მკითხველები გვეკითხებიან
რატომ არ იღებენ მონაწილეობას ომში იეჰოვას მოწმეები?
იეჰოვას მოწმეებს, სადაც უნდა ცხოვრობდნენ, არასდროს მიუღიათ მონაწილეობა შიდა თუ გარე სისხლისმღვრელ ომებში. 50 წლის წინ „ოსტრეილიან ენციკლოპედიაში“ აღინიშნა: „ომიანობის პერიოდში იეჰოვას მოწმეები მტკიცედ იცავდნენ ნეიტრალიტეტს“.
იეჰოვას მოწმეები, ძირითადად, ქრისტიანული სინდისის გამო ამბობენ ომში მონაწილეობაზე უარს. მათი სინდისი უფალ იესო ქრისტეს მითითებებმა და მაგალითებმა გაწვრთნა. მან თავის მიმდევრებს მოუწოდა, ჰყვარებოდათ მოყვასი, და ისიც უთხრა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, კარგად მოექეცით თქვენს მოძულეებს“ (ლუკა 6:27; მათე 22:39). როცა ერთ-ერთმა მოწაფემ მისი დაცვა მახვილით სცადა, იესომ ასე მიმართა: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათე 26:52). ასე რომ, როგორც სიტყვით, ისე საქმით, მან აშკარად აჩვენა თავის მიმდევრებს, რომ სისხლი არ უნდა დაეღვარათ და ხელში იარაღი არ უნდა აეღოთ.
მეორე მიზეზი იმისა, თუ რატომ ამბობენ იეჰოვას მოწმეები უარს ომში მონაწილეობაზე, ის არის, რომ ისინი მსოფლიო რელიგიური ოჯახის წევრები არიან. ომმა შეიძლება ძმას ძმაზე აღამართინოს ხელი, რითაც დაარღვევდა იესოს მითითებას ‘გიყვარდეთ ერთმანეთი’ (იოანე 13:35).
ასეთი სიყვარული იეჰოვას მოწმეთათვის ცარიელი სიტყვები როდია. მაგალითად, ვნახოთ, როგორ იქცეოდნენ იეჰოვას მოწმეები 1939 —1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს. ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 300-ზე მეტი იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარის თქმის გამო. ბრიტანეთში 1 500-ზე მეტი იეჰოვას მოწმე, მათ შორის 300-ზე მეტი ქალი, დაისაჯა თავისუფლების აღკვეთით. ნაცისტურ გერმანიაში მთავრობამ 270-ზე მეტი იეჰოვას მოწმე სიკვდილით დასაჯა იმის გამო, რომ ხელში იარაღი არ აიღეს. ნაცისტური რეჟიმის დროს 10 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე იხდიდა სასჯელს ციხეებსა თუ საკონცენტრაციო ბანაკებში. ღვთის მსახურებს იაპონიაშიც სასტიკად ავიწროებდნენ. ნებისმიერი, ვისაც საყვარელი ადამიანი მეორე მსოფლიო ომის დროს ან სხვა საომარ ვითარებებში დაეღუპა, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ არც ერთი მათგანის სიკვდილში იეჰოვას მოწმეს არ მიუძღვის ბრალი.
ომის შესახებ იეჰოვას მოწმეების თვალსაზრისი მკაფიოდ ჩანს ვოლფგანგ კუსეროვის უკანასკნელი სიტყვებიდან, რომელსაც 20 წლის ასაკში ომში წაუსვლელობის გამო 1942 წელს ნაცისტებმა თავი მოჰკვეთეს (ესაია 2:4). სამხედრო ტრიბუნალის წინაშე მან თქვა: «ღვთის სიტყვითა და ჭეშმარიტებით იეჰოვას მოწმედ აღვიზარდე. უდიდებულესი და უწმინდესი კანონი ის არის, რომ ყველაზე მეტად „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი“ და „მოყვასი — საკუთარი თავივით“; მეორე კანონი კი ასეთია: „არ მოკლა“. განა შემოქმედმა ეს სიტყვები ადამიანთათვის არ დაწერა?!» (მარკოზი 12:29—31; გამოსვლა 20:13).
იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ დედამიწაზე საუკუნო მშვიდობას მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვა დაამყარებს. ისინი ელიან ბიბლიის დანაპირების შესრულებას, რომ ღმერთი შეწყვეტს „ომებს დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმუნი 46:9).