ითხოვე დახმარება
1 ინსპირირებული გამოთქმა „საზარელი ჟამი“ სათანადოდ აღწერს ჩვენს დღეებს (2 ტიმ. 3:1). აქედან გამომდინარე, რის გაკეთება შეგიძლია, როდესაც ისეთ სულიერ სიძნელეებს აწყდები, რომლებზეც შეიძლება ფიქრობდე, რომ ვერ გაუმკლავდები?
2 მზად ხარ, რომ კრების სულიერად მოწიფულ წევრს ესაუბრო? ზოგი შეიძლება ყოყმანობდეს ამის გაკეთებას, რადგან რცხვენია, არ უნდა, სხვა შეაწუხოს, ან ეჭვი ეპარება, რომ ვინმეს ნამდვილად შეუძლია დახმარება. მართალია, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება საუკეთესოდ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები, მაგრამ ყოველთვის თავისუფლად უნდა ვეძებდეთ დახმარებას ისეთ საკითხებში, რომლებიც ჩვენს სულიერ კეთილდღეობას ეხება (გალ. 6:2, 5).
3 საიდან შეგიძლია დაიწყო. შეგეძლო მიგემართა წიგნის შესწავლის ხელმძღვანელისთვის და გეთხოვა სამქადაგებლო მსახურებაში თანამშრომლობა. ეს საშუალებას მოგცემს, უთხრა მას, რომ სულიერად გაზრდა გსურს. თუ ის სამსახურებრივი თანაშემწეა, შეატყობინე, რომ სულიერი დახმარება გჭირდება, და უხუცესებს სთხოვს, დაგეხმარონ. ან შეგიძლია მიმართო ნებისმიერ უხუცესს იმის თაობაზე, რაც გაწუხებს.
4 რა სახის დახმარება გჭირდება? გულმოდგინება ხომ არ შეგისუსტა რაიმემ? იქნებ მარტოხელა მშობელი ხარ და ცდილობ, შვილები კრებას არ მოსწყდნენ? ხანში შესული ხომ არ ხარ, რომელსაც დახმარება ესაჭიროება? ან რამე პრობლემა გულგატეხილობას ხომ არ იწვევს შენში? ჩვენს საზარელ ჟამთან გამკლავება შეიძლება ძნელი იყოს — მაგრამ არა შეუძლებელი. დახმარება ხელმისაწვდომია.
5 როგორ გვეხმარებიან უხუცესები. უხუცესები გულწრფელად ზრუნავენ ჩვენზე. ისინი მოისმენენ შენს საწუხარს. თუ სხვა მაუწყებლებიც ხვდებიან მსგავს დაბრკოლებებს, უხუცესები გაითვალისწინებენ ამას, როცა მწყემსავენ და ასწავლიან კრებას. როგორც „მაგალითი . . . სამწყსოსათვის“, ისინი ყოველთვის მზად არიან, სიხარულით ითანამშრომლონ შენთან (1 პეტ. 5:3). ამ გამოცდილი ძმების მოსმენა, რომლებიც ბიბლიურ პრინციპებზე დაყრდნობით მსჯელობენ, დაგეხმარება მსახურების გაუმჯობესებასა და პირად ცხოვრებაში (2 ტიმ. 3:16, 17).
6 იესომ „ადამიანებისგან შემდგარი [ბევრი] ძღვენი“ გვიბოძა (ეფეს. 4:8, აქ, სქოლიო). ეს ნიშნავს, რომ უხუცესები მზად არიან, მოგემსახურონ. ისინი იმისათვის დაინიშნენ ამ პასუხისმგებლობაზე, რომ დაგეხმარონ. ფაქტობრივად, ისინი ‘თქვენი არიან’ (1 კორ. 3:21—23). ამიტომ თავის შეკავებას ლაპარაკი სჯობს. როცა გჭირდება, ითხოვე დახმარება.