რატომ ეშინიათ აპოკალიფსის?
„ათეული წლებია, რაც ქრისტიანი ფუნდამენტალისტები წინასწარმეტყველებენ, რომ მალე საზოგადოება კრახის წინაშე აღმოჩნდება“, — აღნიშნავს დემიან ტომფსონი, ჟურნალ „ტაიმის“ რელიგიური მიმომხილველი. „ახლა, მათ გასაოცრად, მსგავს აზრებს ისინიც კი იზიარებენ, რომლებიც ადრე მათ დასცინოდნენ. ესენია: პროგრამისტები, მსხვილი კომერსანტები და პოლიტიკოსები“. დემიანი ამტკიცებს, რომ 2000 წელს მოსალოდნელმა მსოფლიო მასშტაბის კომპიუტერული სისტემის კრახმა «სრულიად არარელიგიური ადამიანები უჩვეულო „მილენარისტებად“ აქცია» და ამ ხალხს ეშინია ისეთი უბედურებების, როგორიცაა: „საყოველთაო პანიკა, სამთავრობო ინსტიტუტის კრახი, მასობრივი არეულობა საკვების უკმარისობის გამო და თვითმფრინავების ცათამბჯენებთან შეჯახება“.
საერთო მღელვარებას სხვადასხვა პატარა რელიგიური ჯგუფის შემაშფოთებელი მოღვაწეობაც ამძაფრებს, ჯგუფებისა, რომლებსაც ხშირად „აპოკალიფსურს“ უწოდებენ. ფრანგული ყოველდღიური გაზეთის 1999 წლის იანვრის სტატიაში «იერუსალიმი და აპოკალიფსის საგანგაშო სიგნალი“ ნათქვამია: «[ისრაელის] უსაფრთხოების თანამშრომლების შეფასებით, ზეთისხილის მთაზე „პაროუსიას“ ანუ აპოკალიფსის მოლოდინში ასზე მეტმა მილენარმა მოიყარა თავი» (Le Figaro).
ერთ წიგნში მოცემული იყო განსაკუთრებული ცნობა „განკითხვის დღის სექტების“ შესახებ (1998 Britannica Book of the Year). მასში სხვა სექტებთან ერთად მოხსენიებული იყო თვითმკვლელობის შთამაგონებელი ისეთი სექტები, როგორიცაა: „ციური კარიბჭე“, „მზის ტაძრის ორდენი“, „აუმ სინრიკე“ („უმაღლესი ჭეშმარიტება“), რომელმაც 1995 წელს ტოკიოს მეტროში მომწამვლელი გაზი გაუშვა, რასაც 12 ადამიანის სიკვდილი და ათასების სერიოზული მოწამვლა მოჰყვა. ამ ცნობის შეჯამებისას ჩიკაგოს უნივერსიტეტის რელიგიის კათედრის პროფესორი მარტინ ი. მარტი წერდა: „კალენდრის ფურცლის 2000 წელზე გადაშლა შიშის მომგვრელია, განსაკუთრებით კი ამ გრძნობას იწვევს ათასგვარი წინასწარმეტყველება და სხვადასხვაგვარი მიმდინარეობა. ამათგან ზოგმა შეიძლება საზოგადოებას საფრთხე შეუქმნას. ეს იქნება დრო, რომელსაც თავდაჯერებულად არ უნდა შევხვდეთ“.
აპოკალიფსისადმი შიშის ისტორია
აპოკალიფსი ანუ გამოცხადება ბიბლიის უკანასკნელი წიგნის სახელწოდებაა, რომელიც ახ. წ. I საუკუნის დასასრულისთვის დაიწერა. ამ წიგნის წინასწარმეტყველური ხასიათისა და უაღრესად სიმბოლური ენის გამო, ზედსართავი სახელი „აპოკალიფსური“ გამოიყენებოდა იმ ლიტერატურასთან დაკავშირებითაც, რომელიც წიგნ „გამოცხადებაზე“ ბევრად ადრე არსებობდა. იმ ლიტერატურის მითოლოგიური სიმბოლიზმი ძველი სპარსეთისა და უფრო გვიანდელი პერიოდიდანაც კი იღებს სათავეს. ამიტომ მოიხსენიებს „იუდაური ენციკლოპედია“ „ამ [იუდაურ აპოკალიფსურ] ლიტერატურაში წმინდა ბაბილონური ხასიათის მითოლოგიური ელემენტების დამკვიდრების“ ფაქტს.
იუდაური აპოკალიფსური ლიტერატურა ძვ. წ. II საუკუნიდან ახ. წ. II საუკუნის მიწურულამდე ყვაოდა. ამის მიზეზის ახსნისას ერთმა ბიბლეისტმა აღნიშნა: „იუდეველები დროს ორ ეპოქად ყოფდნენ: თანამედროვე ეპოქა, რომელიც აბსოლუტურად ცუდია . . . რის გამოც იუდეველები მოელოდნენ არსებული სისტემის აღსასრულსა და ღვთის მომავალი ახალი ეპოქის დადგომას, რომელიც აბსოლუტურად კარგი უნდა ყოფილიყო; ღვთის ოქროს ხანა, რომლის დროსაც დედამიწაზე მშვიდობა, კეთილდღეობა და სამართლიანობა იბატონებდა . . . როგორ უნდა მომხდარიყო ამ ეპოქის მომდევნო ეპოქად შეცვლა? ებრაელებს სწამდათ, რომ ამ ცვლილების მოხდენას ადამიანები საკუთარი ძალებით ვერასოდეს შეძლებდნენ. ამიტომაც ღვთის უშუალო ჩარევას მოელოდნენ . . . ღვთის მოსვლის დღეს უფლის დღე უწოდეს. ის დრო შიშის, განადგურებისა და მსჯავრის საზარელი ჟამი უნდა ყოფილიყო, რაც ახალი ეპოქის დაბადების მაუწყებელი მშობიარობის ტკივილები იქნებოდა. ყველა აპოკალიფსური ლიტერატურა ამ მოვლენებს ეხება“.
გამართლებულია აპოკალიფსისადმი შიში?
ბიბლიის წიგნ „გამოცხადებაში“ ლაპარაკია ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდ დღეს’ გამართულ ომზე ანუ არმაგედონზე, რომელშიც ბოროტები განადგურდებიან და რასაც ათასწლიანი პერიოდი (რომელსაც ზოგჯერ მილენიუმს უწოდებენ) მოჰყვება. ამ პერიოდის განმავლობაში სატანა უფსკრულში იქნება ჩამწყვდეული, ხოლო ქრისტე განსჯის კაცობრიობას (გამოცხადება 16:14, 16; 20:1—4). შუა საუკუნეებში ეს წინასწარმეტყველებები ზოგმა არასწორად გაიგო, რადგან კათოლიკე „წმინდა“ ავგუსტინემ (ახ. წ. 354—430 წლები) განაცხადა, რომ ათასწლეული ქრისტეს დაბადებისას დაიწყო, რასაც უკანასკნელი განკითხვა უნდა მოჰყოლოდა. ავგუსტინე, როგორც ჩანს, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ამ პერიოდს, მაგრამ 1000 წლის მოახლოებისას ხალხის შიში უფრო და უფრო იზრდებოდა. ისტორიკოსები სხვადასხვა აზრის არიან ამ შუა საუკუნეების აპოკალიფსური პანიკის მასშტაბებთან დაკავშირებით. მაგრამ რამდენადაც ფართოდ უნდა ყოფილიყო ის გავრცელებული, მას არავითარი გამართლება არ ჰქონია.
მსგავსად ამისა, სასულიერო თუ საერო პირთა შორის დღესაც არსებობს 2000 ან 2001 წლის მიმართ შიში და ფიქრობენ, რომ მას შემზარავი აპოკალიფსი მოჰყვება. მაგრამ გამართლებულია მათი შიში? არის ბიბლიის წიგნ „გამოცხადებაში“ ანუ აპოკალიფსში მოცემული ცნობა შიშის მომგვრელი, თუ პირიქით, იმედის მომცემია? გთხოვთ განაგრძოთ კითხვა.
[სურათი 4 გვერდზე]
შუა საუკუნეებში აპოკალიფსისადმი შიში არ გამართლდა.
[საავტორო უფლება]
© Cliché Bibliothèque Nationale de France, Paris
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
Maya/Sipa Press