და იეჰოვას მოწმე გახდა, სიტუაცია შეიცვალა. მარტინა ამბობს: „დღემდე ვებრძვი ჩემს უარყოფით აზროვნებას, მაგრამ ახლა უფრო მიადვილდება ამ პრობლემის გადალახვა. საკუთარი თავისადმი პატივისცემა და ნდობა დამიბრუნდა. ჭეშმარიტებამ პასუხისმგებლობის გრძნობა შემძინა. დღეს ვიცი, რომ იეჰოვას ვუყვარვარ და რომ სიცოცხლეს აზრი აქვს“.
იეჰოვას მოწმეები, როგორც საერთაშორისო საძმო, 230-ზე მეტ ქვეყანაში თანასწორუფლებიანობით ხარობენ, რაც ნამდვილად იშვიათია დღევანდელ საზოგადოებაში. შეუძლია რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას იგივე განაცხადოს და ეს საქმითაც დაამტკიცოს?
იეჰოვას მოწმეები რეალისტები არიან. ისინი აღიარებენ, რომ არასრულყოფილ გარემოში ცხოვრობენ და არ შეუძლიათ უთანასწორობის აღმოფხვრა ადამიანებში, ისევე როგორც მათ, ვინც საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა ამას, მაგრამ ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, მათ უხარიათ, რომ თავიანთ ორგანიზაციაში მაქსიმალურად გაუმკლავდნენ ამ მომაკვდინებელ სენს. მოწმეებს მტკიცედ სწამთ ღვთის დანაპირების და მთელი გულით ელიან სამართლიან ახალ ქვეყნიერებას, სადაც უთანასწორობა აღარასოდეს იარსებებს.
დიახ, ყველა მორჩილ ადამიანს დაუბრუნდება თანასწორუფლებიანობა „ღირსებასა და უფლებებში“, რაც შემოქმედს ჰქონდა განზრახული. რა დიდებული დანაპირებია! ეს რეალობა იქნება!
[სურათი 7 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები ებრძვიან გაუნათლებლობას და ათობით ათას ადამიანს წერა-კითხვას ასწავლიან.
[სურათი 8 გვერდზე]
ბიბლიური ჭეშმარიტება გვეხმარება რასობრივი, სოციალური და ეკონომიკური მიკერძოების აღმოფხვრაში.