ბიოგრაფია
გულსატკენი დანაკარგის მიუხედავად ბედნიერი და მადლიერი
მოგვითხრო ნენსი პორტერმა
იდგა 1947 წლის 5 ივნისის თბილი საღამო. ჩვენ შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე ბაჰამის კუნძულებზე ვიმყოფებოდით. მე და ჩემს მეუღლეს, ჯორჯს, მოულოდნელად საიმიგრაციო ბიუროს მოხელემ მოგვაკითხა. მან გადმოგვცა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჩვენ კუნძულებზე ყოფნის უფლება აღარ გვქონდა და დაუყოვნებლივ უნდა დაგვეტოვებინა იქაურობა.
მე და ჯორჯი პირველი იეჰოვას მოწმე მისიონერები ვიყავით ნასაოში, ბაჰამის კუნძულებზე ყველაზე დიდ ქალაქში, სადაც ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მისიონერული სკოლის, გალაადის, მერვე კლასის დამთავრების შემდეგ, გავემგზავრეთ დანიშნულებისამებრ. რა ჩავიდინეთ ისეთი, რომ მხოლოდ სამი თვის მანძილზე ჩვენს იქ ყოფნას ასეთი მძაფრი რეაქცია მოჰყვა? და როგორ მოხდა, რომ უკვე 50 წელზე მეტი გავიდა და მე კვლავაც აქა ვარ?
მსახურებისთვის მომზადება
მამაჩემმა, ჰარი კილნერმა, დიდი ზეგავლენა მოახდინა იმაზე, თუ ცხოვრების როგორ გზას ავირჩევდი. მან შესანიშნავი მაგალითი მომცა, ბევრი მსხვერპლი გაიღო იმისათვის, რომ იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. თუმცა კარგი ჯანმრთელობით არ გამოირჩეოდა, ის სამეფოს ინტერესებს წინ აყენებდა და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მიდიოდა საქადაგოდ (მათე 6:33). ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, მიუხედავად ამისა ფეხსაცმლის მისი მაღაზია მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ლეთბრიჯში (ალბერტის პროვინცია, კანადა) სულიერი საქმიანობის ცენტრი იყო. ჩემი ადრეული მოგონებები იეჰოვას მოწმე სრული დროით მსახურებს უკავშირდება, რომლებსაც მაშინაც პიონერები ეწოდებოდათ, ისინი ხშირად სტუმრობდნენ ჩვენთან და მსახურებაში მომხდარ საინტერესო შემთხვევებს გვიზიარებდნენ ხოლმე.
1943 წელს პიონერული მსახურება დავიწყე ფორტ-მაკლაუდისა და კლერსჰოლმის (ალბერტის პროვინცია) მახლობლად. ამ პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს, მოწინააღმდეგეების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა კანადაში აკრძალული იყო. ჩვენი ტერიტორია 100 კილომეტრზე იყო გადაჭიმული, მაგრამ რადგან ახალგაზრდები და ენერგიულები ვიყავით, არ გვაშინებდა პატარ-პატარა დასახლებებამდე თუ ფერმებამდე ველოსიპედებითა და ფეხით სიარული. ამ დროის განმავლობაში, შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი გალაადის სკოლის ზოგიერთ კურსდამთავრებულს; მათმა მონათხრობმა ჩემში მისიონერობის სურვილი აღძრა.
1945 წელს დავქორწინდი ჯორჯ პორტერზე, რომელიც სასკაჩევანიდან (კანადა) იყო. 1916 წლიდან მისი მშობლები გულმოდგინე მოწმეები იყვნენ და მანაც სრული დროით მსახურება ირჩია. ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილი ლამაზი ლინ ველი იყო ნორთ-ვანკუვერში (კანადა). არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ გალაადში მიგვიწვიეს.
წლების მანძილზე სხვადასხვა სასულიერო სემინარიის მრავალ კურსდამთავრებულთან მისაუბრია და ვხედავდი, მათმა სასულიერო განათლებამ რამდენად დაუმსხვრია მათ ღვთისა და მისი სიტყვის, ბიბლიისადმი რწმენა. ამისგან განსხვავებით გალაადის სკოლაში ნასწავლმა დახვეწა ჩვენი აზროვნება და რაც ყველაზე მთავარია გააძლიერა იეჰოვა ღმერთისადმი და მისი სიტყვისადმი ჩვენი რწმენა. ჩვენმა თანაკლასელებმა დანიშნულებები მიიღეს ჩინეთში, სინგაპურში, ინდოეთში, აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და სხვა ქვეყნებში. ჯერ კიდევ მახსოვს ის აღტაცება, რომელიც დაგვეუფლა, როცა გავიგეთ, რომ ჩვენი დანიშნულების ადგილი ტროპიკული ბაჰამის კუნძულები იყო.
როგორ შევძელით დარჩენა
იმ გზასთან შედარებით, რომელიც ჩვენს თანაკლასელებს უნდა გაევლოთ, ჩვენი გზა, ბაჰამის კუნძულებამდე, მოკლე აღმოჩნდა. მალე ჩვენ ვტკბებოდით თბილი კლიმატით, ლაჟვარდოვანი ცით, ზურმუხტისფერი წყლით; ვხედავდით ღია ფერის შენობებსა და უამრავ ველოსიპედს. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ხუთი მოწმისგან შემდგარმა პატარა ჯგუფმა, რომლებიც გველოდებოდნენ, როცა ჩვენი გემი ნაპირს მიადგა. მალევე დავინახეთ, რომ აქაური კულტურა დიდად განსხვავდებოდა ჩვენთვის ჩვეული გარემოსაგან. მაგალითად ჩემს მეუღლეს სთხოვეს, რომ ხალხში ჩემთვის არ მოემართა სიტყვით „საყვარელო“, რადგან ამ სიტყვას ქორწინების გარეშე ურთიერთობისას იყენებდნენ.
მალე სამღვდელოებამ, რომელმაც, როგორც ჩანს, საშიშროებად მიიჩნია ის, რომ ხალხთან თავისუფლად შეგვეძლო ურთიერთობა, კომუნისტობაში დაგვწამა ცილი. შედეგად, მივიღეთ ბრძანება ქვეყნის დატოვების შესახებ. მაგრამ იმ დროისთვის კუნძულებზე მცხოვრებმა 20-ზე ნაკლებმა მოწმემ სასწრაფოდ შეაგროვა ათასობით ხელმოწერა პეტიციაზე, რათა ჩვენთვის დარჩენის ნება მოეცათ. ამგვარად, ბრძანება ჩვენი ქვეყნიდან გაძევების შესახებ გაუქმდა.
ახალი ტერიტორია
ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მალე გაიდგა ფესვები ღვთის მოყვარული ადამიანების გულებში, ამიტომ გალაადის სკოლის კურსდამთავრებული უფრო მეტი მისიონერი გამოგზავნეს ბაჰამის კუნძულებზე. მოგვიანებით, 1950 წელს ფილიალი დაარსდა. ათი წლის შემდეგ, ბრუკლინში (ნიუ-იორკი) არსებული მთავარი სამმართველოს წევრი მილტონ ჰენშელი ეწვია ბაჰამის კუნძულებს; მან მისიონერებს ჰკითხა, სურდა თუ არა რომელიმე მათგანს ბაჰამის სხვა კუნძულზე წასვლა და სამქადაგებლო საქმიანობის დაწყება. მე და ჯორჯმა სურვილი გამოვთქვით და ამგვარად დავიწყეთ მსახურება, რამაც 11 წელი ჩვენი ლონგ-აილენდზე დარჩენა გამოიწვია.
ლონგ-აილენდი ერთ-ერთია ბაჰამის კუნძულების შემადგენელ მრავალ კუნძულთა შორის; სიგრძით 140 კილომეტრია, სიგანით კი —6 კილომეტრი და იმ დროისთვის იქ ტიპური ქალაქები, როგორც ასეთი, არ არსებობდა. დედაქალაქში, კლერენს ტაუნში, დაახლოებით 50 სახლი იდგა. ცხოვრების პირობები საკმაოდ პრიმიტიული იყო; სახლებში არ იყო ელექტრობა, ონკანი, სამზარეულოს მოწყობილობები და წყალგაყვანილობა. ასე რომ მოგვიწია შევგუებოდით ეგრეთ წოდებული მივარდნილი კუნძულის ცხოვრებას. აქ ადამიანების საყვარელი სასაუბრო თემა ჯანმრთელობა იყო. მივხვდით, რომ მისალმების შემდეგ არ უნდა გვეკითხა „დღეს თავს როგორ გრძნობთ?“, რადგან პასუხი ხშირად ამ ადამიანის ავადმყოფობის ვრცელი ისტორია იყო.
უმეტესწილად სამზარეულოდან სამზარეულოში ვქადაგებდით, რადგან ჩვეულებრივ ადამიანების ნახვა მათი სახლის გარეთ მდებარე ჩალით გადახურულ სამზარეულოში შეიძლებოდა, რომლის შუაში კერია იყო, სადაც შეშა იწვოდა. მოსახლეობა უმთავრესად ღარიბი, მაგრამ გულკეთილი ფერმერებისგან ან მეთევზეებისგან შედგებოდა. მათი უმეტესობა არა მხოლოდ რელიგიურები, არამედ მეტად ცრუმორწმუნენიც კი იყვნენ. უჩვეულო მოვლენებს, ჩვეულებრივ, რაღაცის მომასწავებლად აღიქვამდნენ.
სამღვდელოებას სინდისიც კი არ ქენჯნიდა იმის გამო, რომ დაუპატიჟებლად შედიოდნენ ადამიანთა სახლებში და ხევდნენ ჩვენს მიერ დატოვებულ ბიბლიურ ლიტერატურას. ამგვარად ისინი აშინებდნენ ადამიანებს, თუმცა ყველა როდი შეუშინდა მათ. მაგალითად ერთი 70 წლის გაბედული ქალი არ მოექცა მათი ზეგავლენის ქვეშ. მას სურდა გაეგო, რა ეწერა ბიბლიაში, და საბოლოოდ, ის და მასთან ერთად სხვებიც მოწმეები გახდნენ. მოსახლეობის ინტერესის ზრდასთან ერთად, ჯორჯს ზოგჯერ, კვირაობით, 300 კილომეტრის გავლა უწევდა მანქანით, რათა დაინტერესებულებს შეხვედრებზე დასწრებაში დახმარებოდა.
ჩვენი იქ ყოფნის პირველი თვეების განმავლობაში, როდესაც ჩვენს გარდა იქ სხვა მოწმეები არ იყვნენ, მე და ჯორჯი ჩვენს სულიერობას ყველა ქრისტიანული შეხვედრის ჩატარებით ვინარჩუნებდით. გარდა ამისა, ყოველ ორშაბათს საღამოს გულდასმით ვიხილავდით „საგუშაგო კოშკიდან“ სასწავლო სტატიებს და მივყვებოდით ბიბლიის კითხვის გეგმას. აგრეთვე მიღებისთანავე ვკითხულობდით „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის, ყველა სტატიას.
მამაჩემი ჩვენი ლონგ-აილენდზე ყოფნის დროს გარდაიცვალა. მომდევნო ზაფხულში 1963 წელს დედაჩემი ჩამოვიყვანეთ, რათა ჩვენთან ახლოს ეცხოვრა. თუმცა ხანში შესული იყო, ის საკმაოდ კარგად შეეგუა იქაურობას და ლონგ-აილენდზე გარდაცვალებამდე, 1971 წლამდე, იცხოვრა. დღესდღეობით ლონგ-აილენდზე ჩამოყალიბებულია კრება, რომელიც შეხვედრებს ახლად აგებულ სამეფო დარბაზში ატარებს.
გულსატკენი განსაცდელი
1980 წელს ჯორჯმა შეამჩნია, რომ მისი ჯანმრთელობა უარესდებოდა. აქედან დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული პერიოდი — უნდა მეყურებინა როგორ იმორჩილებდა ალცჰეიმერის დაავადება ჩემ საყვარელ ქმარს, თანამშრომელსა და ცხოვრების თანამგზავრს. მისი პიროვნება მთლიანად შეიცვალა. ამ დაავადების საბოლოო და ყველაზე გამანადგურებელმა სტადიამ დაახლოებით ოთხი წელი, 1987 წლამდე, მის სიკვდილამდე გასტანა. რამდენადაც შეეძლო, ის თან დამყვებოდა მსახურებაში და შეხვედრებზე, თუმცა ხშირად ვტიროდი, როცა ვხედავდი რა ძალისხმევად უჯდებოდა ეს. ქრისტიანი ძმების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა ნამდვილად მანუგეშა, თუმცა კვლავაც ძალიან განვიცდი უიმისობას.
ჩემი და ჯორჯის ქორწინებაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამ ჩვენი ხშირი და სასიამოვნო ურთიერთობა იყო. ახლა, ჯორჯის სიკვდილის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომელიც იწვევს თავის მსახურებს, რომ ‘ილოცონ განუწყვეტლივ’, ‘იყვნენ ლოცვაში მდგრადნი’ და ილოცონ ‘ყოველგვარი ლოცვით’ (1 თესალონიკელთა 5:17; რომაელთა 12:12; ეფესელთა 6:18). დიდად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა დაინტერესებულია ჩვენი კეთილდღეობით. ნამდვილად იგივეს ვგრძნობ, რასაც ფსალმუნმომღერალი, რომელიც მღეროდა: „კურთხეულ არს უფალი, დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე“ (ფსალმუნი 67:20). იესოს რჩევის თანახმად, მართლაც ყველაზე საუკეთესოა, დაუფიქრდე თითოეულ დღეს, აღიარო საკუთარი შეზღუდვები და მადლიერი იყო იმ კურთხევებისთვის, რომლებიც თითოეულ დღეს მოაქვს (მათე 6:34).
კურთხევები მსახურებაში
ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობა მეხმარება მოგონებების ტყვეობაში არ აღმოვჩნდე. ამგვარად ვახერხებ იმ გრძნობების დაძლევას, რომლებსაც შეუძლია დეპრესიამდე მიმიყვანოს. სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება სიხარულის განსაკუთრებული წყაროა. ის ჩემს სულიერ მსახურებას აწესრიგებს, რაც ორგანიზებულობასა და სტაბილურობას მატებს ჩემს ცხოვრებას (ფილიპელთა 3:16).
ერთხელ დამირეკა ქალბატონმა, რომელსაც 47 წლის წინათ ვესაუბრე სამეფოს შესახებ. ის იყო ქალიშვილი ბიბლიის იმ ერთ-ერთი პირველი მკვლევარებისა, რომლებიც 1947 წელს ბაჰამის კუნძულებზე დაგვხვდნენ. მისი მშობლები, დედმამიშვილები, აგრეთვე მათი შვილებისა და შვილიშვილების უმეტესობა იეჰოვას მოწმეები გახდნენ. ამ ქალის ოჯახის 60-ზე მეტი წევრი მოწმეა, მაგრამ თავად ის არასდროს გამოხმაურებია ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ახლა კი ის საბოლოოდ მზად იყო იეჰოვა ღმერთის მსახური გამხდარიყო. რამხელა სიხარულია ის, რომ ერთი მუჭა მოწმეების რიცხვმა, რომლებიც მე და ჯორჯს ბაჰამის კუნძულებზე დაგვხვდნენ, 1 400 გადააჭარბა!
ზოგჯერ მეკითხებიან, ვნანობ თუ არა, რომ შვილები არა მყავს. რა თქმა უნდა ბავშვების ყოლა შეიძლება კურთხევა იყოს, მაგრამ სიყვარული, რომელსაც ჩემს მიმართ მუდამ ავლენენ ჩემი სულიერი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები შეიძლება ყველა ღვიძლ მშობელს არც კი უგრძვნია. ნამდვილად, ისინი ვინც ‘ქველმოქმედნი არიან’ და ‘მდიდრდებიან კეთილი საქმეებით’, უბედნიერესი ადამიანები არიან (1 ტიმოთე 6:18). ამიტომაც ვცდილობ მაქსიმალურად ვიყო მსახურებით დაკავებული, რამდენადაც ამის საშუალებას ჯანმრთელობა მაძლევს.
ერთ დღეს სტომატოლოგის კაბინეტში ახალგაზრდა ქალი მომიახლოვდა და მითხრა: „თქვენ მე არ მიცნობთ, მე კი გიცნობთ და მინდა გითხრათ, რომ მიყვარხართ“. შემდეგ მომიყვა, თუ როგორ გაიგო ბიბლიური ჭეშმარიტება და თუ რამდენად მადლიერი იყო იმისათვის, რომ ჩვენ, მისიონერები, ჩამოვედით ბაჰამის კუნძულებზე.
სხვა შემთხვევაში, როდესაც შვებულებიდან დავბრუნდი, ნასაოში, იეჰოვას მოწმეთა ფილიალში, სადაც მე ამჟამად ვცხოვრობ, ჩემს კართან ერთი ვარდი შევნიშნე და მასთან ერთად ბარათი შემდეგი სიტყვებით: „გვიხარია, რომ კვლავ შინ ხარ“. გული მადლიერებით მევსება და კიდევ უფრო მეტად მიყვარდება იეჰოვა, როდესაც ვხედავ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ღვთის სიტყვა, ორგანიზაცია და სული აყალიბებს! ნამდვილად, იეჰოვა თავის მაშველ ხელს ხშირად ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების მეშვეობით გვიწვდის.
მადლიერებით აღვსილი
ჩემი ცხოვრება ყოველთვის იოლი არ ყოფილა და გარკვეულწილად არც ახლაა ადვილი. მაგრამ იმდენი რამ მაქვს, რისთვისაც მადლიერი უნდა ვიყო — მსახურების სიხარული, ამდენი ქრისტიანი და-ძმის სიყვარული და სითბო, სიყვარულით მზრუნველი იეჰოვას ორგანიზაცია, შესანიშნავი ჭეშმარიტებები ბიბლიიდან, აღდგენილ საყვარელ ადამიანებთან ყოფნის იმედი და იეჰოვას ერთგულ მსახურთან 42 წლიანი ქორწინების მოგონებები. ჩვენს დაქორწინებამდე, ვლოცულობდი, რომ ყოველთვის შემძლებოდა ჩემი ქმრის დახმარება, რომ სრული დროით ემსახურა, რაც მისი საყვარელი საქმიანობა იყო. იეჰოვამ გულმოწყალედ უპასუხა ჩემს ლოცვას. ამიტომ მსურს, რომ ჩემი მადლიერება იეჰოვასადმი ყოველთვის მისი ერთგულებით გამოვხატო.
ბაჰამის კუნძულები ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია; ისინი ათასობით დოლარს ხარჯავენ, რათა ნახონ და დატკბნენ ტროპიკებით. რადგან ვარჩიე იეჰოვასთვის მემსახურა იქ, სადაც მისი ორგანიზაცია მიმითითებდა, სიხარულით ვმოგზაურობდი ერთი კუნძულიდან მეორეზე ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის საუწყებლად. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიგრძენი და დავაფასე მეგობრული ბაჰამელების გულწრფელი სიყვარული.
ძალიან მადლიერი ვარ მათი, ვინც ჭეშმარიტება გააცნო ჩემს მშობლებს, რომლებმაც თავის მხრივ ახალგაზრდულ გონებასა და გულში ჩამინერგეს იმის ძლიერი სურვილი, რომ ღვთის სამეფო პირველ ადგილზე დამეყენებინა. დღეს იეჰოვას ახალგაზრდა მსახურებს მსგავსად შეუძლიათ მრავალი კურთხევის მიღება ‘ფართე კარით’, რაც მსახურების გაფართოების დიდებულ შესაძლებლობას იძლევა (1 კორინთელთა 16:9). თქვენც მადლიერებით აღივსებით, თუ თქვენს ცხოვრებას ‘ღმერთთა ღმერთის’, იეჰოვას პატივის მისაგებად, გამოიყენებთ (მეორე რჯული 10:17; დანიელი 2:47).
[სურათი 24 გვერდზე]
ქუჩაში ქადაგება ვიქტორიაში (ბრიტანეთის კოლუმბია) 1944 წელს.
[სურათი 24 გვერდზე]
მე და ჯორჯი გალაადის სკოლას 1946 წელს დავესწარით.
[სურათი 25 გვერდზე]
მე და ჯორჯი 1955 წელს ნასოში (ბაჰამის კუნძულები) მისიონერთა სახლის წინ.
[სურათი 26 გვერდზე]
მისიონერთა სახლი დედმენს-ქიში, სადაც 1961-დან 1972 წლამდე ვმსახურობდით.