უთანასწორობა — ღვთის განზრახვაა?
ცხადია არა. მოდით განვიხილოთ, რატომ.
ღვთის განზრახვა იყო, რომ ყველას ერთნაირად ჰქონოდა სიხარულითა და ბედნიერებით ტკბობის საშუალება. ადამიანის შექმნის შესახებ ვკითხულობთ: „თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს“. ბოლოს კი „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:26, 31).
უწოდებდა ღმერთი უთანასწორობით გამოწვეულ დღევანდელ სამწუხარო მდგომარეობას „ძალიან კარგს“? არა, რადგან „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ბიბლიაში ნათქვამია, რომ მან „არ იცის მიმხრობა“ და რომ „სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 10:17, 32:4; შეადარე იობი 34:19). მოციქულმა პეტრემ კი დაასკვნა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
როგორ შექმნიდა მოსიყვარულე, მიუკერძოებელი, სამართლიანი, წრფელი და მართალი ღმერთი ადამიანებს ბედნიერებისთვის არათანაბარი უფლებებით? ადამიანების გარჩევა და უთანასწორობით აღსავსე ქვეყნიერებაში დასახლება შეეწინააღმდეგებოდა მის თვისებებს. მისი განზრახვა იყო, რომ ყველა „თავისუფალი, თანასწორი უფლებებითა და ღირსების გრძნობით“ დაბადებულიყო. მაგრამ დღეს აშკარაა, რომ საწინააღმდეგო რამ ხდება. რატომ?
უთანასწორობის ფესვები
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ადამიანები თანასწორი უფლებებით შექმნა, მას არ სურდა, ისინი ყველაფერში ერთნაირები ყოფილიყვნენ. მათ განსხვავებული ნიჭი, ინტერესები და თვისებები უნდა ჰქონოდათ. გარდა ამისა, მდგომარეობითა და უფლებამოსილებით უნდა განსხვავებულიყვნენ. მაგალითად, ქალი და კაცი არ არიან ყველაფერში თანასწორნი, ღმერთმა ქალი შექმნა როგორც ადამის «შესაფერი [„შემავსებელი“, აქ]» (დაბადება 2:18). ბავშვებსა და მშობლებს განსხვავებული უფლებამოსილებები მისცა. მიუხედავად ამისა, ყველას — კაცს, ქალსა თუ ბავშვს — უნდა ეხარა ღვთის მიერ მიცემული თანაბარი შესაძლებლობებით, დაეკმაყოფილებინათ ბედნიერებისათვის საჭირო ძირითადი მოთხოვნები. ყველას თანასწორად უნდა გაეხარა თავისი ღირსებებითა და ღვთის მსახურებით.
მსგავსად ამისა, ღვთის სულიერ ძეებსაც, რომლებიც ღმერთმა ადამიანებზე უწინ შექმნა, განსხვავებული დავალებები და პასუხისმგებლობები მიეცათ (დაბადება 3:24; 16:7–11; ესაია 6:6; იუდა 9). მაგრამ ყველას თანასწორად შეეძლო გაეხარა ღვთისგან ბოძებული სიცოცხლითა და ბედნიერებით. ასეთნაირად ისინი ღვთის მიუკერძოებლობას აირეკლავდნენ.
სამწუხაროდ, ერთ სულიერ ქმნილებას არ მოეწონა ღვთის ეს თვისება. მან უფრო მეტი — უფრო მაღალი მდგომარეობა, მოისურვა, ვიდრე ღმერთისგან ჰქონდა მიღებული. ამ სულიერმა ქმნილებამ ეს არასწორი სურვილი გააღვივა თავის გულში და იეჰოვა ღმერთის მეტოქედ იქცა, რომელსაც, როგორც შემოქმედს, სამართლიანად ეკავა უზენაესი მდგომარეობა. მოგვიანებით ღვთის ამ მეამბოხე ძემ ადამიანებიც აიყოლია, რომ ღვთისგან უფრო მეტი მოეთხოვათ, ვიდრე მიცემული ჰქონდათ (დაბადება 3:1–6; შეადარეთ ესაია 14:12–4). ასე რომ, ადამიანებთან დაკავშირებით იეჰოვას განზრახვა, — ეხარათ სიცოცხლითა და ბედნიერებით, დაირღვა. ამ მეამბოხე სულიერმა ქმნილებამ, რომელსაც გამოცხადების 20:2-ში „ეშმაკი და სატანა“ ეწოდება, ადამიანებში არსებულ უთანასწორობას ჩაუყარა საფუძველი.
გამოსწორდება ოდესმე მდგომარეობა?
რა თქმა უნდა, დიახ!
მაგრამ ვინ მოახდენს სასურველ ცვლილებებს? საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა ზოგ წინამძღოლს გულწრფელად სურდა ამის გაკეთება, მაგრამ ბევრს ვერაფერს მიაღწიეს; რის გამოც ბევრმა დაასკვნა, რომ უთანასწორობის პრობლემა არასოდეს მოგვარდება, მაგრამ ესაიას 55:10, 11-ში ჩაწერილია ღვთის სიტყვები: „რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს, ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე“.
რა მანუგეშებელია იეჰოვა ღმერთის განაცხადი, რომ შეასრულებს თავის თავდაპირველ განზრახვას და ადამიანებს სიცოცხლისა და ბედნიერებისთვის თანასწორუფლებიანებს გახდის! ის სიმართლის ღმერთია, ამიტომ აუცილებლად შეასრულებს თავის დანაპირებს. საბედნიეროდ, მას ამის გაკეთების სურვილიც აქვს და ძალაუფლებაც. როგორ გააკეთებს ის ამას?
პასუხი უკავშირდება სამეფოს, რომლის შესახებაც იესო ასწავლიდა, თავის მოწაფეებს ელოცათ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა. . . მოვიდეს სუფევა [„სამეფო“, აქ] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10). დიახ, იეჰოვა თავისი სამეფოს საშუალებით „დააქცევს და შემუსრავს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).
ზეციერი სამეფო ახალ საზოგადოებას გაუწევს მმართველობას. ამის შესახებ მოციქულმა იოანემ ბიბლიის ბოლო წიგნში, გამოცხადებაში, ჩაწერა: „ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდა“ (გამოცხადება 21:1). იმ დროს ყოველგვარი უთანასწორობა აღმოიფხვრება: სიღარიბის, ავადმყოფობის, გაუნათლებლობის, დისკრიმინაციისა და ხალხში არსებული ყველანაირაი ტანჯვისაგან გამოწვეულიa.
საუკუნეზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები ხალხს სწორედ ამ სამეფოს შესახებ უქადაგებენ (მათე 24:14). ისინი პუბლიკაციებითა და პირადად ეხმარებიან ადამიანებს შეიძინონ შემეცნება ღვთის ნების შესახებ, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი. მათი მსოფლიო საგანმანათლებლო საქმიანობა თანასწორუფლებიანად და ბედნიერად ცხოვრების იმედს არა მარტო მომავალში აძლევს ხალხს, არამედ დღესაც ეხმარება, გაუძლონ უთანასწორობის სენს. შემდეგი სტატიიდან გაიგებთ, როგორ აკეთებს ის ამას.
[სქოლიოები]
a მეტი ინფორმაციისთვის, იმის შესახებ, როგორ აღმოფხვრის მალე ღვთის სამეფო უთანასწორობას, იხილეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული წიგნის „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, მე-10 და მე-11 თავები.
[ჩანართი 5 გვერდზე]
ღმერთს განზრახული ჰქონდა, რომ ყველას ერთნაირად გაეხარა სიცოცხლით და ყოფილიყვნენ ბედნიერები.