აღსასრულისკენ მიექანება მსოფლიო? რა არის აპოკალიფსი?
რასთან ასოცირდება თქვენთვის სიტყვა „აპოკალიფსი“? გლობალურ კატასტროფასთან ხომ არა, რომელიც ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლეს მოსპობს? ზოგი ფიქრობს, რომ მსოფლიო აღსასრულისკენ მიექანება, რადგან ხშირად ესმით შემაშფოთებელი ამბები.
„არსებობს საშიშროება, რომ მიზანმიმართულად, შემთხვევით ან გაუგებრობის შედეგად ბირთვული ომი დაიწყოს“, — აღნიშნულია ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (Bulletin of the Atomic Scientists).
„გასულ ათწლეულში ბუნებრივმა კატაკლიზმებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაფიქსირდა გამანადგურებელი ქარიშხალი, ხანძარი ტყეებში, გვალვა, მარჯნის გაუფერულება, გაუსაძლისი სიცხეები თუ წყალდიდობები“, — ვკითხულობთ ერთ-ერთ ჟურნალში (National Geographic).
„აფრიკაში კალიების ასეთი შემოსევა ბოლო ათწლეულების მანძილზე არ ყოფილა“, — იტყობინება ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო (The Associated Press).
დედამიწის განადგურებას ნიშნავს აპოკალიფსი? რას ამბობს ბიბლია?
მოისპობა დედამიწა?
არა. ღვთის სიტყვა, ბიბლია, გვარწმუნებს, რომ ჩვენი პლანეტა მარადიულად იარსებებს (ეკლესიასტე 1:4). ღმერთი თავის შექმნილ დედამიწას კი არა, დედამიწის მომსპობთ გაანადგურებს (გამოცხადება 11:18).
განადგურდება ქვეყნიერება?
ბიბლიის თანახმად, სიტყვა „ქვეყნიერებაში“, რომელსაც განადგურება ელის, იგულისხმებიან ადამიანები, რომლებიც არაფრად აგდებენ ღვთის ნორმებს და თავიანთ ნებაზე ცხოვრობენ. ისევე როგორც ნოეს დროს, ღმერთი ძალიან მალე „უღვთოთა ქვეყნიერებას“ გაანადგურებს (2 პეტრე 2:5; 3:7).
1 იოანეს 2:17-ში ნათქვამია, რომ „წარმავალია ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც“. ამ ბიბლიური მუხლის თანახმად, ღმერთი უღვთო და ბოროტ ადამიანებს მოსპობს და არა პლანეტა დედამიწას.
როდის დადგება აღსასრული?
ბიბლია არ აკონკრეტებს, როდის დადგება აღსასრული (მათე 24:36). თუმცა არაორაზროვნად ამბობს, რომ ამ ქვეყნიერების ბოლო კარსაა მომდგარი. ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ...
ომები, საკვების უკმარისობა, ეპიდემიები და ძლიერი მიწისძვრები „ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ მოხდებოდა (მათე 24:3, 7, 14; ლუკა 21:10, 11; გამოცხადება 6:1—8).
ადამიანები უფრო და უფრო ეგოისტები გახდებოდნენ და ისეთ თვისებებს გამოავლენდნენ, როგორიცაა: ფულის სიყვარული, უმადურობა და თავშეუკავებლობა (2 ტიმოთე 3:1—5).
ბევრი ფიქრობს, რომ 1914 წლის შემდეგ მსოფლიო მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და ის მოვლენები განვითარდა, რომლებსაც ბიბლია აღსასრულის მოახლოებას უკავშირებს. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიებს „რას ვიგებთ ბიბლიური ქრონოლოგიიდან 1914 წლის შესახებ?“ და „რა არის „ბოლო დღეების“ ნიშანი?“.
რას ნიშნავს ბიბლიაში მოხსენიებული სიტყვა „აპოკალიფსი“?
ბიბლიაში გამოცხადებად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „აპოკალიფსი“, ძირითადად, ნიშნავს გამოაშკარავებას ან გაცხადებას. ეს სიტყვა ხშირად რაიმე დაფარულის გამომჟღავნების მნიშვნელობით გამოიყენება. ღვთის სიტყვაში აგრეთვე საუბარია უფალ იესოს გამოცხადებაზე [აპოკალიფსზე], როცა ის ძალაუფლებით მოვა, რათა ბოროტები ერთხელ და სამუდამოდ მოსპოს, ღვთის ერთგულნი კი დააჯილდოოს (2 თესალონიკელები 1:6, 7; 1 პეტრე 1:7, 13).
ბიბლიის ბოლო წიგნი „გამოცხადების“ [აპოკალიფსის] სახელითაა ცნობილი, რადგან მომავალში მოსახდენ მოვლენებს გვიმჟღავნებს (გამოცხადება 1:1). ეს წიგნი სასიხარულო და იმედის მომცემ ინფორმაციას გადმოგვცემს (გამოცხადება 1:3). წიგნ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ ღმერთი ბოლოს მოუღებს უსამართლობას და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს, სადაც აღარ იქნება ტკივილი, ტანჯვა და სიკვდილი (გამოცხადება 21:3, 4).
გსურთ, მეტი გაიგოთ ღვთის ამ დანაპირების შესახებ? შეგიძლიათ დღესვე დაუკავშირდეთ იეჰოვას მოწმეებს და უფასოდ შეისწავლოთ ბიბლია.