ცხოვრება იეჰოვასადმი მსახურებაზე ააგე
1 იესომ თავისი მსმენელები ორი კატეგორიის მშენებლებს შეადარა. ერთმა ცხოვრება კლდეზე — ქრისტესადმი მორჩილებაზე — ააგო, ამიტომაც წინააღმდეგობისა და გასაჭირის ქარიშხალმა მას ვერაფერი დააკლო. მეორემ კი ცხოვრება ქვიშაზე — ეგოისტურ დაუმორჩილებლობაზე — ააშენა და ვერ გაუძლო ზეგავლენას (მათ. 7:24–27). რადგან ამ სისტემის აღსასრულის დროს ვცხოვრობთ, უბედურებების ძლიერ ქარიშხალთან გამკლავება გვიწევს. ჰორიზონტზე დიდი სისწრაფით ჩნდება დიდი გასაჭირის მომასწავებელი შავი ღრუბლები. ბოლომდე შევინარჩუნებთ მტკიცე რწმენას? (მათ. 24:3, 13, 21). ეს დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვაგებთ დღეს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომ მნიშვნელოვანია შევეკითხოთ საკუთარ თავს: „საფუძვლიანად ვაგებ ჩემს ქრისტიანულ ცხოვრებას ღვთისადმი მორჩილებით მსახურებაზე?“
2 რას ნიშნავს ავაგოთ ცხოვრება იეჰოვასადმი მსახურებაზე? ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვა ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ. აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ სამეფოს ინტერესებს და ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ღვთისადმი მორჩილება გამოვავლინოთ. ამისათვის აუცილებელია გულმოდგინედ შევისწავლოთ ბიბლია პირადად, ოჯახთან ერთად და კრებაში, აგრეთვე მთელი გულით მივიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში და ამ ყოველივეს უმთავრესი ადგილი დავუთმოთ ცხოვრებაში (ეკლ. 12:13; მათ. 6:33). ამგვარი მორჩილების შედეგად კლდესავით მაგარი რწმენა გვექნება და მას უბედურებების ვერანაირი ქარიშხალი ვერ დაამსხვრევს.
3 სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ მილიონობით ადამიანი იესოს მსგავსად მტკიცედ აგებს ცხოვრებას ღვთისადმი მსახურებაზე, რაც მათთვის მომავლის იმედების საფუძველია (იოან. 4:34). თეოკრატიული საქმიანობის თანამიმდევრული გეგმის მიყოლით ისინი უხვ კურთხევებს იმკიან. ერთმა დედამ ახსნა, თუ როგორ აღწევდნენ წარმატებებს ის და მისი მეუღლე, რომ თავიანთი ორი ვაჟიშვილი იეჰოვას მსახურებად აღეზარდათ: „ჩვენს ცხოვრებას ჭეშმარიტებით ვავსებდით — კონგრესებს არ ვაცდენდით, ვემზადებოდით და ვესწრებოდით შეხვედრებს, სამქადაგებლო მსახურებაში რეგულარულად მონაწილეობა ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო“. ქმარმა მეუღლის ნათქვამს ასეთი რამ დაუმატა: „ჭეშმარიტება ჩვენი ცხოვრების ნაწილი კი არა, ჩვენი ცხოვრებაა. სხვა ყოველივე კი მის გარშემო ბრუნავს“. შენს ოჯახშიც პირველ ადგილზე დგას იეჰოვასადმი მსახურება?
4 შეადგინე გონივრული ყოველკვირეული გეგმა. იეჰოვას ორგანიზაცია სულიერი სარგებლობის მომტანი პროგრამის მიყოლაში გვეხმარება იმით, რომ ყოველკვირეულად გვიტარდება ხუთი შეხვედრა. ქრისტიანები, რომელთა ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი იეჰოვას თაყვანისცემას ეთმობა, ისე გეგმავენ პირად და საოჯახო საქმეებს, რომ ყველა ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე დასწრება შეძლონ. ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები მათ ხელს ვერ უშლის შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებაში (ფილ. 1:10; ებრ. 10:25).
5 მოწიფულ ქრისტიანებს ესმით, რომ ყოველდღიურად როგორც კვების რეჟიმის დაცვაა მნიშვნელოვანი, ასევე აუცილებელია განსაზღვრული გეგმის შედგენა პირადი და ოჯახური შესწავლისთვის, რაც შეხვედრებისთვის მომზადებასაც გულისხმობს (მათ. 4:4). არ შეგეძლო ყოველდღიურად 15-20 წუთი მაინც გამოგეყო პირადი შესწავლისთვის? ამას იმ შემთხვევაში მიაღწევ, თუკი შესწავლისთვის დაგეგმილი დროის განმავლობაში სხვა საქმეების კეთებას გამორიცხავ. ჩვეულებად გაიხადე ეს. შეიძლება დილაობით უფრო ადრე ადგომა დაგჭირდეს. მთელ მსოფლიოში ბეთელის ოჯახის 17 000 წევრი დილით ადრე დგება, რომ ყოველდღიური მუხლი განიხილონ. რა თქმა უნდა, დილით ადრე რომ ადგე, თავის დროზე უნდა დაიძინო, რათა მეორე დღეს დასვენებული იყო და კარგად გრძნობდე თავს.
6 თუ ოჯახის თავი ხარ, თვითონვე შეადგინე თეოკრატიული საქმიანობის გეგმა შენი ოჯახისთვის და იზრუნე მის განხორციელებაზე. ზოგ ოჯახში ბიბლიას, „წელიწდეულსა“ და სხვა პუბლიკაციებს კითხულობენ, როცა ვახშმის შემდეგ ისვენებენ. მრავალი მშობელი, რომლებმაც შვილები სულიერი სიმტკიცის მქონე ქრისტიანებად აღზარდეს, აღნიშნავს, რომ მათს წარმატებას ხელი შეუწყო ოჯახში დამკვიდრებულმა ჩვეულებამ: გამოყოფილი ჰქონდათ კვირაში ერთი საღამო, რათა ერთად გამხნევებულიყვნენ სულიერად. ასეთი გამოცდილების მქონე ერთი მამა ამბობს: „ჩემი აზრით, ჩვენი შვილების სულიერ წინსვლაში დიდი როლი შეასრულა ოჯახურმა შესწავლამ ყოველ ოთხშაბათ საღამოს, რაც 30 წლის წინათ დავიწყეთ“. მისი სამივე შვილი სიჭაბუკეში მოინათლა და მოგვიანებით სამივე სრული დროით მსახური გახდა. ოჯახურ შესწავლასთან ერთად შეგიძლიათ სამქადაგებლო მსახურებისას ლიტერატურის შეთავაზებისა და კრების შეხვედრისთვის თქვენი დავალებების რეპეტიცია გააკეთოთ ან სხვა ისეთი რამ მოიფიქროთ, რაც სარგებლობასაც მოგიტანთ და სიამოვნებასაც მოგანიჭებთ.
7 ‘გამოსყიდული გაქვს დრო’ სამქადაგებლო მსახურებისთვის ყოველკვირეული გეგმიდან? (კოლ. 4:5, აფ). მრავალი ჩვენგანი ძალიან დაკავებულია, რადგან პასუხისმგებლობები აქვთ ოჯახსა თუ კრებაში. თუ გარკვეულ ზომებს არ მივიღებთ იმისთვის, რომ ყოველკვირა ვმონაწილეობდეთ ქადაგებასა და ხალხის დასწავლებაში, სხვა საქმეები ადვილად შეგვიშლის ხელს და დროს ვეღარ მოვნახავთ ამ უმნიშვნელოვანესი საქმიანობისთვის. მესაქონლეობის დიდი ფერმის ერთი მფლობელი აღნიშნავს: „დაახლოებით 1944 წელს მივხვდი, რომ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღების ერთადერთი საშუალება ამისათვის გარკვეული დღის გამოყოფა იყო. დღემდე კვირაში ერთი დღე მსახურებისთვის მაქვს გამოყოფილი“. ერთი ქრისტიანი უხუცესი ამბობს, რომ სამქადაგებლო მსახურებისთვის შედგენილი გეგმა მას თვეში საშუალოდ 15 საათი ქადაგების საშუალებას აძლევს. თუ შაბათს რამე პირადი საქმე აქვს, მას დილით სამქადაგებლო მსახურების შემდეგ გეგმავს. შეგიძლიათ შენ და შენი ოჯახის წევრებს კვირაში ერთი დღე მაინც გამოყო სამქადაგებლო მსახურებისთვის და ეს შენი სულიერი ცხოვრების ნაწილად აქციო? (ფილ. 3:16).
8 გულდასმით შეამოწმე შენი ცხოვრების წესი. არსებობს იეჰოვას მსახურებაზე ცხოვრების აგებაში ხელის შემშლელი პირობები. გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა შეიძლება ჩაგვიშალოს შესწავლისთვის, შეხვედრებზე დასწრებისა და სამქადაგებლო მსახურებისთვის გულმოდგინედ შედგენილი გეგმები. ჩვენი მოწინააღმდეგე სატანა ყოველ ღონეს იხმარს, რომ ‘დაგვაბრკოლოს’ და გეგმების შესრულებაში ხელი შეგვიშალოს (1 თეს. 2:18; ეფეს. 6:12, 13). არ დაუშვა, რომ ამ დაბრკოლებებმა გული გაგიცრუოს და ფარ-ხმალი დაგაყრევინოს. საჭიროებისამებრ მოაგვარე საქმეები ისე, რომ დაგეგმილი თეოკრატიული საქმიანობის შესრულება შეძლო. შეუპოვრობა და სიმტკიცეა საჭირო ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმიანობის შესასრულებლად.
9 არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნიურმა ზეგავლენამ და ჩვენი არასრულყოფილების არაკეთილსასურველმა გავლენამ არაბიბლიურ მოქმედებებში ჩაგვითრიოს, რაც უფრო და უფრო მეტ დროსა და ყურადღებას წაიღებდა. საჭიროა საკუთარი თავი შევამოწმოთ შემდეგი კითხვებით: „ჩემი ცხოვრება თანდათანობით გაუწონასწორებელი ხომ არ ხდება და ხომ არ სცდება ცხოვრების მიზანს? ცხოვრებას ამ წუთისოფლისეულ წარმავალ საქმეებზე ხომ არ ვაგებ? (1 იოან. 2:15–17). სულიერ საქმიანობებზე დახარჯულ დროსთან შედარებით რამდენ დროს ვუთმობ პირად საქმეებს, სასიამოვნო მოგზაურობას, სპორტს ან სხვა გართობებს, მაგალითად ტელევიზორის ყურებასა და ინტერნეტში ინფორმაციის ძებნას?“
10 როგორ უნდა მოიქცე, თუ გრძნობ, რომ შენს ცხოვრებაში ქაოსი შემოაქვს უფრო და უფრო მეტ უმნიშვნელო საქმიანობებს? რატომ არ მიგებაძა პავლესთვის, რომელიც ლოცულობდა, რომ თავისი ძმები „შეცვლილიყვნენ“, და რატომ არ მიგემართა იეჰოვასთვის თხოვნით, დაგხმარებოდა მისადმი მსახურების პირველ ადგილზე დაყენებაში? (2 კორ. 13:9, 11, აქ). ეცადე შენი გადაწყვეტილების თანახმად იცხოვრო და საჭირო ცვლილებები შეიტანო ცხოვრებაში (1 კორ. 9:26, 27). იეჰოვა დაგეხმარება, რომ მისადმი მორჩილებით მსახურებიდან არც მარჯვნივ გადაუხვიო და არც მარცხნივ (შეადარე ესაია 30:20, 21).
11 გააგრძელე ღვთისადმი სიხარულით მსახურება. მილიონები ამაოდ ეძებენ ბედნიერებას. როცა მათი ცხოვრება აღსასრულს უახლოვდება, ხვდებიან, რომ მატერიალურმა ნივთებმა, რომლებსაც გატაცებით იძენდნენ, ხანგრძლივი ბედნიერება ვერ მოუტანა. ეს ყოველივე „ქარისნაბერი“ აღმოჩნდა (ეკლ. 2:11). მეორე მხრივ, უდიდეს სიამოვნებას განვიცდით, როცა ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებთ იეჰოვას და ‘წარმოვიდგენთ მას ჩვენს პირდაპირ მუდამ’ (ფსალმ. 15:8, 11). ასე იმიტომ ხდება, რომ იეჰოვაა ჩვენი შემოქმედი (გამოცხ. 4:11). ამ დიდებული განმზრახველის გარეშე ცხოვრებას აზრი არა აქვს. იეჰოვასადმი მსახურებით ჩვენ მნიშვნელოვან, შინაარსიან საქმიანობას ვეწევით, რომელიც ხანგრძლივ, მარადიულ სარგებლობას მოგვიტანს ჩვენც და სხვებსაც.
12 მნიშვნელოვანია მოვერიდოთ თვითკმაყოფილებას და შევინარჩუნოთ გადაუდებლობის გრძნობა — ყოველთვის გვახსოვდეს, რომ სატანის წუთისოფლის აღსასრული სწრაფად ახლოვდება. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ის, თუ როგორ ვუყურებთ მომავალს. ნოეს დღეებში მცხოვრებნი, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით წარღვნა მოხდებოდა, „არას დაგიდევდნენ“. მათ ცხოვრებაში მთავარი ადგილი პირად ინტერესებს ეკავა — ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ — სანამ წარღვნამ „ყველა არ წალეკა“ (მათ. 24:37–39, სსგ). ვინც დღეს ცხოვრებაში პირველ ადგილზე წუთისოფლისეულ ინტერესებს აყენებს, დაინახავს, როგორ დაემსხვრევა თვალწინ მომავლის იმედები, როდესაც დადგება უდიდესი განადგურება, რომლის მსგავსიც კაცობრიობას არასოდეს გამოუცდია, — „იეჰოვას დღე“ (2 პეტ. 3:10–12, აქ).
13 ამიტომ განაგრძე ცოცხალი ღვთის, იეჰოვას, მსახურებაზე ცხოვრების აგება და პირველ ადგილზე დააყენე მისი ნების ქმნა. რა სიმდიდრეც უნდა დააბანდო ამ ცხოვრებაში, მასზე ისეთ იმედს ვერ დაამყარებ, როგორსაც იეჰოვას მხარდაჭერაზე. ის უტყუარია — უეჭველად აასრულებს თავის აღთქმებს (ტიტ. 1:2). იეჰოვა უკვდავია — მისთვის მინდობილი არაფერი იკარგება (ფსალმ. 17:47; 2 ტიმ. 1:12). დღეს ღვთისადმი რწმენითა და მორჩილებით ცხოვრება მხოლოდ დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომელსაც ჩვენი ნეტარი ღვთისადმი სასიხარულო მსახურებაში გავატარებთ! (1 ტიმ. 1:11; 6:19, აფ).
[ჩანართი 3 გვერდზე]
„ჭეშმარიტება ჩვენი ცხოვრების ნაწილი კი არა, ჩვენი ცხოვრებაა. სხვა ყოველივე კი მის გარშემო ბრუნავს“.